იყო ბუნებრივად გამხდარი და ტანადი - დღესდღეობით არააქტუალურია. თუკი Beauty-სპეციალისტებს ვენდობით, იდეალური ფიგურა უნდა იყოს მაჩვენებელი დიდი ფინანსური ინვესტიციისა.
სახლის მასაჟი (მასაჟორი) და ყავის ნალექისგან მომზადებული სკრაბი, ვაშლისა და კეფირის განტვირთვის დღეები, დილის ვარჯიში და სირბილი პარკში – მიუხედავად იმისა, რომ ეს მეთოდები საკმაოდ აქტუალურია და ხშირადაც იყენებენ, გარკვეულ წრეებში ისინი მაინც მოძველებულად ითვლება.
გახდე იაფად, ყოველგვარი ძვირად ღირებული პროცედურის გარეშე, ეს გასული საუკუნეა და არამოდური. ელიტარულ ქალბატონებს საკუთარი სილუეტის ძერწვა საკმაოდ ძვირი უჯდებათ და ფინანსებიც ბევრი მისდით.
ცხიმი და კალორიები კაპიტალთან ერთად უნდა იკლებდეს. საკუთარი ფიტნესინსტრუქტორი, დიეტური კვება შინ და გარეთ, გასახდომი პრეპარატები, საკუთარი დიეტოლოგი, ძვირად ღირებული ანალიზები და ასე შემდეგ.
დიეტოლოგია რთული და ამოუწურავი სფეროა. თანამედროვე გოგონების დიდი ნაწილის განცხადებით, ამ სფეროში იმდენად დიდი გამოცდილება დაუგროვდათ, რომ დისერტაციის დასაცავად არიან მზად, ოღონდ ვინმეს თავიანთი გამოცდილება და ინდივიდუალური მიღწევები გაუზიარონ.
ახალი სიტყვები და ტერმინები კი უხვად დაგროვდა: "გლიკემიური ინდექსი", "მაკრობიოტიკა", "დუკანის დიეტა" და თუკი ადრე სიტყვა დიეტაში მხოლოდ შეზღუდული ულუფებით მირთმევა და საკვების ეკონომია მოიაზრებოდა, დღესდღეობით ყველაფერი პირიქითაა.
კვების მოდური რეჟიმის დაცვა მოითხოვს მეტ ულუფას და მეტ ფინანასურ დანახარჯს. ვისაც ერთხელ მაინც დაუცავს თბილისში გავრცელებული ე.წ. "უგულავას დიეტა", ამაში ნამდვილად დამეთანხმება.
მახსოვს, იმ პერიოდში საკმაოდ გაძნელდა ქალაქში ჰოლანდიური ყველის შოვნა, რომელიც არცთუ ისე იაფი სიამოვნებაა, ისევე როგორც გრამობით აწონილი საქონლისა და ფრინველის ხორცი "დუკანის" მიხედვით, მურა-ყავისფერი ბრინჯი, მისო-სუპები და სხვა ეგზოტიკა. ამასთან ერთად კი, საერთოდ აკრძალულია ისეთი იაფი და ყოველდღიური პროდუქტები, როგორებიცაა: პური, კარტოფილი, მაკარონი, რძე. როგორც ამბობენ, ამ პროდუქტებს მაღალი გლიკემიური ინდექსი აქვს
და მათი მირთმევა ერთგვარ კრიმინალს უტოლდება.
ყველასთვის ასე ნაცნობი და აქტუალური ვაშლისა და კეფირის განტვირთვის დღეები თუ დიეტები დღესღეობით სასტიკად აკრძალული და მიუღებელია. ამას წინად, საკუთარი თვალით შევესწარი ფაქტს, როდესაც პოპულარულ ქართულ თოქ-შოუში ერთი მომღერალი გოგონა კინაღამ სცემა მოწვეულმა დიეტოლოგმა იმის გამო, რომ ეს უკანასკნელი მხოლოდ კეფირს მიირთმევდა და ასე ებრძოდა კილოგრამებს.
"ეს საშინელი სტრესია ორგანიზმისთვის!" – გამოაცხადა აღშფოთებულმა ექიმმა და საბოლოოდ გაებუტა ურჩ პაციენტს. თუმცა, იმაში კი ნამდვილად ვეთანხმები, რომ ნებისმიერი დიეტა, იქნება ეს კალორიული თუ არაკალორიული, ძვირად ღირებული თუ იაფი, ნებისმიერ შემთხვევაში სტრესია ორგანიზმისთვის. მხოლოდ სიტყვა "დიეტაც" კი, რომელიც ყველა შემთხვევაში უკავშირდება შეზღუდვასა და აკრძალვას, ადმიანის ტვინში საშინელ არეულობასა და ქაოსს იწვევს.
ყველამ კარგად ვიცით, რომ დიეტა არ იწყება მომზადებისა და სპეციალური ანალიზების გარეშე. ვიზიტი დიეტოლოგ-ენდოკრინოლოგთან და შემდგომი პროცედურები ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტია წონის კორექციის რთულ გზაზე. ორგანიზმის კომპლექსური გამოკვლევა, სისხლის ანალიზები, ფსიქოლოგისა და ენდოკრინოლოგის კონსულტაცია – რეალურად აქვს თუ არა აზრი ამგვარი პროცედურების ჩატარებას?
ამ შემთხვევაში ერთგვაროვანი პასუხი არ არსებობს, რადგან თუ თავადაც აცნობიერებთ, რომ ბოლო რამდენიმე თვის გამავლობაში არ ერიდებოდით ღამით ვახშმობას, ეწეოდით მჯდომიარე (ან იქნებ მწოლიარე) ცხოვრებას, არ ვარჯიშობდით და, მოკლედ რომ ვთქვათ, ცხოვრობდით სრული "განცხრომით", მაშინ სრული სისულელეა ექიმთან სირბილი და ძვირად ღირებული ანალიზები იმის გამოსაკვლევად, თუ რა გამატებთ ზედმეტ წონას. სასაცილო და სამარცხვინო ფაქტია, მაგრამ ცოდვა გამხელილი ჯობსო და მეც გამოვტყდები, რომ ამგვარი სისულელე ერთი წლის წინ თავადაც ჩავიდინე.
ერთ მშვენიერ დილით, როდესაც სასწორმა მამცნო, რომ ჩემს ჩვეულებრივ წონასთან შედერებით 5 კილოგრამით მეტს ვიწონიდი, გააფთრებული გავქანდი ენდოკრინოლოგთან და ჩემი პრობლემით შეწუხებულმა დახმარება ვთხოვე. 100%-ით ვიყავი დარწმუნებული, რომ ეს 5 კილოგრამი არა ჩემს პატარა "ცოდვას", არამედ ნივთიერებათა ცვლის მოშლას უკავშირდებოდა.
შედეგად, გამოვიკვლიეთ სისხლში 3 სახეობის ჰორმონის მდგომარეობა და გამოვრიცხეთ ჩიყვი, დადგინდა, რომ ყველაფერი იდეალურ მდგომარეობაში მქონდა. ჩემი ჯანმრთელობით გულწრფელად გახარებულმა ექიმმა კი ერთადერთი რჩევა მომცა – შეეცადე, ნაკლები ჭამო და მეტი იმოძრაოო.
სულ ეს იყო. ეს ნამდვილად ის შემთხვევაა, როდესაც საკუთარი სიზარმაცის მიზეზებს სხვაგან ვეძებთ, მაგრამ თუკი იკვებებით სწორად, მოძრაობთ, ხართ აქტიური და წონა მაინც იზრდება, მაშინ ნამდვილად ღირს დაფიქრება თქვენს ორგანიზმში მიმდინარე არასასურველ ცვლილებებზე.
სილამაზისა და იდეალური სტანდარტებისთვის თავდაუზოგავ ბრძოლაში ფინანსების დიდი დანახარჯი მიაქვს სალონურ პროცედურებსა და მომსახურე პერსონალს.
ყველასთვის კარგად ცნობილია, რომ სხეულის ზოგიერთ ნაკლოვანებას ვერაფრით ვუშველით გარეშე პირთა ჩარევის გარეშე, ვგულისხმობ ლოკალურად განლაგებულ ცხიმს თეძოებზე, მუცელსა და მუხლებზე. Bეაუტყ-სპეციალისტი ამ ამბავს ძალიან იოლად მოგიგვარებთ, რადგან უკვე არსებობს ათასგვარი LPG-აპარატები, დრენაჟები და ა.შ. აპარატურის არჩევანი ძალიან დიდია, მაგრამ არსებობენ პაციენტები, რომლებსაც ამაზეც კი არ რჩებათ დრო და ფიტნესზე, დიეტასა და პროცედურულ ჩარევაზე დროის ხარჯვას, სასურველი შედეგის მისაღწევად, ერთი დღის სტაციონარში და 1 საათის საოპერაციო მაგიდაზე გატარება ურჩევნიათ.
ასე დროსაც ზოგავენ და ნერვებსაც. ამასთან, მოშორებული ცხიმი შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ლიპოფილინგისთვის, მარტივად რომ ვთქვათ, ნაოჭების, მკერდის, ტუჩისა და სხვა ადგილების საკორექციოდ. უნარჩენო წარმოებაა, რას იტყვით?! ახლა ხომ დაჭიმულ-გაპრიალებული სხეული პირდაპირ ასოცირდება წარმატებასა და გარკვეულ სოციალურ სტატუსთან. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ის, ვინც აკონტროლებს სხეულს, აკონტროლებს საკუთარ ცხოვრებასაც.
თანამედროვე ლამაზმანებიც სწორედ ამ პრინციპით მოქმედებენ და არანაირ ფინანსებს არ ზოგავენ არსებული რეალობის შესაცვლელად და გარშემომყოფთა პატივისცემის მოსაპოვებლად.
ჟურნალი ”და ქალი”
(გამოდის თვის დასაწყისში)