რამდენი წლისაც უნდა იყოთ - 25-ის, 30-ის ან 35-ის, მაინც გსურთ, რომ ახალგაზრდულად გამოიყურებოდეთ. წლების მატებასთან ერთად, ეს სურვილიც მძაფრდება.
ამიტომ ჩვენ შევარჩიეთ რჩევები, რომელთა გამოყენების შემდეგ, ასაკის დასახელებისას, ხშირად გაიგონებთ ფრაზას: "ასაკთან შედარებით გაცილებით ახალგაზრდად გამოიყურებით".
მაკიაჟი, რომელიც წლებს მოგაკლებთ
1. მოერიდეთ სახის ზედმეტად ჩამუქებას, უპირატესობა ბუნებრივ მაკიაჟს მიანიჭეთ.
2. სახეზე "რუმიანა" ბუნებრივად რომ გამოიყურებოდეს, მხოლოდ იმ ადგილებში წაისვით, სადაც ბუნებრივი სიწითლე გადაგკრავთ.
3. ნუ წაისვამთ მაკიაჟის ფუძეს მიმიკური ნაოჭების (თვალების გარშემო, ცხვირ-პირის) გარშემო.
4. თუ ჯანსაღი კანი გაქვთ, საერთოდ უარი თქვით მაკიაჟის ფუძესა და ტონალური კრემის გამოყენებაზე.
5. გამოიყენეთ "პუდრი" T ზონაზე, მაგრამ ნუ წაისვამთ ლოყებზე. წლების მატებასთან ერთად კანი ლოყებზე შრება და "პუდრი" უფრო აჩქარებს ამ პროცესს.
6. თვალის ფანქარი შეუდარებელია მაკიაჟის გაკეთებისას. ზედა ქუთუთოზე წასმული თვალს უფრო დიდს გამოაჩენს; ამასთანავე, წამწამებსაც უფრო მკვეთრად გამოსახავს.
7. ჩამოკიდული ქუთუთო ღია ყავისფერი ჩრდილით ან ფანქრით შეგიძლიათ დამალოთ.
8. ტუჩებს მეტ მიმზიდველობას მიანიჭებთ, თუ პომადის წასმამდე ტუჩებს დაიპუდრავთ, პომადას გადაისვამთ და ქვედა ტუჩის ცენტრში მბზინვარე საცხსაც წაისვამთ.
შეცდომების გარეშე:
1. საათობით ნუ დგახართ სარკესთან და ყოველ ახალწარმოქმნილ ნაოჭს ნუ დასტირით. გახსოვდეთ, შეხვედრისას ადამიანები ღიმილზე გაკვირდებიან და არა ნაოჭებს გითვალიერებენ.
2. შეიცვალეთ ჩაცმის სტილი, ვარცხნილობა, მაკიაჟი, მაგრამ მთლად 15 წლის გოგონას ნუ დაემსგავსებით. ეს ვულგარული და უადგილოა.
3. მაკიაჟში მოერიდეთ ცივი ფერების გამოყენებას. ისინი უფრო ამკვეთრებენ ნაოჭებს. ასეთივე ეფექტი აქვს ტუჩის კონტურს. იგი მაქსიმალურად მიახლოებული უნდა იყოს პომადის ფერთან. მკვეთრი სხვაობა ასაკს გმატებთ.
4. ძალიან ღია და ძალიან მუქი ფერის პომადაზეც იმავეს თქმა შეიძლება.
5. მუქი ფერის ტონალური ვიზუალურად აბერებს სახის კანს და უფრო ამუქებს ნაოჭებს.
6. ნუ გადააჭარბებთ ტუშის გამოყენებისას. მან წამწამები ბუნებრივად უნდა გამოკვეთოს და არა დაამძიმოს.
თმა - მთავარი სამკაულია
წლების მანძილზე თმა ქალის მთავარი სამკაულია. თუმცა, წლების მატებასთან ერთად, სწორად შეჭრილი და შეღებილი თმაც იდეალურად გამოიყურება
1 არსებობს ერთი ოქროს წესი: თუ დროის შეჩერება არ შეგიძლია, რიტმულად აუწყვე მას ფეხი. თუ თმის შეღებვა გადაწყვიტეთ, ერთმანეთს უნდა შეუხამოთ მაკიაჟი, წელიწადის დრო და თმის ფერი.
2. კონდიციონერში, რომელსაც თმის დაბანის შემდეგ იყენებთ, შეურიეთ "ცე" ვიტამინი. იგი თმას უფრო დიდხანს შეუნარჩუნებს ფერს და ბზინვარებასაც მიანიჭებს.
3. ეცადეთ, თმა მკვეთრ ფერზე არ შეიღებოთ. იგი ორი ტონით ღია ან მუქი უნდა იყოს თქვენს ბუნებრივ ფერთან შედარებით.
4. სასურველია, 5-6 კვირაში ერთხელ მოიჭრათ თმის ბოლოები. ამგვარად თმასაც ჯანმრთელობას შეუნარჩუნებთ და ვარცხნილობის კეთებაც არ გაგიჭირდებათ.
5. მსხვილი და რთული თმის ხვეული 1-2 წელს გმატებთ. აგრეთვე, ასეთი ეფექტი აქვს მუსებისა და ლაკების გამოყენებას. ბუნებრივად დახვეული, ოდნავ "თავის ჭკუაზე" მყოფი თმა კი 1-2 წელს მოგაკლებთ.
6. წლების მატებასთან ერთად თმა მშრალი და უხეში ხდება. რეგულარულად უნდა გაიკეთოთ თმის მკვებავი ნიღბები. აგრეთვე, გრძელი თმის მოვლა სულ უფრო და უფრო რთულდება. ამიტომ უპირატესობა მოკლე ან საშუალო ზომის ვარცხნილობას მიანიჭეთ.
შეცდომების გარეშე:
1. თუ თმას პირველად იღებავთ, ნუ ენდობით მეგობარს, მეზობლებს, ნათესავს. პროფესიონალს მიმართეთ.
2. თუ პირველი ჭაღარის დაფარვა გსურთ, თქვენს თმაზე 2-4 ტონით ნაკლები მელირება გაიკეთეთ.
3. ნუ გგონიათ, რომ თუ მერილინ მონროსავით შეიღებავთ თმას, უფრო სექსუალური გამოჩნდებით. პირიქით, მოერიდეთ თმის მკვეთრ ყვითელ, წითელსა და შავ ტონებში შეღებვას.
4. ნუ ეცდებით, ერთი ფერის თმა ან ვარცხნილობა მთელი ცხოვრების მანძილზე შეინარჩუნოთ. ჩაატარეთ ექსპერიმენტები, მოსინჯეთ ახალ-ახალი ვარცხნილობები, ტონები.
5. თუ თმის მოვლის ახალნაყიდი საშუალებები არ მოგიხდათ, ნუ დაგენანებათ, გათავისუფლდით მათგან. შეიძინეთ ისეთები, რომლებიც თქვენს თმას უფრო ჯანმრთელსა და ლამაზ წარმოაჩენს.
ხელებმა რომ არ გაგთქვან
1. ხელებზე კრემი ხშირად, განსაკუთრებით, ზამთარში და ხელების ყოველი დაბანის შემდეგ უნდა წაისვათ.
2. ყოველდღიურად კრემით ან ზეთით დაიმუშავეთ ნუნები, რათა დაარბილოთ ისინი, რათა მათ ჯანმრთელი ფრჩხილის გაზრდას არ შეუქმნან საფრთხე. ფრჩხილების პროცედურები უმჯობესია საღამოს, ძილის წინ ჩაიტაროთ.
3. წლების მატებასთან ერთად ფრჩხილი მტვრევადი ხდება. წაისვით სპეციალური კრემები და ზეთები, გაიკეთეთ სამკურნალო აბაზანები.
4. თუ ხელის დაბანის შემდეგ კანი გამოგიშრათ, შეცვალეთ საპონი უფრო რბილი, დამატენიანებელი ეფექტის მქონე საშუალებით.
5. რეგულარულად გამოიყენეთ სკრაბი, რათა კანიდან დროულად მოიშორეთ გარქოვანებული, მკვდარი უჯრედები.
6. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ იდაყვების მდგომარეობას.
7. ყოველ კვირა გაიკეთეთ მანიკიური. შეისწორეთ ფრჩხილები. ნუ გექნებათ სხვადასხვა ზომის ფრჩხილი. აგრეთვე, არ გეპატიებათ ქუჩაში გადაცლილმანიკიურიანი ფრჩხილებით გამოსვლა.
8. ხშირად გაიკეთეთ თითებისა და ხელების მასაჟი (რომელიმე ზეთის - ზეითუნის, ნუშის გამოყენებით). ამგვარად სისხლის მოძრაობასაც გააუმჯობესებთ და ის ორგანოებიც გააქტიურდებიან, რომელთა წერტილებიც თითებსა და ხელებზეა განლაგებული.
შეცდომების გარეშე:
1. დაიმახსოვრეთ, საოჯახო საქმეები მუდამ ხელთათმანებით უნდა აკეთოთ.
2. ცურვის ან ვარჯიშის შემდეგ აუცილებლად წაისვით მკვებავი კრემი.
3. ნუ გამოიყენებთ ფრჩხილებს სხვადასხვა "იარაღის" ნაცვლად.
4. ნუ გაიზრდით გრძელ, წვეტიან ფრჩხილებს.
5. ცივ ამინდში ქუჩაში ხელთათმანის გარეშე ნუ გამოხვალთ; ზაფხულში კი დამცავი და დამატენიანებელი კრემების წასმა არ დაგავიწყდეთ.
თეთრი კანი, გადატკეცილი ლოყები
1. ქუჩაში გასვლის წინ აუცილებლად წაისვით სახის დამცავი კრემი (პერიოდის შესაბამისად, ყინვისა და მზისგან დამცავი).
2. მიიღეთ ზომიერი რუჯი. განაკუთრებით, თუ ქერა ან თეთრკანიანი ხართ.
3. სახის დასაბანად და გასაწმენდად გამოიყენეთ ის საშუალებები, რომლებსაც მითითებული აქვს: "მგრძნობიარე კანისთვის".
4. რეგულარულად გაიკეთეთ სახის მასაჟი. ყოველდღიურად (უმჯობესია საღამოს, გაწმენდილ სახეზე) წრიული მოძრაობებით წაისვით "ე" ვიტამინი. თვეში ერთხელ გაიწმინდეთ სახე.
5. არ დაგავიწყდეთ სახეზე მკვებავი და დამატენიანებელი კრემების წასმა.
6. მაკიაჟის გაკეთებისას მხოლოდ სასიამოვნოზე იფიქრეთ. ასე უკეთეს შედეგს მიიღებთ.
შეცდომების გარეშე:
1. ნუ გადატვირთავთ სახის კანს ძალიან ცხიმიანი ნიღბებით. მიეცით კანს სუნთქვის საშუალება.
2. ზომიერად გამოიყენეთ "ა" ვიტამინი. მცირე დოზით იგი სასარგებლოა. ხანგრძლივი და სისტემატური გამოყენებისას სახის კანი გადაჭარბებით იღებს ნამზეურს, რაც ნაადრევად აბერებს მას.
3. უარი თქვით სიგარეტის მოწევაზე. მწეველებს არაჯანსაღი სახის ფერი და ნაადრევი ნაოჭები უჩნდებათ.
4. მოერიდეთ მკვეთრი სუნის მქონე კოსმეტიკური საშუალებების გამოყენებას.
5. მოერიდეთ ზედმეტ ტკბილეულს. ის სახეზე მუწუკების გაჩენას იწვევს.
6. გაიმართეთ, მხრებში მოხრილი უფრო დაემსგავსებით მოხუც დედაბერს, ვიდრე ნაოჭებით. ამასთანავე, მხრებში გასწორებული ადამიანი უკეთესად სუნთქავს, სისხლი უკეთ მოძრაობს, ადამიანი ხალისიანი, ღიმილიანი და უნაოჭოა.