იცით თუ არა, რომ ზოდიაქოს ნიშანი არა მარტო ხასიათის კონკრეტულ თვისებებს განაპირობებს ადამიანში, არამედ იმასაც განსაზღვრავს თუ როდის "დაუმუშავდება" სმენა მამაკაცს საიმისოდ, რომ მანდილოსნებისთვის სანატრელი "მენდელსონის მარშის" მოსასმენად იყოს მზადყოფნაში...
ვერძი
ტემპერამენტიანი, ფიცხი და ინფანტილური კაცია. სწრაფად აალდება, სწრაფადვე ქრება. ამიტომ იღებს რა სასურველს რეალობად, ადრეულ ასაკში ქორწინების შემთხვევაში ხშირად უცრუვდება იმედი. პირველი ნიშანი ვერძის მხრიდან იმისა, რომ მან, თქვენი ურთიერთობის უფრო სერიოზულ დონეზე გადაყვანა ჩაიფიქრა, მისი საეჭვო სიმშვიდე და მეგობრებთან ერთად ხმაურიან გართობაზე უარის თქმა იქნება. გარდა ამისა, იგი აუცილებლად დაინტერესდება, საბინაო საკითხებით და სამსახურში დაწინაურების პრობლემასაც აქტიურად გადაჭრის. შეყვარებულ ვერძს ხომ თვითშეფასება და საკუთარი თავის რწმენა, ერთი-ორად უმაღლდება. ამიტომ ნუ გაგანაწყენებთ, ის თუ მოულოდნელად აღმოაჩენთ, რომ იგი უფრო მეტ დროს სამსახურში ატარებს ვიდრე თქვენთან, ამას ხომ ის თქვენი სამომავლო, კომფორტული თანაცხოვრებისთვის აკეთებს.
კურო
ჯიუტი, ინერტული მაგრამ უჩვეულოდ გულსათუთია. ლამის დაბადებიდანვე ნათლად აქვს წარმოდგენილი, როგორი უნდა იყოს მისთვის იდეალური ოჯახის მოდელი. შესაბამისად, ზუსტად იცის ისიც, კონკრეტულად როგორი ქალი სჭირდება ცხოვების მეგზურად გვერდით. ამიტომ თუ ეს კონკრეტული ქალი სწორედ თქვენ აღმოჩნდით და არა ვინმე ნათია, კურო ყოველგვარი რევერანსების გარეშე გთხოვთ გულს, ხელს და ერთჯერად ხელსახოცს ვინმე გამვლელს, თქვენი ცრემლების შესამშრალებლად. მას შემდეგ, რაც საყვარელ ადამიანზე ქორწინებას გადაწყვეტს, კუროს ემოციური მდგომარეობაც მნიშვნელოვნად იცვლება. იგი უფრო მოქნილი და ენერგიული ხდება. ამასთან ერთად, მასში ეგოიზმის დონეც მოიმატებს და ნუ გაგიკვირდებათ, თუ იგი თქვენგან გამუდმებით ყურადღებას, მოფერებას და თაყვანისცემას მოითხოვს, ისე თითქოს თქვენ კი არა ის იყოს მომავალი პატარძალი.
ტყუპი
თავქარიანი, აქტიური და ძალზე ცვალებადი კაცია. მუდამ მზადაა ნებისმიერ შარს გადაეყაროს, თუმცა ცივი გონება ხშირად ეხმარება განსაცდელიდან თავის დაძვრენაში. მთლად კარგად არ ესმის ქალური კაპრიზების, მაგრამ ოსტატურად შეუძლია მანდილოსნის გულისკენ მიმავალი გზა, ბასრი ენის საშუალებით მონახოს. ქორწინების მიმართ სკეპტიკურადაა განწყობილი. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახის შექმნამდე მრავალათასჯერ აწონ-დაწონის მოსალოდნელი კავშირის მინუსებსა და პლიუსებს, საოჯახო რუტინა მაინც მალე ღლის. თუმცა, თუ მაინც მიიღო გადაწყვეტილება დაქორწინების თაობაზე, პირველი თავად დაიწყებს აქტიურ საუბარს ამ თემაზე საყვარელ ადამიანთან. ამასთან ერთად, არც ის უნდა გაგიკვირდეთ, თუ მან რაიმე საქმის ერთობლივად კეთება შემოგთავაზათ, ან მოულოდნელად პედანტური და ფრთხილი გახდა ფულის მიმართ, რომლის წარმომავლობასა და მიმართულებას აქამდე დიდად არც კი აკონტროლებდა. ეს იმაზე მიუთითებს, რომ მასში როგორც იქნა გაიღვიძა სურვილმა, იყოს ვინმესთვის საჭირო - რაც მომავალი ქორწინების უტყუარი საბუთია.
კირჩხიბი
გარეგნულად მშვიდი, შინაგანად ემოციური და სიტყვაძუნწი კაცია. სინამდვილეში, უზომოდ რომანტიკული და სენტიმენტალურია, მაგრამ ამას ოსტატურად მალავს. მისი გაგება საკმაოდ რთულია, ახასიათებს ეჭვიანობა და ხასიათის ხშირი ცვალებადობა. თუმცა შეყვარებულობისას, შეუძლია საყვარელი ადამიანის ტალღაზე "მოიმართოს" და იფიქროს უფრო გულით, ვიდრე გონებით. მისი მხრიდან, საქორწინო სამზადისის გამოსააშკარავებლად დააკვირდით, როგორაა განწყობილი იგი თქვენი ნაცნობ-მეგობრების მიმართ. თუ მან ამ უკანასკნელთა "გადარჩევა" და ხშირი გაკრიტიკება დაიწყო, იცოდეთ - მისი რჩეული ხართ, მაგრამ თქვენს მომავალ ოჯახში ე.წ. "შავ სიაში" შეყვანილ ადამიანებს, მხოლოდ ექსკურსიაზე თუ ეღირსებათ ფეხის შედგმა.
ლომი
თავდაჯერებული, ამაყი და ენერგიულია. უყვარს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება და ხშირად იღებს პასუხისმგებლობას არამარტო თავის, სხვების ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენებზეც. თუკი ოჯახის შექმნა სერიოზულად გადაწყვიტა, მისი მხრიდან, მაღალ საზოგადოებაში გართობის სიყვარული მომენტალურად მოიკლებს და იგი საყვარელ ადამიანთან ერთად დროის გატარებას მოახმარს მთელ თავისუფალ დროს. მისი მეფური ყურადღება, სამეგობრო წრესაც საგრძნობლად დააკლდება, რადგან მომავალი სასიძო აქტიურად იქნება გართული, საცხოვრებლის კომფორტულად მოწყობის ან თაფლობის თვის ორგანიზების საკითხებით.
ქალწული
პრაქტიკული, რეალისტი და ფრთხილი კაცია. ეს სიფრთხილე, მისი მხრიდან საპირისპირო სქესთან მიმართებაშიც ვრცელდება. ცხოვრების მომავალ მეგზურს, მხოლოდ ხანგრძლივი დაკვირვების და "რენტგენზე გაშუქების" შემდეგ ირჩევს. თუმცა, თუკი მან ქორწინება საბოლოოდ გადაწყვიტა, ცოტა ხნით მისთვის დამახასითებელ ქრონიკულ "ვორკოჰოლიზმს", თავგადასავლების სიყვარულით ჩაანაცვლებს და თქვენთან ერთად, მეტი დროის გატარებას შეეცდება. თუმცა, მისგან "რომეო და ჯულიეტას" უკვდავ რომანში განვითარებული მოვლენების გათამაშებას ნუ დაელოდებით. ამით შეიძლება საუკუნოდ გადააფიქრებინოთ კიდეც მას თქვენი ცოლად მოყვანა. უმჯობესია, თუკი სადმე ერთად წასვლა შემოგთავაზათ, ჩემოდანი გულმოდგინედ ჩაალაგოთ, რადგან სავარაუდოდ, ეს ვოაჟი მთელი სიცოცხლის მანძილზე გასტანს. გაგრძელება