ინტერნეტპორტალმა auto.saqme.ge-მ მომხმარებლების ინტერესების კვლევის შედეგად გამოავლინა ტოპ-სამი ავტომობილი, რომელიც ქართველ ქალებში ყველაზე მეტი პოპულარობით სარგებლობს.
ესენია: Toyota Vitz-ი, Nissan March-ი და Honda Fit-ი. კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ ქართველი ქალების უმეტესობისთვის საოცნებო ავტომობილი მინი-კუპერია.
ბუნებრივია, საინტერესო აღმოჩნდა, რატომ ანიჭებენ ქალები უპირატესობას კონკრეტულ მოდელებს. სამი რამ ამ კატეგორიის ქალებს ნამდვილად აერთიანებს. მათთვის მნიშვნელოვანია:
• მოდელის ხელმისაწვდომი ფასი
• მოდელის ფერის მრავალფეროვანი არჩევანი
• საწვავის ეკონომიური მოხმარება
marao.ge-მ, თავის მხრივ, კიდევ ერთი ექსპერიმენტი ჩაატარა... ჩვენ მოვძებნეთ ქალბატონები, რომლებსაც ამ მოდელის ავტომობილები ჰყავთ და ისე, რომ არ გვითქვამს, რისთვის გვჭირდებოდა ეს კვლევა, შევეცადეთ, მათგან გულწრფელი პასუხები მოგვესმინა, შემდეგ კი მათი ნათქვამი საიტ autobild.ge-ს ექსპერტებთან გადავამოწმეთ. მაშ ასე:
Toyota Vitz
ნინო: უკვე მეშვიდე წელია ეს მოდელი მყავს. ტარებაც ამ მანქანაზე ვისწავლე.
შემიძლია გითხრათ, რომ მოვლილი მაქვს მთელი საქართველო და პროფილაქტიკაში მხოლოდ ზეთისა და საბურავების გამოსაცვლელად ვარ ნამყოფი. თავდაპირველად, ფერის გამო გადავწყვიტე ამ მოდელის შეძენა.
გარეგნულად, ერთი შეხედვით, პატარა ჩანს, მაგრამ სალონი გაცილებით დიდია, ვიდრე წარმოგიდგენიათ. რაც ქალისთვის ასევე ძალიან კომფორტული და მოსახერხებელია, აქვს უამრავი სათავსო, რაც მიმარტივებს, მუდამ თან მქონდეს კოსმეტიკა, საჭირო ნივთები თუ დოკუმენტები. ახლა რომ ვყიდულობდე მანქანას, მაინც იმავე მოდელზე გავაკეთებდი არჩევანს.
ექსპერტის რჩევები:
გამძლეობა: ავტომობილი გამძლეა, სწორი ექსპლუატაციის შემთხვევაში უპრობლემოა.
სერვისი: ხელოსნები არიან, სერვისი იაფია. ასევე, თბილისში არის ორი ავტორიზებული სერვის-ცენტრი.
ნაწილები: ადგილზე იშოვება აბსოლუტურად ყველაფერი, ფასი საკმაოდ დაბალია. მიდის შესაბამისი წლის Toyota Yaris ყველა ნაწილი. ასევე, შესაძლებელია სხვადასხვა ვებგვერდიდან გამოწერა.
კომფორტი: ნორმალურია.
სალონი: თავისი ზომისთვის საკმაოდ ტევადი სალონი აქვს. დიზაინიც საკმაოდ დახვეწილია.
გავრცელებული პრობლემები: არ იკვეთება კონკრეტული დეტალების ხშირი გაუმართაობები.
Nissan March
თაკო: რამდენიმე წლის წინ ვიყიდე... ფერმა და მოდელმა მიიქცია ყურადღება და ამიტომ შევაჩერე მასზე არჩევანი - სტაფილოსფერი იყო.
ძალიან კომფორტულიც აღმოჩნდა. უამრავ წყვილ ფეხსაცმელს ვატარებდი თან. დაახლოებით 5 ლიტრს წვავდა და ესეც ერთგვარი კომფორტი იყო.
ერთადერთხელ მყავდა უმნიშვნელო პრობლემის გამო პროფილაქტიკაში. საერთო ჯამში, ძალიან უპრობლემო მანქანაა.
ექსპერტის რჩევები:
გამძლეობა: ავტომობილი საკმაოდ გამძლეა, თუმცა ჩვენი ქვეყნის პირობებში მოფრთხილება მაინც სჭირდება.
სერვისი: ხელოსნები არიან, სერვისის ფასიც მისაღებია. ასევე, თბილისში არის ავტორიზებული სერვის-ცენტრი.
ნაწილები: მეტ-ნაკლებად პრობლემურია და შესაბამისად, ფასიც საკმაოდ მაღალია. შესაძლებელია სხვადასხვა ვებგვერდიდან გამოწერა.
კომფორტი: ავტომობილი კომფორტით დიდად არ გამოირჩევა.
სალონი: საკმაოდ პატარა სალონი აქვს.
გავრცელებული პრობლემები: ყველაზე ხშირად გადაცემათა კოლოფის გაუმართაობას უჩივიან.
Honda Fit
ნანუკა: არ ფუჭდება, ეკონომიური და ლამაზია. მე ამ კრიტერიუმებით შევარჩიე. ჩემი ავტომობილი ცისფერია და ყველას ძალიან მოსწონს. საკმაოდ დიდი სალონი აქვს... არ უჭირს ცუდ გზაზე გადაადგილება. მე ვიტყოდი, რომ სუპერმანქანაა.
ექსპერტის რჩევები:
გამძლეობა: არ არის გამძლე. ადვილად ფუჭდება და მოფრთხილება სჭირდება.
სერვისი: ხელოსნები შედარებით პრობლემურია, თუმცა, მოდელის პოპულარობიდან გამომდინარე, ეს პრობლემა ნელ-ნელა გვარდება. ასევე, თბილისში არის ავტორიზებული სერვის-ცენტრი.
ნაწილები: ადგილზე იშოვება ყველაფერი, ფასიც საკმაოდ დაბალია. შესაძლებელია სხვადასხვა ვებგვერდიდან გამოწერა.
კომფორტი: არ არის კომფორტული ავტომობილი.
სალონი: თავისი კლასისთვის საკმაოდ ტევადი სალონი აქვს.
გავრცელებული პრობლემები: ყველაზე ხშირად ავტომატური გადაცემათა კოლოფის (ვარიატორი, ბალიში) და უკან საკისარის (,,სტუპიცა") გაუმართაობებს უჩივიან.
აღსანიშნავია, რომ auto.saqme.ge-ს კვლევის თანახმად, ქართველი ქალების უმეტესობის ოცნების მანქანა მინი-კუპერია.