წარმოიდგინეთ თქვენი თავი 30, 40, 50 (და ა.შ.) წლის ასაკში, როგორი გინდათ, რომ იყოთ. სასურველია, ჯანმრთელი, ლამაზი იყოთ და ახალგაზრდულად გამოიყურებოდეთ. ამისათვის კი დღეიდანვე უნდა იზრუნოთ.
მოერიდეთ სტრესებს. რაც უნდა მოხდეს, შეინარჩუნეთ სიმშვიდე. გახსოვდეთ ბრძენი სოლომონის წარწერა ბეჭედზე: "ესეც გაივლის".
გარშემო მყოფების მიმართ იყავით გულისხმიერი და კეთილი. აპატიეთ თქვენ მიმართ ჩადენილი ყველა დანაშაული, წყენა. სცადეთ და მიხვდებით, როგორ შეგეცვლებათ განწყობა, გაგეღიმებათ და ჯანმრთელობასაც გაგიუმჯობესებთ. როცა ჩვენს სულში ვინმეზე წყენა ჩაიბუდებს, ჩვენ ვეჯაჭვებით ამ ადამიანს; როგორც კი აპატიებთ, გათავისუფლდებით უხილავი, მაგრამ მტანჯველი სიმძიმისგან.
საქმეების (სამსახურის, საოჯახო), პრობლემების მოგვარებისას არასდროს აჩქარდეთ. ექიმები სისწრაფეს "მოუსვენარ მკვლელს" ეძახიან. რადგან ორგანიზმში ადრენალინის დონე იმატებს, გული გამალებით იწყებს მუშაობას და ზიანი სხვა სასიცოცხლო ორგანოებსაც ადგებათ. მშვიდად და წყნარად იმოქმედეთ, ღიმილით.
თუ გარშემო არაფერი სასიკეთო არ ხდება, თავად უნდა დაიმუხტოთ დადებითი ემოციებით. სცადეთ და გამოგივად. მუდმივად უსიამოვნო განწყობაზე ყოფნა ჯანმრელობას ვნებს, დადებითი კი იმუნიტეტს გაგიუმჯობესებთ და დაბერების პროცესსაც შეანელებს.
ჯანმრთელობისთვის ყველაზე საშიში გრძნობებია: სიბრაზე, დანაშაულის გრძნობა, საკუთარი თავითა და გარშემო მყოფებით უკმაყოფილება. გახსოვდეთ, ჯანმრთელობა საკუთარი და გარშემო მყოფების სიყვარულით უმჯობესდება.
ხშირად იცინეთ. მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ სიცილი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, რაც გულ-სისხლძარღვთა ორგანოებისთვის საუკეთესო პროფილაქტიკაა. აი, უარყოფითი ემოციები კი თვითდანგრევის მექანიზმს ამუშავებს.
ისწავლეთ მოდუნება, რელაქსაცია. დღეში 10 წუთი მაინც დაუთმეთ მას. ძილის წინ მოუსმინეთ მშვიდ, სასიამოვნო მუსიკას. უყურეთ ბუნების ლამაზ სურათებს. ღრმად ისუნთქეთ. როცა სულიერ სიმშვიდეს მიაღწევთ, ჯანმრთელობასაც გაიუმჯობესებთ.
აკონტროლეთ საკუთარი თავი. ყველა დაავადება ემოციების, სტრესებისგან ჩნდება. ბანალური გაციებაც კი წყენისა და გაღიზიანების შედეგად იწყება.
ებრძოლეთ ცუდ განწყობას. ყველას ცხოვრებაში ხდება უსიამოვნო მომენტები, მაგრამ რაც უფრო მალე დაივიწყებთ მათ, მით უკეთესი თქვენთვის. ცუდ ხასიათზე მყოფს არაფერი ახარებს, რითაც დიდ ზიანს აყენებს საკუთარ თავს. დაივიწყეთ ცუდი, მოხდა და გაუშვით. გახალისდით, არ შეგიმჩნევიათ, რომ ხალისიანი ადამიანები არც ავადმყოფობენ და არც ავადდებიან? მიბაძეთ მათ. გაუღიმეთ საკუთარ თავს სარკეში, უთხარით, რომ იგი მსოფლიოში ყველაზე ჯანმრთელი, ლამაზი და ბედნიერი ადამიანია და ცოტა ხანში მართლაც აივსებით დადებითი ემოციებით.
3 ოქროს წესი, დაივიწყეთ სიტყვა "არასოდეს"
1. არასოდეს იწუწუნოთ ჯანმრთელობაზე. მხოლოდ ექიმთან. ადამიანი, რომელიც გარშემო მყოფებთან მუდამ საკუთარ ჯანმრთელობაზე წუწუნებს, უფრო მეტ უარყოფითს იმატებს.
2. არასდროს დაუსვათ საკუთარ თავს დიაგნოზი. როცა ამბობთ, რაღაც მჭირს, მე ხომ არასოდეს მიმართლებს, თავად აპროგრამებთ თავს წარუმატებლობაზე, ავადმყოფობაზე.
3. არასდროს ეკამათოთ აგრესიულად განწყობილ ადამიანს. არასდროს ჩაერთოთ ვიღაცის წინააღმდეგ მიმართულ ბრძოლაში. აგრესია ანგრევს ორგანიზმს. ჯანმრთელობა კი შინაგანი სიმშვიდითა და ცხოვრებისადმი პოზიტიური განწყობით იწყება.