იცით, რომ სამზარეულოში მინი-კოსმეტიკური ლაბორატორია გაქვთ?
ჩვენ შეგახსენებთ, რომელი მწვანილი და სანელებელი გამოიყენოთ, რათა გაჯანსაღდეთ და დაივიწყოთ ასაკის შედეგად გამოწვეული ცვლილებები.
დაფნის ფოთოლი
- მის გარეშე არც ერთი კერძი არ მზადდება, მაგრამ ბევრმა არ იცის, რომ დაფნის ფოთოლს სისხლში შაქრის დაწევა შეუძლია; აუმჯობესებს მადას, საჭმლის მონელებას; დაგიცავთ მუცლის შებერილობისგან, კუჭ-ნაწლავის ინფექციებისა და ანთებისგან. დაფნის ნაყოფისგან იარის დასამუშავებელი (აჩქარებს იარის შეხორცებას) ნაყენი მოამზადეთ, ღეროები კბილის ტკივილს დაგიამებთ. ასეთი ინფორმაციის შემდეგ კერძში დაფნის ფოთლის ჩაგდება აღარ დაგავიწყდებათ.
გვირილა
- ცნობილია, რომ გვირილის ჩაი დამამშვიდებლად მოქმედებს. მისი სმა სასარგებლოა მათთვის, ვისაც შფოთიანობა და აღელვება ახასიათებს. ქალებისთვის გვირილის ჩაის მენსტრუალური ტკივილის მოხსნა შეუძლია. იგი აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის მუშაობას.
- გვირილის ჩაი სასარგებლოა გრიპის დროს. ყველა ქალმა იცის, რომ გვირილის ნაყენი აუმჯობესებს თმის სტრუქტურას (არამარტო ქერათმიანების). მისი დამატება სასარგებლოა აბაზანის მიღებისას - აუმჯობესებს კანის მდგომარეობას. გვირილას აქვს ანთების საწინააღმდეგო ეფექტი. აგრეთვე, ახორცებს იარებს და ეფექტიანია დამწვრობის დროსაც.
ჩილი
- ამ მწარე ინგრედიენტის მოყვარულები არასდროს უჩივიან კუჭ-ნაწლავის მუშაობას; ჩილი გაგათავისუფლებთ მეტეორიზმისგან, აგარიდებთ თრომბებს.
დარიჩინი
- იგი არა მარტო არომატული სანელებელია, არამედ "სასწრაფო დახმარებაც" გაციების დროს. თუ თავის ტკივილმა, გულის რევამ (შეგრძნებამ) შეგაწუხათ, ისევ დარიჩინი დაიხმარეთ. სხვა სანელებლების მსგავსად, დარიჩინიც აუმჯობესებს მადას, კუჭ-ნაწლავის მუშაობას. აგარიდებთ შებერილობასა და მეტეორიზმს. პირის ღრუში უსიამოვნო სუნსაც დარიჩინი აგაცილებთ. მისი დამატება ჩაისა და ყავაშიც შეგიძლიათ.
კორიანდრი
- დასახელებამ არ შეგაშინოთ, ეს კაკალი ქინძია. ის, ვინც მას რეგულარულად მიირთმევს, დაცულია კუჭის მჟავიანობის მომატებისგან. აგრეთვე, იგი არეგულირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში. აგრეთვე, დამამშვიდებლად მოქმედებს ადამიანზე და ეხმარება დაძინებაში.
ნიორი
- ნივრის ჯადოსნური თვისებების შესახებ ყველა დიასახლისმა იცის; იგი აუმჯობესებს იმუნიტეტს, აგარიდებთ გაციებას, ინფექციებს. ნიორი აჯანსაღებს კუჭის მიკროფლორას, ორგანიზმიდან გამოაქვს წიდები.
ჯანჯაფილი
- მეტეორიზმის, გულის რევისა და კუჭის აშლისგან ჯანჯაფილი დაგიცავთ. იგი უნივერსალური ტკივილგამაყუჩებელია. სასარგებლოა მისი მიღება მტკივნეული მენსტრუაციის დროს. გიშველით თავისა და კბილის ტკივილის დროს. ისევე, როგორც ნიორი, დაგიცავთ გაციებისგან.
ხახვი
- მასში ბევრი რკინაა. ამიტომ სასარგებლოა მათთვის, ვინც ანემიით იტანჯება. აგრევე - ქალებისთვის მენსტრუაციის დროს. ხახვი კლავს მიკრობებს პირის ღრუში. დაგიამებთ კბილის ტკივილს.
ორეგანო
- მას ჩვენი ბებიები თავშავას ეძახდნენ. დიარეის, მუცლის შებერილობისა და მეტეორიზმის დროს მისი ჩაი უებარია. იგი დაგიამებთ თავისა და კბილის ტკივილს. სასარგებლოა ხველების დროს. მისი ნაყენის კომპრესებს კი კუნთების ტკივილისა და რევმატიზმების დროს იყენებენ.
როზმარინი
- გურმანების საყვარელი სანელებელი სასარგებლოა კანისა და თმისთვის - აჩერებს თმის ცვენას, აჯანსაღებს მას. თუ სამზარეულოში მისი ზეთი მოგეპოვებათ, გადააზავეთ თბილ წყალში (1:1) და გამოივლეთ ყელში გაციების დროს. სადილებში მშრალი სახით გამოყენებული კი აგარიდებთ მეტეორიზმსა და კუჭს დაეხმარება მძიმე საკვების გადამუშავებაში.
სალბი
- იგი დაბერების პროცესს აჩერებს. ამიტომ მისი ფოთლები ჩაიმატეთ ჩაიში. იგი აგრეთვე დაგეხმარებათ ძალების აღდგენაში, გაგიუმჯობესებთ მეხსიერებას და გაგიძლიერებთ ძვლებს. სალბის ნაყენის გამოვლებით კი გაიმაგრებთ კბილებს და დაიცავთ ღრძილებს ბაქტერიებისგან.
ბეგქონდარა
- ანტისეპტიკურია, ეფექტიანია მისი ნაყენის გამოვლება პირში; სოკოს დროს - აბაზანების გაკეთება. სასარგებლოა სასუნთქი ორგანოების დაავადების და დიარეის დროს.