ქმარი: - მიყიდე საჩუქარი დაბადების დღისთვის?
ცოლი: - აბა, რა ვქენი?.. მოიცა, ახლავე ჩავიცვამ!
***
ტერმინი "ქალური ლოგიკა" თითქმის ანეკდოტად იქცა. მამაკაცებს ეღიმებათ, ქალებს კი თვითონაც არ შეუძლიათ მისი ახსნა. ქალური ლოგიკა დაახლოებით ზღვის ღორს ჰგავს, სინამდვილეში რომ არც ღორია და არც ზღვის...
ქალური ლოგიკაა, მაგალითად, როდესაც მამაკაცს ეუბნები - "წადი" და გულისხმობ - "მოდი". ეუბნები "მძულხარ!" და გულისხმობ - "მიყვარხარ!". თავის ტანსაცმლიანად სახლიდან გააგდებ და როგორც კი კარს მიხურავ, მაშინვე აწყობ გეგმებს, როგორ დაიბრუნო. ქალური ლოგიკაა, როცა არ იცი, ვინ გინდა, მაგრამ ვინც იცი, ის არ გინდა. როცა ერთადერთი სურვილი გტანჯავს - ოღონდ დაგირეკოს და როგორც კი ნანატრი ზარი შემოდის, ტელეფონს არ პასუხობ.
ქალის სამყაროში შეღწევა შეუძლებელია! მათი ხასიათი თითქმის ამოუხსნელია. ქალებს უყვართ ისინი, ვინც ყურადღებას არ აქცევენ და ყურადღებას არ აქცევენ მათ, ვისაც უყვართ.
ქალურ ლოგიკას ცოტა ეშმაკობაც სჭირდება. მაგალითად, შეგიძლია შეიძინო victoria’s secret-ის ტრუსი, ააძრო ფასი და ქმრისთვის ნაყიდ პერანგს მიაწებო.
ასე ერთდროულად ორ კურდღელს დაიჭერ: მოსალოდნელ კონფლიქტსაც აიცილებ თავიდან და ქმარიც აღფრთოვანებული დარჩება იმის გამო, რომ ამდენი ფული დახარჯე მის პერანგზე. ეშმაკობა შეგიძლია გამოიყენო მაშინაც, როცა ქმარი რაიმე ახალი "პოზის" მოსინჯვას გთხოვს.
შეგიძლია შესთავაზო, დადგეს გაზქურასთან, შენ კი დივანზე წამოწვე და ტელევიზორს უყურო. ქალური ლოგიკის წყალობით, ქალებს ყოველთვის აქვთ საბოლოო გადაწყვეტილების რამდენიმე ვარიანტი...
რამდენიც უნდა იცინონ მამაკაცებმა, ქალებს შეუძლიათ ისეთი რაღაცები, რაც მათ არ შეუძლიათ! ქალებს შეუძლიათ ერთდროულად რამდენიმე საქმე აკეთონ და შეუძლიათ ერთდროულად რამდენიმე რაღაცაზე იფიქრონ. მაგალითად, ქალის ფიქრები 10 წამის მანძილზე:
- "...ჯანდაბა, მარჯვენა ფეხსაცმელი მიჭერს... ეს ფეხი ნახევარი ზომით დიდი ხომ არ მაქვს?.. ნეკა თითზე ფრჩხილი უნდა გავიქლიბო... საინტერესოა, რატომ აღარ იყიდება არსად გლიასე?.. ნეტა, წყალი რო დაწყდეს, სარეცხის მანქანა თავისით გაჩერდება?.. არა, ეს ვაჟბატონი რატომ არ რეკავს?... ტფუ, სად წავიღე მანქანის გასაღები?.. ვიპოვე... რა მაგარი ჩანთაა!!! ფული მინდააა!!!.. ახლა დიდ ბუტერბროდს შევჭამდი... ღმერთო, რა საყვარელი ფისოა..."
ქალი რაღაც მომენტში ”ფოკუსნიკიც” არის! მას შეუძლია არაფრისგან შექმნას სალათა და ტრაგედია. რადგან ტრაგედია ვახსენე, ლოგიკას არ ვუღალატებ და დღევანდელ პოსტში ღალატის თემას შევეხები. ოღონდ არა ისე, როგორც ბევრგან და ბევრჯერ წაგიკითხავთ: - თუ რა საშინელებაა ღალატი, რა უბედურია ამ დროს ქალი, როგორ იტანჯება და "ათი წესი, როგორ გამოვიდეთ ღალატისგან გამოწვეული დეპრესიიდან".
შევეცდები, ღალატის თემა სწორედ ქალური ლოგიკით განვიხილო და დაგანახვოთ, რომ ეს არც ისეთი საშინელებაა, როგორიც წარმოგიდგენიათ. რაოდენ პარადოქსულადაც უნდა ჟღერდეს, ღალატს სარგებლობის მოტანაც შეუძლია! თუ მარტივად შეხედავ და დადებითი მხარეების პოვნას შეეცდები, დეპრესიაში აღარ ჩავარდები და, შესაბამისად, აღარ დაგჭირდება დეპრესიიდან გამოსვლის ათი წესის დასწავლა.
ნებისმიერი ქალი მწარდება და ჭკუიდან გადადის, როდესაც ქმრის ღალატის შესახებ იგებს. ქალს არაფერი გამოეპარება! ამას ის თავიდანვე გრძნობს, ეჭვობს. ქალი ამჩნევს, რომ მისი ქმრის თავს რაღაც ხდება, შეიცვალა. შეიძლება ნასვამიც მოდიოდეს სახლში. სამი ვარიანტია: ან გალოთება გადაწყვიტა, ან საყვარელთან ერთად სვამს, ან სიმთვრალეს ალიბისთვის იყენებს, რომ ცოლმა იფიქროს, რომ ძმაკაცებთან ერთად დალია.
ის არ აღიარებს, რომ ნასვამია და ცოლის კითხვაზე - "კიდევ დალიეე?" ჯიუტად გაიმეორებს - "არა". თუ ეს სიტუაცია თქვენთვის ნაცნობია, პატარა და მარტივ რჩევას მოგცემთ, როგორ უნდა დარწმუნდეთ, ნამდვილად დალია თუ არა თქვენმა ქმარმა. ამისთვის საკმარისია აიძულოთ წარმოთქვას სიტყვა: - "გიბრალტარი" და მაშინვე ყველაფერი ნათელი გახდება!
ქმარი ბოლომდე ეცდება დამალოს ღალატის ფაქტი. როგორ ფიქრობთ, რა არის ყველაზე საშინელი ფრაზა, რაც კი შეიძლება მოისმინოს ქმარმა ცოლისგან სექსის დროს?
- "ძვირფასო, მე დავბრუნდი!"
კაცების ლოგიკით თუ ვიმსჯელებთ, ღალატი (იშვიათი გამონაკლისების გარდა) მათთვის სხვა არაფერია, თუ არა სპორტული ინტერესი და არავითარი კავშირი არ აქვს სიყვარულთან. ცოლს თავისი ადგილი აქვს, საყვარელს - თავისი. მაგრამ გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ ნაღალატევი ცოლების ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სოციალური მდგომარეობა საგრძნობლად უმჯობესდება ღალატისაგან გამოწვეული დარტყმის შემდეგ. ეს ერთგვარი გამოფხიზლებაა! ქალი ვერ ეგუება აზრს, რომ "გაცვალეს" და იწყებს პაექრობას მეტოქესთან იმისთვის, რომ ყველას დაუმტკიცოს, რომ მასზე უკეთესია! - ესეც ერთგვარი სპორტული ინტერესი არ გამოდის?
რა გვწყინს ყველაზე მეტად ღალატში? ის, რომ ქმარმა სხვასთან დაამყარა ფიზიკური კონტაქტი თუ ის, რომ "შენს თავს სხვა ამჯობინა?" თუმცა ხშირად ეს ასე არ არის. ქმრები, რომლებიც ცოლებს ღალატობენ, ამტკიცებენ, რომ ღალატი არ არის "გაცვლა". ისინი ბუნებით პოლიგამები არიან და უბრალოდ, ისიც უნდათ და ესეც. შედარებისთვის წარმოიდგინეთ "პრადას" და "ჰერმესის" ორი ჩანთა, ახალი კოლექციიდან. გაიხსენეთ, რას გრძნობთ ამ დროს და როგორ გინდათ გქონდეთ ერთდროულად ორივე!
თქვენ წარმოიდგინეთ და, ისეთი ქალებიც არსებობენ, რომლებიც ქმრისთვის საყვარელს ეძებენ. მე ერთს ვიცნობ და სულაც არ არის გიჟი. მას მშვენიერი ოჯახი აქვს და არ აპირებს მის დანგრევას. უბრალოდ, მის ქმართან ხანგრძლივი თანაცხოვრება მისთვის ძალიან რუტინული და უინტერესო გახდა. კარგმა მადამ, ლუდმა და ტახტზე წოლამ მისი (ერთ დროს) სიმპათიური და სექსუალური ქმარი - მსუქან, ღიპიან ბიძად გადააქცია, რომელიც არათუ არ ვარჯიშობს, არამედ ნაგვის გადაყრაზეც აღარ იწუხებს თავს.
ბოლო რამდენიმე წელი სამსახურში არ დაუწინაურებიათ და შესაბამისად, მისი ხელფასიც აღარ არის საკმარისი... ამიტომაც ცოლმა იფიქრა, რომ თუ მისი ქმარი საყვარელს გაიჩენს, ფორმაშიც ჩადგება, უფრო მეტი ფულის შოვნის მოტივაციაც გაუჩნდება და მის მიმართაც უფრო ყურადღებიანი გახდება (კაცები, რომლებსაც საყვარელი ჰყავთ, ცოლის მიმართ უფრო კეთილები და ხელგაშლილები ხდებიან).
ეს ქალი ფიქრობს, რომ თუ ქმარს საყვარელი ეყოლება, მასაც გამოუჩნდება თავისუფალი დრო, რომ დაქალებთან ერთან წავიდეს სადმე და გაერთოს. მისი აზრით, საყვარელი სასარგებლოა იმით, რომ მამაკაცს დანაშაულის შეგრძნებას აღუძრავს. ამიტომაც, მისი ქმარი საჩუქრებსაც გაუკეთებს და ეცდება, ხშირად ასიამოვნოს. გარდა ამისა, ბავშვების მიმართაც უფრო მზრუნველი გახდება.
ასე რომ, მრავალფეროვნებისთვის შეგიძლიათ თქვენი ქალური ლოგიკა ამ კუთხითაც მომართოთ და საზოგადოებაში მიღებული სტერეოტიპების დამსხვრევას შეეცადოთ. მაგრამ, თუ თქვენთვის ამაზე ფიქრიც კი ზედმეტია, უფრო მეტი ყურადღების გამოჩენა გმართებთ თქვენი მეუღლის მიმართ. ხოლო, თუ თქვენმა ქმარმა ზედიზედ რამდენჯერმე დაიგვიანა სამსახურიდან მოსვლა, აუცილებლად დაფიქრდით იმ იდუმალ "დათოზე" (პირობითად) მისი სატელეფონო კონტაქტებიდან, რომელიც ბოლო დროს ხშირად ურეკავს...
მე მომავალ ბლოგიკამდე გემშვიდობებით და იმედს ვიტოვებ, რომ არ აღმოაჩენთ ქალის ხმით მოლაპარაკე ”დათოებს” თქვენი ქმრების ან შეყვარებულების ტელეფონებში. თუ მაინც მოხდება ასე, გაიხსენეთ ღალატის დადებითი მხარეები და შორს მოისროლეთ "ათი წესი, როგორ დავძლიოთ ღალატისგან გამოწვეული დეპრესია". იფიქრეთ იმაზე, რომ ქალებს ყველაფერი შესანიშნავად შეუძლიათ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, დაფიქრდით, რა ძნელია, იყო ლოგიკური საკუთარ შეუსაბამოებებთან!...
თეა ინასარიძე
ჟურნალი ”და ქალი”