ჯანმრთელობა სწორ კვებაზეა დამოკიდებული, თუმცა ჯანმრთელი საკვებიც შეიძლება იქცეს შხამად, თუ მედიკამენტებს შეუთავსებთ.
ლაიმი და ხველების წამალი
ალბათ გსმენიათ, რომ სტატინების - ორგანიზმში ქოლესტერინის დაბლა დამწევი პრეპარატი - მიღების დროს გრეიპფრუტის წვენის დალევა არ შეიძლება. აგრეთვე არ შეიძლება ხველების დროს ლაიმის მიღება. ეს ხილი ხელს უშლის წამლის ეფექტიან მოქმედებას.
შედეგად, პრეპარატი გროვდება სისხლში და არასასურველი შედეგი შეუძლია გამოიწვიოს. ციტრუსებისა და წამლის შერევის შედეგად ადამიანს შეიძლება დაეწყოს ჰალუცინაციები, მოითენთოს. ხილის ზემოქმედების შედეგად გამოწვეული ეფექტი 24 საათს გრძელდება. ასე რომ, არ "შეახვედროთ" ისინი ერთმანეთს.
რძის პროდუქტები და ანტიბიოტიკები
თუ ანტიბიოტიკს რძეს მიაყოლებთ ან მიღების წინ და შემდეგ რძის პროდუქტს მიიღებთ, იგი ინფექციას ვერ გაუმკლავდება. ამიტომ გაციების დროს ცხელი რძე და ანტიბიოტიკი დაუშვებელია. ამ შემთხვევაშიც 24-საათიანი ინტერვალი უნდა დაიცვათ წამლის მიღებასა და რძის პროდუქტების მიღებას შორის.
შებოლილი პროდუქტები და ანტიდეპრესანტები
შებოლილი პროდუქტების გარდა, ანტიდეპრესანტების მიღების დროს უნდა მოერიდოთ ლუდსა და წითელ ღვინოს. აგრეთვე, მჟავე კომბოსტოს, ჰოთ დოგებსა და ყველეულს.
შოკოლადი და რიტოლინი
კოფეინის გარდა, შოკოლადი სტიმულატორ თეობრომინსაც შეიცავს. სწორედ ამ ნივთიერების გამო შოკოლადი შეიძლება საზიანოც კი გახდეს. მაგალითად, ძაღლები მას საერთოდ ვერ გადაამუშავებენ. ამიტომ თუ რიტოლინის მიღების შემდეგ თავს აღგზნებულად და გაღიზიანებულად გრძნობთ, შოკოლადს ნუ შეჭამთ. გახსოვდეთ, რომ რაც უფრო მუქია შოკოლადი, მით მეტ კოფეინსა და თეობრომინს შეიცავს იგი.
ვაშლის წვენი და ალერგიის საწინააღმდეგო პრეპარატები
ვაშლის წვენის გარდა, ალერგიის საწინააღმდეგო პრეპარატების მიღებისას აგრეთვე უარი უნდა თქვათ ფორთოხლისა და გრეიპფრუტის წვენებზე.
დარიჩინი და ვარფარინი
განსაკუთრებით საშიშია იაფფასიანი, ჩინური დარიჩინი, მაგრამ ძვირად ღირებულიც რომ იყოს, მაინც მოერიდეთ მის მიღებას (ყავასთან ერთადაც კი), როცა ვარფარინს სვამთ.
ალკოჰოლი და პარაცეტამოლი
ამ წამლისა და სასმლის მიღებას შორის შუალედი 2 საათი მაინც უნდა იყოს. მას ღვიძლისა და თირკმლის პათოლოგიის გამოწვევა შეუძლია. მაგალითად, ჯორჯ ბუში-უფროსის თანაშემწე ანტონიო ბენედი ყოველდღე 3-4 ჭიქა ღვინოს სვამდა. 1993 წელს კი გაცივდა და 4 დღის განმავლობაში პარაცეტამოლის 10 აბის დალევა მოუწია. შედეგად, ჯერ რეანიმაციაში მოხვდა, შემდეგ ღვიძლის გადანერგვა დასჭირდა.