როგორ ვებრძოლოთ ღაბაბს - Marao

როგორ ვებრძოლოთ ღაბაბს

2011-03-17 10:53:15+04:00

ნებისმიერი ქალი, დროთა განმავლობაში, ამ პრობლემის წინაშე აუცილებლად აღმოჩნდება: ტონუსი იკლებს, კანი _ ჩამოკიდებულია, ეს კი მაინცდამაინც სასიამოვნო სანახავი არ არის. საბედნიეროდ, თუ ამ პრობლემას დროულად მივხედავთ, შესაძლოა ამ უსიამოვნო პროცესის შეჩერება ან შემცირება. კარგ ეფექტს იძლევა სპეციალური ვარჯიშები.

1. თავი მკვეთრად უკან გადასწიეთ და პირი გააღეთ, დაჭიმეთ ნიკაპის კუნთები, ყბები ისე მოკუმეთ, რომ ქვედა ტუჩმა ზედა ოდნავ გადაფაროს.

2. თავი უკან გადასწიეთ და შეეცადეთ, კისერი, რაც შეიძლება მძლავრად დაჭიმოთ. მოდუნდით და შემდეგ პირვანდელ მდგომარეობას დაუბრუნდით.

3. ადექით, მხრებში გასწორდით, ხელები მხრებზე დაიწყვეთ, დააწექით მას და შეეცადეთ, კისერი ძლიერად დაჭიმოთ. ასეთ მდგომარეობაში მყოფმა ჩაისუნთქეთ, 10-მდე დაითვალეთ, შემდეგ კი მოდუნდით და ამოისუნთქეთ.

4. ადექით, მხრებში გასწორდით, ხელები ტანის გასწვრივ გააჩერეთ, თავი დაღუნეთ და მარცხენა მხრისკენ დახარეთ, მერე უკან გადასწიეთ. შემდეგ მარჯვენა მხრისკენ დახარეთ და იგივე პროცესი გაიმეორეთ. მოძრაობის დაწყებისას ჩაისუნთქეთ, ხოლო ბოლოს _ ამოისუნთქეთ.

5. მაგიდას მიუჯექით და იდაყვები მაგიდაზე ჩამოდეთ, ხოლო ნიკაპით მუშტებს დაეყრდენით. თავი წინ გადაწიეთ ისე, რომ ხელების ძლიერ წინააღმდეგობას გაუმკლავდეთ. მოდუნდით და ხელები ჩამოუშვით.

6. ჩამოუშვით პირის კუთხეები და დაჭიმეთ კისრის კუნთი. მოდუნდით. ვარჯიში ჩაატარეთ დილა-საღამოს 5-10-ჯერ.