– დღესაც თუ გააცდენ გაკვეთილს, შეგიძლია ოფისში აღარ მოხვიდე.
– უკეთ ვიცი, რა. არ მჭირდება რეპეტიტორები.
– მე გაგაფრთხილე.
– ფულს ყრით ტყუილად. თვითონ მოვემზადები.
– ხო–ო? ხო და აქ აღარ მუშაობ!
– მამა!
– ოფისში მოსული არ დაგინახო! არც ბოლო ხელფასს მიიღებ!
– ეგ უკვე ზედმეტია. კანონს არღვევ!
– არაფერს არ ვარღვევ. შტატშიც არ მყავხარ გაფორმებული. მიჩივლე, მიდი.
– ასე არა? კარგად ბრძანდებოდეთ!
– თომა, დღესაც თუ გავიგე, რომ გააცდინე, არ გაპატიებ!
– ჩავაბარებ-მეთქი, მომზადების გარეშე. ერთხელ მაინც შეგიძლიათ მენდოთ?
– როცა გენდეთ, რა? შარშანაც ამას ამბობდი, მაგრამ რა ქენი?! – ეროვნული გამოცდების დროს დაადე თავი და ტაო-კლარჯეთის საექსკურსიო ტურში წახვედი... შარშანწინ? – უნარების გამოცდაზე დაგეძინა. გესმის, შვილო? დაგეძინა.
– ერთხელ მაინც შენს სიცოცხლეში, მოგდომებია ტაოს ნახვა? ნახვამდის, მამა!
თვალები სევდიანად მინაბა, გატრიალდა და კიბეზე დაეშვა. არცერთს არ დავუნახივარ, რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი უკან და დერეფანში უფრო ღრმად შევიმალე. თომა აბიტურიენტია... ჩვენ შორის ასაკობრივი სხვაობაა და ეს არის ის, რასაც ასე საგულდაგულოდ მალავდა? იქნებ სწორედ ეს გახდა მიზეზი, რომ დამემშვიდობა? ლაშქრობის მერე აღარ მეკონტაქტება და აღარც ჩემს მესიჯებს პასუხობს. იქნებ ამიტომ ჩამიცურა ზურგჩანთაში გამაფრთხილებელი წერილი, ტექსტით: "აღარ შემეხმიანო, თორემ დაგახრჩობ!".
მე კი მის მორიგ გამოწვევად მივიღე. სულელი ვარ! ადამიანი, რომელიც ამტკიცებდა , რომ არ ცხოვრობს და მოქმედებს, უაზრო ცნებების, სტერეოტიპების, წესებისა და სხვა დოგმების მიხედვით, ამ მიზეზით წყვეტს ურთიერთობას? ე.ი. ჩვეულებრივი ცრუპენტელაა. არა! არა! თეთრზე შავად ატყვია, რომ არ არის ასე.
ხუთი წელი... ხუთი წელი კიდევ არაფერი, მაგრამ ჯერ აბიტურიენტია... არა, როგორც მივხვდი, წესით, მეორე კურსზე უნდა იყოს... ვერ ვიჯერებ. რამეში მაინც ხომ უნდა დასტყობოდა ასაკი?.. თუნდაც გარეგნულად! რას ვფიქრობ? რაზე ვფიქრობ? იქნებ ჩემთვისაც ასაკია განსაზღვრება? იქნებ მეც აღარ მინდა... არა! უნდა ვუთხრა. უნდა ვუთხრა, რომ აბსურდია ამის გამო... უკვე ოთხი კვირა გავიდა, არ მინახავს.
ვცდილობ, დავბლოკო მასზე ფიქრი, შევასრულო ბრძანება – აღარ შევაწუხო და ამაში ბექასთან შეხვედრებიც მეხმარება... სხვა თუ არაფერი, ყურადღება გადამაქვს, როცა თომას ფენომენისადმი აუტანელი მონატრება მიტევს. ახლაც ბექას სანახავად მივდივარ, უფრო სწორად, მოდის... კი არა, და – მოვიდა უკვე:
– ტეო! მომენატრე...
– როგორ ხარ, ბექა?
– მოდი ჩემთან.
– ხელი გამიშვი!
– არა! – მერევა...
– მომეშვი, ეე!
– რა ფრიგიდული ხარ.
– მერამდენედ უნდა მეჭიდაო?
– არ მჯერა, რომ არ გსიამოვნებს, როცა საყვარელი ადამიანი გეხუტება.
– საყვარელი?
– ვითომ არ ვუყვარვარ... აბა, ის წერილი რა იყო? შეყვარებული ადამიანის გარდა არავინ დაწერს
მაგას...
– ა, ჰო... წერილი... (წერილი თომას დავუწერე, მაგრამ ბექას მივეცი. ისედაც ხშირად ვეუბნებოდი ფრაზებს, რომლებიც საშინლად მინდოდა თომასთვის მეთქვა).
– შენთვის კარგი ამბავი მაქვს! ჩვენს ბედნიერ მომავალს გილოცავ!
– ა?
– ლეკას დავშორდი! სამუდამოდ! მიყვარხარ!
– რატომ?
– იმიტომ, რომ შენ ის ადამიანი ხარ, ვინც მე მჭირდება! იმიტომ, რომ ვაღმერთებ შენს ყველაფერს და შენ!
– არა, არა, რატომ დაშორდი-მეთქი?
– აი, ამიტომ ზუსტად... ისედაც დაშორების მეტი არაფერი ჩვენ არ გვეწერა... დაველაპარაკე... გამიგო...
– ჩემ გამო დაშორდი, ბიჭო?
– რა გაყვირებს? სინდისი ნუ გქენჯნის. ლეკა რომ მყვარებოდა, შენ არ შემიყვარდებოდი. საერთოდ არ ვიწანწალებდი სხვა ქალებში. აი, ახლა არც მაქვს ამის სურვილი იმიტომ, რომ შენ მართლა მიყვარხარ და მინდა, ყველაფერი თავიდან დავიწყოთ. მინდა გამოვისყიდო ჩემი დანაშაული. ვიცი, რას განიცდიდი, როცა იცოდი, რომ მე... მოკლედ... მესმის... დამამცირებელია "სათადარიგო ბორბლად" ყოფნა (თორემ მე ხომ მყავდა რა – "ძირითად შემადგენლობაში").
– მისმინე, ბექა... ცოტა დავიბენი... საუკუნეში ერთხელ ვხვდებოდით. კი, ამ ბოლო დროს ხშირად გნახულობ, თუმცა მეგონა, ფლირტნარევ, მაგრამ მეგობრულ ურთიერთობაში გადაგვეზარდა...
– მე შენ მიყვარხარ! დაიჯერე! დიდი დრო დამჭირდა, სანამ ეს აღმოვაჩინე. სულ შენზე ვფიქრობ, შენი ყველა დეტალი მიყვარს და მომწონს... საოცარი ვინმე ხარ... მოდი, ჩამეხუტე!
– არა!
– გაბრაზებული ხარ? მესმის, შეიძლება გაწყენინე, მაგრამ უნდა გიხაროდეს, რომ ახლა ამდენ მსურველში შენ აგარჩიე. ალბათ, თავს გამარჯვებულად გრძნობ და ასეცაა. მართალია, ჩემს უპირატესობას ძნელად ეგუები, თუმცა მთავარია, მე მიყვარხარ...
– არა! არ არის მთავარი!
– დამიჯერე, არის. ნებისმიერი ჩემი ყოფილი გოგოდან მე შენ აგარჩიე...
– მე შენი გოგო არ ვყოფილვარ!
– აწი იქნები...
– რატომ ხარ ასეთი თვითდაჯერებული?
– არ მაქვს ამის საბაბი? ნახე, შენს ზარზე რა ფოტო მიყენია – შენი პატარაობის...
– ბექა, არ მიყვარხარ!
– კარგი ახლა, არ გინდა ეს ზედმეტი თავის დაფასებები...
– არა, არა. მე გიყენებდი...
– ოხ...
– ხო. ზუსტად მაშინ, როცა გეგონა, რომ შენ მიყენებდი. ჩემი გონება (და იმედია, გული არა) სხვას ეკუთვნის. მასზე ფიქრისგან თავის დასაღწევად გიყენებდი და ძალიან გთხოვ, ნუ მიყურებ ასეთი თვალებით. ხმა არ გაქვს ამოსაღები.
– სამაგიეროს მიხდი ახლა?
– რა სისულელეა...
– არ მჯერა!
– დაიჯერე... არც მე მიყვარხარ და არც შენ. ორივე ვთამაშობდით და თუ ახლა რაც თქვი, სიმართლეა, ე.ი. მე "მოვიგე"... უნებურად. არ მინდოდა და არც მიფიქრია. რა გაოცებული სახე გაქვს? სასაცილოდ გამოიყურები. არ ელოდი, ვიცი... არ ხარ ცუდი ბიჭი, მაგრამ ჩემთვის უინტერესოა შენი პერსონა. არაფერი ახალი შენგან. ერთ ადამიანს მეორესთან, გარკვეულწილად, ინოვატორის დანიშნულება აქვს.
შენ კი წინსვლას არ იწვევ. რატომ უნდა მიყვარდე? იმიტომ, რომ მატყუარა, მექალთანე, დაუნდობელი, კომპლექსიანი ტიპი ხარ? დიდი წარმოდგენა გაქვს შენს თავზე. მესმის, სიმპათიური, წარმატებული კარიერისტი ხარ, შენთან შეიძლება საერთოს გამონახვაც, საუბრის გაბმა და სულ ეს არის. კი, სექსუალურობაც გაქვს, მაგრამ მე ეს ყველაფერი არაფერში მჭირდება. ნუთუ არცერთხელ არ დაფიქრებულხარ ამაზე? არადა, ასე თუ ისე, გამიცანი... გახსოვს მითხარი, რომ სადღესასწაულო მორთულობასავით ვარ... ჰო და ჩემს დღესასწაულში შენ ვერ მიიღებ მონაწილეობას, არ გაქვს მაგის პოტენციალი.
– არადა, არ ხარ ქედმაღალი გოგო. ალბათ, ამას წყენა გალაპარაკებს...
– როგორც გინდა, ისე გაიგე. ახლა უნდა დაგტოვო, საქმე მაქვს. ვიმეგობროთ, თუ გინდა. არ მაქვს პრობლემა... თუ რამეში დახმარება დაგჭირდება, ჩემი იმედი გქონდეს...
– მოიცა, სად მიდიხარ?.. "ღადაობ", ხო?
– ნუ მომყვები, გთხოვ. გაჩერდი. არ ვხუმრობ...
– სად მიდიხარ? აქ არ ცხოვრობ?
– სხვაგან მივდივარ.
– მოიცა ერთი წუთით, დავილაპარაკოთ...
– მერე, მერე... სხვა დროს...
– დაგირეკავ...
– კარგი, მეგობარო... –მე უკვე გაჩერებას ვუახლოვდებოდი...
– ისე, რომ ვფიქრობ, მართალი ხარ, იცი? ალბათ, არ მიყვარხარ, უბრალოდ, კარგი მეგობრები ვიქნებით... – მომაძახა...
– აჰაა...
– არ გჯერა? რითი დაგიმტკიცო? – უკვე ძალიან აჭრილი მეჩვენა...
– თეთრი ოლეანდრის ტოტი მომიტანე, როცა კიდევ ერთხელ მნახავ... – მე ავტობუსში ავედი.
– ეს ის მცენარე, ხო? ადრე, რომ ამბობდი... კარგი... – ასეც მოიქცა...
*
თომას სახლთან ვდგავარ. მის ოთახში შუქი ანთია. არც ამჯერად მიპასუხა ზარზე, ამიტომ მომიწია, დამეძახა. ფარდა გაირხა... იგნორი... ორჯერ კენჭი ვესროლე ფანჯარას... იგნორი... მერე ზარი დავრეკე. ერთხელ, ორჯერ, ბევრჯერ... ვაკაკუნე, ვაბრახუნე. ასეა, დამუხრუჭება არასდროს შემეძლო:
– აქ რა გინდა?
– ქოლგა დამრჩა...
– რაა?
– გამატარე, უნდა მოვძებნო. – ხელი ვკარი და სახლში შევედი.
– სად მიდიხარ? თავხედი გოგო!
– სანამ არ დაგელაპარაკები, არ წავალ...
– გისმენ... – სავარძლის კიდეზე ჩამოჯდა და ამოისუნთქა.
– მე ყველაფერი ვიცი!
– თუ შეიძლება, ფარდას შეეშვი და გამოდი აივნიდან.
– არ მაინტერესებს შენი პედანტური ტიკები. ვიცი, რატომაც გაწყვიტე ჩემთან ურთიერთობა და გეტყვი, რომ სასაცილო მიზეზია. ასე რომ, მინდა ისევ ვიმეგობროთ...
– როდის ვმეგობრობდით?
– მინდა ისევ აღვადგინოთ ურთიერთობა, მაშინ...
– რა აღვადგინოთ? რა არის აღსადგენი? შენთვის რაღაცებს რომ ფანტაზიორობ, ხვდები?
– კარგი ერთი... ასეთი ბანალური მიზეზი თუ გექნებოდა, არ მეგონა...
– არანაირი მიზეზი არ არსებობს... რას იგონებ? წადი, გთხოვ. რა პატარა ღლაპივით იქცევი.
– ჰაჰ... ღლაპი ჩვენ ორ შორის მე არ ვარ. – დადუმდა.
– ვიცი, რომ ჩემზე უმცროსი ხარ და ტყუილად კომპლექსდები. არ ღირდა ამის გამო წასვლა.
– რის გამო? რა სულელი ხარ. მე კიდევ მეგონა, ცოტას მაინც აზროვნებდი.
– თქვი! ასაკია ხომ მიზეზი?
– არა, რა თქმა უნდა. მიზეზი არ აქვს ჩვენ დაშორებას და მიზეზი არ აქვს ჩვენ არდაშორებას. შეეგუო შეგიძლია?
– ა, ე.ი. მაინც ყოფილა რაღაც დასაშორებელი, არა? აბა, აღსადგენი არაფერიაო?
– არ მინდა ახლა ეს არაფრისმომცემი ამაოდ მეტყველება. წადი...
– მაგდებ?
– ...შენ მე ნამუსზე?
– ...თუ შენ სახლიდან?
– ხო!
– ძაალიან მამაკაცურია...
– არა, ბავშვური. მე ხომ პატარა ლაწირაკი ვარ.
– მარტო რატომ ცხოვრობ?
– რა შე–ნი სა–ქმე–ა?
– მაინტერესებს, რატომ ტოვებენ პატარა ბავშვს მარტო... –არაფერი უპასუხია... მიცდიდა... – მართლა გინდა, რომ წავიდე?
– რა არის ამაში წარმოუდგენელი?
– რა ვიცი... არც არაფერი... (ჩამოვყარე ყურები). კარგი, ახლა კი წავალ, მართლა და სამუდამოდ! იმიტომ, რომ ყველა კითხვაზე პასუხი გაცემულია.... ყველაფერი ამოხსნილია... გასაგები. მორჩა და მორჩა! ოკ... წავედი.
– ადგილიდან არ იძვრი აშკარად. – გაეღიმა...
– ჯერ სულიერად ვიძვრი, შინაგანად მივდივარ, რომ სხეულიც თან გავიყოლო. ასე უფრო ნამდვილი და საფუძვლიანია წასვლა.
– ციყვის ხასიათი გაქვს... ციყვი თუ ვინმეს გადაეკიდა, არ ეშვება. მხიარულად დახტის ტოტიდან ტოტზე და დასდევს. ძალიან მაგონებ. საერთოდ ნამუსი არ გაწუხებს, ისე ხუთავ ადამიანს.
– რატომ არ სწავლობ არსად და რატომ აცდენ გაკვეთილებს?
– უკულტურო ციყვო, სხვის საუბრებსაც უგდებ ყურს?
– თუ გინდა, რომ არავინ მოგისმინოს, დერეფანში აღარ გამართო კონსილიუმი...
– რა უბედურება გაცვია, ანდა...
– ტყავის შარვალი...
– ვულგარულია...
– მერე რა?
– არაფერი. წადი ახლა, ვინმე მოტოციკლიანი იპოვე, მოგიხდება...
– მეგის დაბადების დღეზე რატომ არ მიდიხარ?
– არ მცალია...
– ეგ არ არის მიზეზი.
– პასუხია.
– უნდა წახვიდე.
– შენ რატომ მიწყვეტ, მე რა "უნდა" გავაკეთო? – აივნის მოაჯირზე ჩამოჯდა, მეც მივბაძე... – რა იყო, უნდა გადამაგდო?
– რა კავშირშია?
– მე გიპირებ და ვიფიქრე, მიმიხვდა ჩანაფიქრს და "ენ–ელ–პე" მეთოდს იყენებს-მეთქი.
– მიდი, რას ელოდები?
– შესაფერის მომენტს... – სახეზე შევატყვე, არ ხუმრობდა და ჩამოსვლაც ვერ მოვასწარი, ისე სწრაფად, მაგრამ მშვიდად მომკიდა მკლავებში ხელი და მსუბუქად მომაწვა... გავხალისდი, წინააღმდეგობა არ გამიწევია. ისიც უფრო ძლიერად მაწვებოდა, ძალიან ნელა და მშვიდად. თითქოს მიტოვებდა დროს და საშუალებას, რომ გავძალიანებოდი. ვიჯექი მოაჯირზე და ხელებით ვეჭიდებოდი. შევატყვე, რომ მიზანმიმართულად მოქმედებდა და თავი გავიმყარე.
ძალას მოუმატა, ხელებიც უფრო მოვუჭირე, ისიც უფრო ძლიერად მაწვებოდა და თვალებში მიყურებდა. მერე კი მკლავებზე გამიშვა ხელები და მტევნებში მწვდა, თითებს მიხსნიდა, რომ ხელები გამშვებოდა. ერთი ხელი უკვე გამინთავისუფლა და დამიჭირა, მეორესთან დაიხარა, ფრთხილად აკოცა და ისიც ამაგლეჯინა მოაჯირიდან. ჩემი ორივე ხელი ეჭირა და დარწმუნებულმა, რომ მომერია, გამიღიმა და მიჯიკავა... მე უკან გადავქანდი, ძლიერად და დამაჯერებლად...
მანამდე ჭიდაობაში მოვასწარი და ფეხებით შემოვეხვიე აივნის გისოსებს. შესაბამისად, წელქვემოთ მყარად ვიყავი, უბრალოდ, მაინტერესებდა, თუ გამიმეტებდა... გამიმეტა! გადავიწიე, მკლავები გავშალე, ცაში ავიხედე და გადავიხარხარე... მიხვდა, რომ აზრი აღარ ჰქონდა, სანამ ჩემს ფეხებს გამობლანდავდა, მე ხელებს მოვიშველიებდი და ისედაც, ამის სურვილიც აღარ ჰქონდა... მიყურებდა ასე წელზემოთ შლეგივით გადაკიდებულს და ძალიან, ძალიან ირონიულს.... ვგრძნობდი, როგორ მჭამდა და მკლავდა თვალებით:
– გადმოძვერი, იდიოტო!
– მოგერიდა მეზობლების, პატარა ბიჭო?
– ხელი მომეცი-მეთქი!
– რატომ? იქნებ ისევ გადაგდებას მიპირებ?
– რომ მინდოდეს...
– თორემ არ გინდოდა... – მკლავში მწვდა და აივნიდან ჩამომხსნა. – მაგდებდი, არა?
– მერე რა?
– არ მეგონა, იცი?
– გგონია, რამე მოგივიდოდა? მაქსიმუმ, რომელიმე კიდურის მსუბუქი მოტეხილობა. თავს არ დაარტყამდი, მოქნილი ხარ. (გაეღიმა) მოდი აქ! – თავისკენ მიმიზიდა და ძალიან, ძალიან ფრთხილად, რბილად, ნაზად ჩამეხუტა და უცებ გამიშვა.
– მეგი გიყვარს?
– კი, საყვარელი გოგოა, მაგრამ უკვე ძალიან მაწუხებს. შენსავით არა, მაგრამ შენ რომ გეპატიება, იმდენს არ იმსახურებს...
– სხვანაირ სიყვარულს ვგულისხმობ. მეფლირტავებაო... გაარკვიე... დაბნეულია... არ არის ლამაზი.
– რა სისულელეა! ცდება! ალბათ, თვითონ აწყობს ასეთი წარმოდგენა. ფანტაზიორია, ყველაფრით ერთობა. შენ რატო გაღელვებს?
– მეგის ვუფრთხილდები. მართალია, იმ დღის მერე მარტო ვირტუალურად ვურთიერთობთ და მხოლოდ ერთხელ შევხვდით "ჩაის სახლში", მაგრამ აშკარად ფაიფურივითაა...
– რა გეშველება... მაგის ბოლო მაინც სტრიპტიზ-ბარია...
– რა უსამართლო ხარ! მე დღეს ბექა ვნახე... გავწყვიტეთ კონტაქტი.
– ძალიან ცუდი. არ ღირს მაგ ბიჭის დაკარგვა. პერსპექტიული ახალგაზრდაა. დაგიცავს, გაგიფრთხილდება, კომფორტს შეგიქმნის და ა.შ. რა გინდა მეტი? უმადურო.
– რა ცინიკი ხარ...
– არა, გულწრფელად ვამბობ. ასეთი ადამიანი გჭირდება და საერთოდ, ბევრს იმსახურებ. იმაზე მეტს, ვიდრე საკუთარი თავისთვის გემეტება.
– ხო, ვნახოთ.. ვიფიქრებ მაგაზე...
– ახლა მართლა უნდა წავიდე. როგორც უკვე იცი, მამაჩემმა გამაგდო სამსახურიდან, მაგრამ გაკვეთილზე წავალ მინიმუმ იმის სათქმელად, რომ აღარ ვივლი.
– რატომ? რა ცხოვრებით აპირებ ცხოვრებას?
– მე ქირურგი ვიქნები, მალე (გაეღიმა)... ამისთვის რეპეტიტორები არ მჭირდება. არ მინდოდა და არ ვაბარებდი წინა წლებში, ახლა დროა... წიგნის წერას მოვრჩები და სწავლასაც დავიწყებ, პატარავ... მეტი არაფერი მკითხო. გავედით...
– რაზე წერ წიგნს?
– მეტი არაფერი მკითხო-მეთქი!
– რას აკეთებ საერთოდ? წერ, კითხულობ, ლაშქრობებში დადიხარ, მოგზაურობ, მამაშენთანაც მუშაობ(დი) და ფოტოგრაფობ, ხო?
– სმენის პრობლემა გაქვს?
– თუ ფოტოგრაფიაც ჰობია? კარგი, ჩუმად ვარ...
ამ დღის მერე თითქოს რაღაც მნიშვნელოვანი შეიცვალა... უფრო ადამიანური იყო, მაგრამ უფრო ჩვეულებრივი. თითქოს ინტერესი აღარ ჰქონდა. თვლიდა, რომ ასაკმა განსაზღვრა ჩვენი ბედი და თავს უფლებას აღარ აძლევდა, რომ ჩემთან ძველებურად ესაუბრა... მეც ალბათ ქვეცნობიერად ვცდილობდი, დისტანცია დამეჭირა. ოღონდ მე პირიქით – არ მიმაჩნდა სწორად, ჩემი თავი მომეხვია მისთვის... ასე ვთქვათ – მერიდებოდა... დრო გადიოდა... თვეები...
ფოტოსტუდიაში არასისტემატურად ვმუშაობდი, ანუ დროდადრო მიძახებდნენ და სხვადასხვა ღონისძიებაზე დავდიოდი გადასაღებად. ამას საერთო არ ჰქონდა იმ არტთან, რაზეც ვოცნებობდი... შესაბამისად, ძველი სამსახური არ მიმიტოვებია და ისევ ის რჩებოდა სტაბილური შემოსავლის წყაროდ. თითქოს ენთუზიაზმადვე დარჩა ჩემი სურვილები და ფოტოხელოვნება მშრალ სფეროდ მექცა. ამ დროისთვის უკვე ფოტოგრაფიის კურსებიც დავამთავრე და ბოლომდე მაინც არ ვკარგავდი იმედს... ვიცდიდი... ყველაფერი ძველებურად იყო – ილიასთან შეკრება შაბათობით, გამოფენებსა და სპექტაკლებზე ჩვენი კოლექტიური სიარული.
ზოგჯერ როკ-კლუბი, ძირითადად კი, ისევ "სოციუმი" იყო თავშესაქცევი ადგილი. კატო ისევ ბანკში მუშაობდა და აგროვებდა ფულს საზღვარგარეთ წასასვლელად და თანამგზავრად მის დაქალს, სოფოს იგულებდა. ახალი ცხოვრება ახლა იქ უნდა დაეწყო... და როგორც ამბობდა, ფეიერვერკით დაბრუნებულიყო ოდესმე... ალექსა ფეხმძიმედაა, უკვე რამდენიმე თვეში გააჩენს პატარას...
ჟესე ყოველგვარ პასუხისმგებლობას იღებს საკუთარ თავზე, მერე რა, რომ სხვა ქვეყანაში, სხვა ქალთან ცხოვრობს და მერე რა, რომ ალექსამ დიდი დამცირება და ტკივილი კიდევ ერთხელ მარტომ გადალახა. მისთვის ბავშვის გაჩენა კატეგორიულად აკრძალულია. იმიტომ კი არა, რომ მარტოხელა უმუშევარია, არა, უბრალოდ ცალი მკერდის მოკვეთა ერთ დროს საკმარისი აღმოჩნდა, სიმსივნე დაეძლია. ახლა კი რისკი იზრდება... არ ანაღვლებს, ის ალექსაა...
დაუმთავრდება ფულის დანაზოგი და იშოვის სამსახურსაც... მთავარი გადალახა, მთავარსაც აწი გადალახავს. გასუქდა, თავს არ უვლიდა და დეპრესიულობდა, მერე რა? "დრონი მეფობენ"... რაც შეეხება თომას, მიუყვება საკუთარი უცვლელი პულსაციის რიტმს... ჩვენი ურთიერთობა მშრალია და ძირითადად, ვირტუალური...
ერთი-ორჯერ შევხვდი, ერთხელ მონასტრის ეზოში, ტრაპეზზე ღატაკთათვის. იცოდა, რომ იქაური კომპოტი მიყვარდა, ზოგჯერ კი დასალაგებლად დავდიოდი და ერთხელ მოვიდა. მეორედ კი - სპექტაკლზე, რომელშიც მეგი თამაშობდა. წარმოდგენის დასრულების მერე დარბაზი განათდა და ნაცნობ თვალებს წავაწყდი. უცებ ყველაფერი დათბა და უზომო სიხარული ვიგრძენი.
მესამედ კი აწი... ა, ჰო, ჯერ ბექა: ჩვენი ბოლო შეხვედრიდან მალევე დამირეკა და ხმა არ ამომაღებინა, ისე "დამიმტკიცა", რომ ყველაფერი რევანშის მიზნით მოვატყუე და სხვა არაფრის გაგონება არ სურდა. ეს მისი სიმართლე იყო. მოკლედ, აღარ შემეშვა. მეც, პრინციპში, ხელს არ მიშლიდა, სიმართლე იცოდა და ვაგრძნობინებდი, რას გადაწყვეტდა, მისი საქმე იყო. სასაცილო ბიჭია, მართობს... მოკლედ, მესამედ ახლა შევხვდები თომას... რამდენიმე წუთში...
მე როკ-კლუბში მერამდენიღაცე ჭიქა კოქტეილზე ვარ. ვცდილობ, მოვიცილო ბექა და კატოსთან გამალებული განვიხილავ ჩვენს ახალ თემას, რომელიც ჯერ საიდუმლოა... თვალებით ვეძებ აჟიტირებულ ილიას და არა მხოლოდ მას... გული წინასწარ მიცემს გამალებით.... იმიტომ არა, რომ არითმია მაქვს ან ხალხში გამუდმებით თომას ვეძებ, იქაც, სადაც ზუსტად ვიცი, არ არის... მოლოდინი და შეგრძნება, რომ ის ჩემთანაა ან აქვეა, მეხმარება, ვიყო კარგად... უხილავი ნეირონი, რომელიც პირდაპირ მიერთებულია მის სხეულთან, არასდროს მატყუებდა არც მაშინ, არასდროს ცდებოდა და ყოველთვის წინასწარ გრძნობდა...ამ ვი–აი–პი საღამოს ბენდის წევრები ჩვენი მეგობრები არიან, შესაბამისად, თავს უფლებას ვაძლევ, გარედან შემოვაპარო სასმელი, რომელიც კლუბში ორჯერ მეტი ღირს.
დაცვას ადრეც ვყავარ ამაზე შემჩნეული და ჯიბეს მისინჯავს, სასმელს მართმევს და იძულებული ვარ, გარეთ გავიდე და დაველოდო, სანამ ბექა ამ ჯერზეც გამოიყენებს მის "თანამდებობას" და ვურეკავ... გამორთულია. კლუბში არ იჭერს... ვაგრძელებ რეკვას, კატოსთან, ილიასთან, რომელიც სავარაუდოდ, გოგოს დაკერვის მესამოცე მცდელობაზეა. ბოლოს და ბოლოს, ხომ დავაკლდები ვიღაცას თვალში და გამომაკითხავს... იმედია, ჩემს საყვარელ სიმღერას მივუსწრებ... თითებს ვაყოლებ შიგნიდან გამოსულ მელოდიას, ვღიღინებ და თვალებით ვეჩეხები თომას. დგას გაქვავებული ტროტუარის ბოლოში, ქუჩაზე, რომელიც აღმართს აუყვება... დგას და დამცინავად მიყურებს...
– აქ რა გინდა?
– გამარჯობა. ჩემს უბანში რა უნდა მინდოდეს?
– კონცერტზე არ ხარ?
– ამ გადადღაბნილი, ჩამოუყალიბებელი და ვითომ თავისუფალი საზოგადოების ყრილობაზე? არა! ჯერ ერთი სამ ადგილას ცხვირს გავიხვრიტავ, მერე შავ პომადას წავისვამ, თავისუფლების ნიშნად და მოვალ...
– მე რა შემატყვე მაგისი?
– შემართება და ტატუ მაჯაზე...
– ეს მინიატურული სვირინგი პატრიოტული ხასიათისაა და სულ არაა ამეებთან არანაირ კავშირში. წინა კვირას გავიკეთე... სიურპრიიიზ... არც გვისაუბრია წესიერად, როდის მეთქვა ისე? სულ მიცილებ ხოლმე.
– რა გინდა?
– შენი გაცნობა, შენი გაგება... – ვცდილობდი, არ დამტყობოდა მისი ნახვით განცდილი სიხარული, მონატრება. არ წამომცდენოდა, რომ უზომოდ მჭირდება და რომ ხშირად მაძლევს სტიმულს მასზე ფიქრი. მინდოდა მეთქვა, რა დიდი და ძლიერი ბიძგი მომცა ცხოვრებაში. თუმცა ვდუმდი და ამის ნაცვლად ვცანცარებდი.
– ტეო, სად ხარ? – ხმა უკნიდან: – გეძებთ!
– ბექა... თომა, ეს... თომა? სად მიდიხარ? – "ვერ გიტან!" - წავიჩურჩულე და თვალი გავაყოლე თითქმის თვალს მოფარებულ თომას. – წამოდი, შემიყვანე, "ტვინი წაიღო" ამ დაცვამ... (საკმარისია, ასეთ მამაკაცს დაანახო, რომ დომინანტია და მართე, როგორც გინდა...).
"Lake" ჰქვია სიმღერას, რომელსაც ჩვენი ბენდი ასრულებდა და ასე ძალიან მიყვარს. ვიდექი თვალებდახუჭული და ყოველ აკორდს ვგრძნობდი. ვცდილობდი, მაქსიმალურად ამესრუტა მუხტი, რომელიც ასე პასუხობდა ჩემს ემოციას. გამომდიოდა. მხოლოდ ბექას ჯიუტი მცდელობა სიახლოვისა მიშლიდა ხელს. თვალები გავახილე და... ...პროჟექტორების მიღმა თომას ვხედავ.. მოჩვენებები დამეწყო, მაგარია. არა, არ მეჩვენება, აქ არის. "ბექა, საპირფარეშოში გავალ და დავბრუნდები...". დერეფანში, გასასვლელისკენ მიმავალ თომას ვხვდები:
– თომა...
– იცი, რაზეა ეს სიმღერა?
– ქართულ ლეგენდაზე. ტბაზე, რომელშიც აკვანი ჩაიძირა და...
– საკმარისია.
– აქ რატომ ხარ, თუ?
– თუ რა?
– მე ბევრჯერ ვცადე შემეხედა ყველაფრისთვის ისე, როგორც ყველა უყურებს. არ გამომდის. ვერ ვერგები კლიშეს, ვერ ვსაზღვრავ ურთიერთობას ასაკით, ეს ხომ დოგმაა. მე რომ ბიჭი ვიყო, ეს რადიკალურად შეცვლიდა ყველაფერს. ხვდები, რა უაზრობაა ადამიანის სტერეოტიპები?
– რას მიედ-მოედები? რა ასაკი? რა სქესი? მეზარება. ნუ ფიქრობ ამდენს...
– ფაქტია, ეს გამუხრუჭებს.
– ასე ფიქრობ?
– თუ ასე არაა, მაშინ რატომ ვეშვებით ერთმანეთს? მინდა დაგინახო. მოხვალ, ბიძგს მომცემ და ქრები. გარბიხარ, იმალები...
– ეს მართლა გინდა?
– ვერ მატყობ?
– იცხოვრე ჩემთან.
– ანუ?
– ანუ იცხოვრე ჩემთან – გაეღიმა.
– როგორ?
– როგორც შეგიძლია.
– არ შემიძლია.
– ასეც ვიცოდი. არადა, ამბობ, რომ...
– ახლოს რომ ვიყოთ, ამისთვის თანაცხოვრ...
– არაა აუცილებელი, მაგრამ მე გთავაზობ. ნუ გეშინია, სარეცელის გაყოფას არ ვაპირებ შენთან. ვიცი, რომ ეს იფიქრე. ცალკე ოთახში დაიძინებ.
– რაღაც... ვერ ვაცნობიერებ შენი ჩემკენ ასეთი კურსით შემოტრიალებას...
– მოკლედ... იცი, რომ მარტო ვცხოვრობ. შეგიძლია ხვალვე გადმოხვიდე 1000 წლით, ასი დღით, ერთი თვით თუ ერთი კვირით.. არ ვიცი...
– ბოლო კარგი აზრია... – გაეცინა.
– ამ დღეებში ლაშქრობაში მივდივარ. რომ ჩამოვალ, დაგირეკავ. კბილის ჯაგრისი შენი იქონიე. –არ მიფიქრია იმ მომენტში, რომ ჩვენი საუბარი თეორიას გასცდებოდა. თავი დავუქნიე და დავემშვიდობე. რამდენიმე ნაბიჯის მერე შემოტრიალდა, მომიახლოვდა და კისერში მწვდა: "...და გეფიცები მაგ ქვესკნელისფერ თვალებს, ჩემი ხელით დაგახრჩობ, თუ ამ ყელს ვინმე შეეხება!"
– გამიშვი! გააფრინე?
– უბრალოდ, მომეჩვენა, რომ ის ტიპი ზედმეტად ახლოს იყო შენს ყელთან. ბოდიში – წაიჩურჩულა და წავიდა...
ვუყურებდი, როგორ იკარგებოდა ღამეში და ვხვდებოდი, ეს ის იყო, რაც ყველაზე მეტად არ მინდოდა – მისი დაკარგვა!
გაგრძელება ორშაბათს
თეკლა ლაზი
იხილეთ ასევე: კედებიდან პლატფორმამდე - "დაუგე საკუთარ თავს მახე ან დაგიდებ მე ფეხს" - თავი XII