ერთხელ ერთ ჩემს ნაცნობს ასეთი რამ წამოსცდა: მეშინია ქალის, რომელიც საკუთარ ასაკს პირდაპირ ამბობს, ის ყველაფერზე წამსვლელიაო.
მეორემ კი ასეთი რამ თქვა: ქალზე საშიში და ამოუცნობი ქმნილება არსად მეგულება. ნეტავ ვინ დააბრალა მას სისუსტეო?
ხომ ხედავთ, როგორი ჭკვიანი ნაცნობები მყავს? იციან, რომ ჩვენთან ხუმრობა იოლი საქმე არაა. თუმცა, რაკი ყველა კარტის გახსნა ჩვენს ინტერესებში არ შედის, მოდით, ვისაუბროთ იმ მთავარ კოზირზე, რომელსაც უკლებლივ ყველა ქალბატონი ფლობს, მამაკაცებს კი ასე აშფოთებს – მუდმივი ახალგაზრდობა.
დღეს გადავწყვიტეთ, გესაუბროთ ახალგაზრდობის ხელშემშლელ ფაქტორებზე და იმაზე, თუ რას უნდა ვერიდოთ. ამას ახლავე მოგახსენებთ:
მოუვლელი ხელები არის პირველი, რაც ქალის რეალურ ასაკს ყიდის. ასე რომ, კარგად მოუფრთხილდით ხელებს, ყოველდღიურად იხმარეთ დღისა და ღამის მკვებავი კრემი და ნურასდროს მოაკლებთ მათ პარაფინის აბაზანებით მიღებულ სიამოვნებას, რომელიც, სიმართლე რომ ითქვას, საოცრებებს ახდენს.
ნაადრევად დაბერებული ყელისა და კისრის ზონები, რომელთაც რატომღაც ნაკლებ ყურადღებას ვუთმობთ, ყველაზე ხშირად იქცევს გარშემომყოფთა მზერას. არადა, ლამაზი კისერი და დეკოლტეს ზონა მოვლილი ქალის სავიზიტო ბარათია. ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ თავი ყოველთვის ოდნავ მაღლა გქონდეთ აწეული (ეს ღაბაბის პრევენციაა), შეიძინეთ ორთოპედიული ბალიში და რაღა თქმა უნდა, მკვებავი საშუალებები წლის ყველა სეზონისათვის. ცნობისათვის, კანის ნაადრევ დაბერებას, ჭკნობასა და გაუწყლოებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მზე და რუჯი, რომლითაც ასე ძალიან ვამაყობთ. ისე კი, მსოფლიოს ცნობილმა ლამაზმანებმა უკვე კარგად იციან მისი მავნებლობის შესახებ და ერიდებიან კიდეც.
არასწორად შერჩეული სამოსი, ზედმეტად ქალური პიჯაკები და ბლუზები, ფერთა არასწორი შეხამება და მოძველებული პრინტი არის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც ხელოვნურად აბერებს ქალს და ერთიორად უმატებს ასაკს, ისევე, როგორც არასწორი და ასაკის შეუსაბამო მძიმე მაკიაჟი სახეზე.
ყველასათვის ცნობილი ფაქტია, რომ მაკიაჟი ისევე მატებს ასაკს პატარა გოგონას, როგორც უმაკიაჟობა ხანშიშესულ ქალბატონს. ასე რომ, გოგონებო და ქალბატონებო, ნუ აირჩევთ ზედმეტად მკვეთრ და მყვირალა ფერებს, უპირატესობა ბუნებრივ ტონალობებს მიანიჭეთ და გაითვალისწინეთ თქვენი კანის შეფერილობა და ტიპი.
ნაადრევი ჭაღარა არის ის, რასაც ბევრი ჩვენგანი ვერსად წაუვა. ჯერ კიდევ 17–25 წლის ასაკშიც კი შეიძლება აღმოაჩინონ გოგონებმა საკუთარ თმაში გაჭაღარავებული ღერები. რა იწვევს მას? მიზეზი უამრავია: შეიძლება იყოს გენეტიკა, გაუთავებელი დიეტები, სტრესი, არასწორი კვება და მრავალი სხვა. თუმცა ამ ამბის მოგვარება უკვე იოლადაა შესაძლებელი რეგულარული ღებვით. ამ საკითხზე ყურადღების მოდუნება ნამდვილად არ ღირს. ნუ გაიმეორებთ ჯენიფერ ლოპესისა და ნიკოლ კიდმანის გამოუსწორებელ შეცდომას, როდესაც საზოგადოების წინაშე გაჭაღარავებული თმის ძირებით გამოჩნდნენ და ერთხელ და სამუდამოდ დაანგრიეს მითი მათი მუდმივი ახალგაზრდობის შესახებ.
"ფორთოხლის გოგონა" – გაგეცინათ? სულაც არაა სასაცილო პრობლემა, რადგან ცელულიტი და ფორთოხლის ქერქისებური კანი არ არის დამოკიდებული ასაკობრივ ცვლილებებზე. ეს უსიამოვნება პატარა გოგონებსაც ხშირად ახსენებს თავს და მოსვენებას უკარგავს. ჯანმრთელ და დაბალანსებულ კვებაზე საუბრით თავს არ მოგაწყენთ, მხოლოდ ერთს გირჩევთ: წინ ზამთარი გველის, ამიტომ კარგად შეარჩიეთ თბილი სამოსი. რატომ? იმიტომ, რომ გაყინული კანი ფეხებზე ორგანიზმს აძლევს კანქვეშა ცხიმით "დათბობის" სიგნალს. ცელულიტს კი მეტი რა უნდა? პირველი დაძახებისთანავე იჩენს თავს უადგილო ადგილას.
ია ბერიაშვილი
ჟურნალი "... და ქალი" (ოქტომბრის ნომერი)