15 წლის იყო, როდესაც პირველი ნაბიჯები გადადგა პოდიუმზე და ღირსეულად ჩაება მოდის ფერხულში. მას შემდეგ უამრავ ჩვენებასა და ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა და არაერთი წარმატება ხვდა წილად. დღეს კი თავად არის სააგენტო Look Models-ის ხელმძღვანელი და დამწყებ მოდელებს უზიარებს საკუთარ გამოცდილებას.
გარეგნობაზე ზრუნვა მისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. მიაჩნია, რომ ქალი ყოველთვის მოვლილი უნდა იყოს და ამის შესახებ ბავშვობაშიც მუდამ იღებდა რჩევებს უფროსი ქალბატონებისგან.
კოსმეტიკური საშუალებების გამოყენება იმ ასაკში დაიწყო, როდესაც ყველა გოგოს სურს გაიპრანჭოს, ჩაიტაროს ექსპერიმენტები და გაიკეთოს მაკიაჟი... მაშინ სულ რაღაც 16 წლის იყო, თუმცა გარკვეული დროის გასვლის შემდეგ მიხვდა, რომ სილამაზე სისადავეშია და დეკორატიული კოსმეტიკის გამოყენებაც მინიმუმამდე დაიყვანა.
მისი სტილი ყოველთვის გამორჩეულია სისადავით და კლასიკურობით. ყოველდღიურად თავისუფალ სტილს ანიჭებს უპირატესობას. ამბობს, რომ Chanel-ი მისთვის შეუცვლელია, თუმცა ასევე აღტაცებულია Alexander McQueen-ის საოცარი სილუეტის მქონე კოლექციებით.
საყვარელი სუნამო? არ უყვარს რაიმე კონკრეტულის ამოჩემება, ყოველთვის სიახლის ძიებაშია, თუმცა მისი სუნამოების კოლექციაში ყოველთვის შედის Dolce & Gabbana, light blue და Narciso Rodriguez-ი.
საკუთარი სილამაზის ფორმულას და თავის მოვლისთვის განკუთვნილ სხვადასხვა ნიღბის რეცეპტებს ნინო ცქიტიშვილი სპეციალურად "და ქალის" დაქალებს გაგიმხელთ.
სილამაზის ეტალონი... ჩემთვის სილამაზის ეტალონს ორი, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ტიპაჟის ქალბატონი წარმოადგენს. ისინი თავდაპირველად ნაკლებად აქტიური მოდელები იყვნენ, ახლა კი მსახიობები არიან. ეს არის მონიკა ბელუჩი და ნიკოლ კიდმანი.
სილამაზის ფორმულა... ბევრი სითხე, ყოველ დილა-საღამოს სახის კანისთვის დამატენიანებელი ნიღბები, ვარჯიში, ჯანსაღი ცხოვრების წესი. თუმცა ჩემი სილამაზის ფორმულად მაინც გენეტიკას მივიჩნევ, ამ საშუალებებით კი, უბრალოდ, ხელს ვუწყობ მას.
ბებიების რეცეპტები თუ ბრენდების ნაწარმი... აუცილებლად ბებიების რეცეპტები. ბრენდის შემთხვევაში ფასობს ბრენდის სახელი და არა მისი ნაწარმის შემადგენლობა, რომელიც შეიძლება "კაპიკებად" ფასობდეს. სწორედ ამიტომაც უპირატესობას ხალხურ რეცეპტებს ვანიჭებ.
მუდამ ფორმაში! ფორმაში ყოფნა არ წარმოადგენს მხოლოდ კოსმეტიკური საშუალებების გამოყენებას, თანაც მხოლოდ სახეზე. თუ გვსურს, რომ ვიყოთ მუდამ ფორმაში, მაშინ მთლიან სხეულს უნდა მოვუაროთ არა მხოლოდ კოსმეტიკური საშუალებებით, არამედ ჯანსაღი ცხოვრების წესით, ვარჯიშით. როდესაც ქალი გადააბიჯებს გარკვეულ ასაკს, ნიღბებითა და სხვადასხვა საცხის გამოყენებით ვერ შეძლებს სრულფასოვნად თავის მოვლას, რადგან ასაკი მაინც თავისას შვრება.
ბევრი წყალი! ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც აუცილებლად სჭირდება ორგანიზმს და რისთვისაც რეკომენდაცია გაუწევია არა მარტო უფროს თაობას, არამედ ექიმებსაც და ამას მეც მივხვდი, ეს არის წყალი. რაც შეიძლება მეტი წყალი! დღის განმავლობაში ადამიანმა სულ ცოტა, 2 ლიტრი წყალი მაინც უნდა მიიღოს და შედეგიც აუცილებლად აისახება თქვენს კანზე და ზოგადად, ორგანიზმზე. უნდა აღინიშნოს, რომ როდესაც ვამბობთ წყალს, აქ არ იგულისხმება ზოგადად სითხე, ანუ ყავა, გაზიანი სასმელები, სხვადასხვა წვენი, რაც სულაც არ არის სასარგებლო. წყალი ატენიანებს ორგანიზმს. ამიტომ მისი მიღება ორმაგად საჭიროა ზაფხულში.
ნიღაბი კანისთვის... კოსმეტიკურ საშუალებებთან ერთად, სახის კანისთვის ყოველთვის ვიყენებ ნიღაბს, რომლის რეცეპტი წინაპრებისგან გადმოგვეცემა და დღემდე ამზადებენ დედა და დეიდა. ეს არის ზეითუნის ზეთზე დამზადებული მკვებავი საცხები. ასევე, ძალიან კარგია ნიღაბი შვრიის, თაფლის, ცოტა ლიმონის წვენისა და ზეითუნის ზეთის შემადგენლობით. ზეითუნის ზეთი, ზოგადად, ძალიან კარგია კანისთვის. ამიტომ სუფთა კანზე მხოლოდ ზეითუნის ზეთიც შეგიძლიათ წაისვათ.
ნიღაბი ტუჩებისთვის... ძალიან კარგია თაფლი. მისი ხშირი წასმისას ტუჩები გაცილებით ჯანსაღი, ნაზი და რბილი ხდება. თუმცა, სანამ თაფლს წაისმევთ, აუცილებელია სკრაბის გაკეთება, რათა ტუჩიდან მოშორდეს მკვდარი ქსოვილები.
ნიღაბი თმისთვის... არსებობს ნიღაბი, რომელსაც მართლაც რომ ჯადოსნური ეფექტი აქვს და პირადად ვცდილობ, ყოველ კვირას მოვამზადო და თმაზე დავიდო. მის შემადგენლობაში შედის აბუსალათინის ზეთი, ზეითუნის ზეთი, მდოგვი, თაფლი, წითელი წიწაკა და 2 კვერცხის გული. თუ თმა ძალიან დაზიანებულია, შეგიძლიათ აღნიშნული ნიღაბი კვირაში ორჯერ წაისვათ. პროფილაქტიკის მიზნით კი სასურველია, კვირაში ერთხელ გამოიყენოთ.
უარი თქვით... ცხიმიან საკვებზე და პირველ რიგში, მაიონეზზე. მართალია, მისი ანტიპიარი გამომდის, მაგრამ ყველაზე მავნე საკვები, რაც კი შეიძლება ადამიანმა მიიღოს და რომელიც ყველაზე ძნელად განიდევნება ორგანიზმიდან, სწორედ მაიონეზია.
ნინო ჯანიძე