ქაცვის ზეთი სახისთვის: 1 ჩაის კოვზი ქაცვის წვენი, 1 ჩ/კ ქაცვის ზეთი, 1 კვერცხის გული (უმი). ინგრედიენტები ერთმანეთში გადაურიეთ. მიღებული მასა სახეზე რამდენიმე ფენად წაისვით. ნიღაბი კვებავს და ატენიანებს სახის კანს.
გამაახალგაზრდავებელი ნიღბისთვის დაგჭირდებათ: 0,5 ჩ/კ ქაცვის წვენი, 1 ჩ/კ თაფლი და სიმინდის ზეთის რამდენიმე წვეთი. ინგრედიენტები ერთმანეთში გადაურიეთ. მიღებული მასა წაისვით სახეზე, გაიჩერეთ 15 წუთი. ჩამოიბანეთ ჯერ თბილი, მერე ცივი წყლით.
მატონიზირებელი ნიღაბი მშრალი და მომჭკნარი კანისთვის: 1 კვერცხის გული (უმი), 1 ჩ/კ ქაცვის ზეთი და 1 ჩ/კ ქაცვის წვენი. ყველაფერი ერთმანეთში აურიეთ, მიღებული მასა სახეზე წაისვით. გაიჩერეთ 20-25 წუთი, ჩამოიბანეთ ჯერ თბილი, მერე ცივი წყლით. ქაცვის წვენი შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ კივის, ციტრუსებისა და ვაშლის წვენით.
სახის კანის გადასაჭიმი ნიღაბი: 1 კვერცხის გული (უმი), 1 ჩ/კ ქაცვის ზეთი, 0,5 ჩ/კ ყვითელი კოსმეტიკური თიხა. ინგრედიენტები ერთმანეთში გადაურიეთ; მიღებული მასა დაიდეთ სახეზე, გაიჩერეთ 15 წუთი და ჩამოიბანეთ ჯერ თბილი, მერე ცივი წყლით.
ქაცვის ზეთი ტუჩებისთვის
შემოდგომის დადგომისთანავე ტუჩები ხშირად სკდება. მომხიბვლელი ღიმილისთვის მოვლილი ტუჩები გჭირდებათ. მათ დატენიანებას, დარბილებასა და ვიტამინებით უზრუნველყოფას ქაცვის ზეთით შეძლებთ. დღეში 2-3-ჯერ წაისვით ქაცვის ზეთი (რამდენიმე წუთით) ტუჩებზე.
ქაცვის ზეთი წამწამებისთვის
ქაცვის ზეთის რამდენიმე წვეთი, ამდენივე ზეთოვანი "ე" ვიტამინი, ზეითუნის ზეთი და აბუსალათინის ზეთი ერთმანეთში გადაურიეთ. მიღებული ზეთების ნაერთი ფრთხილად, ისე, რომ თვალში არ მოგხვდეთ (კარგად გარეცხილი ტუშის ჯაგრისით), ყოველ საღამოს წაისვით მაკიაჟმოცილებულ, სუფთა წამწამებზე. შეიმშრალეთ ჯერ თეთრი, სუფთა ქაღალდის ხელსახოცით, შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. მკურნალობის კურსი ერთი თვეა.
ქაცვის ზეთი ფრჩხილებისთვის
ქაცვის ზეთის ხმარება აუცილებელია მათთვის, ვისაც ფრჩხილები ეფცქვნება და ხშირად უტყდება. ერთი თვის განმავლობაში, ყოველ საღამოს წაისვით ქაცვის ზეთი ფრჩხილებზე. თუ სხვადასხვა ზეთს დაუმატებთ (მაგ. სიმინდის, ზეითუნის), შეგიძლიათ ნარევი ხელის კანზეც წაისვათ.
ქაცვის ზეთი თმისთვის
თუ ხშირად იღებავთ თმას ან იხვევთ, აუცილებელია თმის ძირებში ქაცვის ზეთის შეზელვა.
ეს პროცედურა აგრეთვე სასარგებლოა მათთვის, ვინც თმის ცვენას უჩივის. პარალელურად, შეგიძლიათ დღეში ორჯერ, თითო ჩაის კოვზი ქაცვის ზეთი მიირთვათ.
ქერტლის მოსაშორებლად 1 ს/კ ქაცვის ზეთი და 6 ს/ კ ზეითუნის ზეთი ერთმანეთში აურიეთ და თმის ძირებში წრიული მოძრაობით შეიზილეთ. მკურნალობის კურსია - კვირაში ორჯერ 2 თვის მანძილზე.
ნიღაბი მშრალი თმისთვის: 2 ს/კ ზეითუნის ზეთი, ამდენივე ქაცვის ზეთი და ერთი კვერცხის გული (უმი). ინგრედიენტები ერთმანეთში გადაურიეთ. მიღებული მასა შეიზილეთ დაბანილ თმაში, გაიჩერეთ ნახევარი საათი და ჩამოიბანეთ.