ალბათ, არავისთვის უცხო არაა ის, რომ ქალების უმეტესობა, მიუხედავად იმისა, რომ ოცდამეერთე საუკუნეა, გულის სიღრმეში მაინც იმ ერთადერთის მოლოდინშია.
ოღონდ ამჯერად პრინცის სტანდარტები ცოტა შეიცვალა და დღევანდელი პრინცები არა თეთრ ცხენზე, არამედ აქლემზე ამხედრებულები მოიაზრებიან, თუ გავითვალისწინებთ დუბაის პრინცის პოპულარობას სრულიად მსოფლიოს ქალთა საზოგადოებაში. მაგრამ მაინც, რა ტიპის პრინცს ეძებს ქალი პოტენციურ პარტნიორში და როგორ ამოვიცნოთ, რა მეთოდებით მოვაწონოთ თავი ამა თუ იმ ქალბატონს მისი ზოდიაქოს ნიშნიდან გამომდინარე... დიახ, დიახ, სტატია ექსკლუზიურად "პოტენციური პრინცებისთვის", ანუ მამაკაცებისთვისაა განკუთვნილი.
მაშ ასე, როგორ პრინცს ეძებს ვერძი - ამ ქალის დამოუკიდებლობა და თავდაჯერებული იმიჯი ნუ დაგაფრთხობთ. შინაგანად იგი ბავშვია და სიყვარულში გამოუსწორებელი იდეალისტი. მისთვის პრინცი თავდაჯერებულ, ძლიერ და ცოტათი ტლანქ მამაკაცთან ასოცირდება. ისეთთან, რომელიც მას საშუალებას არ მისცემს, სიტუაცია აკონტროლოს.
კურო სტაბილურ, გაწონასწორებულ პრინცს ეძებს, ახოვანს, სხეულის მასიური ფორმებით (კურო ქალებს ნაკლებად მოსწონთ გამხდარი და ზედმეტად ინტელიგენტური გამომეტყველების მამრები). მოკლედ, ის ეძებს პრინცს შვიდი სამეფოს მფლობელობით. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენ მის ცხოვრებაში პრინცად ვერ განიხილებით.
ტყუპისთვის პრინცი პიტერ პენივით მხიარული, არაპროგნოზირებადი და მრავალმხრივი უნდა იყოს. ამ ქალის გასაოცებლად მამაკაცს უნდა შეეძლოს იყოს ერთდროულად ჩამოყალიბებული, პროფესიულად შემდგარი პიროვნება და ცელქი ბავშვი, რომელიც საყვარელ ქალთან ერთად სიგიჟეების კეთებაზე არასოდეს ამბობს უარს.
კირჩხიბი ეძებს პრინცს, ამ სიტყვის სრული, როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით. ანუ მამაკაცს კარგი გენეტიკით, საამაყო და დიდი ოჯახით, შესაძლებლობებით, რომ ამ დიდ ოჯახს მომავალში კიდევ უფრო დიდი ოჯახის მოვლა-პატრონობის მოვალეობა დაუმატოს და რაც მთავარია, მზრუნველს, თბილს და მოსიყვარულეს.
ლომი ქალი პრინცს იშვიათად ან საერთოდაც არ ეძებს ცხოვრებაში. ეს იმიტომ, რომ თავად დედოფალი გახლავთ, ჰოდა, დედოფალს რაში სჭირდება "ცხვირმოუხოცავი" პრინცები? მას მამაკაცი სჭირდება, რომელსაც შეუძლია ლომ ქალს იქით ეთაყვანოს - მოკლედ, პრინცი არა, მაგრამ იმპერატორი ამ ქალს ნამდვილად გამოადგება. ანუ კაცი, ვისაც უნარი აქვს, მთელი მსოფლიო ფეხქვეშ გაუგოს თავის საყვარელ ქალბატონს. პრინცები კი, დაე, დანარჩენმა ზოდიაქოს ნიშნებმა დაინაწილონ.
ქალწული პრაგმატულად მოაზროვნე და რეალისტია. ამიტომ კარგად იცის, პრინცები ბუნებაში რომ არ არსებობენ და იმაშიც ეჭვი ეპარება, რომ მათი პერსონაჟი ზღაპრებშიც ჩერჩეტი ქალების გამონაგონია. სამაგიეროდ, ქალწულს სჯერა, რომ ნებისმიერი საშუალოსტატისტიკური კაცის გაპრინცებას შეძლებს, თუკი ამაზე გულმოდგინედ იმუშავებს. ხომ გაგიგონიათ, ყველა წარმატებული მამაკაცის უკან ჭკვიანი ქალი იმალებაო.
სასწორს პრინცებისა და სასწაულების მთელი სიცოცხლის მანძილზე სჯერა და ზუსტად იგი იმსახურებს ცხოვრების გზაზე მსგავსი ტიპის სასიყვარულო ისტორიას, როგორიც კონკიასა და ფიფქიას ზღაპრებშია. სასწორს გალანტური, ახოვანი, ლამაზი და დახვეწილი პრინცები მოსწონს, კარგი მანერებით და იდეალური გემოვნებით.