მოსაღამოვდა და საქართველოს ნებისმიერ კუთხეში, ნებისმიერი ქალაქის ნებისმიერი ქუჩის სახლში ერთი და იგივე თოქშოუა ჩართული...
ცისფერ ეკრანებზე გაფაციცებულები ველოდებით სენსაციურ, ექსკლუზიურ კადრებს ჩვენი ქვეყნის ”ვარსკვლავებზე”. არ გამოტოვოთ, ერთ-ერთ, ახალგაზრდა ”უნიჭიერეს მსახიობს” ეკლესია, მორალი და ყოველდღიურობა ერთმანეთში აერია, დაიბნა და მთელი ქალაქის გასალანძღი გახდა!
არავითარ შემთხვევაში არ გადართოთ, რეკლამის შემდეგ თქვენ არც ისე ცნობილი არხის, არც ისე რეიტინგული გადაცემის ”ცნობილ წამყვანს” ნახავთ, რომელმაც გამჭვირვალე ზედა ჩაიცვა და ამით უდიდესი პოპულარობა მოიპოვა!
თუ შემთხვევით თქვენი პირადი ცხოვრებით ხართ დაკავებულები, არ არის პრობლემა! ყველაზე სკანდალურ ფრაგმენტებს სოციალურ ქსელში დავდებთ და დაიწყება კომენტარების ზღვა! კამათი და დავა!
"მე ვიცნობ, ჩემი ბიძაშვილის ნათლულია და ძალიან კარგი გოგოა” ან ”მე ვიცნობ მაგ დიზაინერს და საერთოდ არ არის არატრადიციული ორიენტაციის”. ჩნდება შეგრძნება - ამდენი დრო და ენერგია საკუთარ თავებს რომ მოვახმაროთ, ბევრად რეალიზებულები და ბედნიერები ვიქნებოდით.
მაგრამ ეს საქართველოა! აქ ”სხვის გასაჭირი უფრო გტკივა და ბევრად მეტად გიხარია სხვისი სიხარული!”
მაშინ, როდესაც ”ფეხებიანი ტვინების” დაჯგუფება - ნასა - კოსმოსზე მოყვანილ ყვავილოვან კომბოსტოს მიირთმევს, ჩვენ გვიხარია ერთ-ერთი ვარსკვლავის მიერ ნაპოვნი აიფონი, რომელზეც ერთი თვე იწერებოდა ინფორმაცია სოციალურ ქსელში.
შიმშილის გამო მილიონობით ადამიანი იღუპება მსოფლიოს მაშტაბით, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მხოლოდ ქართველებს გვაქვს ”მაკდონალდსის” საკვებზე ამხელა რაოდენობით გადაღებული ფოტო. იმაშიც ასევე ვარ დარწმუნებული, რომ გასართობ ადგილებში ფოტოების გადაღება რომ აიკრძალოს, ორმოცდაათი პროცენტით ნაკლებს ვივლიდით.
არ მიყვარს ”სუში”, მიყვარს ”კუპატი”. ამიტომ სამწუხაროდ, ნაკლებად აქტუალურია ჩემი პოსტი...
რატომ არის ჩვენი გაქანება ასეთი ვიწრო... როდემდე უნდა ვაიძულოთ ჟურნალისტები, გადაიღონ გადაცემები ან წერონ სტატიები ორიენტაციაარეულ პიროვნებებზე, ოდნავ მსუბუქად მოაზროვნე მანდილოსნებზე, პოლიტიკოსების ყოფილ ან მოქმედ ცოლებზე, ან უბრალოდ, ჩვეულებრივ ადამიანებზე, რომლებზეც, არც მეტი, არც ნაკლები, უბრალოდ, ჭორაობენ.
ჰგონიათ, რომ საზოგადოებისგან მიპყრობილი ნებისმიერი წამი, ყურადღება, დასაფასებელი და მნიშვნელოვანი უნდა იყოს. ამისთვის შესაფერისი საზოგადოება, შეხედულება და ობიექტურობაა საჭირო. და ალბათ სანამ მე და თქვენ იმ რეკლამის შემდეგ იმ სენსაციური სტუმრის მოლოდინში ვართ, იმ სტუმარსაც ვაზარალებთ და საკუთარ დროსაც უაზროდ ვხარჯავთ.
არასწორი მიზნები და უაზროდ დახარჯული დრო და ენერგია ჩვენი თაობის სენია. სასურველია, მეტი ვიფიქროთ საკუთარ შეცდომებსა და სხვის წარმატებებზე.
იაკო ჩიტაძე
ჟურნალი ”და ქალი”
(გამოდის თვის დასაწყისში)