როცა ადამიანი იღვიძებს, ის ეს-ესაა მოშორდა ქვეცნობიერს, რომელიც მთელი ღამე "ბუინობდა" სიმართლის ქექვაში. ამიტომ აზრები, გრძნობები, მდგომარეობა, რომლებსაც დილას ახალგაღვიძებული განიცდი, ყველაზე საგულისხმო და სარწმუნოა.
"ფროიდისტი" არა ვარ, მაგრამ ამაში გამოცდილებამ დამარწმუნა.
არ მახსოვს, რამდენ ხანს ვებრძოდი ამ საშინელ შეგრძნებას, რომელიც ცნობიერების მოსვლისთანავე მეუფლებოდა, განსაკუთრებით, გაღვიძების პირველ წუთებში, მაგრამ ხოლეცისტიტზე უარესი "გემო" გაქვს სულში ამ დროს.
გეგონება, ცხოვრებაში არ "გამოგიხეხავს" გონებაც. არაფერს ელი დღისგან, თან რაღაცის მოლოდინში ხარ თითქოს... რუტინასაც იქით მოაბეზრე თავი და ნერვები გეშლება, რომ ისევ "იქ" გაიღვიძე, სადაც დაძინებამდე იყავი. ამ ყველაფერს დამატებული - გაურკვეველი ბრაგუნი და გიას როხროხით დაწყებული დღე:
- გოგო, ცოტა მარჯვნივ წამოწიე, თვალის ზომა არა გაქვს?
- ვაიმე, გია ბიძია, ზურგზეც ხომ არ შემოვიდო ეგ მაგიდა?
- ლილი... გაიცანით - ჩემი ბავშვობის დაქალი! ყოველ დღეს დიეტით იწყებს და ომლეტითა და კარტოფილი-ფრით ამთავრებს. ბავშვობაში სტაფილოსა და ჭარხალს ვერ იტანდა და მისი ტურნიკზე დაკიდების პირველივე მცდელობა ბეჭის ამოგდებით დასრულდა; სისხლის დანახვაზე გული მისდიოდა, მაგრამ მედდის პროფესია აირჩია; ნებისმიერს გაკორტნის, ვინც თვალში არ მოუვა და ყველაფერს გააქრობს, რაც გზაზე გადაეღობება, მაგრამ გიას ნახევარსაუკუნოვან მაგიდას მაინც ვერაფერი მოუხერხა.
- ბიჭო, დასაშლელია ეგ მაგიდა, ვერ გაატევ ეგრე. - რჩევებს არ იშურებდა ფანჯარაში გადმომდგარი მეზობელი.
-კონსულტანტობას ჯობია, დაბლა ჩამოხვიდე, შე კაი კაცო!
-კარგ დროს ამოგილუქავთ სადარაბაზო, უკვე ორი ოკუპანტი ცხოვრობს შიგ, - ყავას აბოლოვებდა აივანზე დალი და ენაკვიმატობას აყოლებდა ზედ.
- ეს ის მაგიდა არაა, 93-ში რომ დაგვირიგა "ჰუმანიტარულმა დახმარებამ"? ბავშვობა გინდათ გადამიგდოთ? - გამოვყავი კუმ ფეხი ისევ ჩემი გაუგებარი იუმორით.
- გადასაგდებია, დღეში ხუთჯერ მიწისძვრის ცრუ განგაშს მიწყობს, ვეღარ დგას ფეხზე, –აღნიშნა თვითონ მობარბაცე და ნაბახუსევმა გიამ.
- ნამეტანი ცარიელია მაგ მაგიდა. აი, აქედან რომ ვუყურებ, კარგი ჭაჭის ბოთლი მოუხდება მაგას.
- მე გამატარეთ რაა... სმენაში მაგვიანდება - აფორიაქდა ჩასაქმებული ლილი.
- ჰე, ახლა... მოგაშველოთ "ზაკუსკა"? - ჯამით ხელში გამოძუნძულდა დალი აივანზე.
თერთმეტის ნახევრისთვის, როცა ავარიული კიბიდან გარეთ გამოვედი, ეზოს სურათი შემდეგნაირად აღიწერებოდა: კარგად შეზარხოშებული სამეზობლო, სადარბაზოს გასასვლელში გაჭედილი მაგიდის ირგვლივ, სადღეგრძელოები ფონად: ეს მაგიდა მეტაფორაა ჩვენი წარსულის, გაჭირვების. როგორც მაშინ გავერთიანდით გასაჭირში, ისე გავერთიანდით ახლა ლხინში იმ მაგიდის ირგვლივ, რომელიც ახლით შეიცვლება...
- უკაცრავად... შიგნით უნდა შევიდე... – სად იყო და სად არა, გამოჩნდა იდილიის დამრღვევი დაუპატიჟებელი უცნობი.
- ეს ვისი ბიჭია? - ჭიქა დადგა გიამ და მეც მათ მზერას გავაყოლე თვალი... სადარბაზოსთან ოფისის ზმანზე აწყობილი დაკაპიწებული ყმაწვილი იდგა:
- გამარჯობა. ბოდიშს გიხდით... მაღლა უნდა ავიდე.
- ვისთან მიბრძანდებით? - არ ცხრებოდა ”საბაჟო”, მე კი მის აკადემიურ მანერას და გაქლიბულ ფრჩხილებს ვაკვირდებოდი.
- სამსახურში, - საუბრის დიდი სურვილი არ ეტყობოდა ფლეგმას, სამაგიეროდ, მეზობლები იყვნენ განწყობილნი:
- აა... ჩვენთან ხომ ოფისი გაიხსნა, მესამე სართულზე - კარტები გახსნა გიამ.
- ო-ო... აბა, მაშინ ჯერ ერთი ჭიქა უნდა დაგვილიო, ისე ვერ მიიღებ ვიზას...
- კარგით ახლა, ბიჭი სამსახურში მიდის, - მარტო იმიტომ ჩავერთე საუბარში, მისი რეაქცია რომ შემემოწმებინა - დედამიწის მკვიდრთან გვქონდა საქმე თუ ჩვეულებრივ რობოტთან, მაგრამ რეფლექსურადაც კი არ მობრუნებულა ჩემკენ, მაგიდის მხარეს იყურებოდა, თვალებს ხუჭავდა და აღებდა, ხუჭავდა და აღებდა. ხამხამი ცოტა სხვა რამეა და იმიტომ...
- ხო და ძალიან კარგი, მეტი ენთუზიაზმით იმუშავებს, ჭიქა მომაწოდეთ...
- ვ-ე-რ დ-ა-ვ-ლ-ე-ვ. მაგვიანდება მეც და დამაგვიანდა უკვე! - პლასტმასის თოჯინასავით მოხარა ხელი და საათს დახედა.
- მით უმეტეს, თუ უკვე დაგაგვიანდა.
- გავატაროთ ეს ბიჭი როგორღაც. შვილო, მაგიდაა გაჭედილი და როგორღაც შემოგვიარე, წამოდექით ფეხზე.
- არა, არა, ჯერ შემოსწრებულები. – არ ცხრებოდა გია და ხელგაშვერილი უყურებდა რობოტს, რომელიც ოდნავ უხერხულობასაც არ გრძნობდა და არც ჭიქის გამორთმევას ფიქრობდა. მეც ბევრი არ მიფიქრია (ვიღაცას ხომ უნდა გამოერთმია ჭიქა?) და...
ახლა ჩემი იმდროინდელი შინაგანი სავალალო მდგომარეობით ვამართლებ იმ გათამაშებულ გამოხდომას და პომპეზური არტისტულობით გადაკრულ ჭიქას, არაფერს ვამბობ უზომოდ "ნაამებ" კუჭზე. ნავარაუდები ეფექტი კი მაინც იყო, თუმცა... ...გაუკვირდა ყველას, იმ უჟმური ტიპის გარდა. როგორც ჩანს, რაღაც ნახევრად ფატალური უნდა გამეკეთებინა, ჩემკენ რომ გამოეხედა:
- ეგრე არ შეიძლება, მომავალი დედა ხარ... - მრავლისმეტყველი ფრაზაა, ვერაფერს იტყვი.
- არა უშავს, მომავალი დედები შაურმასაც ჭამენ და "მაკდონალდსშიც" დადიან... - ამოვითქვი ჭაჭიანი სული...
- კარგით, გავივლი... - ჯერ წარბები გადაალაგა მაგიდის მიმართულებით, მერე - მზერა, სწრაფად ჩაავლო ცალი ხელი და ლაკონიური მოძრაობით მოწყვიტა ძირიდან. ისე გამოსწია, მგონი, ჭიქაში სასმელიც არ გაქანავებულაო და ზუსტად იმდენი ადგილი დატოვა, რამდენიც გასასვლელად სჭირდებოდა.
იმდენად დიდი სისასტიკე ჩანდა მის მოძრაობაში, თითქოს მაგიდაც დაემორჩილაო. მერე უფროსებს თავი დაუკრა და ასეთივე დინჯი და კონკრეტული სიარულის მანერითა და უდარდელობით აუყვა კიბეს, თითქოს ჩვენ საერთოდ არც ვარსებობდით და ეს-ეს იყო, მოჩვენებებს ესაუბრა...
სამსახურამდე მთელი გზა ამ ფაქტზე ვფიქრობდი...
*
- ახალგაზრდა ბიჭი რატომ უნდა იყო ასეთი ხანდაზმული, არ მესმის?
- ყველა ხანდაზმული მაგაზე ახალგაზრდაა, მერწმუნე, კატო. ჭიქა რომ დავდგი, ძალიან ამაყად და თვითდაჯერებულად, აპლოდისმენტების მოლოდინში, მის უემოციო სახეს წავაწყდი. ეგ ყველა მწნილზე მჟავე იყო მისაყოლებლად.
ისეთი ინდეფერენტულობით მიყურებდა, როგორითაც არ შეიძლება უყუროს ერთმა სულიერმა მეორეს. აღნაგობაც შესაბამისი – მგონი, ორივე თვალი შუშის ჰქონდა. წამწამებზე ჩამოწოლილი დაბერილი ქუთუთოები, ცხვირი მოკლე, ზუსტად ისეთი, როგორიც უნდა ჰქონდეს ბუნებით პედანტ, მიზანტროპ ადამიანს.
ტუჩებიც ასევე – დიდი, ლამაზი და უკმაყოფილო, ჩამოწეული კუთხეებით. ოთხკუთხედი, უხეში ყვრიმალები და საოცრად ცინიკური ღაწვები, მაღლა აზიდული, თითქოს კაცობრიობის დაცინვისგან.
ხმადაბლა, ძალიან ხმადაბლა და მტკიცედ წარმოსთქვამდა სიტყვებს. ჩანდა, უფროსებისადმი მოწიწებას იჩენდა, მაგრამ მის ჩუმ გამოხედვას ერქვა "მე ვხედავ თქვენს ცოდვებს". რაღაცნაირი გამჭოლი მზერა ჰქონდა, ამავდროულად, რბილი, მინაბული, ახალგაღვიძებულს ჰგავდა. საუბრისას სახეში მიყურებდა. თვალებში კი არა, სახეში...
თან თვალს არ მაცილებდა, თან თითქოს საერთოდ არ მხედავდა, ჩემს მიღმა იყურებოდა. გაშეშებული და ხელოვნური, თვითდაჯერებული, ტბასავით მშვიდი და ჩუმი, სასტიკი ადამიანი იდგა ჩემ წინ და ეს ზუსტად ერთ ფრაზაში გამოამჟღავნა.
– ტეო, შემომხედე, აქ ხარ? რანაირი შთაგონებით ლაპარაკობ? ძაან დაგზაფრა აშკარად...
– აუ, თქვენ ორნი, ძალიან გთხოვთ, ან კაბინეტის ერთი ბოლოდან მეორეში ნუ ელაპარაკებით ერთმანეთს, ან – გარეთ გადით...
– თორემ მოვა პირანია და, თუ პრეზენტაცია არ გვექნება მზად, სადილად ჩვენს გულ-ღვიძლს შეუკვეთავს.
– კაი, მორჩა, ვმუშაობთ.
– აუ, ეს ვინ არის, მეოთხეჯერ მიგზავნის ცარიელ მესიჯს.
– ბექა არ იყო ეგ წინაზეც? მისტიკოსი მწერალივით რომ შემოგივარდა სხვა პროფილით.
– ჰაჰ, ძაან აზარტშია... ეგ იქნება ესეც. მოიცა, მივწერ: "მადლობა". ვა, ნახა და არ მწერს. ეგეთები არ იცოდა... დაიცა:
მადლობა ცარიელი მესიჯებისთვის, რადგან როგორც ოშომ თქვა – "მხოლოდ სიცარიელეა ჭემარიტად სუფთა..."
როდისმე მოუჩვევიხარ უკუნეთს ისე, რომ თვალებიდან გადმოგსვლია?
აუ... ვერ ხარ კარგ დღეში.
ყელში გაჩხერილი შიშია ის, რასაც გამუდმებით ასაღებ ღიმილად.
დიდი და პატარა ასოებით წერა მაგარი ტიპობა არ არის, ბექა. გამოდი, გიცანი. ვმუშაობ და ხელს მიშლი.
ბექა? და რატომ არა – ღვარძლი, რომელსაც ყურს უკან იწევ ყოველდღე და გგონია, მალავ.
გოგო, კატო, მე მგონი, არ არის ეს ბექა, ნახე რაებს მწერს, "ვითარცა მჩხიბავი" )
– უიმე, მოაშორე, უწმინდურია ვიღაცა.
– ამას მოვუგვარებ ახლა.
– ვაიმე, იმუშავეთ ხალხნო!
– დაიცა:
ეს მალალეტკური ტექსტები სად ამოიკითხე?
– რა ამპარტავანი ხარ, ეულო სულო… თვითონ, ალბათ, დიდი ძალისხმევა გჭირდება, რომ შენი ტექსტები ჰგავდეს "დიდისას"…
(...მაგრამ სანამ ამას მომწერდა და ვნახავდი, ფეისბუქი საღამომდე გამოვრთე და ატირებულ კატოს გარეთ გავყევი):
– რა გჭირს?
– ლუკას ისევ მესიჯები ვუპოვე წუხელ, თავისი ახალი მოსწავლის დედასთან მღალატობს.
– რაა? მაშინ რომ გაგვაცნო ჩემპიონატზე?
– ხო, ის კეთილი, სათნო ქალი, რომლის 6 წლის შვილსაც ჩემი ქმარი ჭადრაკს ასწავლის.
– ავადმყოფია! ტირილი კი არა, უნდა გეზიზღებოდეს.
– საქმეც ეგ არის, რომ ლუკას გამო არ ვტირი. ვტირი იმიტომ, რომ არ ვტირი მის გამო და ეს მატირებს... ჩემს ქმარს საყვარელი ჰყავს და მე მშვიდად მეძინა. აი, რაშია ტრაგედია, ტეო!
– დაიღალე... მერამდენე შემთხვევაა ეს... შეეჩვიე და მოგბეზრდა... რას აპირებ?
– რომ ვუთხრა, რა? იმავე ტექსტებს ვუსმინო? – "ამ ერთჯერადი ურთიერთობებისთვის ნუ დაანგრევ ოჯახს", "იმდენი რაღაც გვაკავშირებს, ვერავინ ჩადგება ჩვენ შორის".
– "ბავშვობიდან ერთად მოვდივართ", "დროებით გატაცებას ნუ შესწირავ ჩვენს სიყვარულს", "მარტო შენ მიყვარხარ", "ეს უკანასკნელია", "მორჩა! მე შევიცვალე!" არ მოგბეზრდა, გოგო?
– იცი? ერთხელ თუ გადახვალ იმ ზღვარს, რომელსაც ღალატის მიტევება ჰქვია, მერე აპატიებ ყველა მორიგ შემთხვევას. პირველად როცა პატიობ და გგონია, აღარ განმეორდება, ერთხელ მიქარულისთვისაც გენანება ოჯახის დანგრევა და ა.შ... ზუსტად იქ ვუშვებთ საბედისწერო შეცდომას და ის, რაც ხდება ერთხელ, მერე მეორდება პერმანენტულად და შენი ცხოვრების ნაწილად იქცევა, მაგრამ, როგორც ჩანს, არა სამუდამოდ...
– ღალატი - ეს ისაა, რასთან ერთადაც ყოველი მეორე შეგუებულად ცხოვრობს, რაც მონოტონური უსიამოვნო ხმაურივით თანს სდევს ოჯახურ ცხოვრებას. და ასეთი ყოფა კაცობრიობის არჩევანია... მარტო ერთეულებს უმართლებთ...
– ამაზე ბევრი რამის თქმა შემიძლია, მაგრამ ახლა არა, დღეს არა! პრობლემა მარტო კაცში არაა.
– "ყოველი ქალი პოტენციური ძუკნაა"?
– კი, ტეო.
– მოდი რა, პოტენციებზე ლაპარაკს შევეშვათ. დემაგოგიაა... შენს ადგილზე თავზე დავახურავდი ყველაფერს ორივეს! სულ არ მაინტერესებს, ქაჯობაა თუ "სვეცკობა", მაგის ქმარსაც გავაგებინებდი და ყველას საერთოდ... ყველას შენი სიყვარული აქვს მაგალითად და ეგ კიდე! დაშორდი, კატო!
– რომ მიყვარდეს, კი...
– და... აბა?
– ტეო! შენც კარგად ხედავ, რომ ამ ბოლო დროს...
– ჰო... ...და ეს ნამდვილად არ დამიკავშირებია ლუკასადმი გრძნობის შერყევასთან.
– ლუკას არც უკავშირდება.
– ვერ გავიგე, ქარაგმების გარეშე მელაპარაკე, რა ხდება, მეტყვი? იმ დღეს ლამის თვალები დაგვთხარე, ლუკა ისე მიყვარსო; მერე მეუბნები, არაო; ახლა ლუკა საერთოდ რა შუაშიაო.. ვერ გავიგე, შენ...
– რა?
– გოგო... ვინმე სხვა?
– შენ ხომ არ აფრენ?
– ვინმე სხვა-მეთქი?
– ტეო, ზედმეტს ლაპარაკობ!
– ოკ... შევედი მე... ზარს უპასუხე, "გასკდა"...
– არ შეხვიდე. დაიცა... ალო? რაა? ვისთან? ცოცხალია? რომელში?
– რა მოხდა?
– მოვდივარ!
– რა მოხდა?
– ლუკა საავადმყოფოშია. სადარბაზოში იპოვეს ნაცემი და მთვრალი. ცოცხალია...
– გონზეა?
– კი.
– ალბათ, იჩხუბა ისევ ვინმესთან. მეც წამოვალ...
სანამ საავადმყოფომდე მივედით, კატო რამდენჯერმე მოკვდა და გაცოცხლდა... ყოველ შემთხვევაში, მე ასე მგონია... იმდენჯერ დაკარგა გონება კი არა, იმდენჯერ ჩავარდა კომაში, ბოლოს აღარც ვასულიერებდი. სრულიად შეშლილი შეფრინდა მიმღებში და მეგონა, სუნით მიჰყვებოდა ქმრის კვალს, როგორც ერთგული ძაღლი. იმიტომ, რომ არავისთვის არაფერი უთქვამს ან უკითხავს და არც ესმოდა, არც ხედავდა არაფერს...
ლუკას დიდი არაფერი სჭირდა, თითქმის ყველა ნეკნი ცდომილების გარეშე ჰქონდა ჩამტვრეული და საკმაოდ კარგ ხასიათზე შეხვდა აქვითინებულ კატოს, რომელიც მერე მთელი უკანა გზა მიმტკიცებდა, თუ როგორ უყვარს ლუკა, რომ მის გარეშე სიცოცხლე არ შეუძლია და რომ სწორედ ახლა მიხვდა ამას, რომ ის მისი ერთადერთი და მარადიული სიყვარულია და მის გარეშე თავს არ იცოცხლებს...
მსგავსი პათეტიკა გააგრძელა ჩემთან სახლში და თითქმის გამთენიისას ჩაეძინა... მეორე დღეს კი, როცა საავადმყოფოში წასაღებად გამზადებული ბულიონით ხელში იდგა კარებთან და იმ გაურკვევლობასა და ქაოსზე ჩავეძიე, რომელზეც წინა დღეს საუბრობდა, მიპასუხა: "ყველა ქალი შეიძლება პოტენციურად ძუკნაა", მაგრამ მე არა... ამიტომ ვცხოვრობ ლუკასთან მე და არა ის ვიღაც სხვები...
იმდენად კმაყოფილი სახე ჰქონდა, რომ აღარ გავახსენე, რა მითხრა ღამით, როცა ბადაგონით გაბრუებული გამოდიოდა სიტყვით...: "ჩემში სრული ქაოსია... არაფრის აღარ მწამს, რისაც აქამდე მჯეროდა, არც ერთგულების, არც პატიოსნების, არც დედის და არც ლუკასი... ვიცი, რომ ყველაფერს განსაზღვრავს კანონზომიერი შემთხვევითობა და ის უშრეტი ძალა, რომელსაც სიყვარული ჰქვია, მაგრამ რა არის, ვერ ამომიხსნის ვერავინ... ჩემში ყველაფერი გაქრა, რასაც მორალი, წესები და დედა ღაღადებდნენ. აწი მე თვითონ განვსაზღვრავ საკუთარ წესებს... და იცი რა, ტეო?
როგორც ამბობენ – ყველაფერი ისე მართლა არასდროს არაა, როგორც ჩანს... მოვა დრო და ძალიან გთხოვ, გაიხსენე ეს სიტყვები მაშინ, როცა ჩემ წინ იდგები და თვალებში ჩამხედავ, დამხედავ... ზემოდან ქვემოთ..." – ვუყურებდი იმ დილას კატოს და ვხედავდი, რომ არ სჭირდებოდა იმ სიმართლის ცოდნა, რომელიც მის შიგნით ბინადრობდა და მხოლოდ დროდადრო წამოყოფდა თავს, მაგრამ ვხედავდი, ძალიან მალე მისი პირველყოფილი ბუნება აუცილებლად ამოხეთქავდა ღრიალით და გააცხადებდა ყველა იმ საიდუმლოს, რომელიც თვითონ დაივიწყა და უარყო... ვფიქრობდი და არც შევმცდარვარ... მე, უბრალოდ, დაველოდე...
*
მიუხედავად ყველაფრისა, მაინც მშვიდი და ლამაზი დილა იყო... ხეებს საკუთარი სიშიშვლის აღარ ერიდებოდათ, ვეღარც მეეზოვეები ერეოდნენ შემოდგომას და ზუსტად ის დრო იყო, როცა კაშნე და ჟაკეტი ჯერ გიხარია და გეგანწყობება... ფანჯარა გავაღე თუ არა, ყელი დამიკოცნა ცივმა ნიავმა და ყავის არომატი გაფანტა...
ძალიან მინდოდა, ღალატის ფენომენზე მესაუბრა ვინმესთან და ბლოკნოტი გადავშალე. ახლავე გაგიზიარებდით, შუა წერის დროს ის ანონიმი რომ არ გამხსენებოდა და ლეპტოპი ჩავრთე: "რა ამპარტავანი ხარ, ეულო სულო, თვითონ ალბათ დიდი ძალისხმევა გჭირდება, რომ შენი საუბარი ჰგავდეს "დიდისას" – ეჭვს მტერზე ავიღებდი, რომ მყოლოდა...
რა აიძულებს ადამიანს, ილაპარაკოს ასე? და რაც ყველაზე მთავარია, მე ისევ რატომ ვფიქრობდი იმაზე, ვიყავი თუ არა მართლა ამპარტავანი და რატომ მიაჩნდა ასე? ან რა მიზნით მწერდა საერთოდ... ზოგადად, ანონიმები და ინკოგნიტოები დიდი ხანია მოდიდან გავიდა, მის პროფილსაც არ ეტყობოდა, რომ გართობა იყო მიზანი... ერთადერთი ფოტო ეყენა - ქალის, რომელსაც გრძელი თმა ჰქონდა მთლიანად ჩამოვარცხნილი წინ ისე, რომ ვერ მიხვდებოდი, სახე საით ჰქონდა და ანაფორის გრძელი სახელოებით დაეფარა მტევნები.
მისი პროფილის არსებობა 2 წელს ითვლიდა... ბოლოს, ანუ გუშინ, დილას ჰქონდა ბოლო აქტივობა, ac\dc-ს სიმღერა გაზიარებული და ეწერა: "ის უნიკალური ხელნაწერი, რომლის წაკითხვაც თავში აზრადაც არავის მოუვა.
მტვერი გჭამს..." არც სტატუსი იყო ნაკლები: "ზიხარ ფანჯარასთან და გჯერა, რომ ცოტას კიდევ დაგაცდიან ახალ განსაცდელამდე..." "ქავერზე" ყურის უხარისხო სურათი ეყენა... ვიღაცის ყურის, მისი ან სხვისი... ჩანდა, სურათზე მოეჭრა და გაედიდებინა... რაც პირველად მომივიდა აზრად, ის მივწერე:
"ადამიანის ამპარტავნება მცირდება პიროვნული განვითარების პირდაპირპროპორციულად. ჩემგან რამით რომ განსხვავდებოდე, განკითხვას არ დაიწყებდი. ასე რომ..."
არც ის ვიცი, რისი თქმა მინდოდა და არც იმაში ვიყავი დარწმუნებული, რასაც ვწერდი. უბრალოდ, მინდოდა რაიმე ჟღერადი მიმეწერა, თუნდაც იმისთვის, რომ პასუხი მიმეღო...
მერე ავდექი და ბექას მივწერე: "ვიცი, ვიღაცას ჩემთან ღალატობ, თუნდაც მეტაფიზიკურად, თუნდაც – ფსიქოლოგიურად, მაგრამ პირველი დღიდან ვიცი, რომ შენ სხვა გყავს..." " საღამოს ვილაპარაკოთ", – იყო პასუხი. დაახლოებით ისეთი გრძნობა მქონდა, როგორიც იმ ბავშვს, რომელმაც ერთადერთმა იცის, სად შეინახა დედამ ტკბილეული. ამასობაში მომწერა ნიკმა "anonym mail":
"შხაპის ქვეშ გაგუდული ხრიალი არასოდეს აღმოგხდენია, როგორც ჩანს..." – დიდი და პატარა ასოებით აღარ წერს, ესეც პროგრესია, მაგრამ პასუხის მიწერის დრო აღარ მქონდა.
ღმერთს მადლობა შევწირე, რომ მქონდა შალის კუბოკრული ლაბადა, ცხელი შოკოლადი თერმოსში, მისწრება ფლეილისტი mp3–ში და 15 წუთი სამსახურში მისასვლელად.... ძალიან მშვიდად ვიყავი. მიხაროდა, რომ თავის დროზე ოჯახურ აბლაბუდაში არ გავეხვიე, რომ შემეძლო, როგორც მინდოდა, ისე "მეთამაშა ურთიერთობებით", მეწერა, რამდენიც მინდა და გაფრენილ ფოთლებად მომეფანტა...
კმაყოფილი ვიყავი – მქონდა სამსახური, თუნდაც დისკომფორტული, რომელიც განაპირობებდა ჩემს კომფორტს, იმ მინიმუმს, რაც ჩემთვის სრულიად საკმარისი იყო... ვიყავი თავისუფალი, მზად ყველანაირი საინტერესო ექსპერიმენტებისთვის, ვფლობდი საკუთარ ემოციებს და ურთიერთობას ცივი გონებით.
მომწონდა იმაზე ფიქრი, რომ ადამიანს შეუძლია საპირისპირო სქესის სხვადასხვა ტიპთან ჰქონდეს ურთიერთობა და ასე უამრავი რამე გაიგოს საკუთარ თავზე. სადღაც გულის სიღრმეში ჯერ კიდევ მჯეროდა იმ ერთადერთის, მაგრამ ეს წარმოდგენა იმდენად დათრგუნული მქონდა, რომ ჩემთვის სისტემა ასეთი იყო: ადამიანი მუშაობს იმისთვის, რომ ჰქონდეს ფული, ფული, საჭირო საარსებოდ და თვითგანვითშემეცნებაში დასახმარებლად. სწორედ თვითშეცნობაა ჩვენი ცხოვრების აზრი. საპირისპირო სქესთან ურთიერთობა კი ყველაფრის სათავეა, მაგრამ ურთიერთობის ფენომენი უნდა გავიგოთ სწორად, ყოველგვარი სამომავლო გეგმის გარეშე...
ხელს გვიშლიან ისეთი მონსტრები, როგორებიც არიან: ურთიერთობისას სამუდამო კავშირებსა და ოჯახზე ფიქრი.... სამუდამო სიყვარულზე ოცნება და სხვ... ოჯახი? ოჯახი უნდა შექმნა მაშინ, როცა სხვა არაფერი დაგრჩენია. მანამდე კი ქორწილი, შვილები, ბლა–ბლა–ბლა მხოლოდ გაუხეშებს, უკმაყოფილოს გხდის ცხოვრების მიმართ და დიდ იმედგაცრუებას გაჯახებს... თუ არა და, შეხედეთ კატოს... ყოველი მეორე ასეა... ყოველი მეორე უკმაყოფილო დიასახლისია, მათი ჯაფის კომპენსირება ხდება შიგადაშიგ განცდილი სიხარულებით და ამ დროს ფიქრობენ – აი, ამისთვის ღირდა...
რამდენ რამეზე თქვეს უარი მათ? ასეთობამ და კიდევ სხვა ფემინისტურმა ლოზუნგებმა მომიცვა სრულიად უკომპრომისოდ და შეშლილივით... თქვენ იფიქრებთ, რომ ვცდებოდი; განსაკუთრებით ისინი, ვისაც უკან დასახევი გზა არ აქვთ, მაგრამ იმ მომენტში ეს იყო ის, რისი რწმენაც მინდოდა და კიდევ სხვა ახალი აღმოჩენა ჩემს თავში, რომელზეც ვისაუბრებთ შემდგომ... ახლა კი ჩემს მოსაწყენ სამსახურს დავუბრუნდები, ჩასაფრებული სულმდაბლებითა და ჩამშვები კოლექტივით სავსეს, საზოგადოებას, რომელსაც დაავიწყდა, რომ მოკვდავია... მაგრამ სხვაგვარად, აბა, როგორ ვიყიდით ბილეთებს სპექტაკლზე... ...და იმ დღეს თეატრში თამაშობდნენ – " "შელოცვას რადიოთი" ...
იხილეთ: კედებიდან პლატფორმამდე. IV თავი - "ახლა რაღაც სხვა მინდა, რაღაც სხვა – უსახელო"