სამ თვლაზე: ერთი... (სიყვარული სულგრძელია და გრძელხელა... არ მიუშვათ, წელზე შემოგეხვიოთ.) ორი... (დაიწყე დასასრულთან! ეცემი? ადექი! ...და გზა განაგრძე! ...გადაყვლეფილი მუხლებითაც კი... ) სამი...:
- ფურცლებზე წერ? თუ პირდაპირ "ლეპტოპში" კრეფ მასალას?
- არა, კომპიუტერი არ მაქვს, თაბახზე "ვმუშაობ"... - ვიცოდი , რომ ეს ფრაზა ჩემს ბედს განსაზღვრავდა, დადებითი ან უარყოფითი კუთხით, მაგრამ არცერთ შემთხვევაში არ გააჩერებდა ისარს შუაში…
როცა გასაუბრებიდან გამოვედი, წვიმაზე უკვე კოკისპირული ითქმოდა. შესვლისას ეზოში მზე და მშრალი ძაღლი დავტოვე, რომელმაც რედაქციას შესვლისთანავე მოუტანა ზარალი და კიბეზე მიბმისას, ჩამონტაჟებული პლაფონი გატეხა. "ეზოში ძაღლის შემოყვანა არ შეიძლება" - არ შევიმჩნიე დაცვა, როგორც მან - გატეხილი სანათი (ჯანდაბა! რომელი ჭკუათმყოფელი დადის გასაუბრებაზე ძაღლით?).
გაკვეთილი №1: როცა "ვინმემ" იცის, რომ დღეს არც ისე უმნიშვნელო შეხვედრა გაქვს და ტელეფონზე გხვდება არცერთი გამოტოვებული ზარი - ეს ცუდის ნიშანია...
- გამოვედი გასაუბრებიდან.
- კიდევ კარგი, დარეკე,თორემ ტელეფონს ვერ ვპოულობდი და თანაც...
- გამოგვივლი მე და პოს? - არ დავამთავრებინე წინადადება... - ისე დასველდა, ტაქსიც არ გაგვიჩერებს.
- რა პრობლემური ხარ. ერთ კვარტალში ცხოვრობ რედაქციიდან, გადაირბინე, რა...
- "მზრუნველო"!
- პრეტენზიულო და დამღლელო!
- კარგად იყავი!
- გამოგივლი სამსახურიდან...
- !
************
მოლოდინით სავსე მე და ძაღლი ვისხედით ფანჯრის ფართო რაფაზე. ის წვიმის გადაღებას უცდიდა, მე - პიტნის ჩაის გაგრილებას. როცა არეული სახლის ყურებაც გეზარება და დალაგებაც, შუქი უნდა ჩააქრო, მით უმეტეს, თუ გარეთ წვიმს.
ელავდა... ღრუბლებზე ჯერ "სისხლჩაქცევებმა" იჩინეს თავი ალაგ-ალაგი სილურჯეებით და ცაც გამეწამულისფრდა. ელვა მოედო კაპილარებად ზეცას, მერე ერთი დაიძარღვა და "აორტა" გასკდა - დაიგრუხუნა! ცა გაიბზარა, ერთ-ორ თითზე გაიხსნა და ძაღლმა დაიყეფა - კაკუნი კარზე... ...და დაიწყო... ...
ნაგავი, რომელიც ბუდობს მამაკაცების უმრავლესობის შიგნით და ელოდება შესაფერის დროს, რომ ამოითქვას. ეს დრო კი, ქალისთვის ყოველთვის მოულოდნელი და შოკისმომგვრელია. - შენ სულ ამბობ, რომ არ გავსებ და მე საერთოდ არ მესმის, რატომ ან როგორ უნდა "შეავსო" შემდგარი და ჩამოყალიბებული პიროვნება.
რას გულისხმობ ამით? ან რა საჭიროა გაუგებარი და დაშიფრული მესიჯების მოწერა ყოველ ჯერზე, როცა ჩათვლი, რომ უნდა "დაიცალო"... რა ზმნებით მელაპარაკები, დოქი ხარ? ძალიან გაართულე და გააფუჭე ყველაფერი! ჩვენ ემოციების, გრძნობების და აზრების კონტროლს ბავშვობიდანვე გვასწავლიან და თავის შეკავება, არასასურველ რეალობასთან შეგუება, ვალდებულები ვართ, რომ შეგვეძლოს! არანორმალურია, გესმის? - რომ ყოველი "ფოთლის ჩამოვარდნას" განიცდიდე.
ასე ცხოვრებას ვერ შეძლებ. მივხვდი, რომ შედევრივით სრულყოფილი ხარ შორიდან. ასე რომ, შეგიძლია აღარ დამემუქრო დაშორებით, მე მივდივარ! და-ვი-ღა-ლე! ძალიან ბევრ ენერგიას და ძალებს მოითხოვს შენთან ურთიერთობა.
ასე მეგონა, ამდენი ხანი დაბმული იყო და პირში ძმრიანი ჩვარი ჰქონდა ჩატენილი, რომ ხმა არ ამოეღო. აწყვეტილს ჰგავდა. მეგონა, წამზომი ჰქონდა ჩართული და ყველაფერი ქვიშის საათის ჩამოცლამდე უნდა მოესწრო, გაქცევაც. ჰო-და, განაგრძო: ქალებს სენსაციები უყვართ (ურთიერთობებშიც).
აფსურდია სიყვარულისთვის ომი. ისედაც ყველაფრისთვის ბრძოლა გვიწევს ცხოვრებაში და შენთვისაც ნუღარ მაომებ, რა... არავინ აგიტანს ასეთს დიდხანს და ქალებს რაც მეტი გამოცდილება გექნებათ, მით ნაკლებ პრეტენზიას გამოთქვამთ. - ახლა არ დამტოვო, ძალიან მიჭირს! - აი, ისევ ბრძნებითი კილო. შენ ყოველთვის გიჭირს. სულ შინაგანი კრიზისი ან სულიერი გარდატეხა. ან არა და, ყველაფერი შენ ირგვლივ უნდა ატრიალო.
- არა... - ოღონდ არ ვიცოდი, რას უარვყოფდი. - ეს ურთიერთობა არც ცოტა იყო და არც უბრალო. ყველაფერს ხაზს ვერ გადაუსვამ. არ გაქვს ამის უფლება!
- არც გადავუსვამ და ეს ხელს არ შემიშლის წასვლაში. მოდი, მშვიდობით და უმტკივნეულოდ დავშორდეთ, არ გვინდა სტანდარტული სცენები.
- უმტკივნეულოდ? "სტანდარტული სცენები"? შენ დაბოლილი ხო არა ხარ? რა სერიალის ტექსტებით მელაპარაკები, ე!
- ახლა არ დაიწყო... მე წავედი!
ერთიც დაიჭექა და ოთახის უწესრიგობა გაამჟღავნა. დაურეცხავი ჭურჭელი, აულაგებელი ლოგინი, ღია გარდერობი, მაკულატურის ხროვა, წიგნები და გუშინდელი ბუტერბროდი ტუმბოზე.
ამ დროს სადღაც, ვიღაცა ბედნიერებისგან ირინდებოდა, საყვარელი ადამიანის მხრებში ჩარგული; ვიღაცას ახალი სიცოცხლე ჰქონდა ატატებული ხელში; ხსნიდნენ შამპანურს სადმე, შეიძლება გვერდითა უბანშიც კი; ზოგი ზეიმობდა, ზოგი - ხარობდა, ზოგს ეძინა მშვიდად და ზოგი აჩქარებული ნაბიჯებით მიიჩქაროდა მყუდრო სახლისკენ, მის ადამიანებთან, სულმოუთქმელი და გაღიმებული. უსამართლოდ მეჩვენე მაშინ სხვისი სიხარული და თავი დამნაშავედ ვიგრძენი, რომ მეც მიხაროდა ხოლმე მაშინ, როდესაც სხვა წუხდა... არ მიფიქრია ბალანსზე...
სანამ ჩამოჯდებოდა, სკამიდან ჟურნალები და ჩემი სარბენი სპორტული ზედა გასწია, ძაღლის საჭმელს დააბიჯა და ხრაშუნის ხმაზე მრავლისმეტყველი მზერა მიბოძა. ერთი ამოიოხრა და მონოლოგი მამაშვილური ტონით განაგრძო: - ის, რაც იყო, ჩვენ შორის თავისთავად დარჩება და მორჩა! ძველი სიხარულის გამო იძულებულები არ ვართ, ერთად ვიყოთ. წარსული მომავალზე ჯვარს ვერ დაიწერს და ბოლოს და ბოლოს, ჩვენ კი არა - ცოლ-ქმარი შორდება და ოჯახები ინგრევა! თან რაში გჭირდები? მე ხომ ვერ "გავსებ"?! - გაეღიმა... პოს ხელი გადაუსვა და: - ყველაფერი მთავრდება.
მე შენ მიყვარდი და სიყვარული ერთჯერადი ჭიქა არაა, ეგ მანდილოსნური რომანტიზმის დოგმებია. ორივეს გვაქვს შანსი, მომავალში შევიყვაროთ სხვა. იყავი დიდი. იმსჯელე რეალურად. ბედნიერება მომიტანე, მაგრამ ახლანდელი სურათი იმდენად ბანალურია, რომ დასასრულის გარდა, არაფერი დაგვრჩენია.
შენ არც დამიტოვე სხვა გზა... - მარტო ვერ შევძლებ... გაჩუმდი და დარჩი, გთხოვ, რა... - ნუ მეხვევი! არ გიხდება უსუსური, მტირალა გოგოს როლი. - ვერ შევძლებ, მართლა... - რას? რა უნდა შეძლო? ამჯერად რას ძერწავ წარმოსახვაში? გეყოფა მოზარდი ემოსავით მოქცევა და მელანქოლიური ლოზუნგებით ლაპარაკი.
თუ რამეს მართლა აპირებ, უნდა შეძლო მარტომ! შენ! მარტო შენ! დამოუკიდებლად. ჩემზე დამოკიდებული არ უნდა იყო. შენ კიდევ ძუძუმწოვარი ბავშვივით მომეჯაჭვე. სხვისგან დახმარებას ნუ ელი. საბოლოო ჯამში ყველანი მარტო ვართ.
- არა!
- ხო, რა თქმა უნდა - "გიყვარდეს მოყვასი შენი". დამავიწყდა შენი ფანატიზმის შესახებ.
- ქრისტესაც ხომ მიეხმარნენ გოლგოთაზე ჯვრის ზიდვაში...
- აჰა, ისევ! და, რა თქმა უნდა, შენ ახლა მიაპორწიალებ შენს ჯვარს და მე მთვლი ვალდებულად, რომ
გათრევინო იგი... მოკლედ, წავედი! უკვე შენი ხმის ტემბრიც მაღიზიანებს. შენი სახის ყურებაც აღარ შემიძლია! მხუთავ! მაშინებ!
- ვერ წახვალ...
- არ გამომყვე!
- არ მოგყვები...
- მომყვები!
- ...
- ვიცოდი! ნუ მოდიხარ!
იცით, როგორ წვიმდა? როგორც იცის ხოლმე განშორებისას, ყველა რომანტიკულ ფილმში... მანქანის ფარები შემომანათა, თითქოს სრულიად გამაშიშვლა ცხოვრების წინაშე და ასე დედიშობილა დამტოვა სასტიკ სიმართლესთან. ძალიან მინდოდა და "ჩავაფარე" კიდეც წიხლი მანქანის საბარგულს (მეტკინა!). ვერ ვიჯერებდი! მერე ვიჯექი ბორდიურზე და მივშტერებოდი ძაღლის თათების კვალს ჩემს შარვალზე. ღია ფანჯრიდან სახლის ტელეფონის წკრიალი გამოდიოდა.
უბრალოდ, ვერ ვხედავდი აზრს სახლში ასვლაში, რამის გაკეთებაში (დიდი საქმოსანი არც მანამდე ვყოფილვარ). არ ვიცოდი, როგორ დამეწყო ხვალინდელი დღე. სად მიმეხვეტა არშობილი მომავალი, ასე თვალნათლივ რომ გვიხატია ხოლმე წინ, როცა გვაქვს იმედი... როგორ დამელაგებინა საგნები ისე, რომ დაახლოებით მაინც მცოდნოდა, რა იქნება აწი?
******************
როცა გვერდით საყვარელი ადამიანი გყავს და არ ხარ მარტო, არ გეშინია არც მომავლის, მით უმეტეს, თუ სიტუაციის განვითარება აშკარად მიუთითებს გარკვეული მოვლენებისაკენ.
ოცნებობ, დაფრინავ და უცებ - ბუმ! და რაა მერე? ქალი არის არსება, რომელსაც საკმარისია უთხრა ერთი სიტყვა და ის შეგიდგენს რთულ, დასრულებულ წინადადებას (თუ არ დაეზარა, აბზაცსაც). ამიტომ: მამაკაცებო, ფრთხილად სიტყვასთან (პირველად ქმნილთან). მე კი იმჯერად პოემებით და იგავებით მქონდა გამოძეძგილი ცნობიერება და მჯეროდა...
"ხეს რომ უყურო ერთი წელი, ისიც შეგიყვარდება" - მითხრა წასვლისას ჩემმა, პეჟოზე ამხედრებულმა, გაქცეულმა პრინცისმაგვარმა და ოდნავი სინდისის ქენჯნაც არ დატყობია სახეზე. ქალებს ყოველი მისი პარტნიორი "ის" ერთადერთი და უკანასკნელი ჰგონიათ. ამიტომ ვერ ეგუებიან განშორებასო -ამტკიცებენ ფსიქოლოგები. "პარტნიორი" - რა საშინელი, "კოლეგაზე" საშინელი სიტყვაა. ყურით მოთრეული შესატყვისია ჩემისთანა რომანტიკოსისთვის, მით უმეტეს, თუ იმდენად "გოიმი" ვარ, რომ "ქალიშვილობის ინსტიტუტის" მაგისტრიც ვარ და ფრიადაც "მახატია" ევროპულობად წოდებული სიძვა.
რას ვიგრძნობდი მერე? ალბათ, ბევრს გამოუცდია - სიცარიელე! სიცარიელე! სიცარიელე! სიცარიელე! სიცარიელე! სიცარიელე! სიცარიელე! სიცარიელე! სიცარიელე! სიცარიელე! სიცარიელე! სიცარიელე! სიცარიელე! სიცარიელე! სიცარიელე! სიცარიელე! სიცარიელე! სიცარიელე! სიცარიელე! და მთელი აბზაცი სიცარიელისა!
ყოველდღიური რუტინა, თუ მთლიანად არა, ნაწილობრივ მაინც არის კავშირში შენს ე.წ. მეორე ნახევართან, მით უფრო, თუ არ ხარ დაკავებული. "რამით დაკავდი რა... სულერთია, რითი. უბრალოდ, ვხედავ, რომ შენი უაზრო სამსახურის და ჩემ გარდა, საქმე არაფერი გაქვს.
ასე უინტერესოა." - არ ტყუოდა. მე, უფრო სწორად, ჩემმა შინაგანმა ხმამ გადაწყვიტა, რომ ასე ყოფილიყო და ახლა უკვე გვიანია რამის შეცვლა და "თითზე კბენანი", ყოველ შემთხვევაში, თავმოყვარეობის შერყევის გარეშე. მივხვდი, რომ ყველა კარტი გავუხსენი და ეს იყო სრულიად ირაციონალური ქმედება (გრძნობის ხარჯზე). არადა, ქალი და ამოწურვადი? - არ მჯერა და მომკალი!..
აქ იყო რაღაც სხვა, ფუნდამენტური შეცდომა, მიზეზი, რომელიც იმდენად გაიწოვა და გაიშალა დეტალებში, რომ შედეგთან ვეღარ ვაკავშირებდი. უნდა მემსჯელა ცივად - მე მიმატოვეს! რატომ ხდება ასე? -ამ კითხვაზე პასუხის ძებნა იმ წუთიდან დავიწყე. უნდა მეპოვნა, დამემუშავებინა და დამეზუსტებინა ყველა სავარაუდო მიზეზი. უნდა მემოგზაურა... ასეთ დროს იტირებ, დაიტანჯები თუ გადაყვები? ან შეძლებ მოვლენათა წვდომას და სადღაც მერქნის ზევიდან შეხედავ ყველაფერს...
****************
თავიდან მამაკაცების უმეტესობა თავს იკატუნებს, რომ შენი "გაუგებრობა" ესმის, მერე კი - ან უკეთეს ალტერნატივას განაცვალებენ, ან წაკითხულ წიგნად რჩები, ან... აი, ის მესამე "ან" ჩემს შემთხვევაში არ შედგა და შესაბამისად, მეც არ მომიხსნია გათამაშებული ნიშნობის ბეჭედი. როგორც ასეთ შემთხვევაში ხდება ხოლმე, მერე დავუწყე მოგონებებს პოტინი და "დაფასება".
როცა სახლში ავედი, პირველი, რაც გავაკეთე, მობილურის ციფერბლატს დავხედე. როგორ შეიძლება, ასეთ დროს არ მოიკითხო ადამიანი, რომელსაც მანამდე ოთახის ყვავილივით უვლიდი? თურმე შეიძლება. თუ გულწრფელად ზრუნავ, ასე უცებ სად უნდა გააქრო გრძნობა? ასე არ ხდება.
თურმე ხდება. მაინც მეგონა, რომ ხვალ, როცა სპორტ-დარბაზში შევხვდებოდით, ყველაფერი ძველებურად იქნებოდა. ბრა ავანთე, იატაკზე დავჯექი, ტუმბოდან დილას დატოვებული ჩაქუჩი და თხილით სავსე ჯამი ავიღე, მტვრევა დავიწყე და გაციებულ ყავას ვაყოლებდი.
მერე მისი ლეპტოპი ავიღე და ჩემი მეილი შევამოწმე: წერილი გასაუბრებიდან: პასუხი - უარყოფითი. პერფეცტ! ცხოვრება მშვენიერია! არ შემეძლო მეტირა... ეს დანებებას ნიშნავდა, მე კი მჯეროდა, რომ "ხვალ" ვიპოვნიდი საქმეს, ადგილს, მოწოდებას და დავიბრუნებდი მას... თუმცა ხშირად, ჩვენ რომ გვგონია, ისე როდია...
გრუხუნებდა, წვიმდა და შიგადაშიგ მანქანის შუქი ერეოდა ელვისას... ფარდის პანტომია ისტერიკას ჰგავდა... ქროდა. სიტყვებზე თამაში - ქარივით ქალი თუ ქალივით ქარი... ერთი მიზეზიც არ მქონდა მასთან დასარეკად, არადა, ხელებს ვისრესდი, ასეთ დროს თუ თავს სძლევ ხოლმე, მერე ხასიათში გადაგივა ნებისყოფა და ყველაფერზე გეყოფა, მგონია... ასეა... - როცა სურვილს სძლევ, კმაყოფილების შეგრძნება გამშვიდებს და ძალა გემატება.
სასწრაფოდ "მივაქანაელე" ასევე სასწრაფოდ აკრეფილი ნომერი და ტელეფონი გამოვრთე. ეს გამარჯვებას უდრიდა, საკუთარ თავთან მტკიცე "არას". განვითარება ბანალური იყო - დავიწყე ფიქრი, რატომ? რანაირად? და ა.შ. შიგადაშიგ ცრემლები... ჩემს ემოციურ მდგომარეობას იმდენად არ შეეფერებოდა ადამიანურად საწოლში ძილი, რომ ძირს, პოსთან მივჩოჩდი და ძაღლურად ჩამეძინა...
...წინ იყო დილა...
თეკლა ლაზი
გაგრძელება იხილეთ ორშაბათს