21-ე საუკუნეში გენდერულ თანასწორობაზე სულ უფრო მეტს საუბრობენ, თუმცა ქართველი კაცების უმეტესობა ამ თანასწორობის მომხრე არ არის და მიიჩნევს, რომ ოჯახში მთავარი მამაკაცია.
როგორ უნდა იყოს ოჯახში გადანაწილებული ქალისა და კაცის როლი, ამის შესახებ ცნობილი მამაკაცებისგან შეიტყობთ.
ვიქტორ სანიკიძე (კალათბურთელი):
- როგორ უნდა იყოს გადანაწილებული ოჯახში ქალის და კაცის როლი?
- 51/49. კაცი მაინც კაცია. მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ბოლოს მაინც კაცი იღებს.
- და ქალი რას აკეთებს?
- ქალი ეხმარება ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების სისწორეში. გაყოფილი არ არის ქალის და კაცის საქმე, მაგრამ სამზარეულოში მაინც ქალი უნდა ტრიალებდეს.
- მთელი დღით სამსახურში გაუშვებ ცოლს?
- ცოლი თუ ვერ ვნახე და ცოლმაც თუ ვერ მნახა, არ მინდა ეგეთი ოჯახი. ამის გამო ოჯახს არ დავანგრევ, მაგრამ მე ისე მოვახერხებ, რომ უფრო დიდხანს ვიყოთ ერთმანეთთან.
- სახლს დაალაგებ, ბავშვებს მოუვლი, შენს ტანსაცმელს თავად მოაწესრიგებ?
- თუ საჭირო გახდა, რა პრობლემაა? მიჩვეული ვარ. ბავშვების მოვლას არ ვარ მიჩვეული, მაგრამ ეგეც იოლია, თავის ჭკუაზე მივუშვებ პატარებს, დაანგრიონ და დალეწონ ყველაფერი. ცოცხალი და აქტიური ბავშვები მიყვარს მე.
- როგორია შენი წარმოდგენით იდეალური ცოლი?
- იდეალური არავინ არის და არც ცოლი იქნება. მთავარია, ხასიათებით შევეწყოთ, გამგები და ერთგული იყოს და სიგიჟემდე ვუყვარდე.
- შვილიან ქალს მოიყვან ცოლად?
- შვილიანმა რა დააშავა? ჯობია უშვილო, მაგრამ თუ შემიყვარდა, მოვიყვან, აბა, რას ვიზამ.
- დედის აზრს ექნება შენთვის მნიშვნელობა?
- კი, როგორ არა, მაგრამ არა გადამწყვეტი.
მერაბ შარიქაძე (მორაგბე):
- გადაჭრით ვერ გეტყვით, როგორ უნდა იყოს ქალის და მამაკაცის როლი ოჯახში გადანაწილებული. ნატურალურად როგორც მოხდება და აეწყობა, ისე უნდა იყოს ოჯახში ყველაფერი. ყველა ადამიანი ინდივიდუალურია. ზოგიერთ საკითხში მამაკაცი უნდა იყოს ლიდერი და პირიქით.
- დაეხმარები საოჯახო საქმეების გაკეთებაში?
- ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, სისტემატურად ალბათ ვერ დავეხმარები, მაგრამ ხანდახან რატომაც არა.
- განათხოვარ ქალს მოიყვან ცოლად?
- სანამ ფაქტის წინაშე არ დავდგები, ვერაფერს ვიტყვი ამის შესახებ. ასე რომ, არ ვიცი.
- დაქალებთან ერთად კლუბში მარტო გაუშვებ?
- ხშირად თუ მოხდება ასეთი ფაქტი, არ მესიამოვნება, მაგრამ გამონაკლის შემთხვევებში გავუშვებ.
კახა კინწურაშვილი (მსახიობი):
- ორივემ ყველაფერი უნდა გააკეთოს. ვის სიტყვას უნდა ჰქონდეს გადამწყვეტი მნიშვნელობა, ეს მიდგომას და სიტუაციას გააჩნია. ორივე თანაბარია ყველაფერში.
- მთელი დღე დაკავებული ცოლი მისაღებია თქვენთვის?
- პროვოკაციული კითხვაა. საქმე როგორც მოითხოვს, ისე უნდა გადანაწილდეს ყველაფერი. წყვილმა ერთმანეთს ანგარიში უნდა გაუწიოს, ხანდახან შესაძლოა ქმარი მოვიდეს ღამის 1 საათზე, ხანდახან ცოლს ჰქონდეს გვიანობამდე სამუშაო და ა.შ.
- ბევრი კაცი წინააღმდეგია ცოლს საოჯახო საქმეების გაკეთებაში დაეხმაროს...
- ამის წინააღმდეგი არ ვარ, ყველა თავისით გადაწყვიტავს. ყველას თავისი მიდგომა, ინტერესი და დამოკიდებულება აქვს. მე ბავშვის მოვლაზეც ვინაწილებ პასუხისმგებლობას და ამაში განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ. როცა ორი ადამიანი ერთად ცხოვრებას გადაწყვეტს, თანაბრად უნდა გადაინაწილონ ყველაფერი, არსებობაც, ცხოვრებაც, შვილის მოვლაც და ა.შ.
მასტერი (რეპერი):
- როგორ უნდა იყოს ოჯახში გადანაწილებული ქალის და მამაკაცის ფუნქციები?
- პირველ რიგში, ეს ალბათ თავად წყვილმა უნდა გადაწყვიტოს, როგორ გადაინაწილებენ ფუნქციებს, ამას არ ჭირდება კონტრაქტები და წესები - ურთიერთობაში თავად ჩამოყალიბდება. არ მაქვს რაიმე რადიკალური შეხედულება, რომ ქალი სახლში იჯდეს და მხოლოდ ბავშვებს მოუაროს. რა თქმა უნდა, კარგია, როცა მამაკაცი სახლში დაღლილი ბრუნდება და სახლში მეუღლე დახვდება, რომელიც გემრიელ ვახშამს დაახვედრებს... რთულია, როცა კაცი იღვიძებს და მეუღლე გვერდით არ ჰყავს და სამსახურშია წასული. რთულია, მაგრამ ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ჩვენ გვინდა. გადაწყვეტილების მიღებას რაც შეეხება, აქაც არ გამოვა კაცის მხრიდან დიქტატურა, ჯობია ორივე ერთ აზრზე იყოს, ასე უფრო გამარტივდება ოჯახის წარმატება. ისე, ქალი კარგად ანაწილებს ოჯახის ბიუჯეტს - ასე მსმენია, რატომღაც ქართველი კაცი ზოგიერთისთვის მარტო "ნასკი გამხადესთან" ასოცირდება, არ ვიცი, საიდან შემოვიდა ეს მითი. შეიძლება კაცების ბრალია - შეიძლება ქალების გადამეტებული ემოციურობის, არ ვიცი! ცემა - ტყეპა - ლანძღვა - გინება ჩემთვის მიუღებელია, თუ ფიქრობ, რომ ქალი საცემია, უბრალოდ, უნდა ადგე და წახვიდე ოჯახიდან!
- შენმა ცოლმა გვიანობამდე რომ იმუშაოს და ხშირად რომ ბრუნდებოდეს ნასვამი სახლში, რა რეაქცია გექნება?