სილამაზეზე საუბრისას სპეციალისტები ყურადღებას ამახვილებენ არა იმდენად თავის მოვლის გარეგან საშუალებებზე, რამდენადაც ორგანიზმის შიგნით მიმდინარე პროცესებზე, რაც, უპირველეს ყოვლისა, კვების რაციონზეა დამოკიდებული.
ამჯერად შეგახსენებთ, რით შეიძლება ვუშველოთ მტვრევად ფრჩხილებს, როცა ეს პროცესი არასწორი კვების ბრალია.
როცა ფრჩხილები ადვილად იმტვრევა და იქერცლება, რაციონში უნდა ჩართოთ A, E, D ვიტამინები, რკინის, კალციუმის, სილიციუმის შემცველი პროდუქტები. თუ ორგანიზმი ამ ნივთიერებებს საკმარისი რაოდენობით შეიცავს, მაშინ ფრჩხილები ჯანმრთელი და მყარია.
ამიტომ, თუ ფრჩხილები გემტვრევათ ან გექერცლებათ, რაციონში რაც შეიძლება ხშირად ჩართეთ რძის პროდუქტები, თხილეული, ყველი, მარცვლეული, ცხიმიანი ჯიშის თევზები, კვერცხი. ეს პროდუქტები ფრჩხილებისთვის ესოდენ აუცილებელი კალციუმისა და D ვიტამინის ნამდვილი საბადოა. რკინისა და სილიციუმის მარაგის შევსებაში კი დაგეხმარებათ ბანანი, ჩირი, ღვიძლი, ლობიო, მწვანე ბოსტნეული, ხორცი.
ჭარბი კალციუმი მავნებელია
ფრჩხილებისთვის ისევე მავნებელია ვიტამინების სიჭარბე, როგორც მათი ნაკლებობა. განსაკუთრებით საყურადღებოა კალციუმის დონე. თუ მკვრივი, მყარი ფრჩხილები გაქვთ, ესე იგი მათში საკმარისი რაოდენობითაა კალციუმი. ზედმეტი კალციუმის შემთხვევაშიც ფრჩხილები იქერცლება და მტვრევადი ხდება.
გაითვალისწინეთ: თუ საკმარისად მკვრივი ფრჩხილები გაქვთ, ნუ გამოიყენებთ სადაფნარევ ლაქს. ამგვარმა ლაქმა ფრჩხილებს მეტი ბზინვარება რომ შესძინოს, მწარმოებლები მასში ბუნებრივ სადაფს ურევენ, ის კი დიდი რაოდენობით კალციუმს შეიცავს.
რამდენ ხანს უნდა გვესვას ლაქი?
სამკურნალო ლაქიც კი სასურველია, ფრჩხილზე 5-7 დღეზე მეტხანს არ გავიჩეროთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ირღვევა ფრჩხილის ბუნებრივი სუნთქვის პროცესი და იწყება მისი გამოშრობა. როცა ლაქი გადასვლას იწყებს, მას ფრჩხილის ზედა ფენაც მიჰყვება. ფაქტობრივად, სამკურნალო ლაქმაც კი შეიძლება ფრჩხილის სტრუქტურის დაშლა გამოიწვიოს.
გაითვალისწინეთ: ფრჩხილებთან დაკავშირებით თუ უკვე გაქვთ უსიამოვნებანი, სამკურნალო ლაქი საფუძვლის სახით გამოიყენეთ.
გამომშრალი მტვრევადი ფრჩხილებისთვის შეარჩიეთ დამატენიანებელი ეფექტის მქონე ლაქი. ის შეიცავს A, B5 ვიტამინებს, პროტეინებს, რომლებიც ავსებენ ტენის მარაგს და კარგად კვებავენ ფრჩხილს.
მტვრევადი თხელი ფრჩხილებისთვის აუცილებელია კალციუმის შემცველი ლაქი. კალციუმი ამაგრებს ფრჩხილებს და აუმჯობესებს მათი ზრდის პროცესს.
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)