გოგრას ერთი უნიკალური თვისება გააჩნია, - აახალგაზრდავებს ქალის ორგანიზმს.
სასურველია როგორც მისი ჭამა, აგრეთვე, მისგან სახის მოვლის საშუალებების დამზადება. ეფექტი გოგრის ნიღბების გაკეთებიდან 1-2 კვირის შემდეგ შეიმჩნევა.
გოგრის გამაახალგაზრდავებელი ნიღაბი
გოგრა გახეხეთ, მიღებული მასის 2 სადილის კოვზს დაუმატეთ 1 ს/კ ალოეს წვენი და 1 ჩ/კ თაფლი. ინგრედიენტები კარგად გადაურიეთ, წაისვით სახეზე და გაიჩერეთ 10-15 წუთი. ჩამოიბანეთ გრილი წყლით და წაისვით მკვებავი კრემი.
ნიღაბი მობერებული კანის გამოსაცოცხლებლად
2 ს/კ გახეხილი გოგრის მასას დაუმატეთ 2 ს/კ ხაჭო, 1 ს/კ არაჟანი და 1 ჩ/კ თაფლი. მიღებული მასა წაისვით სახეზე, გაიჩერეთ 15-20 წუთი და ჩამოიბანეთ თბილ რძეში დასველებული ტამპონით. დაიბანეთ სახე თბილი წყლით და გადაისვით ყინულის კუბი.
გოგრის ნიღაბი ცხიმიანი კანისთვის
გახეხილი გოგრის 2 ს/კოვზს დაუმატეთ 1/4 ლიმონის წვენი და 1 კვერცხის ცილა, კარგად მოურიეთ და წაისვით სახეზე. გაიჩერეთ 15-20 წუთი. ჩამოიბანეთ გრილი წყლით.
გოგრის წვენი მშრალი და ნორმალური კანისთვის
თუ მშრალი სახის კანი გაქვთ, გოგრის წვენისა და რძის ნარევით (1:1) ერთი თვის განმავლობაში, ყოველდღიურად გაიწმინდეთ სახის კანი. ხოლო თუ ნორმალური (ან ცხიმიანი) სახის კანი გაქვთ, რძის ნაცვლად გოგრის წვენს ადუღებული, გაციებული წყალი შეურიეთ და ისე გაიწმინდეთ სახის კანი.
გამაახალგაზრდავებელი ლოსიონი გოგრის თესლისგან
დააბლენდერეთ ან ყავის საფქვავში დაფქვით 1 ჭიქა უმი გოგრის გარჩეული თესლი, დაასხით ერთი ლიტრი წყალი და გააჩერეთ 2-3 საათი. შემდეგ გაწურეთ და მიღებული ლოსიონით გაიწმინდეთ სახე, ხელები, დეკოლტე და მხრები.