პირველი, რაც გაღვიძებისთანავე გავაკეთე, ტელეფონი ჩავრთე. როგორც აღმოჩნდა, დედაჩემის "missed call"-ის გარდა, არავინ შემხმიანებია (მოგვიანებით ტელეფონის შემოწმება "ტიკად" მექცა.)
მაშინ არ ვიცოდი, რომ ასეთ მომენტებში დედის ალერსია მისწრება. ჯერ ფანჯარასთან მივედი და ჟანგბადი მოვიპარე. მერე უბრალოდ ვიდექი კონტრასტული შხაპის ქვეშ და ხან ცხელ ჭავლს შევეშვირე, ხან –ცივს, სხეული მტკიოდა.
გაუმშრალებელი და შიშველი გამოვედი. ფარდა არ გადამიწევია, "მეკიდა!" (მიუხედავად 1-ლი სართულისა). საკონდიტროს გოგოს მეგობრულად დავუსტვინე, რითაც მიხვდა, რომ ჩვეულებისამებრ, კროასანი უნდა შემოეწოდებინა. თითებით ვაჩვენე 5 და მის გაოცებულ სახეზე ჩამეცინა.
– აჰა, და უცებ გამომაწოდე ფული, თორემ დღეს მენეჯერი დილიდან აქაა.
– მადლობა... ხურდა დაიტოვე...
– რა უნდა დავიტოვო, ზუსტად მომეცი...
– ვიცი. თქვენს დამლაგებელს უთხარი, დღეს სახლი დამილაგოს, 30 ლარზე მეტი არ აქვს და მსუბუქი სამუშაოა-თქო, უარს თუ ეტყვით, კლიენტს დავკარგავთ-თქო… უთხარი.
– არ იტყვის უარს, შემოგივლის შესვენებაზე...
– გასაღებს დავტოვებ, მე მივდივარ... სანამ ყავას ჩავამთავრებდი, ფეისბუქი მთლიანად გადავქექე მისი პროფილით (ხომ გესმით, ასეთ დროს მისი პროფილის აქტიურ ვიზიტორად ვიქცევით).
მოკლედ, ერთი ფოტო, ბმული, პოსტი, სტატუსიც კი არ მინახავს სენტიმენტალურ-რომანტიკული... კი არა, საერთოდ ახლო კავშირში რომ იყო იმასთან, რაც მოხდა. მარტო კალათბურთის მატჩის შედეგი ჰქონდა გამოქვეყნებული და ეწერა: good job…
თითქოს ეს ყველაფერი მარტო ჩემს თავს ხდებოდა. ის – საოცრად თბილი, მზრუნველი, როგორც ჩემი დაქალები ამბობენ, "ჩემზე გადამკვდარი" არსება სადღაც გაქრა! ასე რომ, სრულიად სამართლიანად გადავწყვიტე, მისი ნოუთბუქი "სამახსოვროდ"დამეტოვებინა და ახალი, წარმოსახვითი სამსახურისთვის გამომეყენებინა.
მოდი, ჩამოვსხდეთ და ერთ ფინჯან ყავასთან განვიხილოდ ეს ტრაგი–კომედია... ...შაქრით თუ უშაქროდ? - სისხლს უცვლიან თუ რანაირად ხდება ადამიანის ასეთი გარდასახვა? თითქოს მოჯადოებული იყო და გამოულოცესო, ან პირიქით – ჯადო აქვს... მაინც არ ღირს ქათმის მოჭრილი ფეხის ან გაკოჭილი თოჯინის ძებნა, მაინც თუ მოხდება ის, რასაც სამყარო ისევ შენს სასიკეთოდ გიმზადებს, მივცეთ უფლება, აღასრულოს კანონზომიერება, არ არის საჭირო მასთან ჭიდაობა, წარსულის ქექვით, წინააღმდეგობა გაგვაწვალებს...
შედეგის წინაშე კარგავს მნიშვნელობას მიზეზი. უკან ყურებით მხოლოდ დროს დავკარგავთ და გუშინდელი დღე დაგვიჩრდილავს ხვალინდელს.
...გულის სიღმეში ვხვდებოდი, რომ ეს მართლა ასე იყო და უნდა გამეშვა; ვცდილობდი ამას და ძალიან, ძალიან მაგრად მტკიოდა! ამაზე რატომ არ წერს არავინ? ვიცით, რომ ოდესღაც გაივლის, მზე გამოვა, ბლა–ბლა–ბლა, მაგრამ მანამდე? მანამდე იმისთვის, რასაც ვგრძნობთ,რატომ არ ყიდიან მედიკამენტს აფთიაქში... (თურმე ყიდიდნენ, თანაც ურეცეპტოდ, მაგრამ არა აფთიაქში...)
...მოვიქეცი ისე, როგორც თავმოყვარე ქალი უნდა მოქცეულიყო – წავისვი ბორდოსფერი მანიკიური, ტონალური, ტუში (არაფერი ზედმეტი), მხოლოდ საათი, სამაჯური, ბეჭდები, ჩვეულებისამებრ – საჩვენებელ და ცერა თითებზე; პატარა, სადა საყურეები და სუნამო შარფზე...
ჩავიცვი ჯინსები, კედები და ლურჯი დეკოლტე. ავიღე სათვალე, ჩანთა და კარი გამოვიხურე, მერე ამოვბრუნდი და ამჯერად არა იმიტომ, რომ ყურსასმენი ან მობილური დამრჩა (იმ დღეს ტელეფონი სახლში დავტოვე, ვიფიქრე, ასე უფრო მშვიდად ვიქნებოდი), გავიხადე კედები და ჩავიცვი ფაქტობრივად უხმარი, მაღალქუსლიანი შუზები – მოკლედ, მინდოდა გარეგნული სიმშვიდე გადამდებოდა შინაგანად და ვერ ვხვდებოდი, რომ აპათიური უფრო ვიყავი...
– ტეო, საით? –პირდაპირ ფეხებთან დამიმუხრუჭა თანამშრომელმა.
– შენი აზრით, სად მივდივარ სამშაბათს, 9:30–ზე? – უადგილო და ქრონიკული სიკაპასე, რომელიც ყოველთვის პირადი ცხოვრების კრიზისზე მეტყველებს...
– წამო, გაგიყოლებ... გაჩერებაზე დგომას ისევ მის სიგარეტით აყროლებულ მანქანაში ჯდომა მერჩივნა, მაგრამ შუა გზაში ნერვებმა მიმტყუნა:
– "გააჩერე, დედამიწა, ჩავდივარ!"
– ა?
– მართლა! გამიჩერე. აი, იმ ბუტიკთან.
– რა გეტაკა?
– დახურული სივრცის შიში გამიჩნდა.
– სამსახური?
– უთხარი, რომ მოვკვდი. დიდად არ დავაკლდები.
– ტეოდორა!
– აქ ჩამოვალ. მანამდე დამარეკინე... ან არა, მესიჯი მიმაწერინე, ან შენ თვითონ აკრიფე: "ალექსა, შენთან მოვდივარ. ტეო"
პირველი, რასაც ახლა ვგრძნობ, როცა ის დილა მახსენდება, არის სიახლის განცდა. პირველ რიგში, იმიტომ, რომ სრულიად გაუაზრებლად შევტოპე საკმაოდ "ტრიპაჩულ" მაღაზიაში და მხოლოდ მერე მივადექი ტეოს:
– შემოდი...
– მარტო ხარ?
– კი და რა უბედურება გაცვია?
– "უკანასკნელი ფულით" ვიყიდე. სპილოსძვლისფერიაო, მიმტკიცებდნენ, მაგრამ ყვითელი უფრო გადაჰკრავს და არც ისე თხლად ნაქსოვია, როგორც ჰგონიათ და ვგრძნობ, რომ უფრო მეტი პოლიესტერია, ვიდრე შალი...
– მარგალიტის იმიტაციის ღილები? ბანძია!
– არ შემიმჩნევია. დაუდევრად ვიყიდე, ისე, რომ ყურადღებაც არ მიმიქცევია კონსულტანტის ტყლარწვისთვის, რომელმაც გააღმერთა ეს, რეალურად დუბაიში ნაყიდი ზედა...
– გასაგებია, რომ ჩვენს ქვეყანაში არსებობს უცნაური ეტიკეტი საზოგადოებაში, რომლის მიხედვითაც – რაც უფრო გაუმართავად და გაწელილი მეტყველებ, მით უფრო "კაე ტიპი" ხარ, მაგრამ უკვე მეტისმეტია. არაა აუცილებელი, "პერო" გაირჭო და ეს ინტონაციაზეც გეტყობოდეს...
– დავშორდით...
პაუზა.
– სამუდამოდ!
– აუ... პლედს და ჩაის მოვიტან...
– შენ ხომ არ უბერავ?
– დამიჯერე, ფსიქოლოგი ვარ.
– ცუდად ვარ.
– ვიცი... ასე უნდა იყოს. ჩათვალე, რომ კისტა ამოგაჭრეს და პოსტოპერაციული ტკივილი გაქვს, ანუ ვერსად გაექცევი. სამაგიეროდ, კიბოს გადაურჩი.
– ნეტა შენ "შიგ არ იყურებოდე"...
– ვიცი, გგონია, რომ სამყარო დაინგრა, განადგურებული ხარ და ცხოვრება აღარ გინდა, მარა დამიჯერე, ამაზე უარესად ვიყავი, როცა მკერდის კიბო აღმომაჩნდა, ახლა კი მიყურე – გუშინ თმების ლამინირება გავიკეთე ;)
– დაგიწვა თუ რა გჭირს?
– აუ, შენ რატომ გგონია, რომ ეგ ბანძი ტომარა უხდება მაგ შენს ლურჯ, უფრო იდიოტურ მაისურს, ე!
– ააააააააააააააააააააააააააააააააა...
– მაპატიე, მაპატიე, დამავიწყდა, რომ ცუდად ხარ... მართლა კი არა, გეხუმრე, ძაან უხდება, ლურჯი და ყვითელი მონათესავე ფერებია. ბოდიში, ბოდიში, ყვითელი კი არა – სპილოსძვლისფერი...
მოკლედ, დავუბრუნდეთ სიახლის შეგრძნებას: კარგი თუ ცუდი, სიახლე სიახლეა და ეს განცდა სასიამოვნო მოლოდინში გადადიოდა. არ ვიცი, რა შემივსო ახალმა ზედატანმა, მაგრამ ფაქტია, რომ გამათბო.
– ძალიან დაბნეული ვარ, არ ვიცი, სად წავიდე. სადაც უნდა წავიდე, იქ არ მინდა, სადაც მინდა – იქ ვერ წავალ, მარტო დარჩენა შინაგან სპაზმს იწვევს და იმიტომ გავაღვიძე...
– შენ ყოველთვის უხარიხარ იმ სახლს, რომელშიც ხარისხიანი მუსიკა და ცივი ლუდი ცხოვრობს...
– შიზიკებს დავურეკოთ.
– ახლა მარტო სიმშვიდე მინდა...
– თუუ ჩეემი ძმა ხარ რააა.... ეგ მე მკითხე, შენ რა გინდა, დღეიდან შენი მფარველი ანგელოზი ვარ, ჩემო ტეო... ლუდის მადლი შეგეწიოს...
მომდევნო რამდენიმე დღე მართლა ალექსას "მფარველობის ქვეშ" გავატარე და ეს განმეორდა ათი დღის მანძილზე არაერთხელ, ორი კვირის თავზე კი:
მეორე ბოკალზე მიმტყუნა ნერვებმა და ცრემლებს თავდავიწყების ძლიერი მოთხოვნილება მოჰყვა. საღამოსთვის ათიოდე ლოთი მელომანი უკვე საკმაოდ ხავერდოვანი სიამოვნების ქვეშ ვეტანებოდით მერამდენიღაცე ბოკალს, რიგრიგობით განვიხილავდით ფ. ბეგბედერის კრებულის ბოლო თარგმანს და "perfect carcle"-ის ბოლო ალბომს. არ ვიცი, ტეომ საიდან გააჩინა ამდენი უცნობი სახე! თუ ისინი, უბრალოდ, ნაცნობ სახეებს მოჰყვნენ, მე კი საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ, მიუხედავად მრავალფეროვანი კამპანიისა, ეს სიტუაცია უშედეგო თავის შექცევა იყო და კიდევ ერთხელ არ შევიმჩნიე ცრემლები. "სასწრაფოდ ფლირტი! დროებითი და მსუბუქი..." – მიკიჟინებდა ტვინის განყოფილება – SOS!..
რას ვიზამ? ეს აპრობირებული მეთოდია. არსებობს უამრავი საშუალება სტრესის დასაძლევად, მაგრამ არაფერი ისე არ გვეხმარება გონზე მოსვლაში, როგორც იმის განცდა, რომ შენ ვიღაცას ისევ მოსწონხარ, უყვარხარ, აინტერესებ და ა.შ. ქალები ზოგჯერ ურთერთობასა და მამაკაცზე მეტად სტატუსს და მდგომარეობას ვერ ელევიან, იმას, რომ აღარ გვეტრფიან და სხვ... ფლირტი (თუნდაც მსუბუქი) მაინც ყველაზე სწრაფი და ეფექტური მეთოდია, რომელსაც რაციოს გარდა, ქალური მგრძნობიარე მხარე ითხოვს.
არის შემთხვევები, როცა ადამიანი (გეგონება, მასზე უკიდეგანოდ შეყვარებული სატრფო ომში ტრაგიკულად დაეღუპაო) ხანგრძლივ სასოწარკვეთას ეძლევა და იძირება, უაზრო ფანატიზმითა და არავისთვის საჭირო ერთგულებით ავადდება; აკეთებს იმას, რაც არავის სჭირდება და ამგვარი ქცევით კიდევ უფრო ნადგურდება, მაგრამ მე სხვა შემთხვევა ვიყავი. ვერ გეტყვით, რომ ძალიან არ განვიცდიდი, მაგრამ თვითგადარჩენის ინსტინქტი უფრო ძლიერი იყო და თითქმის რეფლექსურად ვმოქმედებდი. ასე რომ....
(ოპტიმალური პრეტენდენტი ამოვარჩიე)
აივანზე საკმაოდ გრილოდა და დღის ის მონაკვეთი იყო, როცა უკვე მუსიკის ხმადაბლა მოსმენაზე გადადიხარ, ღამე:
– პირველი გოგო ხარ, რომელსაც ბეგბედერის "ენა" არ ეზიზღება – მოქმედებაში შევიდა "შებმის" იაფფასიანი მეთოდი. მამაკაცებს ჰგონიათ, რომ ჩვენც მათსავით ვიტანჯებით არასრულფასოვნების კომპლექსით, რომელსაც პირველობისკენ ისტერიული სწრაფვით ვმკურნალობთ.
– სიმართლე გითხრა, ჩემი ენის გარდა, ყველა მეზიზღება...
– ეს იუმორია თუ უხეშობა?
– რას საქმიანობ?
– სამხედრო სამსახურში ვმოღვაწეობ.
– რას?
– ასე კონკრეტულად ვერ გეტყვი, სტრატეგიებს ეხება. თუ გაინტერესებს, მაშინ... სუში გიყვარს?
– ეგრე ძალიანაც არ მაინტერესებს.
– არა, უბრალოდ, მთელი საღამოა, გაკვირდები და ვერ გამირკვევია...
– გაურკვევლობამ დაგაინტრიგა?
– დამაინტერესა... თქვენს სამეგობროში პირველად ვარ და ისიც "ჩერეზ–ძმაკაცის" სტატუსით. ვალდებული არ ხარ, რომ...
– კარგი, მიყვარს სუში...
მოგვიანებით აივნისა და მთვარის სიმყუდროვე მეგობრებმა დაარღვიეს ქართული ფოლკლორის ელემენტებით, "metallic"–ის "mama sed"–ით... ...და მე იმ საღამოს უკვე, ვინ იცის, მერამდენედ, აცრემლებამდე მომენატრა....
თეკლა ლაზი
გაგრძელება ხუთშაბათს
იხილეთ ასევე: