პარიზული საოცარი თავგადასავლის შემდეგ ანაბელი ისევ ჩემთან იყო, ამჯერად თბილისში…
პირველ დღეს სასტუმროში წავიყვანე და დავბრუნდი, დაღლილი იყო… საშინელი დღეები დამემთხვა, ერთი სამსახურიდან მეორეში გადასვლის პერიოდი, ახალი სემესტრი და ჩემი ბიზნესის მეორედ გაცოცხლების მცდელობა…
სახლშიც სტუმრები მყავდა, შესაბამისად, ჩემთან ვერ დავტოვებდი. ღამის 12-ზე ვთავისუფლდებოდი, დაქანცული… მეორე საღამოს, პირველის წუთები იყო, როცა სასტუმროსთან გავუარე, მერე ვახშამზე გავედით… გზად ტაქსიმ გზა ჩამიჭრა და კინაღამ დავეჯახე, რომელიც ისედაც გაღიზიანებულმა – სიგნალით და ყვირილით ავიკელი…
მერე ნაცნობმა დამირეკა და მისაყვედურა, რატომ არ ვუპასუხე 15 წუთის წინ გამოგზავნილ სმს-ზე და თავი ვინ მეგონა საერთოდ. ამაზე უკვე საბოლოოდ გავცეცხლდი! ანაბელი შეშინებული მიყურებდა, თითქოს ვიღაც უცხო კაცს ეჯდა მანქანაში.
- როგორ ჩაიარა დღემ? – ვკითხე დაქანცული ღიმილით…
- ნორმალურად, ვისეირნე, მერე მოვედი და დავისვენე…
რესტორანში დაახლოებით ნახევარი საათი ვსაუბრობდით ათას სისულელეზე, როგორ მოეწონა თბილისი, რა ხდებოდა პარიზში, როგორი ცივი შემოდგომა გვქონდა და ა.შ. ბოლოს ანაბელმა ვეღარ მოითმინა:
შენ ის არ ხარ, ვისაც მე ვიცნობდი და ვისთანაც ჩამოვედი! სად გაქრა ის ბედნიერი, ენერგიული Crazy boy?!
ძალიან ვიღლები, ანაბელ, იმდენად, რომ ბედნიერის თამაშიც არ შემიძლია – ვუთხარი და მაგიდაზე დადებულ საფერფლეს მივაშტერდი, თან მესამე ღერს მოვუკიდე…
ბევრს ეწევი! ან რომ შეეშვა ამ სამსახურებს და მხოლოდ ერთი დაიტოვო, არ გინდა? ცხოვრების საუკეთესო წლებს ოთხ კედელში ატარებ – მითხრა სევდიანი ხმით და სახეზე მომეფერა…
სხვა გზა არ მაქვს, ანაბელ – გამეღიმა, როგორც ჩანს, სევდიანად, რაკი ანაბელი ლამის ტირილისთვის მოემზადა… ფობია მაქვს, იმ ჭაობში დაბრუნების, საიდანაც ზუსტად ასეთი რეჟიმის დამსახურებით ამოვძვერი…
მომიყევი შენზე – ჩამხედა თვალებში. მოკლედ მოვუყევი ბავშვობის, 22 წლის ასაკში საზღვრის პირველად გადაკვეთის, 18 წლის ასაკში ფლაიერების დამრიგებლის პოზიციის და 50-ევროიანი ხელფასის შესახებ… ახლა კარგად ვარ – გავაგრძელე საუბარი, მაგრამ ოდნავი შეჩერებაც და ისევ ის გავხდები, ვინც 10 წლის წინ ვიყავი, როცა ეს ყველაფერი დავიწყე…
ანაბელმა ხელზე ხელი მომიჭირა და იმდენად სევდიანი მზერა მომაპყრო, რომ დავითრგუნე.
ნუ გეცოდები! – ვუთხარი და ხელი გამოვტაცე.
არ მეცოდები, მიყვარხარ – გამიღიმა და ეჭვიც არ შემიტანია მის სიტყვებში. – რა უნდა გავაკეთო, რომ ისევ ისეთი გახდე, როგორიც პარიზში?
სადმე უნდა წავიდეთ, გამოვრთო ტელეფონი და დავტკბე ცხოვრებით… ახლა ხვდები, რატომ ვმოგზაურობ ამდენს? ბედნიერებას და თავისუფლებას ვეძებ, რომელიც მაკლია, ძალიან.
დაღლილი ხარ, წამიყვანე სასტუმროში და შენც დაიძინე. დავუჯერე. იმ ღამით ცუდად მეძინა, თავს საშინლად ვგრძნობდი. ასე უგულოდ ვუხდიდი სამაგიეროს ანაბელს იმ ბედნიერი დღეებისთვის, რომლებიც პარიზში გავატარეთ.
სამი დღით იყო ჩამოსული, მე კიდევ სულ ორჯერ ვნახე, ისიც 1-2 საათით. წასვლისას მკითხა, ხომ არ წავიდოდი სადმე სამოგზაუროდ მასთან ერთად… ვუთხარი, რომ ახალი წლის მოგზაურობა ახალი დაგეგმილი და შესაბამისად, გადახდილი მქონდა, თან მანქანის შესაცვლელად ვაგროვებდი თანხას, შესაბამისად, სხვა რამეს, უბრალოდ, ვერ დავგეგმავდი, ფინანსური დეფიციტის გამო…
"პარიზში ვარ" – მომწერა ანაბელმა დილით და კიდევ ერთხელ საშინლად ჩამწყდა გული… შემდეგ, ნოემბერ-დეკემბერმა მთლიანად შთანმთქა, ისე, რომ აღარაფერი მახსოვდა. იანვრის შუა რიცხვები იქნებოდა, როცა ანაბელმა მომწერა:
თებერვალში ორი დღით გეცლება, ჩემი მეგობარი რომ ჩამოვიდეს და პროექტის ჩატარებაში დაეხმარო?
გამახსენდა ჩემი უგულო დახვედრა. სასწრაფოდ დავაზუსტე თარიღები, ავიღე ორდღიანი შვებულება თებერვლისთვის და თანხმობა დავუდასტურე. მეილზე ვინმე სტეფანმა მომწერა, რომელიც ანაბელის ასისტენტად გამეცნო და პასპორტის ასლი მთხოვა. გამიკვირდა… "ხელშეკრულება უნდა მოვამზადო, სხვანაირად ბიზნესთრიფად არ ჩაგვეთვლება" – გამომიცხადა სტეფანმა. მეც მორჩილად გადავუგზავნე პასპორტის ასლი.
ზუსტად ერთ კვირაში უცნაური მეილი მივიღე, კიდევ უფრო უცნაური თანდართული ფაილით. შოკისგან ვერც ვაცნობიერებდი, რა ხდებოდა ჩემს თავს. მონიტორიდან ლუფთჰანზას ბილეთები გადმომყურებდნენ, თბილისი-მიუნხენი-მალტა-მიუნხენი-თბილისი. იმდენად დაუჯერებელი იყო, რომ მეორე დილითვე გადავრეკე ლუფთჰანზას საქართველოს წარმომადგენლობაში. ეს ნამდვილად ჩემი ბილეთები იყო, საჩუქრად ანაბელისგან!!! ისე ამიჩუყდა გული, ლამის ტირილი მომინდა. ისტერიულად ვთხოვდი ანაბელს ანგარიშის ნომერს, რომ თანხა გადამერიცხა. თან ვხვდებოდი, რომ ლუფთჰანზას ბილეთები არც ისე იაფი იქნებოდა.
მეგობრებს მოვუყევი ყველაფერი და კრიტიკის ქარცეცხლიც დამატყდა თავს: ალფონსი ხარ, ჩვეულებრივი პროსტიტუტი! – მკიცხავდა ყველა, ვინც ეს ამბავი გაიგო.
მე ხომ არაფერი მითხოვია მისთვის, უბრალოდ… დაბნეულმა ვცადე თავის მართლება და მომენტალურად ვინანე, ეს მხოლოდ ჩემი და ანაბელის პირადი საკითხი იყო! გაფრენა შაბათს იყო, გამთენიისას, გამოფრენა სამშაბათ საღამოს, ანუ მალტაზე 4 სრული დღე მელოდა…
და დადგა თებერვალი. ინტერნეტსაიტები მამცნობდნენ, რომ მალტაზე 15-18 გრადუსი იყო, როცა აქ ყინავდა. ჩავედი… ანაბელი აეროპორტში მელოდებოდა. ხელში შოკოლადის კრუასანი და ვაშლის წვენი ეჭირა, მიხვდა, რომ მშიერი ვიქნებოდი…
გადავეხვიე, მერე გამოვგლიჯე ხელიდან ყველაფერი, კრუასანი თითქმის მთლიანად ჩავიტენე პირში, მერე წვენი მივაყოლე, ანაბელს ხელი ჩავავლე და ავტობუსებისკენ გავარბენინე…
4 დღე გვაქვს, ვერცერთ წამს ვერ დავკარგავ – გავრბოდი და აღტაცებას ვერ ვმალავდი გარემოთი. ეს იყო სულ სხვა სამყარო, ძველის და ახლის სინთეზი, თბილი, პალმებით და უცნაური შენობებით სავსე…
ავტობუსში უკანა კარიდან ავედით, ფეხები მაღლა შემოვაწყვე და ანაბელს ხმამაღლა დავუწყე მოყოლა, თუ რა უნდა გაგვეკეთებინა ეს ოთხი დღე მალტაზე.
ფეხები ჩამოწიე, სირცხვილია და მუსიკასაც ნუ აყვირებ – ღიმილით დამტუქსა. წინიდან უკმაყოფილოდ მიყურებდა ვიღაც კაცი და გვერდით მჯდომ მამაკაცს ჩემზე რაღაცას ეუბნებოდა.
შენ ხარ იდეალური ქალი, ეს ხალხი კიდევ ღორები არიან. შენ ძალიან მომენატრე და ამათი კიდევ… – ვუთხარი ფრანგულად.
მუსიკას რაც შეეხება, არ მაქვს ყურსასმენი და ამათაც ხომ უნდა გამიგონ – ამდენი ფრანგული უკვე აღარ ვიცოდი, შესაბამისად, ინგლისურს დავუბრუნდი.
გაჩუმდი, ვინმეს არ ესმოდეს! – შეჰკივლა ანაბელმა და უცებ მომიტრიალდა: მოიცა, შენ ფრანგული ისწავლე?
ჰო, მინდა, რომ შენს მშობლიურ ენაზეც შემეძლოს, რამე გითხრა – კმაყოფილი ვიყავი მისი რეაქციით, ტყუილად არ დავახარჯე ამდენი დრო ფრანგულში მომზადებას.
ჰოსტელში ავიღეთ ნომერი და უბედნიერესი ოთხი დღე გავატარეთ: ვთამაშობდით ჭადრაკს, ჰოსტელის სხვა ბინადრებთან, ვსვამდით ნომერში და მერე სირბილით ვაღწევდით სლიემადან Paceville-მდე; ვცეკვავდით ქანცის გაწყვეტამდე და მერე ფეხით მოვდიოდით სახლამდე, ნახევარი საათის სავალზე; ღამით ვსვამდით ჩაის ჩვენს ვერანდაზე და ვცვლიდით თავგადასავლებს მეზობელი ოთახის ბინადრებთან; გადავდიოდით გემით კუნძულებზე… და ჰო, მე ბედნიერი ვიყავი, ანაბელიც.
აი, ზუსტად ეს ბიჭი შემიყვარდა – მითხრა ანაბელმა ღიმილით და თმა ამიჩეჩა. – და აი, რა მაკლდა თბილისში.
თუმცა ხანდახან მეუბნებოდა, რომ ისევ ისეთი გაწონასწორებული და თავშეკავებული ვერჩივნე, როგორიც თბილისში მნახა, მაგალითად მაშინ, როცა ერთ-ერთ ტაძარში მოულოდნელად უკნიდან ხელები შემოვხვიე, თავი მოვატრიალებინე და ვაკოცე.
- სულელო პატარა ბიჭო, ღმერთი დაგვსჯის! – მითხრა სიცილით…
ღმერთმა უკვე დაგვსაჯა, სხვადასხვა ქვეყანაში რომ გაგვაჩინა! – გამეცინა მეც.
მალტაზე საკვებიც საოცარი ჰქონდათ. მეც ბედნიერად, დღეში რამდენჯერმე ვსადილობდი.
რამდენს ჭამ, ნამდვილი ცხოველი ხარ! – დამცინოდა ანაბელი.
ისევ მლანძღავ, როგორც ჩანს, დიდი ხანია, საჯაროდ არ ….
გაჩუმდი – რცხვენოდა ანაბელს და გარშემო იხედებოდა. მეც მეცინებოდა იმაზე, რომ მისი პროვოცირება ძალიან ადვილი იყო და რეაქციებიც ძალიან საყვარელი ჰქონდა.
რამდენჯერმე მოვატყუე, რომ ხელის დასაბანად გავდიოდი და ჩუმად გადავიხადე, რაკი ანაბელმა გადაწყვიტა, რომ თუ დაპატიჟება იყო, ბოლომდე მას უნდა გადაეხადა ყველაფერი და ეს აზრი მე საშინლად არ მომწონდა.
გავაკეთეთ და ვნახეთ ყველაფერი, რაც მალტაზე შეგვეძლო გვენახა, ავიღეთ კრუიზ-ტური და დავათვალიერეთ კუნძულები, შევცურეთ ნავით ცისფერ ლაგუნაში და დავსველდით. ანაბელმა ჩემი ერთგული ფოტოგრაფის როლი მოირგო.
ერთ-ერთ საღამოს წითელი ღვინით მთვრალები, დილის 5-ზე გამოვედით ბარიდან. მალე გათენდებოდა, სახლში დაბრუნება კი – ორივეს ძალიან გვეზარებოდა… გადაწყვეტილება მარტივად მივიღე, ერთ-ერთ სკვერში სკამზე გვეძინა… მე ვიჯექი, ანაბელს თავი ჩემს მუხლებზე ედო. საოცარი იყო მზის ამოსვლა, ნახევრად მძინარეებს თავზე რომ დაგვათენდა…
კაფეს ალაგებდნენ და ნელ-ნელა იხსნებოდა, როცა შევედით და სასწრაფოდ მოვითხოვეთ რამე ცხელი. მალტა ჩვენთან ერთად იღვიძებდა. ვუყურებდი ანაბელის ბედნიერებისგან მოციმციმე თვალებს და მეც უზომოდ ბედნიერი ვიყავი…
და მაინც, ისევე, როგორც ყველა ლამაზი ზღაპარი, ეს იდილიაც დასრულდა… სამშაბათ საღამოს მიუნხენამდე ერთად ვიფრინეთ, მერე კი – საკმაოდ დიდხანს ვიდექით, უხმოდ ვუყურებდით ერთმანეთს და ვფიქრობდით, რა იქნებოდა შემდეგი… ერთმანეთს 1 წლის განმავლობაში მსოფლიოს სამ სხვადასხვა წერტილში შევხვდით და ეს ნამდვილად ვერ იქნებოდა დასასრული…
მოვდიოდი უკან, მარტო და მომქონდა ბევრი დადებითი ემოცია და უზომო სითბო, რომელსაც სახელად ა ნ ა ბ ე ლ ი ერქვა…
იხილეთ ასევე: პარიზული სასწაული, ანუ ანაბელის სიურპრიზი (რეალური ისტორია) - გურამ შეროზიას ბლოგი