უამრავი დეტალია, რომელიც უკან გვექაჩება და წინსვლაში ხელს გვიშლის, მაგრამ უფრო ძლიერია ქალში სიცოცხლის წყურვილი და მე დავალაგე..!
ჯერ თავში დავალაგე და მერე – სახლში! მართლა რთულია ურთიერთობის (როგორიც არ უნდა იყოს ის) დანგრევა (რაოდენ ხმამაღლაც არ უნდა ჟღერდეს ეს). ჯერ ვცდილობდი, არ გამომემჟღავნებინა ტკივილი და ნიკაპიც მაღლა მეჭირა, მერე შიგადაშიგ მძლევდა გული და ვიღვენთებოდი. მოკლედ, ბოლო ეტაპზე ვიყავი...
ადამიანი არის არსება გონიერი, რომელიც ფიქრობს, აზროვნებს და მე ჩემი ნებაყოფლობითი პატიმრობა, რომელიც იმ საღამოს მერე დავიწყე, სწორედ ამ საქმეს მივუძღვენი. საბედნიეროდ, შევძელი, ზომიერების ზღვარი დამეცვა და ფიქრს არ გადავყოლოდი, მაგრამ მეფიქრა. ამგვარად, ყველაფერმა, რაც მანამდე მასთან ასოცირდებოდა, ისევ საწყისი ფორმა მიიღო.
ინტენსიურად მიქრებოდა მელანქოლია, "Perfect Circle"-ის და სხვა დეპრესიულობების მოთხოვნილება. ფუნდამენტურად მივუდექი... ბევრი რამ ავწონ-დავწონე, ეს უფრო ცივ გულზე, საეჭვოდ სწრაფად ვრეგენერირებდი და ასე მივაგენი ერთ ძლიერ ღერძს: მე ის არ მიყვარდა! ...და ეს იყო სწორედ ის "ევრიკა"! მე მიყვარდა ჩემი სიცოცხლე, თუნდაც უსაქმური, რომელიც ლიტერატურის კითხვითა და ვიქენდებზე ლუდის სმით შემოიფარგლებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მქონდა ბევრი იდეა და ყველა განუხორციელებელი...
*
ბრაგუნი კარზე:
– ტელეფონს რატომ არ პასუხობ?
– ალექსანდრა. დილა "მშვიდობის".
– მობილურს რატომ არ პასუხობ?
– არ გამიგია...
– დეპრესია?
– აპათია...
– დიდი სხვაობა არ არის... იმ ბიჭს ეკონტაქტები, ჩემთან რომ გაიცანი იმ დღეს?
– ბექა... ხვალ უნდა ვნახო...
– რატომ გვემალები? სად ხარ მთელი კვირა?
– ათი დღე. როგორც მოსალოდნელი იყო, მთელი ეს დრო მოწამეობრივ სულისკვეთებაში გავლიე. საკუთარი თავი მესირცხვილება, როცა ვხვდები, რომ ეს ჩემი "გულის გადასაყოლებელი" ურთიერთობები მხოლოდ სისუსტეს ამხელს... რა საქციელია ახლა ეს? ...მაგრამ ანაფორას ხომ არ ჩავიცვამ აბა? მოკლედ...
– ...მოკლედ, ამის გარეშე დროს ვერ დააჩქარებ. უნდა მიჰყვე "ინსტრუქციას", რომელსაც გული და გონება შეთანხმებულად გკარნახობს, რაღაცით ხომ უნდა გამოხვიდე ტუპიკიდან?
– ერთ-ერთ ეტაპზე იმ აზრსაც დავუბრუნდი, რომ ისევ მიყვარს. ყველაფერს ვიხსენებ ხოლმე, რაც გვაკავშირებდა... ყველაფერს, რაც მასში მომწონს და მეახლობლება...
– უიმე, რა მელოდრამაა... ყოველი ასეთი სიგნალი "ცრუ განგაშია". არაპროგნოზირებადი ცვლილების წინაშე ყოველთვის ვძრწით.. როგორც ამბობენ – ადამიანმა უნდა დატოვოს საკუთარი კომფორტის ზონა, რომ წარმატებას მიაღწიოს... დისკომფორტის გარეშე არ გამოვა...
– შენ მაინც იცი, რომ არც ისე კომფორტულად ვიყავით ერთად. ვერ ვიტყვი, რომ ბრწყინვალე ურთიერთობა დაგვენგრა, რა შუაშია კომფორტი?
– კომფორტი არ ნიშნავს იდეალურობას, ზოგადად, "ხალასტიაკის" სტატუსი, მიჩვეული რუტინისგან განდგომა, გაურკვევლობა. შენი საერთო მდგომარეობა არის შენთვის დისკომფორტი, თან იმხელა, რომ მზად ხარ, იქ დაბრუნდე, რაც გულის სიღრმეში არასდროს გაკმაყოფილებდა იმდენად, რომ მთელი ცხოვრება ასე გეცხოვრა...
უბრალოდ, ახლა უფრო უარესია, ვიდრე მასთან ყოფნისას და ამიტომ ეპოტინები. უნდა გააცნობიერო – ეს ეტაპი გარდამავალი ხიდია უკეთესობისაკენ... ამის გარეშე ვერ "გაიზრდები"... ნურაფერს გაეკიდები, ეს არასწორია, ადამიანთან ურთიერთობისას თავისთავად ხდება ბევრი რამ საზიარო და ასე ახლოვდებით, მაგრამ უნდა გახვიდე ამ ჩარჩოდან...
– შენი პაციენტი გგონივარ, არა? არ მინდა სტანდარტული ტექსტებით მელაპარაკო, მაცადე რა...
– ასეთი შემთხვევა ყოველთვის სტანდარტულია, ვერც მე და ვერც ვერავინ ახალს ვერ გეტყვის ვერაფერს, ისევ შენ თვითონ უნდა გაერკვე. მე უბრალოდ მინდა ცოტა ხელი წაგაშველო, რომ ფიქრისას სწორი მიმართულება აიღო... გასაღები შენშია და ეს კარგად იცი... ასე რომ – იყავი მამაცი...
– ...არადა, მართალი ხარ, ეს ყველაფერი კლიშეა... ძალიან ბანალური შემთხვევა (ალბათ)...
– დრო გიჩვენებს... მთავარია, ტრაგიზმში ნუ გადავარდები, მაგრამ თუ ძალიან მოგინდება, იტირე... განცდები - ეს ისაა, რაც გვაძლიერებს და გვაცოცხლებს... იმედია, მარტო ყოფნას ისწავლი და დამოუკიდებლად შეძლებ აცოცხლო შენი სამყარო...
– სადღაა სამყარო :)
– ...და რას ელოდები? შენი კალვადოსის პროვოკაცია დაგრჩა?
– ცინიზმის გარეშე რაა, რემარკის სულისკვეთებით გავაკეთე...
– ხო და მოიტანე, აქ და ახლა დავიწყოთ შენი "სოფლის შენება" და ყველა ის ლექსი წაიკითხე, რომელსაც ეგ კრეტინი არ გიფასებდა... კარგი რა, თქვენ ხომ არცერთი ინტერესი არ გქონდათ საერთო, ხათრის გამო და ნაძალადევად თუ გაიზიარებდით ხოლმე ხანდახან... არც შენ გიჟდებოდი კალათბურთზე და ვერც იმან შეიყვარა ხელოვნება...
ამდენი ხანი შეახმით ერთმანეთს და შენ მატჩებზე სიარულს მიეჩვიე, ის ლიტ-საღამოებზე... მითხარი, გჯერა, რომ აწი ერთხელ მაინც მივა ლიტერატურულში? ან როდისმე წახვალ კალათბურთის თამაშზე საკუთარი სიამოვნებისთვის?
– სამაგიეროდ, საჯარიმოდან ათიდან ათს კალათში ვაგდებ... ჰო რა, მართალი ხარ... ცხოვრება სავსეა ყოველდღიური სიახლეებით და მრავალფეროვნებით და ჩვენ ამის შესახებ არაერთგზის გვსმენია. იმის შესახებაც, რომ ბედნიერება წვრილმანებშია, ისეთშიც კი, როგორიცაა ყავის ახალი არომატი, ახალი "ფლეილისტი", ახალი ლექსი და სხვა... რატომ უნდა ჩავიციკლოთ ყოველთვის უსიამოვნო ფაქტზე? თვითგამორკვევის დროა...
- როცა საოპერაციოში შევყავდით, იმ უცხო ქვეყანაში, ბევრი ახლობლის თანადგომით, მაგრამ ამ დროს სრულიად მარტო, ბოლომდე გავაცნობიერე, რაც მანამდეც მხოლოდ მსმენოდა – შეიძლება გყავდეს მეგობრები, ძვირფასი მეგობრები, "დახმარების ხელი" და ამან ბევრჯერ გიხსნას, მაგრამ იმ გადამწყვეტ წუთს ადამიანი სრულიად მარტოა (ეული კი არა, მარტო) საკუთარი ცხოვრების წინაშე და ჩემი წარმატებაც აქედან დაიწყო... ერთმანეთისთვის სულ რაღაცის "შეტენვა" არ დაგჭირდებოდათ, თქვენ შორის რომ ყოფილიყო ჭეშმარიტი გრძნობა და იცი, რატომ?
ორი განსხვავებული სამყარო დამოუკიდებლად არსებობს, მაგრამ ბუნებრივად ერწყმის ერთმანეთს, ფორმაუცვლელად და არ საჭიროებს ხელოვნურად რედაქტირებას. ასე წარმოიშობა ჰარმონია...
– "პაზლია" რა...
– ...და იბადება კოსმოსი... დაიცა, სვამ უკვე? აქ მოიტანე, ე!
-დღეიდან მას ჰქვია უხსენებელი! მორჩა, დავამთავრე მე ეს წიგნი ;)
– და იმ ტიპს რა ჰქვია, სუშიზე რო მიგიწვია?
– მოიცა, მობილური მირეკავს. ჰო, კატო...
– ტეო, უნდა გელაპარაკო, სასწრაფოდ!
– ჩემთან ამო, მე და ალექსა ვართ...
– არა, ცალკე! ვერ გამოხვალ?
– ახლა? მშვიდობაა?
– არა! ცუდად ვარ!
– ისევ "გაფაქტე" ხომ?
– ოოოო... მაგაზე რეაქცია აღარ მაქვს. გამოგივლი და ჩამოდი!
– ისა...
– არა, ძალიან გთხოვ... ვერ ვსუნთქავ! ცუდად ვარ...
– დაწყნარდი, კარგი, მოდი... მალე...
– არა! კარგი, ხვალ იყოს... ისეთი არაფერია..
– შენ აფრენ? რა გაცინებს?
– არა, არა, მართლა... უნდა დავიძინო, ხვალ გნახავ. გკოცნი...
– ტეო, კატოს უთხარი, გუშინ მაგისი ქმარი ვნახე, ბანკომატს წიხლებს ურტყამდა და ისე აგინებდა, აპარატმა ლამის ხელი დაარტყა...
– გათიშა...
იმ დღეს ალექსა ისე კარგად იყო, რომ ჩემი ლექსებიც აიტანა და ცალმხრივი დემაგოგიაც, არავისთან ან – საკუთარ თავთან... ენთუზიაზმმა მომიცვა, ზუსტად ისე, როგორც ბავშვობაში, როცა მომავალზე ვფიქრობდი... იყო რაღაც ახლებური განცდა... არაფერი არ შეედრება ქარიშხლის მერე გარდაუვალ მზეს ("გავკადნიერდები" და ვიტყვი მხატვრულად...)
...მოკლედ, თვითგვემის შემდეგ "ავდექი" და "გავიზმორე", როცა მოვიბეზრე მოთქმა, მონატრება და იმის ძახილიც, რომ არასოდეს არ მავსებდა და ჩემთვის ასე სჯობდა, როცა შეველიე იმ პლუსებს, რასაც მასში გამოვედევნე და ვაღიარე ის მინუსები, რამაც (ახლა ვხვდები, რომ) ხელი შეუშალა, ჭეშმარიტად ჩემი გულისსწორი ყოფილიყო, ჩემში იფეთქა "კმარამ"! გასაგებია, რომ შეჩვევა "ოხერი რამაა", ორივე შემთხვევაში, მნიშვნელობა არ აქვს, მარტო ყოფნას ეჩვევი თუ ვიღაცას...
ძალიან შეუმჩნევლად შეიძლება მოხდეს მიჩვევის სიყვარულთან იდენტიფიცირება და რეალური სხვაობის გარჩევა საკმაოდ რთულია, მაგრამ შესაძლებელი. როგორი "პოხუისტიც" არ უნდა იყო, სადღაც კუნჭულში მაინც გაფიქრებს ახლობლების – გარშემომყოფთა აზრი და ეს იყო ბოლო, რაც ჩემს თავს მოვუგვარე...
აი, იმ დილას სულ სხვანაირი არომატი ჰქონდა ყავას... ...ახლაც ყოველთვის, როცა ჩიხში აღმოვჩნდები და მიჭირს, ვიცი, რომ პირი უჩანს ახალი სკივრის ახდას და მთელი ძალით მივიწევ მისკენ... იმ ღამითაც, როცა ფეხშიშველა ვიდექი ფანჯრის რაფაზე და ღამეს ვისრუტავდი, ინტუიციურად ვგრძნობდი ამას....მეორე დღეს კი:
სუში-ბარში წითლად ბნელოდა, ყვითელი სახეები დადიოდნენ და თეთრ მასას, ბრინჯს დაატარებდნენ. ...თუმცა ძალიან ხშირად, თქვენი ყველაზე პროგნოზირებადი ახლო მომავალიც კი სრულიად საპირისპიროდ წარიმართება... ...და რა გამჭრიახია სამყარო... მაგრამ ამაზე შემდეგ თავში...
იხილეთ ასევე:
კედებიდან პლატფორმამდე - II თავი ...ადექი, დაიბანე მუხლები...