სუში ბარში წითლად ბნელოდა, ყვითელი სახეები დადიოდნენ და თეთრ მასას – ბრინჯს დაატარებდნენ.
ვინც ჩხირებით ჭამას ფლობდა, ის საჩვენებლად საჩვენებელ თითს, წესისამებრ ახვევდა ჩინურ საკვებ ინსტრუმენტს და თავდაჯერებული შეექცეოდა კერძს, ვინც არა და – გაუბედავად ცოდვილობდა.
ირგვლივ მაინც კმაყოფილება და ზომიერება სუფევდა... პირველი კლიენტებს ეკუთვნოდათ, მეორე – მასპინძლებს... თუ აქამდე არ აღმინიშნავს, რომ ჩემში პროტესტი სისხლზე მეტია, მაშინ ახლა ამის თქმის დროა:
– სუშის რას უშვრები?
– ვფატრავ.
– დადე დანა-ჩანგალი, ჩხირებით ჭამენ ჩინელები.
–მე ქართველი ვარ...
– ნაცისტი ხარ?
–რასისტიც :)
– არ მჯერა... მგონია, რომ ინტეგრაციის მომხრეც ხარ... სუშიფატვრის კულმინაცია...
– კარგი, რას საქმიანობ?
– არაფერს.
- მაშინ, როგორ ცხოვრობ?
– არ ვიცი, მართლა... სიშლეგემდე მივყავარ ემოციებს, რომელსაც ყოველდღიურობაზე ფიქრი იწვევს. ძიებაში ვარ... შენ?
– მე, როგორც გითხარი, სამხედრო სამსახურში ვმუშაობ, შაბათ-კვირას მეგობრებთან ერთად მშვიდ გარემოში ვდუნდები, მიყვარს ნადირობა და სტრატეგიული თამაშები. დედისერთა, სპორტული რომანტიკოსი ვარ. ახლა შენზე...
- პროგრამისტად ვმუშაობ და ამ საქმის გაგებაში არ ვარ. შაბათ-კვირას ლუდს ვსვამ სახლში მეგობრებთან. მიყვარს ლიტერატურა და ზოგჯერ კალათბურთი. ცოტა ხნის წინ საქმრომ მიმატოვა, მორჩა... (ეს რა შუაში იყო?)
– მაგით უნდა დაგეწყო! - შეეცვალა გამომეტყველება და ხმა. -ჰოო? - კი. ეს ბევრ რამეს ცვლის. უბრალოდ...
– მე აღარ ვნერვიულობ და შენც ნუ მომისამძიმრებ. პირიქით - როგორც იქნა, მივხვდი, რომ არაა ჩემი ცხოვრების თანამგზავრი და შეცდომა იყო მასთან ყოფნა, თუმცა რატომ? აქამდე სწორედ მისი წყალობით მოვედი, მგონი, მადლობაც მაქვს გადასახდელი... ახლა წინ სხვა არეალი გამეხსნა და ძიებაში ვარ, თითქოს რაღაც ბუნდოვანისგან გავთავისუფლდი.
- მდა... - ასეა, თურმე ყველას თავისი როლი აქვს ჩვენს ცხოვრებაში... – მაშინ ამ სიტყვებს ნაწილობრივ ზედაპირულად ვამბობდი თითქოს და მიზანი მხოლოდ თავის შენიღბვა იყო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ასეთ სიმართლეს და ასე თამამად, იშვიათად თუ ვამბობთ ხოლმე.
– ანუ შენ მიატოვე?
– რა თქმა უნდა. შენც ხომ გაგიკვირდა? არც მე ველოდი საკუთარი თავისგან. აი, კიდევ ერთი პრობლემა, რომელსაც ვაწყდებით...
– რატომ გვგონია მიტოვებულის სტატუსი ასეთი სამარცხვინო და შეურაცხმყოფელი? როცა გვშორდებიან, უკმარისობის გრძნობა გვიპყრობს და რეალობის შეცვლას ვცდილობთ. განა ლამაზ, ჭკვიან და სასურველ ქალებს არ ტოვებენ კაცები? ალბათ, ყველაფერი გაცილებით მარტივად დამთავრდებოდა ხოლმე, ამ დროს, რომ არ ვკომპლექსდებოდეთ და ადეკვატურად აღვიქვამდით არსებულ სურათს...
რა მნიშვნელობა აქვს, შენ დაშორდი თუ თვითონ მიგატოვა? რას ცვლის ეს? გარეგნულად იცვლები თუ შინაგანად? თვლი, რომ თუ მიგატოვეს, სირცხვილია, თუ შენ დაშორდი – თვითშეფასება არ ზიანდება. ეს კლიშეა! ინტერიერით და ჩემი მონოლოგით განპირობებული მოწყენილობის და აუტანლად კონსერვატორული გარემოს გასახალისებლად, ბარის ზედა სართულზე ამავალი მინი-კაბიანი გოგოსკენ ავახედე (ჩვენი მაგიდა კიბის ქვეშ იდგა და...): -მაღლა აიხედე...
– ღმერთო ჩემო, რა უტაქტო ხარ! – შეცბა ყმაწვილი.
– მე მეუბნები?
– ხო!
– არა, რა ვიცი, ღმერთო ჩემოო, თან ზევით აიხედე და...
- შენი "იუმორი"...
– კი, მეუბნებიან ხოლმე...
– ისე, ტყუილად არ ამიხედავს: გიოს გაუმარჯოს! - ვააა, ბექუშ, ძმა... - დაიცა ამოვალ. ტეო, ერთი წუთით დაგტოვებ, ბოდიშის მოხდით... ტიპური თბილისური დიალოგი იყო. საიდან ვიცი? კარგი ექო, კარგი სმენა და ბიჭების მოუფიქრებლობა ან საჭირო დროს საჭირო ადგილზე ყოფნა და კანონზომიერება... რატომ ვუსმენდი? ერთ-ერთი ხერხი, უკეთ გაიცნო ადამიანი – დააკვირდე მის ურთიერთობებს.
დიალოგი კი ასე განვითარდა:
– სხვა... როგორ ხართ?
– ცოტა კონფლიქტურად...
– ხო, მითხრა ანანომ... -ისევ იგივე რა... კონტროლი, ეჭვიანობა და ა.შ. ყველგან მამოწმებს... - ვაა... მიზეზი არ აქვს, თუ?
– კაი მიდი, ჩავალ მეც. მერე დაგირეკავ...
– გნახავ რა საღამოს... აი, ასე... რას იტყვი? ეს ის არის, რასაც შენ ფიქრობ: ბექას სხვა გოგო ჰყავდა, საცოლე (მეც დავიბენი ამ საცოლე-საქმრო-შეყვარებულ-გადაყვარებულებში, მაგრამ რა გზაა...
...სიყვარული ატრიალებსო დედამიწას – თქვა გენიოსმა. როგორც მოგვიანებით გაირკვევა, მათი ურთიერთობა შვიდ წელს ითვლიდა და საკმაოდ სერიოზულ სტადიაში იყო. მაინც, როგორ უნდა იყო ადამიანი ასეთი დაუნდობელი? ზოგჯერ გგონია, ღრუბლები უკვე გადაიყარა და გამოსავალმა გამოანათა, ბუნებამ ხელი გამოგიწოდა და წამოდექი, მაგრამ ყბადაღებული იმედგაცრუება არ აყოვნებს და სილას სილაზე იღებ.
მე რომ მაღლა არ ამეხედა, მას ის არ ენახა, საუბარი არ შემდგარიყო, ან ბარში ხმაურს გავემეტებინე... მე რომ... მე ხომ... ან... ვინ იცის, როგორ განვითარდებოდა მოვლენები... არც მეტი, არც ნაკლები, პირველივე აბზაცზე ყველაფერს დაერქვა თავისი სახელი... და მაინც – რატომ გადაწყვიტა სამყარომ ასე?
– ჰო, და რაზე გავჩერდით?
– ყველას კონკრეტული როლი აქვს-მეთქი ერთმანეთის ცხოვრებაში...
– გავიდეთ, გავისეირნოთ? –არადა, კაცი რომ შემოგხედავს, სიმპათიური, ჭკვიანი, გემოვნებიანი, სასიამოვნო, კაი...
– ...wow, გავწითლდი... –…დამამთავრებინე! – კაი ტიპი ხარ... და რას ვიფიქრებდი, რომ... – რომ რა? პაუზა.
– რომ რა? – გაფითრდა ნერვიულობისგან-მეთქი, მინდა გითხრათ, მაგრამ გარეთ რომ გავედით, ბარის განათების ბრალი აღმოჩნდა. ქალაქში კი უკვე თბილი საღამო, მანქანის ფარების ბოკეები, საცობები, ხმაური და ხალხი ტრიალებდა... ბავშვობის მერე არ აღმიქვამს აწმყო ასეთი სისრულითა და სიამოვნებით... თითქოს სულ სადღაც მეჩქარებოდა, რაღაც მაწუხებდა გამუდმებით და ალბათ, სკოლის მერე არ გავჩერებულვარ შუა ტროტუარზე იმისთვის, რომ ცაში ამეხედა...
სად ვიყავი დატყვევებული მთელი ეს დრო? – იტყვი? – რომ გეი ხარ. – ვაიმე, ექა მაგაზე ლა გიპასუქო?
– ჰაჰა... ბექა...
– იმ საღამოს მერე გაკვირდები და ვერ გამიგია... ...ერთდროულად გოთი ხარ, ემო, როკერი, პანკი, ჰიპი თუ ფანატი მორწმუნე...
– და როცა გაარკვევ?
– თუ გავარკვევ...
– რას იზამ, როცა გაარკვევ?
– აღვნიშნავ...
– მომწონს შენი ხაკისფერი შარვალი. ...და ეგ კაპიუშონკაც, არ მომერგება?
– გავიხადო?
– სამსახურში თუ კარგად გავარჯიშებენ...
– არც იმდენად, რომ შენ გაგაკვირვო... – ნუ "მაბამ".
– არ "გაბამ".
– კიდე როდის გნახავ?
– მნახავ...
მიამიტობა იკვეცება მაშინ, როცა ადგილს გამოცდილება იკავებს... ეს შემთხვევა ნამდვილად უსამართლო იყო ჩემი იმდროინდელი სუბსტანციისთვის, ან იქნებ დროული (?), იმიტომ, რომ სამყარო გამჭრიახია... და ძალიან კეთილი... მაშინაც კი, როცა ჩვენ ვბრაზობთ... ...სახლში რომ მივედი, უკეთესად გავაანალიზე ყველაფერი და ჩემი "გულწრფელი ფლირტიც" აზარტულ თამაშად გარდაისახა, რაც ჩემთვის უფრო სასარგებლო აღმოჩნდა, ვიდრე სტანდარტული პაემნები და ჟესტები, რომლებსაც ვერასდროს ვერგებოდი...
აქ იყო სწორედ ის გარდატეხა, რომელიც ერთ გაელვებაში ხდება. ფემინისტური გამოძახილით ტრანსფორმირდა ჩემი მიდგომა, ასე რომ, უფლება არ მქონდა, თამაშში არ ავყოლოდი და არ გამეგო, რა იქნებოდა ბოლოს...
ორი თვე გავიდა იმ დღიდან. ჩვენ ვხვდებოდით პერიოდულად იმ სიხშირით, რამდენის საშუალებასაც მისი "მედლის მეორე მხარე" და სამსახური იძლეოდა, ანუ იშვიათად... და ეს იყო რაღაც როგორც გეგმიური ჩანართები ცხოვრებაში. პაროდია – ცალსახად ღრმა ფილოსოფიური ხასიათის, მისტიური ელფერის – მხატვრული შეხვედრები... რა თქმა უნდა, ჩემი სცენარით, ე.ი. ცალმხრივი (მიუხედავად ბექას აქტიური მცდელობისა). ასე ჩამოყალიბდა ჩემი უბოროტო, ფარული ცინიზმით გაჯერებული ურთიერთობა.
მოკლედ, ფანტაზიას გასაქანი მივეცი... რა იოლია ურთიერთობა, როცა იცი, რომ სპექტაკლში თამაშობ... იცი სიმართლე და გახალისებს, რომ "გატყუებენ". არ ვცდილობდი გამეგო, რა სურდა ჩემგან. ჩანდა, ეს არც თვითონ უწყოდა. არ იყო ცუდი პიროვნება და ბუნებრივია, რაღაც მნიშვნელოვანი აკლია ადამიანს, რომელიც მასავით იქცევა.
ვეუბნებოდი იმას, რისი მოსმენაც ვიცი, რომ თვითონ უნდოდა. ჩემზე ფიქრობდა ისე, როგორც იმ მომენტში მინდოდა ეფიქრა და ეგონა ის, რისი ღირსიც იყო, რომ ჰგონებოდა... იყო ბევრი ექსპრომტი... მსუბუქი ექსპერიმენტი... საცდელი თაგუნა იყო და ვიცოდი, რომ არ ეტკინებოდა, მეც ხომ მისთვის რიგითი "გვერდითი მოვლენა ვიყავი", რომელიც (ჩემი ჩანერგილი) მისი წარმოდგენით, მხურვალე გრძნობით იყო გამსჭვალული...
ყველაფერი, პირველ რიგში, ჩემთვის იყო საჭირო და ვხედავდი, თვითონაც კომფორტულად გრძნობდა თავს... პაციენტივით მიყვარდა, თვითონ "სამკურნალოს"... მოკლედ, სტიქიაში ვიყავი... და ვინ იცის, სადამდე შევტოპავდი, რომ არა... * კატოს და ლუკას ქორწინების რვა წლის იუბილე:
– რა გჭირს ხელზე?
– მსხვილი ეკლები მაქვს ხელისგულებში გაყრილი, ბექას ვეუბნებოდი, სულიერი ტკივილი ფიზიკურზე გადამაქვს-მეთქი, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ ეკლებს გამოვიძრობ და ხელი გაყუჩდება, სული კი წინასწარ გლოვობს მოახლოებულ ტრაგედიას-მეთქი და რაღაც ეგეთები ვებოდიალე :დ
– რა სიამოვნებას იღებ ამისგან? პათეტიკური წერილების მიწერა ძველებურ ქაღალდებზე, მეტაფორული გამოხდომები, ეს სიმბოლიზმი... თითქოს შენი საქციელით რაღაცის რეალიზებას ახდენ, ხო? ტიპს ოფიციალური შლეგი ჰგონიხარ...
– ეს ჩემი ერთ-ერთი რეალური მხარეა, ისე, კატო... რომ იცოდე... – ის გახსოვს? ...ტორტის ლენტით სისხლს რომ იჩერებდი მაჯაზე :დ – "დღევანდელი ახალგაზრდობა ისე მოძრაობს, როგორც ახლა სისხლი ჩემს ძარღვებში" . დღემდე ინახავს მაგ ლენტს. ვაიმე, რა აჟიტირებული ვარ... შენს მაზლს შეხედა, ვის ეტმასნება?
– რააააოოო? –არაბუნებრივად აელეწა სახე...
– ცოლი სად "წაიღო?" ისევ ნაჩხუბრები არიან?
– ეგ შენ უკეთ გეცოდინება, ძაან გემეგობრება...
– ეგ ყველა თანამშრომელს ემეგობრება ორი ჭიქის მერე... ბოლო პრეზენტაციის წვეულებაზე ისეთი მთვრალი იყო, შემოსასვლელში დაწვა და "ფეხი დამადგითო" ყვიროდა... მერე ჩემთან მოვიდა და სიყვარულსა და კაცობას შორის, რომელს აირჩევდიო... კატოს და ლუკას რომ უყვართ ერთმანეთი, ისე უნდა უყვარდეს ყველასო.
ღმერთმა დამიფაროს-მეთქი. ტირილი დაიწყო, მე ვიღუპები და ისიც ჩემთან ერთადო...
– ვინ "ისიც"?
– ცოლი, ალბათ, მე რა ვიცი... – ამ სიტყვებზე კატო ცახცახმა აიტანა. დავინახე, როგორი ცხოველური დაჟინებით მიაჩერდა სმაში გართულ ლუკას... მეგონა, ნათურები აფეთქდებოდა... – კატო, რა გჭირს ამ ბოლო დროს?
– ლუკა მიყვარს...
– და რამე განსაკუთრებულს ხედავ ამაში?
– არა... ძალიან მიყვარს... – ისე ამბობდა, მეგონა, უფრო საკუთრ თავს უმტკიცებდა ამას...
– ვიცი... რომ არ გიყვარდეს, ყოველ ნაბიჯზე ღალატს არ აპატიებდი.
– იცი, რამდენი რამე გამოვიარეთ ერთად?
– ვიცი... სარწმუნოებას დაუპირისპირდით, ოჯახს დაუპირისპირდით, სიდუხჭირეს და უსახლკარობას. ამ წინააღმდეგობებმა მეტი ადრენალინი და ჟინი მოიტანა და ოცი წლის ღლაპები დაქორწინდით... "რა თბილი სურათია"... მაგრამ მაინც ყოველ მოსახვევში გღალატობს და შენ მაინც პატიობ.
– არ მიპატიებია! არც ვაპატიებ!
– კატო, ლუკა გიყვარს?
– ვინ? კი, რატო მეკითხები?
– ვინ და შენი ქმარი... გასაგებია...
– რა არის გასაგები?
– "ვინ"...
– უნდა გელაპარაკო! ახლავე!
– ხვალ, რა... –!
– ძალიან გთხოვ... *იმ ღამით გვიან მივედი სახლში. ქალაქს ეძინა. სიჩუმეს პოს ხვრინვა არღვევდა. ფანჯარასთან ვიჯექი და ტყვეობიდან თავდაღწეულივით ვსუნთქავდი ჰაერს, ერთსტროფიანი ტანკაც მოვხაზე გონებაში და მობილურში გადავიტანე. ძალიან მინდოდა, save-ის ნაცვლად send to…- გამეკეთებინა, მაგრამ არ მეგულებოდა არავინ, ვისთვისაც მემეტებოდა.
ვგრძნობდი, რომ არავისთვის არ მინდოდა ამ სიმშვიდის გაზიარება და ეს სურათი მხოლოდ ჩემთვის იყო, მაგრამ ვიცოდი (და არც შევმცდარვარ), იმ პარალელურ სამყაროში ვიღაცა ჩემსავით იჯდა ფანჯარასთან და გრძნობდა ღამეს...
იხილეთ ასევე: კედებიდან პლატფორმამდე - III თავი - გაწიე ფარდები? ახალი დღის შუქი შემოდის...