ქალი ძაღლივითაა, თუ მისდევ, გარბის, თუ გარბიხარ – მოგდევსო. მე ყველაზე განვაზოგადებდი ამ ნათქვამს, მაგრამ თუ რაციონალურად მივუდგებით, გაქცევასაც და გაკიდებასაც მიზეზი აქვს...
– გაჩერდი! მოიცა. მაინტერესებს, როგორ?
– არ მცალია, მელოდებიან...
– როგორ ხარ შენ "ის"? დამთხვევების არ მჯერა მე...
შედგა, მიუხედავად იმისა, რომ მშვიდი, მოკლე ნაბიჯებით მიდიოდა, თითქოს სეირნობსო... ჩემკენ მოტრიალდა და მოსტუმრებული ტონით მომიჭრა: "სახელით მოგმართავდნენ, გვარი ბინის კარზე ამოვიკითხე. მორჩა. მარტივია..."
– შენ საიდან იცი, რომელია ჩემი ბინა?
თვალები გადააბრუნა:
– იცი, შენი ძაღლი ყოველთვის კართან ზის და წკმუტუნებს, როცა სახლიდან ახალი გასული ხარ (როგორც იმ დილას) და ეს ძალიან შემაწუხებელია.
– და საიდან... – შემაწყვეტინა:
– ...ვიცოდი, რომ ძაღლი გყავდა? დიდია ალბათობაა, რომ ძაღლის პატრონია ადამიანი, რომელიც ძვლის ფორმის ყელსაბამს ატარებს. რა სისულელეა ისე... მოკლედ, ფაქტები ზერელედ დავაკავშირე და ფეისბუქმაც დამიმოწმა.
– რაში გჭირდებოდა?
– არაფერში, პრინციპში... შენთან აღარაფერი მესაქმება, დღესაც ამის სათქმელად გნახე. შეგვიძლია დავემშვიდობოთ ერთმანეთს...
– ...და საერთოდ რა გესაქმებოდა?
– რა უინტერესო ვინმე ხარ... ზოგჯერ გონს რომ ძალა დაატანო, არ გინდა? წავედი, მეჩქარება. აი, იმ კუთხეს ხედავ? ის ადამიანი მე მელოდება.
– და ვინაა?
– ბატონო?!
– რისთვის მწერდი?
– გჭირდებოდა...
– რატომ წყვეტ შენ მაგას? ან რატომ აძლევ თავს ამდენის უფლებას?
– არა? ვცდები? კარგი, მაშინ მე მჭირდებოდა...
– მანიაკი ხარ?
– ხო. ნახვამდის.
– და რა დაგიშავე?
– არაფერი, რა სისულელეა... საერთოდ არაფერი, პირიქით...
– მაშინ ასე რატომ ლაპარაკობ, ან რატომ წყვეტ კონტაქტს?
– მორჩა. აზრი აღარ აქვს. ერთმანეთი ამოვწურეთ... ყოველ შემთხვევაში, მე ამოგწურე. უალტერნატივო ფერთა პალიტრა ხარ... წარმატებას გისურვებ...
– ღმერთო ჩემო! რა დაგემართა? ადამიანები მეგობრობენ, იცი? რა ფუნქციებზე მელაპარაკები? ვიმეგობროთ თუ გინდა.
– არ მინდა. არ მჭირდება.
– მეგობარი ყველას სჭირდება.
– კარგი, ვნახავ კიდევ ვინმეს შენისთანას და ვიმეგობრებ, სანამ ისიც ყელში არ ამომივა.
– ავადმყოფი ხარ! მშიშარა, ლაჩარი, მიზანტროპი, ქსენოფობი, სუსტი, დაუცველი პიროვნება. დიდი ტვინითა და მინიატურული გულით; ადამიანი, რომელიც ხალხთან გახსნილი ურთიერთობის ფუფუნების უფლებას ვერასდროს მისცემს თავს. ლეშივით ცხოვრობ. არა! კოლბაში ჩაკეტილი სულივით. არა! ბუტაფორიასავით... არ ვიცი! ბებერი, მარტოსული ბერბიჭა ხარ!
– არ იცი. მართალი ხარ. არ იცი, წარმოდგენაც არ გაქვს, როგორ ვცხოვრობ... სამაგიეროდ, შენზე ყველაფერი მითხარი... არადა, არ მიკითხავს...
– მე მირჩევნია, მატკინონ, ფეხი დამიდონ, ცხვირი წავიმტვრიო, მაგრამ ხალხთან ვიყო...
– ცოტა მეტი კრიტიკა, კრეატიულო კრეტინო...
– ოოო... ეს შენი სიტყვებზე თამაში. რაში გჭირდება ინტელექტი, რომელიც ასე გბოჭავს და გაფრთხობს? გამოდი გარეთ.
– სულ გარეთ ვარ, ნუ ღელავ... ისე, რა მაინტერესებს... რატომ გგონია, რომ თეთრ მარლის მიდი-კაბას შეიძლება მოუხდეს იასამნისფერი, შალის ამსიგრძე ჟაკეტი და ნაცრისფერი ბოტები?
– იმიტომ, რომ ფერებიც ისევე ეხამება, როგორც განსხვავებული მატერიები.
– მარლა, ნაქსოვი, რეზინი? და ეგ შავი ლაქიც
– ტყავის ყავისფერი რიუკზაკიც და ფერადი ატლასის შარფიც, რომელიც შიგნით მიდევს.
– ჩანთა არ შემიმჩნევია...
– "ფურლასია", სხვათა შორის...
– მერე რა?
– კარგი ხარისხია...
– ჩემი კედებიც, H&M...
– ჩემი კაბაც... დიდი ვერაფერი, ისე...
– შარფი ვისია?
– წარმოდგენა არ მაქვს, "სექენდ ჰენდში" ვიყიდე. სამი ლარი... არადა, ნამდვილად ატლასია...
– გასაგებია.... კიდე რა განვიხილოთ?
– აი... თიხისგან გავაკეთე...
– არ არის ცუდი საყურე... ფერებია ცოტა ზედმეტად აჭრილი...
– ვიმეგობროთ რა...
– მე მეგობრები არ მყავს! შენ? რისთვის გირეკავენ ყველაზე ხშირად შენი მეგობრები? რაზე საუბრობთ მეტწილად? უფრო რატომ უნდათ შენი ნახვა?
– იმიტომ, რომ კარგი იუმორი მაქვს და მოსმენა მიყვარს...
– არა, არა... რა ფუნქცია გაქვს შენ მათთან? დასვი ეს კითხვები დღეს ღამით, როცა ფანჯარასთან შემომჯდარი დაელოდები ცხელი შოკოლადის გაგრილებას და შეიძლება საინტერესო აღმოჩენები გააკეთო. ოღონდ მე ნუღარ მომწერ... შენ თვითონ განიხილე. არავინ გარიო...
ქუჩის ბოლოში მართლა ელოდებოდა გოგო, როგორც აღმოჩნდა, ძველი ნაცნობი. შორიდან მესმოდა, რომ ჰკითხა: "მომიტანე შოკოლადი?" და თვითონაც რაღაც გაუწოდა. გულგრილმა გოგომ გამოართვა ნუგბარი და უპასუხა:
– კი. აჰა... და შენ რატომ მომიტანე "ტვიქსი"? აქ ხომ ორი ცალია?
– რაღაცაში ხომ უნდა გაჯობო? წავიდეთ ნიკასთან? ახალი "სპალნიკი" და კარავი ჩამოუვიდა.
– ის ვინ იყო, რომ ელაპარაკებოდი?
– ერთ-ერთი ეპიზოდი. მგონი, მომავალში მაგის სახელს ბევრჯერ გავიგებთ.
– ჰოო? რატომ?
– იმიტომ, რომ... – მე უკვე ვეღარ გავიგე მათი ლაპარაკი. ყავის კუთხეში ვიყიდე ცხელი "ამერიკანო", ვიჯექი გაჩერებაზე და ველოდებოდი, ღმერთმა იცის, რა ჯანდაბას, ქვეყნის დასალიერში...
*
ბოკეები... შუქი...ციმციმი... ანძა განათდა... ჩაქრა და აინთო... ეშმაკის ბორბალიც მონოტონურად ტრიალებდა, მასზე შემომსხდარი ადამიანებისგან განსხვავებით, მოწყენილი და დაღლილი. ავტობუსში იცვლებოდნენ მგზავრები, ხალხი სხვადასხვა იყო, მხოლოდ სახეები იყო ერთნაირად უკმაყოფილო.
უფრო თინეიჯერებს უდუღდათ სისხლი, ხმაურობდნენ. ასაკოვნები კი ღიზიანდებოდნენ. ან შურდათ, ან ნერვები აღარ ჰყოფნიდათ. "გააჩერე! გააჩერე". "თავის დროზე ვერ თქვი?" "ტარება არ იცით არცერთმა მძღოლმა".
კინოდან გამოსული ხალხი იშლება, იღიმის... გამყიდველი დახლს ალაგებს... მღვდელი გამვლელებს ლოცავს... ზოგს მისი არ სჯერა – იქნებ ესეც ბევრ ფულს იღებს ნათლობაში? იქნებ მასთანაც ძვირია ჯვრისწერაო? ზოგს უხარია... მათხოვარმა ცხელი პური იყიდა და გააგდო ძაღლი, რომელსაც გამვლელმა ბიჭმა ღვეზელი და სითბო გაუყო... მერე ბავშვი მოეფერა, დედა ეჩხუბა, ხელს რატომ ჰკიდებო... ვის გაამტყუნებ? კატები თონის საკვამურთან თბებოდნენ... ფოთლები ამტვერებდნენ ტროტუარს.
"მწვანილი გაიყოლეთ, ახალი მწვანილი..." – გარედან შემოდიოდა ხმა, გადარჩენისათვის ვაჭრობის. ნეტა ეს ფრინველთა გუნდიც გადარჩენისთვის თბილ ქვეყნებში მიფრინავს თუ მოფრინავს? ხომ შეიძლება ვიღაცისთვის ჩვენი ქვეყანა იყოს თბილი? ალბათ, არა... ერთი მგზავრი ჩავიდა. ახლა დაჯდება ის ბიჭი, ფეხზე რომ დგას. არა.
სხარტად გადმოხტა უკან მოუხერხებელ ადგილას მჯდომი "დარბაისელი" ქალბატონი და გათავისუფლებულ ადგილას დახტა. ბიჭმა შეხედა, დაიხია და უკანა სკამზე დასაჯდომად წავიდა.
რა არის მაინც ხალხი... კარგია ავტობუსით მგზავრობა...მე რას ვიზამ, სახლში რომ ჩავაღწევ? პოს გავასეირნებ... ცოტას წავიკითხავ, ჯოპლინს მოვუსმენ... შეიძლება ფილმს ვუყურო... თევზებს ვაჭმევ... მეც ვივახშმებ, სპა სალონში დავრეკავ და დავიძინებ. ხვალ კი სამსახურში წავალ ისევ... სულ ეს არის... "სოციუმში" ხომ არ შემევლო? ცოტა ცოცხალი მუსიკა, ცოტა მეგობრები... არა.
ჩანთაში მოვქექე სამსახურის ბლოკნოტი და რაღაცის წერა დავიწყე. აზრები წყალივით... მდინარის დინებად... ...მაგრამ არეული... ემოციები მეტი... ზედმეტი... მეტი ემოცია... გაჩერდი! ბევრია... გაჩერდი!
არა... ყველაფერი გავიხსენე, ჩემიც და სხვისიც... სიკვდილი, სიცოცხლე, დაბადება და სიბერე... მორჩა! ყველაფერი, რასაც ადამიანი ქმნის, ფასეულია იმდენად, რამდენადაც ის გულიდანაა, ე.ი. ნამდვილია და უნიკალური. სახლში მივედი და სასწრაფოდ გადავიტანე კომპიუტერში ნაწერი.
შეცდომები გავასწორე და ერთ-ერთ რედაქციაში გავგზავნე ტექსტით: "ვაკანსია ხომ არ გაქვთ ჩემთვის?" მერე ბარში გავედი. "სოციუმში" ახალი ბენდი უკრავდა და უჩვეულო ჟრიამული იყო. უკვე ორი თვეა, ასე ერთად არ მინახავს ჩემი მეგობრები.
არადა, თითქმის ყოველდღე ვხვდებოდით ბარში და კვირაში ერთხელ მაინც ილიასთან ვიკრიბებით ხოლმე. ილია ჩემი მხატვარი მეგობარია, რომელიც "უფასო ბაზრობაზე" გავიცანი და დღემდე თავშეყრის თითქმის ყველა ადგილას ერთად დავდივართ, განსაკუთრებით, თუ სადმე ალა-ფურშეტიანი ღონისძიებაა.
"წავიდეთ დღეს? ქელეხიც იქნება", – მეტყვის ხოლმე და მე უკვე ვიცი, რომ საღამოს კარგ შავ ღვინოს დავლევ... ყველაზე ხშირად მაინც სიმფონიური ორკესტრის და სამხატვრო გამოფენების მოსაწვევებზე მიუწვდება ხელი, რაც უნდა VIP-საზოგადოება იყოს.
ერთ-ერთ ასეთ ბანკეტზე იმ ბოცას მივაგენით, რომელშიც ღვინო ინახებოდა, ცოტა ხანში კი ფრანგი სტუმრები შემოგვიერთდნენ, რომლებიც ჯერ ცივილურად და თავშეკავებულად კითხულობდნენ: "It’s wine?".. მერე კი, როგორც აღმოჩნდა, არც ისე ცოტას სვამს სხვა ეროვნების რჩეული საზოგადოება, თუ საქმე და ხელი ეხება ბოცას... მოკლედ, ილია თავიდან ლილისაც, კატოსაც და ალექსასაც "აბამდა", მაგრამ მერე დათო გავაცანით და შეგვეშვა. საბოლოოდ დავმეგობრდით:
– ესე იგი, ეს ეგრეთ წოდებული მუსიკოსები ან მე დამმართავენ ფსიხოზს, ან მე შევიწირავ ამათ. რა აბღავლებთ, რა?
– ლილი, შენ ესტრადის მომღერლებიდან დახვეწილ მუსიკაზე როდის გადახვალ?
– რა არის, კატო, დახვეწილი? ამათი ბღავილი და რახა-რუხი?
– არა, ახლა, თავის ადგილზე კარგად ისმინება. ცოტა აგრესიულია, "но мне нравится"– ჩაირთო ყველაფრის ინდიკატორი ილია.
– ვაიმე, ამატკიეს თავი, ესენი სულ იქნებიან?
– არა, კვირაში ერთხელო, დაწყნარდი ლილი... – მე...
– თუ დატოვეს. რომას სახეს შეხედე. – კატო.
– о, смотри, Алекса пришла...
– აქ ხართ ყველა? (ძლივს მოვაღწიე) თუ დათო გვაკლია?
– ვერ მოდის, სამსახურში რჩება დღეს.
– როგორ ხართ, ხალხნო, მომენატრეთ. – მოგვეხვია ალექსა და ზოგს თმა მოგვქაჩა, ზოგს გვიჩქმიტა (ასე გამოხატავს). – რას გავხარ, შე უბედურო, თმები შეიჭერი. – ილია ისევ პროგრამაშია.
– ასე უფრო სექსუალურია. ქალებს მოსწონთ. – წინ გადმოყრილი თმა გაისწორა ილიამ.
– იმდენი შენ რა გითხარი – დაეჯღანა ლილი.
– ალექს, როგორ დაისვენე, მოყევი... ისეთი ყაყანია, ერთმანეთს ვეღარ ველაპარაკებით. შენ არ იცი, რაები გამოგრჩა. – ფლეგმა სახით მიახარა კატომ და დაამატა: რა ჩამომიტანე?
– არ მაქვს აქ არაფერი, გოგო, დღეს ჟესე მიფრინავს და აეროპორტში ხომ წამოხვალთ? მანამდე ჩემთან გავივლით და ბარემ საჩუქრებსაც...
– ეს შენი ქმარი როდის მიფრინავს, როდის მოფრინავს, ვეღარ გავიგე, რა... – ილიამ ვერ მოთოკა საკუთარი ეგოიზმი და მესაკუთრეობა, რომელსაც ყველა ჩვენგანის მიმართ ავლენდა ზოგჯერ...
– სამსახური აქვს ასეთი, ილია...
– ოოოო... კარგით რა, ვჭამოთ რამე... – მენიუში ცხვირი ჩარგო ლილიმ.
ალექსას რაღაცნაირი დაძაბულობა ეტყობოდა. აი, ისეთი, ძლიერ ქალებს რომ ატყვიათ შუბლზე, როცა ცდილობენ, პრობლემა შეუმჩნევლად მოაგვარონ. რა თქმა უნდა, არაფერი მიკითხავს. ის ერთადერთი იყო, ვინც თავის ცხოვრებას თავზე არ მახვევდა უმნიშვნელო და უაზრო დეტალებიანად. თუ რამე ჰქონდა სათქმელი, აუცილებლად იტყოდა.
ცოტა ხანში მისი მანქანით მივდიოდით აეოროპორტში. ილია ჟესეს მანქანაში იჯდა უკმაყოფილო და დადუმებული. შეზარხოშებულ ქალაქს ეღვიძა. არ მიყვარს ღამის ცხოვრება, მიყვარს მეგობრები. ეს სიტუაცია ძალიან მაკლდა მთელი ეს დრო. გული მწყდებოდა, რომ თომა ასეთი არაადამიანი იყო და გარკვეულ სიცარიელეს ვგრძნობდი, რომ აწი ვეღარ ვისაუბრებდით და არ მექნებოდა მასთან ურთიერთობა, რომელიც ასე მავსებდა, როგორიც იყო, ისეთი... ჰო, მავსებდა... ერთხელ მითხრეს, რა ეპითეტებით საუბრობ, დოქი ხარ, რომ შეგავსონო? ალბათ, ასეა...
ადამიანი დოქია, რომელიც თუ დადებითად ივსება, სხვებსაც "ანაყრებს", თუ კი უარყოფითად, მაშინ იხრჩობა! კვდება... ამ დაულაგებელ აზრებში ვიყავი, როცა მანქანის სარკეში ალექსას ცრემლიან თვალებს წავაწყდი. რეაგირებაც ვერ მოვასწარი, რომ ჩემი მობილური აინთო და მთელი ყურადღება მასზე გადავიტანე: "თვალებით არა, მაგრამ ტუჩებით სულ იღიმი, თურმე..." – მწერდა თომა.
– ვაიმე! – შევყვირე...
– ვაიმე! (ლილიმაც მექანიკურად)
– რა იყო? – დაამუხრუჭა ალექსამ.
– მესიჯი. – მე.
– გული გამისკდა! – კატო.
– იდიოტო! – ლილი, რა თქმა უნდა...
– იდიოტებო! – კატო.
– ვინ გწერს? – გზა განაგრძო ალექსამ.
– მანიაკი.
– сериоооозно? – ილია არ იზრდება.
– დღეს ვნახე და კარგად იყავიო. ეტყობა კრიტიკული დღეები აქვს და უფრო ცუდ ხასიათზე იყო, ვიდრე ჩვეულებრივ. ახლა კიდე მწერს...
– შენ გადახვედი ჩეთით გაცნობაზე? მალე გაზეთში ვიხილავთ შენს განცხადებას: "გავიცნობ ახალგაზრდა მამაკაცს..."
– შენ მაგ განყოფილების ერთგული მკითხველი ხარ, ხომ?
– მოვედით. გადმოლაგდით. ილია, ნამცხვრის ყუთი მანქანაში დატოვე.
– რატომ? რა ვაკეთოთ აბა?
როგორც მოსალოდნელი იყო, ორი საათით ადრე დავეყუდეთ და ძილი რომ არ მოგვრეოდა, ხან ილიათი ვერთობოდით, ხან – ხალხით.
– ის ნახე, როგორ მორბის... – კისკისებდა კატო.
– ბიჭოო, კაცი ბერდები და თავში ჭკუის ნასახი არ მოგეპოვება, ასეთი არაფერი მინახავს.
– ნაძვის ხის სათამაშო მოვიტაცე.
– რა დროს ნაძვის ხეა? ყველა ჩემსავით ნოემბერში კი არ დგამს. – გამოვართვი კერამიკის პატარა თოჯინა და თვალიერება დავიწყე.
– აბა, ეს რა არის? что это? სათამაშო или? а?
– სად აიღე?
– იქ იდო, აი...
– მდაა... გული მიგრძნობს, ახლა ვიღაცას სცემენ.
– მე არ გიცნობთ –ალექსა გაგვერიდა.
– ილია, აბა, თუ გამოიცნობ, ის ბავშვი რატომ ტირის? ერთ ცდაში.
– უპს! მომე, მივუტან.
– მიდი, მიდი... – მხარზე შემოსცხო ლილიმ და სიცილის შეკავება სცადა. – რა ვაკეთოთ, ე? დამეძინა.
– მოდი, დაჭერობანა ვითამაშოთ...
– მოდი. მე ვითვლი!
– ილია, მოდი. მგელი ხარ, იჭეეერ.
ჯერ არ გვიმჩნევდა დაცვა, მერე ერთი–ორ–სამ–ოთხჯერ მკაცრი შენიშვნა მოგვცა, როცა ხან ილია მოსრიალდა მოსაცდელ სკამებს შორის, მე შევვარდი რიგში და ა.შ. კულმინაცია მაინც ბოლო იყო. ლილი გაწეწილი შევარდა გოგოების საპირფარეშოში და კაბინაში ჩაიკეტა. მგელს ბევრი არ უფიქრია, შეჰყვა და კაბინის კარებიდან გადაძრომას ცდილობდა. ზედ იყო ნახევრად გადაკიდებული, როცა ნუფ-ნუფმა კარი მშვიდად, მაგრამ მძიმედ გამოაღო და გარეთ გამოვიდა.
კარზე გადაფენილმა ილიამ წონასწორობა ვეღარ დაიჭირა და ლამის თავით დაერჭო. ნგრევის ხმაზე პერსონალი დაგვესია, თავისი შეშლილსახიანი დამლაგებლითურთ და გარეთ გაგვყარეს. ამასობაში ალექსა, რომელიც თამაშში თავიდანვე არ მონაწილეობდა, ჩვეულებრივი "ნივიჟუთი" სარგებლობდა და გარეთ რომ გაგვიძახეს, "ნწ-ნწ-ნწ, ეს უკულტუროები"–სახით გამოგვხედა, აბსოლუტურად ინფანტილურად.
იმან გადაარჩინა, რომ მომენტალურად მისი მანქანის გაღების ხმა გაისმა და ჟესეს გაფრენამდე თავს ალექსას მანქანაში ნაპოვნი, მისი უფროსისთვის კარგად შეფუთული "ბეილისით" ვიქცევდით.
– ის ვინ არის? აი, ჟესე, რომ ელაპარაკება?
– აბა?
– უი, არა, შემეშალა. –მოვიტყუე.
– შენ მეტი აღარ დალიო. – იმ ღამეს ალექსას ქმარს ტელეფონი ძალიან ხშირად ურეკავდა და ბევრჯერ გავიდა გარეთ, მაგრამ ეს ხომ სულ ასეთი აფორიაქებული და საქმიანი იყო. ამიტომ დიდი მნიშვნელობა არ მიმიქცევია ვიღაც ჩემოდნიანი სილუეტისთვის, რომელიც ჟესეს ელაპარაკებოდა, მერე კი სხვა მიმართულებით წავიდა და მეორე სართულზე აღმოჩნდა. ალბათ, ნაცნობი ნახა...
*
როცა აფორიაქებული ვარ, მეეზოვის ცოცხის ხმა უთენია მაღვიძებს. ვიდექი აივანზე ფეხშიშველა მანამდე, სანამ დილამ ჩემი წილი ღვთაებრიობა არ მომცა. მერე ყავა მოვიდუღე და ხმადაბლა დავაყენე Winehouse-ის "Our daywill come". შემდეგ ხელფასზე აუცილებლად ვიყიდი ფირფიტებიან მუსიკალურ ცენტრს-მეთქი და დაჭრილი ხილი ბლენდერში ჩავყარე, მაწონი ჩავასხი და ნამდვილად ნატურალური იოგურტი მოვიმზადე. ლაქის წასმას ვასწრებ? დღეს მაინც სალონში ვარ ჩაწერილი...
რა მალე იხარჯება ეს ფულიც... რა ჩავიცვა? ჯინსი და მაღალქუსლიანი ისევ? არა... ჩავრთე ლეპტოპი და მაილი შევამოწმე. რედაქციიდან მწერდნენ: "კარგად წერთ, მაგრამ ასეთი სტილით არ ვართ დაინტერესებულნი. სხვა რამეს თუ შემოგვთავაზებთ (?)". სხეულს–მეთქი, გავიფიქრე და მივწერე: "ფოტოგრაფი არ გჭირდებათ?" სრული სიგიჟე, რომელიც გარდაუვალი იყო...
თეკლა ლაზი
იხილეთ ასევე: კეტებიდან პლატფორმამდე. თავი VIII - "ეძებ, პოულობ და კითხვა: სურს მას იყოს შენი სამიზნე?"