გახსოვთ, ბავშვობაში ადრე რომ იძინებდით, ხვალინდელი დღე რომ მალე მოსულიყო... ეს "ხვალინდელი დღე" თავის თავში რაღაც სასიამოვნოს გულისხმობდა ხოლმე - დაბადების დღეს, ახალ წელს, ზოოპარკში ან ცირკში წასვლას და ა.შ.
მოგვიანებით, ალბათ 2099 წლისთვის, მეცნიერები აღმოაჩენენ დაბერების საწინააღმდეგო საშუალებას და ის იქნება სწორედ ეს განცდა, რომელიც გვაიძულებდა, ცქმუტვით დაგვეძინა და გაგვეღვიძა ადრე...
მოკლედ, დღეს შაბათია. უკვე ორჯერ დავლიე ყავა და ერთიც თერმოსში შევინახე. საგანგებოდ გადავამოწმე ყველაფერი, რაც ლაშქრობისთვის მჭირდება და ვზივარ ფანჯარასთან, ველოდები ცისკრის ვარსკვლავის გაქრობას, დილის სიწმინდეში ქალაქის ახალი სიცოცხლის ნავთობივით ამოხეთქვას...
გულდასმით გამოვიკაზმე: ტვიდის ლურჯი კაპრები, შინდისფერი დიდყელიანი ქაშმირის თბილი სვიტერი, თეთრი ბუმბულის ქურთუკი, შავი ტყავის ზურგჩანთა და ბათინკები... ცოტა საძილე ტომარა მეზედმეტება, მაგრამ არა უშავს. აზრებს ვერ ვაკოწიწებ: "ჯერ არ გათენებულა და უკვე "გამოვუყვანე წირვა" თეთრ შოკოლადს"; "საჭმელი თითქმის არაფერი მიმაქვს შოკოლადის და ორი ბუტერბროდის გარდა"; "ნეტა ვინ არის ეს მეგი? იქნებ მიზეზია ჩემ წასასვლელად?
ნეტა..."; "ე.ი. აქედან ჯერ მატარებლით მივდივართ და მერე ფეხით, დანიშნულების ადგილამდე". "რატომ არ დავდივარ ლაშქრობებში ხშირად?"; "კარგი, წავედი სადგურზე, თორემ ეგ უფრო არ დამელოდება, ვიდრე მატარებელი..."; "პო, შენ არ იტირო, მალე მოვალ... დედა გაგასეირნებს";
*
- დილა მშვიდობის, ტეო...
- სალამი...
- მეგი, სალო, გიო, ეს ტეოა. წავედით...
მატარებლის დაძვრისთანავე დავიწყე მათი ფსიქოტიპებისა და ურთიერთობის შესწავლა. ჩანს, ყველას მხოლოდ ლაშქრობა და თომა აკავშირებს ერთმანეთთან. ერთი გიო აღმოჩნდა მისი ბავშვობის მეგობარი და ლაშქრობაში მუდმივი თანამგზავრი.
სალოსთანაც თითქოს იგივე მიზეზი აერთიანებს, მეგი კი ჩემსავით პირველადაა მათ საზოგადოებაში. მთელი გზაა, ცანცარებს, მასხრობს, კრეატიულ ფრაზებს ისვრის და გვახალისებს.
მისი რამდენიმე აზრის წყალობით საკუთარი თავი ამოვიცანი ამ ტანმორჩილ, ქერა და ლურჯთვალა თოჯინაში, სალომესაგან განსხვავებით, რომელსაც შუბლზე აწერია მისი შეძენილი ინტელექტი, ალტერნატიულობა და თომას გავლენა. თავშეკავებული და კეთილგანწყობილი სიამის კატაა.
თავიდანვე მიმიზიდა და აშკარაა, რომ არა მარტო მე. მთელი გზაა თომა და გიო განიხილავენ სხვადასხვა თემას, თომა ქედმაღლური, თვითდაჯერებული ტონით, საკუთარი ცოდნის გამოყენებით, მყარად აფიქსირებს საკუთარ შეხედულებას კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით, გიო კი ემოციურად და გულახდილად ცდილობს, საპირისპიროში დაარწმუნოს. ამჯერად ტროცკია განხილვის საგანი და თომამ კიდევ ერთხელ მოსვა რაღაც თავისი "ბაკლაჩკიდან" და გიოსაც გაახსენდა საკუთარი მათარა.
"სხვათა შორის, ჩვენი დიქტატორი რომ არა, მარკსის თეორია თაროზე იდებოდა დღემდე..." - სალომე შიგადაშიგ ერთვება ხოლმე საუბარში, ხელოვნური სინაზით და ხმადაბლა წარმოთქმული ლაკონური ფრაზებით. მეგი ვერ ისვენებს...
ვაგონიდან ვაგონში დადის, მღერის, იცინის, ხალხს ეცნობა... ეტყობა, რომ ტყუილად არ უდგას თვალებში სევდა... "ფრიდას სახლიდან რომ არ წასულიყო, ვერ მოკლავდნენ... დიეგოზე გამწარებულმა ფრიდამ შურისძიების მიზნით გააბა რომანი ტროცკისთან და ეს უკანასკნელიც იძულებული იყო, მეუღლესთან ერთად დაეტოვებინა იქაურობა, რივერას უსაფრთხო სახლი... ისევ სიყვარულამდე დადის ყველაფერი... ისევ ქალისა და კაცის დაუსრულებელ მტრობამდე და მოყვრობამდე.
რატომ არავინ განიხილავს გლობალურ საკითხებს ამ კუთხით? არც ისე უტოპიურია..." - და აი, ისევ: რამდენჯერაც საუბარში ჩავერთე ან გიოს მივმართე, თომა იმდენჯერ გავიდა მოსაწევად და ძმაკაციც თან გაიყოლა... მე კი დამიტოვა დრო, მისი მათარით სასარგებლოდ... ვამჩნევ, რომ მიუხედავად ხელოვნური იგნორისა, თვალთახედვიდან არ მიშვებს. სალო პაცეფისტია და აშკარად იტაცებს ეს იმიჯი... გიო ანარქისტობისკენ იწევა, მეგი კი ქარის მიმართულებას დაჰყვება.
*
უკვე ჩამოვედით მატარებლიდან. სადგურიდან დანიშნულების ადგილი მოჩანს და უფრო კარგ ხასიათზე ვდგები, მე შორი მეგონა. მივდივართ ტყეში, ღიღინითა და ხალისით, ხან გირჩს ვიტაცებთ, ხან რკოს. თომა გამუდმებით უკან იხედება, ჩემკენ. ყურადღების გამოჩენას ცდილობს, ეთიკური მომენტია, მეტი არაფერი. რამდენჯერმე მეგის ჩაჰკიდა ხელი და გრძელი, სწორი თმა აუწეწა; რამდენჯერმე სალო ჩამოეკიდა კისერზე "მეგობრულად", მე კი არაფერს ვგრძნობ, დაბნეულობის გარდა.
ერთადერთი ხერხი, თავი რომ სასაცილოდ არ ვიგრძნო, ჩემი უპირატესობის ხაზგასმაა და ამიტომ გავუყევი აღმართს წელში გამართული, ყველაზე წინ, ქოშინის გარეშე, მშვიდად და გაუჩერებლად, ბერძნულ საგალობელს ვღიღინებ. ცოტა ხანში მართლა გამოვეთიშე მათ და მთლიანად მომიცვა გვიანი შემოდგომით დანისლულმა და მისტიკურმა ტყემ...
რამდენიმე კადრს ვაკეთებ "ზენიტით", რომელიც გუშინ ვიყიდე მშრალ ხიდზე, ბებერი ფოტოგრაფისგან. შიშველი ნატურა როგორ აკლია დაჟანგებულ ხეებს. გავჩერდი, ჰავა შევისუნთქე და უკან მომავალთ გავხედე: "რა იყო, დაიღალეთ? მეტი შემართება..." - თომას გაოცებული სახე სტიმულს მაძლევს, ენთუზიაზმით და ენერგიით ვარ სავსე. აი, მოვაღწიეთ დათქმულ ადგილამდე, მთის წვერში. მზე ჩასვლას იწყებს...
"რა ლამაზია" - თქვა სალომ და თომას თავი დაადო. თომა მე მიყურებს, მეგი თომას, კისკისებს და მიწაზე იშოტება... გიოსთვის არაა ეს ადგილი სიახლე და კარვის გაშლა იწყებს... წინ მივიწევ, ციცაბოსკენ და დაბლა ვიხედები... შორიდან ჩანჩქერი მოჩანს და ისმის... ცაში არწივი... იმდენი წიწვნარია აქ, ლამის დაჯაბნოს ნოემბრის სიყვითლე და წითელი...
ქვევიდან, ჩვენს ადგილთან უფრო ახლოს, ბუნებრივი აბანოს ოხშივარი ტრიალებს. ვხედავ, როგორ ვუახლოვდები გარემოს, ე.ი. ვშორდები ყოველდღიურობას. უფერულდება და რიგრიგობით ქრება "ამაოების აუტანელი სიმსუბუქე", ჩემი დაუბოლოებელი საქმეები სამსახურში, მეგობრების დეპრესია, ალექსას გაქცეული ქმარი, კონფლიქტები დედასთან, მეზობლის ჭორები.
ერთ მომეტში თომაც აორთქლდა ჩემი ცნობიერებიდან თავისი იდუმალებითა და პროვოკაციულობით... დავრჩით მხოლოდ მე და სიცარიელე, ჩვენ შორის ერთი ნაბიჯი და ხრამი...
რაც მაცვია, რატომ მაცვია? იმიტომ, რომ ჩემს შინაგან განწყობას გამოხატავს თუ იმიტომ, რომ ასე მიღებულია? ვიხსნი საათს, სვაროვსკის ბეჭედს და საყურეებს, შეუმჩნევლად ვისვრი დაბლა და შვებას ვგრძნობ... არადა, სინამდვილეში არასდროს მიზიდავდა ასეთი ძვირფასეულობა... მგონია, რომ გვერდაუვლელი ჭუჭყისგან თავის დასაღწევად ყურადღება ბრჭყვიალა სამკაულებსა და ძვირფას ტანისამოსზე გადაგვაქვს...
თავდავიწყების კიდევ ერთი გაუცნობიერებელი მეთოდი... ბევრი ნივთი მაქვს სახლში ზედმეტი... უკვე ვიცი, ვისაც გავახარებ. ამ დღიდან მალევე ვიგრძენი (კიდევ ერთხელ), რა სასიამოვნოა, როცა მხოლოდ ის გაქვს, რაც გჭირდება (თან მოგწონს). პირველად ეს მაშინ განვიცადე, როცა სქემარქიმანდრიტი ვიტალის ცხოვრებას ვკითხულობდი და ამ წიგნის გავლენით რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი წინ...
სწორად იმოსები და მოქმედებ, როცა შენს პიროვნებას ფურცლავ და ფურცელ-ფურცელ ეცნობი საკუთარ მრავალფეროვნებას, რომელსაც ადამიანები თვითონვე ვამწყვდევთ გალიაში და ერთფეროვან, კონკრეტულ ვიწრო ჩარჩოში ვათავსებთ...ფეხმორთხმული ვჯდები და კიდევ რამდენიმე კადრს ვიღებ...
*
"კარავი გავშალე, მოდით... ახლა საჭმელზე იზრუნოს ვინმემ..." - ამ დაძახილზე მახსენდება, რომ აქ მარტო არ ვარ და უკან ვიხედები. მეგი ბზრიალებს და პატრიოტულ შეძახილებს იხსენებს, სალო იცინის და ცდილობს შეუერთდეს, თომა იღიმის და მე მიყურებს. ვუახლოვდები:
- ტეო... ხო საყვარლები არიან? რატომღაც მგონია, რომ ზემოდან უყურებ...
- სამყაროსთვის არ არსებობს მსგავსი განსაზღვრებები, ზემოთ და ქვემოთ. მისთვის სულერთია და მეც, ისევე, როგორც ყველა, სამყაროს ნაწილი ვარ...
- კრეატიული კრეტინი ხარ, გიმეორებ...
- ვინ არიან შენთვის ისინი? რას გრძნობ მათდამი?
- იცი თანამედროვე ხერხი, თუ როგორ გამოიცნო, რომ ქალი პირადულში კრიზისს განიცდის? მის
სოცქსელში აქტიურობით... აი, გიოს ორი დღის წინ გოგო დაშორდა და მას მერე ისტერიკულად აქვეყნებს ფეისბუქზე სიმღერებს, სტატუსებს, ფოტოებს. ხან რომანტიკული ხასიათისას, ხან "ანტილოვერული" ჟანრისას, ხან ქარაგმულს, ხან მიზანტროპულს, ხან ვითომ აეჭვიანებს. მოკლედ, გაშიფრულია რა და ეს ძალიან, ძალიან იაფფასიანი ჟესტია!
რაც მთავარია, ნამდვილ სახეს ავლენს ისე, რომ ვერც ხვდება... ის ხომ ვერ ხედავს საკუთარ თავს გვერდიდან... არადა, ეს იმ სტატუსზე დაბალი დონეა: ყველანი მატყუარები ხართო! - რომ წერენ და მერე ვინც დაულაიქებს ან დაუკომენტარებს, ყველას სათითაოდ უმტკიცებენ - არა, შენ არ გეხება და არა, არც შენო. და მაშინ მივიდეს და უთხრას იმას, ვისი მისამართითაც ამბობს, რა აყვირებს??? საერთოდ, ყვირილი არ მიყვარს, ძალიან პრიმიტიული და სუსტი ხერხია საზოგადოებისთვის ხმის მისაწვდენად... მაგრამ ის გოგო იცი როგორი კატეგორიისაა? აი, ყველაფრით რომ უყვართ თავის შექცევა, ტრაგიკულითაც და კომედიურითაც.
ვინმე ცნობადი თუ გარდაიცვლება, გლოვობს (არადა, ბაბუამისის საფლავზე ბოლოს როდის იყო, არ ახსოვს), თუ ვინმე გააკულტა საზოგადოებამ, სასწრაფოდ მისი კუმირიც ხდება... ასეთ ადამიანს არ აქვს ტალანტი იმისა, რომ გაიგოს, ჭეშმარიტად რა სურს ან რა შეუძლია. ძირითადად, მორალისტებად გვევლინებიან და ზუსტად ერთი ნაბიჯი აშორებთ სულიერ როსკიპობამდე, არაპირდაპირი გაგებით... (აი, როგორც შენ ხრამამდე გაშორებდა წეღან).
უბრალოდ, ყველა ადამიანი, რომელიც ვაჭრობს, სპეკულირებს საკუთარი შეხედულებებითა თუ აზრებით, ჩემთვის არის ჩვეულებრივი კა-ხპა. მორალურად კახპა, გონებით მოვაჭრე, გონება კი, დამეთანხმები - სხეულზე მნიშვნელოვანია, ე.ი. სხეულით მოვაჭრე მეძავები მეტი პატივისცემის ღირსები არიან? არ ვიცი. შეიძლება ამაზე დაფიქრება. -ამას რისთვის მეუბნები?
- შენ მკითხე, ვინ არის ეს ორი გოგო ჩემთვის... ეს ორი გოგო (მნიშვნელობა არ აქვს სქესს) არის ის, ვინც არასდროს გაყიდის თავის აზრებს და არ უკიჟინებს საზოგადოებას მისი პერსონის შესახებ. ამ "მასოვკაში" კი ასეთი ექსპონატები არც ისე ხშირია.
- თუმცა მათშიცაა ადვილად შესამჩნევი სიყალბე, რაღაც დოზით. თუნდაც მეგის გადაჭარბებულ მხიარულებასა და ჰიპერაქტიურობაში და სალომეს ხელოვნურ სიმშვიდეში.
- ამას ეგოიზმი გალაპარაკებს, მაგრამ მართალი ხარ... წამოდი, მშია...
*
ბალახებში გაშლილ სუფრას ვუსხედვართ. გიომ მეტი ესთეტიკურობისთვის პატარა სანთლებით გააწყო ჩვენი მწირი ტრაპეზი და გიტარის აწყობაზე გადავიდა. მშვიდი საღამოა, გიოს სასიამოვნო ტემბრით შესრულებული სიმღერებით გაფორმებული, მეგი კი "ბექ-ვოკალში"... მხატვრული კითხვის ხაზს სალო მიუყვება, მეგიმაც წაიკითხა პათეტიკური სულისკვეთებით და თვალებდახუჭულმა, ლექსი მაგიდაზე დაღვრილ ბრინჯის ფაფასა და კუს დაკარგულ ბაკანზე. არაფრით გამორჩეული, მაგრამ ჩემთვის არაჩვეულებრივი საღამოა...
სალოს, მეგისა და თომას სამკუთხედმა დიალოგებმა უკვე გაამჟღავნეს მათი როლები და ერთმანეთისადმი დამოკიდებულება. ვხედავ გოგოების ცალმხრივ ლტოლვას მისდამი და მათ მზადყოფნას ყოველგვარი კომპრომისისთვის...
- არ გინდათ, აბანოში ჩავიდეთ?
- ძაან არ ცივა საბანაოდ?
- ჰეი, სალი, როდის მერე?
- გამოსაცვლელი ტანსაცმელი არ გვინდა? თუ მაისურებით გავცუროთ?
- მე წავედი და თქვენ გააგრძელეთ მიზეზების ძებნა...
- მეც მოვდივარ. - წინააღმდეგობა აღარ გავუწიე ჩემში ოდესღაც უარყოფილ ექსტრემალს.
აი, ვდგავარ ახლა ნახევრად შიშველი აუზის ხავსიან და სრიალა კიდეზე, სიბნელე მათამამებს, თუმცა საკმაოდ ნათელი ღამეა და საერთოდ არ იგრძნობა ზამთრის პირი. ნაძვების წვერები ცას უერთდება, ტყისა და ღამის ხმა... წყლის ტყლაშუნი... ბუ... ყველაფერი ბლეფია - თომას ვითომ უსტატუსო ურთიერთობები, გოგოების ნაძალადევად უპრეტენზიო "ახლობლობა", მათი სურვილი თავისუფლებისა, რომელიც აშკარა სწრაფვაა მონობისაკენ...
თომასთან ყოფნა ხომ სხვა არაფერია, თუ არა თავის დახრა მისი პროვოკაციული და სასტიკი პერსონის წინაშე. ყველაფერი ბლეფია. მხოლოდ ირგვლივაა ნამდვილი. ეს ხედი, ბუნება, მთა და წყალში გაჭრილი თომას ბეჭები... აუზი ბუნებრივად ცხელია. მაინც როგორ იზიდავს ადამიანი ფიქრებით მოვლენებს... აზრები მატერიალიზდებიან. განა ეს ისა არაა, რასაც ცოტა ხნის წინ ვნატრობდი? ცურვა ღია ცის ქვეშ.
- რა თბილი წყალია... ასე მგონია, დედამიწის კიდეზე დავცურავ...
- მსურველები გვიერთდებიან? გადაწყვიტეთ, როგორც იქნა?
კიდევ კარგი, ტკბობა მოვასწარი, სანამ დგაფუნით აამღვრევდნენ წყალს. ტყეში შევედი, გამოვიცვალე და კარავში ავედი. გვიანობამდე ვისხედით კოცონთან და რას აღარ ვყვებოდით. მერე ნელ-ნელა გავიკრიფეთ დასაძინებლად... ჯერ ისევ ბნელოდა, როცა ცეცხლის ტკაცუნმა გამომაღვიძა... ალბათ, თომაა...:
- ასე მგონია, ზღაპარში ვარ. ლამაზი ღამეა...
- ზღაპარში ხარ, სახელად "სიცოცხლე". რა მოჩვენებასავით დამადექი თავზე, შემეშინდა.
- შენ რამის გეშინია?
- შენი მეშინია...
- მე შენი...
- ერთი მეორეს არ გამორიცხავს. მე რა ვიცი, იქნებ მართლა გვეჩვენები სუყველას?
- რატომ არ გძინავს?
- ასეთ დროს არ მეძინება.
- იცი, სოხუმშია ერთი ადგილი, "ზღვაში კლდე" ჰქვია. ხალხი იშვიათად მიდის, მაგრამ თუ იქ ცისკარზე დაცურავ, მშვიდი ზღვა კამკამა და მწვანეა. იმიტომ, რომ კოლხეთის გადმონაშთ ხავსმოდებულ კლდეს და წარსულს ირეკლავს... თევზებიც შენთან ერთად დაცურავენ და ფეხებში გისრიალდებიან... შენ მოგეწონება.
- კარგი. ჩავაქროთ ცეცხლი. წავედი... - ადგა.
- ვერ ვიტან ბანალურად წასვლას... საერთოდ, წასვლა თავის მხრივ საკმაოზე ბანალურია, მხოლოდ დარჩენაა "ლომთა ხვედრი". - დაჯდა...
- ძლიერი ადამიანი ფლობს განცდების გამოხატვის რთულ ხელოვნებას. გულწრფელი ემოცია სიბრძნეს და ფრქვევის ოსტატობას მოითხოვს. შენ ეს შეგიძლია. არასოდეს გერიდება საკუთარი თავის გამომჟღავნება და შენი ემოციაც ყოველთვის ნამდვილია. ამიტომ შენთან თავს არაკომფორტულად და დაჩაგრულად ვგრძნობ, მე ასე არ შემიძლია. ემოცია არ მაქვს. პასუხი არ გამაჩნია... ამიტომ უნდა წავიდე... ახლაც და მერე...
- ვინ გთხოვს პასუხს?
- მაფორიაქებ და ეს არ მინდა. უშენოდ მშვიდად ვარ. არ მჭირდები.
- რისი გეშინია? ასე კომფორტულად ხარ? გოგოებს აბნევ... ჰაერში გამოკიდებულია შენი კავშირები... ...და ბოლოს რა?
- ყველას ბოლო ერთია, ჩემზე დემაგოგო. ბევრი რამ ვნახე იმისთვის, რომ ამაოებამ გამიტაცოს.
თუმცა რაც უნდა ბევრი ვნახოთ, მაინც უფრო მეტია სანახავი (უნახავი) და რაც არ უნდა მეტი მოხდეს, მოსახდენი ხომ უფრო მეტი რჩება? ..და მე სიმშვიდე ვამჯობინე. გაქვს უკეთესი ალტერნატივა?
- კი.
- შენ? შენ რა შეგიძლია შემომთავაზო? ერთი არაფრის მაქნისი გოგო ხარ. არაფერს წარმოადგენ, შენი უაზრო დაქალებივით, რომლებსაც დამოუკიდებლობა ვერა და ვერ მოუპოვებიათ. დეპრესიული და უმეცარი ენერგეტიკა გახვევია. ცაში აჭრა არ შეგიძლიათ არცერთს. ვიღაცაზე ან რაღაცაზე დამოკიდებული, ბანალური ორფეხები ხართ. ხალხმრავლობაში რომ ვერაფრით გიცნობთ... ვერა და ვერ გაარღვიეთ ეს კარგად გაწერილი დღეები და ერთი ადგილის ტკეპნით იქმნით წინსვლის ილუზიას, ნაყრდებით და ძვირიან ყავას აყოლებთ... შვილიშვილებს შეუნახეთ თქვენი დაობებული გეგმები და სურვილები. ვითომ რაღაც გინდა და ერთ ნაბიჯსაც ვერ დგამ წინ...
- ჩემგან რას ითხოვ?
- შენი მაქსიმუმი "დადე" და თუ ის არ აღემატება იმას, რასაც ახლა აკეთებ, მაშინ კეთილი ინებე და მოკვდი, ჩემს წიგნში მაინც მოგიხსენიებ, იმიტომ, რომ სამყაროსთვის ისედაც სულერთი გახდები.
- არ არის ასე! ფუ! რა საზიზღარი ხარ! შენ თვითონ რას აკეთებ ერთი?
- აა, გადმოხვედი შეტევაზე, კაცთმოყვარე ქრისტიანო? სად გაქრა წმინდა მამების ნაქადაგარი თავმდაბლობა? იცი, რაა? თვითონ გინდოდა ამის მოსმენა. ბოლოს მაინც მომთბარ ადგილას ამჯობინებ ჯდომას და ისევ სხვის გაკვალულ გზას გაუყვები, რომ როგორმე შენი კარგად გალაკული ფრჩხილები არ დაგატყდეს ეკალ-ბარდებში ძრომისას. რა იყო? რაღაც გადაპრანჭულ სტუდიაში მიგიღეს სტაჟიორად და გგონია, მთებს დაძრავ? მე სხვა რამეს გეუბნები, სულ სხვა რამეს... შენ არ გესმის! მეგონა, გაიგებდი... შეხედე მეგის, სალოს, განსხვავებულობის სურვილით აღგზნებულები გაბანალურდებიან მალე და კიდევ აქეთ დამიქნევენ თითს.
- თამაშობ! მათი გრძნობებით თამაშობ! მათ ეს იციან და ისინიც თამაშობენ. არ ნებდებიან... რა უსამართლობაა! კავშირებს სიყალბე უდევს საფუძვლად და ზედ მაინც მრავალსართულიანი "შენობები" შენდება. ნეტა მიწისძვრას თუ უძლებენ...
- ჩვენ ყველას თვითშემეცნების დაუოკებელი სიყვარული გვაერთიანებს, ეს არის და ეს. ასე რომ, "შენობების დემონტაჟი", ადრე თუ გვიან, გარდაუვალია...
- იცი, ბევრი ფიქრი ისეთივე სისულელეა, როგორც დაუფიქრებლობა. არც უმნიშვნელო წვრილმანებზე ტვინის ჭყლეტვაა საჭირო. ზოგჯერ უნდა მიუშვა გული და მიიღო სრული ენერგია არსებული რეალობისგან. არ ვაპირებ, სულიერი გურუ ან რაიმე საოცრება გავხდე. მინდა ვიპოვო ჩემი საქმე და სიყვარული. დანარჩენი მაქვს და რაც მაკლია, ისიც იქნება. თითქოს მართალი ხარ, რასაც ამბობ იმაში, მაგრამ რაღაცებში ჩემ შემთხვევაში ცდები. შეიძლება ვერ ვმოქმედებ სათანადოდ ჯერ, მაგრამ...
- მაგრამ რა?
- არ ვიცი...
- გილოცავ.
- ისიც კარგია, რომ ფოტოგრაფიას სერიოზულად მოვეკიდე. მომწონს, რასაც ვაკეთებ, მიყვარს კადრების დამახსოვრება და საკუთარი ხედვის სხვებისთვის გაზიარება. აუცილებლად გავაკეთებ ამ სფეროში იმას, რაც ჩაფიქრებული მაქვს. "პავლოვიჩის ძაღლივით" არ შევეგუები იმას, რასაც მომიგდებენ "საჭმელად", გპირდები.
- მე ნუ მპირდები. შენს თავს შეუსრულე და კიდევ - ალბათ, ერთმანეთს უნდა დავემშვიდობოთ...
- წადი, დაიძინე. მეც დავწვები ცოტა ხანში...
- არა, არა... მართლა უნდა დავემშვიდობოთ. სამუდამოდ.
- აი, პატარა ბავშვი რომ ორმხრივ გზაზე გადაგყავს და თეთრ ზოლზე (თითქოს უსაფრთხოდ) ტოვებ, დაახლოებით იგივე იქნება, შენ რომ წახვიდე... წინ წავა თუ უკან ეს ბავშვი, მაინც მანქანა გასრესს..
- შუქნიშანი მუშაობს, ნუ ღელავ... - გატრიალდა და კარავში შევიდა.
ვზივარ ახლა და ვფიქრობ... ალბათ, არასდროს არავის გავაბედვინებდი ასე ლაპარაკს, ასე მოქცევას... არავის არ ვანახებდი საკუთარ სისუსტეს, მით უმეტეს, ასე მოურიდებლად და არც არავის ვაგრძნობინებდი, რომ ასე მჭირდება და ა.შ... თომასთან ყველაფერი სხვაგვარადაა. მასთან აზრი არ აქვს თამაშს, თავშეკავებას. მგონია, შეუძლებელია მისი მოტყუება და ამას გარდა, ერთადერთი, რაც ჩემთან იჭერს, ჩემი გულახდილობა და სიწრფელეა.
ვხედავ, რომ ის აზრს ადამიანებზე იმის მიხედვით არ იქმნის, თუ რას გრძნობენ მისდამი. მთავარია, რამდენად სწორად და ღირსეულად იქცევიან ადამიანები სხვადასხვა სიტუაციაში და რის პოტენციალს ფლობენ. ზუსტად არ ვიცი მისი სისტემა (და ესეც მიზიდავს), ამიტომ გულით და გუმანით ვმოქმედებ... საოცარია, მაგრამ შემიძლია უკან გავყვე, კი არ გავეკიდო - გავყვე და თავი დამცირებულად არ ვიგრძნო... თვითონაც ხედავს, რა მსურს მისგან და რომ ამაში შეურაცხმყოფელი არაფერია.
ყველას ეძინა... ავდექი, ფოტოაპარატი ავიღე და აუზში გასაცურად ჩავედი... სულ სხვაა მზის ამოსვლისას წყალში დედიშობილა ცურვა... მერე ტყეში შევედი. რამდენიმეწამიან ტაიმერზე მოვმართე მეტალის მექანიკური ისარი, ხის ტოტზე დავკიდე "ზენიტი", ობიექტივში გავიხედე და თვალით მოვნიშნე ის ადგილი და სივრცე, რომელიც მოჩანდა.
შიშველი და სველი, ნახევარმეტრიანი ფოთლების გროვაში ჩვწექი და ჟესტიკულაციით გამოვხატე ის, რასაც იმ წუთას ვგრძნობდი... ღილაკზე დაჭერიდან ათი წამი მქონდა ამის გასაკეთებლად და კადრიც აფეთქდა... ალბათ, არ გამოვა ეს ფოტო... არც შუქია საკმარისი-მეთქი, გავიფიქრე და ისევ აუზისაკენ ავიღე გეზი. გავსუფთავდი და ჩავიცვი.
იმედია, პნევმონიით არ დავასრულებ სიცოცხლეს ამ არგამოსული კადრის გამო-მეთქი... ორივეში შევცდი, ჯერ ერთი, სურდოც არ დამმართნია და მეორეც - ეს ის სურათია, რომელიც ცოტა ხანში პრაღის მოყვარულ ფოტოგრაფთა კონკურსზე პირველ ადგილს აიღებს... მანამდე კი: ვზივარ მატარებელში და ზუსტად ვიცი, რომ თომამ რაც უნდა თქვას და აკეთოს, სამუდამოდ მაინც ვერ წავა... ამას ვგრძნობ და ე.ი. ვერავინ დამაჯერებს, რომ ვცდები! ალბათ, არც ის საუბარი შემაცვლევინებს აზრს, რომელსაც ცოტა ხანში შემთხვევით მოვისმენ და არც მეგის თხოვნა, რომელსაც ახლა ვუგდებ ყურს:
- ტეო, თომა მიყვებოდა შენზე... - გვერდით მომიჯდა და თავი დამადო, ლეკვივითაა. - უფსკრულივით ღრმა, უსასრულო და შავი თვალები აქვსო. მართალი ყოფილა. საშინელი გამოხედვა გაქვს. თომამ მითხრა და ახლა დავრწმუნდი, რომ მართლა მომხიბვლელია შენი მსჯელობა, თუმცა თითქმის არ გისაუბრია, მაგრამ ორ ფრაზაში შეგატყვე. მასზე გავლენა გაქვს, იცი ხომ?
- მეე? არა, რას ამბობ...
- კი! ვიცი, რომ მეგობრობთ და მინდა გთხოვო, დამეხმარე... არ ვიცი, რა მჭირს, სრულიად მომიცვა მისმა პიროვნებამ, თითქოს ყველგან დამდევს, არადა, მე დავდევ, მგონი. უბრალოდ, მინდა ვიცოდე, რას გრძნობს ჩემდამი. ხშირად ზრუნავს, მეხუტება, ვსაუბრობთ და ვხედავ, რომ არაა გულგრილი. მე კი ჩემი თავი კბილებით მიჭირავს, თუ შემიყვარდა, ვერასდროს დავივიწყებ...
არადა, შემიძლია ავდგე და წავიდე, ახლა შემიძლია, სამუდამოდ დავივიწყო! ვიცი, რასაც ვამბობ... საკუთარ გრძნობებს ჯერ კარგად ვმართავ... მიზიდავს, მომწონს, მაგრამ არ მიყვარს...
- გაჩუმდი! არ გაიგოს. - სინამდვილეში, უბრალოდ, მისი მოსმენა არ შემიძლია. სუნთქვა შემეკრა. ძალიან საყვარელია. თითქოს სულ ვიცნობდი... მაგრამ ასეთ რამეს როგორ მთხოვს? - თუ რამე დავტყუე, გეტყვი... რამდენი ხანია იცნობ?
- დიდი ხანია, მაგრამ დავახლოვდით რამდენიმე თვეა...
- გასაგებია...
- ფოტოებს რომ გაამჟღავნებ, ხომ გამომიგზავნი? იმედია, შემდეგ ლაშქრობაშიც წამოხვალ და კიდევ შეგხვდები... თითქოს სულ გიცნობდი... - გამეღიმა... ...და მისი პატარა და თბილი ხელი ავიღე... ჩემი მობილური კი არ ჩუმდება... "ბექა, ბექა... ჯანდაბა! რა ჯიუტი ხარ... ჩანს. გამომადგები მალე..."; ახლა კი ცოტას წავუძინებ, ძალები მჭირდება... ძალები აწი განსაკუთრებით მჭირდება...; "თან ეს ფოტოსალონები... რა ძნელია ხარისხიანი ქაღალდის შოვნა... ვინღა ბეჭდავს ფოტოებს..."; "იმედია, ძალიან არ ვაგვიანებ..."
გაგრძელება იხილეთ ხუთშაბათს
თეკლა ლაზი
იხილეთ ასევე: კედებიდან პლატფორმამდე. თავი XI - სად მთავრდება ქალის სიძლიერე? არსად!