კომფორტი, სიმშვიდე... არც ისე რომანტიკული სიტყვებია ურთიერთობის დასახასიათებლად, მაგრამ...
სწორედ აბსოლუტური შინაგანი კომფორტით შეიძლება გამოიხატოს ნამდვილი სიყვარული. თუ თქვენი პრინცი აცნობიერებს იმ ფაქტს, რომ მისი პრინცესა ტუალეტში დადის, თქვენ ჰარმონიული ურთიერთობის სწორ გზაზე დგახართ.
1 ფაქტი: მის წინაშე მორიდების გარეშე დადიხართ შიშველი
თუ აბაზანიდან გამოსულს პირსახოცის გარეშე შეგიძლიათ მის წინ გავლა, თუ არ გაშინებთ სექსი განათებულ ოთახში, პანიკაში არ ვარდებით, თუ შუბლზე მუწუკი ამოგივათ, ვერ მოასწარით დეპილაციის გაკეთება, შეყვარებულს ცელულიტს არ უმალავთ და უხერხულობას არ განიცდით, როცა ის უმანიკიურო ხელებზე გეფერებათ, ეს არ ნიშნავს, რომ მოუვლელ არსებად უნდა იქცეთ. მთავარია, რომ ის გღებულობთ ისეთს, როგორიც სინამდვილეში ხართ, მაგრამ მის სრულყოფილების გვირგვინი ხანდახან მაინც უნდა მოირგოთ.
2. ფაქტი: არ გეშინიათ საკუთარი გასართობების
ილუზიაა, თითქოს შეყვარებულ წყვილს ერთი გასართობი უნდა ჰქონდეს. საყვარელი მამაკაცის გაცნობამდე ალბათ გქონდათ თქვენი სამყარო, რომელზეც უარის თქმა დიდი დანაშაული იქნება. ქალი არ სცემს საკუთარ თავს პატივს, თუ მამაკაცის, თუნდაც საყვარელი მამაკაცის გამო საკუთარ ინტერესებზე უარს იტყვის. იყავით თქვენი გასართობების ერთგული, მაგრამ მასაც ნუ აიძულებთ მოდის ტენდენციებში გარკვევას და ფრჩხილის ლაქის ფერების განხილვას.
3 ფაქტი: ერთად არასდროს იწყენთ
მეგობრებთან ერთად მხიარული წვეულება კარგი გასართობია, მაგრამ თუ საღამოს მარტო დარჩენილები არ იწყენთ და გარშემო მყოფების გარეშეც არ გიჭირთ ერთმანეთის გაძლება, ეს კარგი ნიშანია. არიან წყვილები, რომლებსაც ერთმანეთთან მარტო დარჩენის ეშინიათ. ცდილობენ გვერდით მესამე, მეოთხე პირი იყოლიონ. მარტო ყოფნისას ორივე საკუთარ სამყაროში იკეტება, უჭირთ ერთმანეთთან საერთო ენის გამონახვა.
4 ფაქტი: შეგიძლიათ ნებისმიერი სისულელე მოუყვეთ
თუ ის პირველი ადამიანია, რომელიც გებულობს, როგორ გაატარეთ დღე. სპექტაკლიდან ან კონცერტიდან გამოსული პირველად მას უზიარებთ შთაბეჭდილებებს; ფილოსოფიურ აზრებსაც და ფანჯრიდან დანახულ ამინდსაც ნათლად უხატავთ და ისიც ყურადღებით გისმენთ, თავადაც ასე იქცევა, გილოცავთ, ურთიერთობაში იმ მომენტისთვის მიგიგნიათ, რომელსაც არარომანტიკული, მაგრამ ზუსტი დახასიათება აქვს: კომფორტი, სიმშვიდე.