მაშ ასე, უკვე არსებობს საშუალება, რომელიც ნებისმიერ მსურველს საშუალებას მისცემს, თმის შეღებვის გარეშე გათავისუფლდეს ჭაღარისგან. თმის დაბერების პრობლემა, როგორც იქნა, აღმოფხვრილია.
იმ მეცნიერების აზრით, რომლებიც იკვლევდნენ თმის გაჭაღარავების პრობლემას, პროცესის შეჩერება და მეტიც, აღმოფხვრა უკვე შესაძლებელია. ამის შესახებ წერს FASEB Journal.
მკვლევარების ჯგუფში შედიოდნენ ექსპერტები ბრედფორდის (დიდი ბრიტანეთი) უნივერსიტეტიდან. ისინი თვლიან, რომ თმის გაჭაღარავების შეჩერება სპეციალური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ექსპერტებმა გამოგონებას უწოდეს PC-KUS. FASEB Journal-ის ცნობით, წამალი არა მხოლოდ სამუდამოდ გაგვათავისუფლებს ჭაღარისგან, არამედ ამ პრეპარატით შესაძლებელი იქნება ისეთი დაავადების განკურნებაც, როგორიც არის ვიტილიგო – კანის რთული დაავადება, რომლის დროსაც იკარგება პიგმენტაცია (სწორედ ამ დაავადებისგან იტანჯებოდა აწ უკვე გარდაცვლილი მაიკლ ჯექსონი).
მკვლევართა ჯგუფის ხელმძღვანელი, ვიტილიგოს მკურნალობის სპეციალისტი კარინ შალლროიტი ამტკიცებს, რომ კვლევის (კვლევაში, სხვათა შორის, 2411 ადამიანი მონაწილეობდა) დადებითი შედეგები უკვე დოკუმენტურად არის დამტკიცებული.
როგორც ჩანს, ეს ბრიტანელების მორიგი კვლევა არ არის და ადამიანებს რეალურად ექნებათ შანსი, გათავისუფლდნენ ჭაღარისგან ერთხელ და სამუდამოდ.