ნებისმიერი დღესასწაული მოსაწვევებით იწყება, ჩემი დღესასწაულიც ასე დაიწყო…
მე და ჩემი თანამშრომელი ნიკა სამსახურში გვიანობამდე შემოვრჩით. კორპორატიული პიკნიკისთვის მოსაწვევების დიზაინი რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოგვეფიქრებინა, მერე ნიკას ნიმუში უნდა აეწყო სპეციალურ პროგრამაში და უფროსისთვის გადაგვეგზავნა შესაფასებლად.
რატომ ხდება ყოველთვის ასე? ყველაფერი „სასწრაფოდ წესით“ გაქვს გასაკეთებელი. არადა, ხომ შეიძლება ადამიანმა წინასწარ დაიჭიროს თადარიგი, რომ „გადარბენაზე“ არ მოგიწიოს საქმის კეთება?…
მე მგონი, ჩემი უფროსი სიამოვნებას იღებს, როცა თანამშრომლებს ასე გვაწვალებს… სწორედ ამიტომაც მიაკრა ნიკამ „დარტსის“ სამიზნე დაფაზე მისი სურათი და პასუხის მოლოდინში, რიგ-რიგობით ვესროდით ისრებს…
– როდესმე გვაღირსებს პასუხს? – ამოიხვნეშა ნიკამ და ბუმბულისკუდიანი „დროტიკი“ შეფს შიგ შუბლში მოახვედრა.
– მოეწონება!
– რა იცი?
– ჯერ ერთი, ყველაფერი წესის დაცვით გავაკეთეთ. დიზაინი სერიოზულია! ყველა მოსაწვევი დავნომრეთ გათამაშებისთვის… მეტი რა უნდა?
– ჰო, რა ვიცი…
გაბრაზებული ტონით ჩაიბურდღუნა ნიკამ და ამჯერად დარტსის ისარი უფროსს ცხვირის წვერზე მიარჭო.
– ყავას ამოვიტან! – ვთქვი მე და ქვემოთ ჩავედი. ყავის აპარატი პირველ სართულზე, ფოიეში იდგა. სანამ აპარატი ყავას ჩამოასხამდა, ლიფტი გაიღო და ის სიმპათიური ბიჭი გამოვიდა, რომელიც დანახვის დღიდან ძალიან მომეწონა…
გაგიკვირდებათ და, პირველ რიგში, ჩემი ყურადღება მისმა სვირინგებმა მიიქცია, რომლებიც ორივე მკლავს უმშვენებდა. არავითარი ფიგურა. მხოლოდ ფრაზები… ფრაზები, რომლებიც ასე ახლოს იყო ჩემს სამყაროსთან…
მარცხენა ხელზე დიდი ასოებით „ADVENTURE“ ეწერა, ხოლო მარჯვენაზე – „The Minds. The adventure“ და მესამე ვერ დავიმახსოვრე… საოცრად ზუსტად ჰქონდა მორგებული იმიჯი. ჩაცმის სტილი, ვარცხნილობა და ცხვირზე პატარა პირსინგი – ყველაფერი ძალიან უხდებოდა და ზუსტად გადმოსცემდა მის შინაგან სამყაროს…
რამდენჯერაც ვნახე, ყოველთვის ყურსასმენები ეკეთა. ალბათ ინტროვერტია, რადგან ასე მგონია, საკუთარ ფიქრებშია ჩაძირული და ირგვლივ მხოლოდ იმას ამჩნევს, რაც მოცემულ მომენტში სჭირდება. მოგვიანებით მისი სახელიც გავიგე – სანდრო ჰქვია. “Printarea”-ში „ფრილანსერად“ მუშაობს და ამიტომ, ხშირად არ დადის… მისი ნახვის სიამოვნებაც შესაბამისად იშვიათად მეძლევა.
ლიფტიდან გამოვიდა და გასასვლელისკენ დაიძრა. გვერდით რომ ჩამიარა, სულ 2 თუ 3 წამით შემომხედა, ღრმა და მეტყველი თვალებით… მეც მაშინვე მივხვდი, რომ მეტის მოცდა აღარ მინდოდა… მივხვდი, რომ ბედნიერების მოსვლას კი არ უნდა ელოდო, არამედ თავად უნდა მოიპოვო. ამისთვის კი იდეალური შანსი სწორედ ის კორპორატიული საღამო იქნებოდა, რომლის მოსაწვევებზე მე და ნიკა დილიდან თავს ვიმტვრევდით…
უცბად თავში ერთი გიჟური იდეა მომივიდა და ისე აჟიტირებული ავედი ოთახში, ლამის ორივე ყავა ზედ გადავისხი…
გადავწყვიტე, სანდროსთვის განსაკუთრებული მოსაწვევი შემექმნა, რომელიც მხოლოდ ერთადერთი ეგზემპლარი იქნებოდა და პერსონალურად გავუგზავნიდი. ეს მოსაწვევი განსაკუთრებული უნდა ყოფილიყო, დაშიფრული გზავნილით, რომელიც მას ჩემთან მოიყვანდა…
ნიკას ახალი, განსაკუთრებული მოსაწვევი გავაკეთებინე. აუცილებლად ისეთი უნდა ყოფილიყო, რომ მას, ვისთვისაც ის იყო განკუთვნილი, ეგრძნო, რომ რჩეულია… ერთი შეხედვით უბრალო ფურცელზე იყო დამოკიდებული ჩემი ბედი. მოსაწვევზე იყო დამოკიდებული, მოვიდოდა თუ არა სანდრო კორპორატიულ პიკნიკზე…
დანარჩენი მოსაწვევებისგან იმითაც განსხვავდებოდა, რომ იშლებოდა იყო და დამალულ გვერდზე შემდეგი ფრაზა ეწერა:
„ის, რასაც ეძებ, თავადაც გეძებს! შენი ბედნიერება – ბეწვზე ჰკიდია“
Printarea-ს კორპორატიული პიკნიკი მდინარის პირას იმართებოდა და ვიცოდი, რომ სადღაც ახლოს ბეწვის ხიდი უნდა ყოფილიყო. თუ მინიშნებას სწორად გაშიფრავდა, მიხვდებოდა, რომ გზავნილის ავტორი ბეწვის ხიდზე უნდა ეპოვა.
ზუსტად ვიცოდი, რომ თავგადასავლების მოყვარული ბიჭი, რომელმაც მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფრაზები სამუდამოდ აღბეჭდა სხეულზე, არ დატოვებდა ამ უცნაურ გზავნილს ყურადღების გარეშე…
ასეც მოხდა.
ზუსტად ერთი კვირის შემდეგ, კომპანიის თანამშრომლები დაქირავებული მიკრო ავტობუსებით წავედით საპიკნიკოდ. საკმაოდ ბევრი ხალხი იყო და ჩემი დიდი მცდელობის მიუხედავად, თვალი ვერსად მოვკარი მას, ვისაც უცნაური მახე დავუგე. მხოლოდ მაშინ შევამჩნიე, როცა დანიშნულების ადგილას მივედით და ხალხი მინდორზე ცხვრებივით გაიშალა.
მდინარის სიახლოვეს, მინდორზე გრძელი მაგიდები იყო გაშლილი. პატარა სცენაზე მალე ბენდი დაუკრავდა. ბეწვის ხიდიც არ იყო შორს…
მთელი დღე თვალი არ მომიცილებია მისთვის. მომეჩვენა, რომ ცქმუტავდა და წარა-მარა აქეთ-იქით იხედებოდა. როდესაც მოსაღამოვდა, მოსაწვევის ნომრების მიხედვით გათამაშება დაიწყო. სანდრომაც ჯიბეში ხელი ჩაიყო და მოსაწვევი ამოიღო. გაკვირვებული უყურებდა, მერე გვერდით მჯდომს გამოართვა მოსაწვევი და ყურადღებით შეათვალიერა. მიხვდა, რომ მისას ნომერი არ ჰქონდა… ცოტა ხანში კი საბოლოოდ დარწმუნდა, რომ ასეთი მოსაწვევი მხოლოდ მას ერგო…
მინიშნება იმაზე სწრაფად გაშიფრა, ვიდრე ველოდი. ფეხზე წამოდგა და ბეწვის ხიდისკენ გაიხედა… მე კი მთელს სხეულში უხილავი ჭიანჭველები ამიფუთფუთდნენ.
ბენდი უკრავდა. ხალხი ცეკვავდა… წამიერად მხედველობიდან დავკარგე… ვეღარ ვხედავდი… ვიფიქრე, რომ ბეწვის ხიდისკენ წავიდა და მეც ჩქარი ნაბიჯით იქით გავემართე. წარმოდგენაც არ მქონდა, რას ვეტყოდი, როცა მასთან პირისპირ აღმოვჩნდებოდი…
ის იყო მოცეკვავე სხეულებს თავი დავაღწიე, რომ ვიღაცამ მხარზე ხელი დამადო და თავისკენ შემატრიალა.
– შენ ხარ, ხო?
მუხლები ამიკანკალდა და მოულოდნელობისგან ლამის იქვე ჩავიკეცე…
– მე… ვინ?
– ჩემი ბედნიერება! – თქვა და გაიცინა…
– როგორ მიხვდი?
– ადვილად! ვიკითხე, ვინ გააკეთა მოსაწვევების დიზაინი… მივხვდი, რომ ბიჭი არ დამინიშნავდა პაემანს… დარჩი შენ! თანაც, გამახსენდა, როგორ მიყურებდი იმ დღეს, ყავის აპარატთან… მაგარია! მარტომ მოიფიქრე?
მკითხა და გამიღიმა. ხმა ვერ ამოვიღე, უბრალოდ თავი დავუქნიე. მას მერე ერთად ვართ… ყოველ შაბათ-კვირას ლაშქრობებში დავდივართ… მე მისი თავგადასავლების ნაწილი გავხდი, ის კი ჩემი… მარჯვენა ფეხის კოჭთან პირველი „ტატუ“ მაქვს: „ADVENTURE“ …და ეს ყველაფერი „უბრალო მოსაწვევის“ გამო მოხდა!
ერთ რამეს მივხვდი! ზოგჯერ, ჩვენი ბედნიერება ძალიან მარტივ რაღაცებზეა დამოკიდებული…
ნებისმიერი დღესასწაული მოსაწვევებით იწყება. ჰოდა, ჩემიც ასე დაიწყო…
წყარო teasblogi.wordpress.com