– ეს ვინ არის?
– ერთი მწერალი ქალია.
– მე დედაშენი მეგონა...
– მგაავს?
– არა, უბრალოდ, სახლში ძირითადად ოჯახის წევრების სურათებს კიდებენ...
– ეს სურათი მისი სამშობლოში დაბრუნების დღესაა გადაღებული, სახლში, რომელშიც ოცდაათი წლის შემდეგ დაბრუნდა. 5 წლის იყო, როცა ოჯახი ომს გაექცა. ამ სურათზე კი მისი პატარაობის ლოგინზე ზის... ამაღელვებელია. იმიტომ უელავს თვალები ასე.
– რა ჰქვია? გამაცანი მისი რომელიმე ნაწარმოები. კარგად წერს?
– წერს რა... "მე რომ წერა მიყვარს, ჩემი გენების ბრალია, მე რომ ვწერ – შენი", მისწერა მან თავის, ასე ვთქვათ, გულისსწორს და ერთადერთ სიყვარულს...
– სად იყავი ლაშქრობაში?
– იქ, სადაც უამრავი მიტოვებული სახლია და შეგიძლია ნებისმიერ წუთს წახვიდე და მთაში გააგრძელო, უფრო სწორად, დაიწყო ცხოვრება... ყველაფრით გამორჩეული სოფელია... არც ძალიან ცივა, არც ძალიან ცხელა.. იდეალური ბუნება, მიწა და გეოგრაფიული მდებარეობა... იცხოვრებდი სოფელში?
– სოფელიცაა და სოფელიც... არ ვიცი.. ალბათ...
– მე კი მგონია, შენი სხეული ზუსტად ამას ითხოვს...
– და კიდევ რაღაცას...
– ვერ მიგიხვდი?
– თვალებში წაიკითხე?
– ...
– ჩაის... მესამეჯერ გეუბნები...
– მესამეჯერ გპასუხობ, რომ მზადდება...
– ხო, თორემ ძაან დავსველდი...
– "ძაან" წვიმს და იმიტომ. ქოლგა არ გაქვს? თუ ქოლგა ჩემთან "დაგრჩა" .მეტაფორული ქოლგა.
– :) შენთან არა, მაგრამ ფოტოსტუდიაში მართლა დამრჩა...
– მოკლედ, ჩვენი შეთანხმება დღეიდან ძალაში შედის...
– ჰო... შენთან დავრჩები იმდენი ხანი, რამდენიც დამჭირდება და გავძლებ:)) ჩემი ვარაუდით, ეს იქნება საშუალოდ ერთი კვირა...
– მე პარადოქსულ ექსპერიმენტს გთავაზობდი, შენ კი ყველაფერი ბავშვურ, გაუბედავ, გასართობ იმიტაციამდე დაიყვანე. კარგი, იყოს ასე... აგიბამ მხარს და ეს უფრო შენ გჭირდება, ვიდრე მე... მაააგრამ, თუ თავი "მომამსუყე", ხვალვე დატოვებ აქაურობას...
– ჩემები სოხუმში არიან, ნათესავის ქორწილში... სახლში საჭმელიც არ მაქვს... ასე რომ. არა მგონია. ადვილად მომიცილო...
– ჩემი მეგობრები მოვლენ პოკერის სათამაშოდ, მანამდე თუ რამეს არ მომამზადებინე, საჭმლის ძიება სხვა სახლში მოგიწევს...
– რაღაც ცუდი წინათგრძნობა მაქვს...
– ასეთი ცუდი მზარეული ხარ? :)
– არა, არა, მართლა... არ ვხუმრობ... თითქოს რაღაც ცუდი მოხდა და ჯერ არ ვიცი.
– ნევროზია.
უცნაური განცდა მქონდა. თითქოს ძლიერი სურვილის ინერციას მივუყვებოდი. დაუფიქრებლად... ზედმეტი ფიქრის გარეშე... თუმცა უკონტექსტო აზრები მიტევდა, უმიზეზოდ მახსენდებოდა ყველაფერი, ისეთი დეტალებიც კი, რომლებიც არც ამ სიტუაციასთან იყო შუაში და ვერც ერთმანეთთან ვაკავშირებდი...
ფრაგმენტები ბავშვობიდან... ჟოლოს ბუჩქები, ციცინათელებთან დაჭერობანა, ჩემი ძაღლი, რომელიც ომში დამეკარგა... ეს ჰგავდა მცირედ ექსკურსიას წარსულში... მაგონდებოდა ყველაფერი, სიხარულით და იმედგაცრუებით დამთავრებული და ერთი შეხედვით, მეჩვენებოდა, რომ ცხოვრებაში უფრო ხშირად გვიხარია, ვიდრე პირიქით...
უფრო მეტჯერ გაგვიმართლა და არცერთხელ არ შემოტრიალებულა იღბალი ზურგით... ასეა, თუ სიღრმისეულად შევხედავთ ფაქტებს... ჩემი სწრაფი სულიერი რეგენერაციაც ამის ქვეცნობიერი ცოდნა იყო... ალბათ ამიტომ ტრანსფორმირდებოდა გონებაში ყველა პრობლემა უმნიშვნელო შეფერხებად და ალბათ, წარსულმა განაპირობა ჩემი მასშტაბური ხედვა საკითხებისადმი... ამიტომ მიკვირდა, რომ ახლა ისეთ დეტალსაც კი, როგორიც თომასთან ერთად ჩაის სმაა, გრანდიოზულ მოვლენად აღვიქვამდი... კონკრეტული ფორმა არ ჰქონდა ჩემს მოქმედებას, თუმცა კი – ღრუბელს ჰგავდა... დილას, როცა თომამ დამირეკა:
– ახლა გამახსენდი. იმ ღამეს დაგპირდი, დაგირეკავ-მეთქი და... მაინტერესებს, საუზმეზე დაგელოდო თუ არა?
– ზუსტად შენ გვერდით უბანში ვარ, პანორამას ვიღებ...
– მოკლედ, აბაზანიდან რომ გამოვალ, უნდა ვისაუზმო, ძალიან მშია...
თქვენ რა შემთხვევაში აკეთებთ ხოლმე მთელი დღის საქმეს ოც წუთში?.. ...ახლა კი აქ ვარ, თომას სამზარეულოში, წინა საუკუნიდან და ვცდილობ, ჩაი ისე დავლიო, რომ ამ ტურანხამონისდროინდელ ხავერდის გადასაფარებელს ლაქა არ დაემჩნეს...
– ვამპირი ხარ თუ ასეთ სახლში რატომ ცხოვრობ? – ზურგით იდგა და ცდილობდა, გრამაფონზე ფირფიტა დაედო, მაგრამ გვერდიდან მაინც დავინახე მისი ჩვეული ღიმილი ტუჩის კუთხეში... და თქვენ გგონიათ, ახლა რომანტიკული მუსიკა აჟღერდება და სანთლებს აანთებს? არა, მე ასე მეგონა და იმიტომ... AC\DC
– ღმერთო ჩემო! რას მირთავ?
– ღმერთი რა შუაშია? და შენთვის აშკარად არ ჩამირთავს...
– უხეშობა შენი კოზირია?
– ყველაფერს უნდა დაარქვა თავისი სახელი... ჩაი მოგწონს?
– კი. ზუსტად ასეთს ვსვამ, ძლიერს და უშაქროს.
– ჯანდაბა! მე კიდევ მინდოდა, უგემური გამოსულიყო.
– გათბობასაც იმიტომ არ რთავ, რომ გავცივდე?
–არ მაქვს გათბობა, შეამჩნევ, თუ დააკვირდები. ბუხრის ანთება მეზარება. შენ აანთე... ახლა საცდელ პერიოდს გადიხარ, 24-დან 48 საათი დაგაკვირდები, ღირს თუ არა შენი "ჩამეზობლება"... ჩემოდნით რომ არ მოხვედი, უკვე მომწონს...
– დასარჩენად არ მოვსულვარ, სასაუზმოდ მოვედი. – მშვიდი ნაბიჯებით წავიდა კარისკენ, გამოაღო და ხმადაბლა მომმართა: – მაშინ საუზმე დამთავრებულია...
– ცოტა დარჩა ჩემს ფინჯანში.
– საუზმე დამთავრებულია-მეთქი! უსუსურო არსებავ!
– ვიხუმრე, რა გჭირს?.. – ადგილიდან არ იძვროდა. ამიტომ მივედი, კარი მივხურე და მისი საძინებლისკენ წავედი. – შენ დამპირდი, რომ გულახდილად, გულწრფელად დავილაპარაკებდით და ყველა ჩემს კითხვაზე გამცემდი პასუხს... სამზარეულოდან მიყურებდა მისი მშვიდი და უემოციო გამომეტყველებით, ოდნავ გაბრაზებული და გამოუძინებელი. ხელები აიკაპიწა და სამზარეულოს კარადაში ქექვა დაიწყო: "მისმინე, ჩათვალე, რომ შენს სახლში ხარ და ზედმეტად არ შემაწუხო.
უბრალოდ, ჩათვალე, აქ ცხოვრობ დიდი ხანია და ისე მოიქეცი, ეცადე ჩემი სივრცე არ დაანაგვიანო და ერთმანეთს ხელი არ შევუშალოთ. შეგიძლია მთელი დღე ჩუმად იყო და არაფერი მითხრა, არ იქნება ურიგო..."
– გუშინ სახლში შუქი და გაზი გამითიშეს... ფული კი დამიტოვეს, მაგრამ "მშრალ ხიდზე" ფირის გასამჟღავნებელი "ულტრაიისფერი" ვიყიდე და სხვათა შორის, შენს სახლამდე ფეხით ვიარე იმიტომ, რომ მგზავრობის ფული არ მქონდა. ჰოდა, იქნებ როგორმე ბუხარი აანთო? თუ აქ მოსვლა წამიერი აზარტისთვის შემომთავაზე, შემიძლია ალექსასთან წავიდე. ალექსასთან, რომელიც ექიმის დანიშნულებით ახლა სურამშია.
– ისე შეგეძლო გეკითხა, იქნებ მეც მქონდა ეგ შენი "ულტრაიისფერი", რომელსაც სულ არ ჰქვია ეგრე. მიდი, შენ კარტოფილი გათალე, სანამ ცეცხლს ავანთებ...
– რა მაგარია, თავი სოფელში მგონია...
– მერე კიდევ მე მეძახის პატარა ლაწირაკს... - უფრო თავისთვის ჩაილაპარაკა.
– ეს სახლი ასეთი რატოა?
– ისეთ კითხვებს სვამ ხოლმე, იმბეცილი მგონიხარ.
– ანუ, ძველი რა. ბაბუაჩემის დროინდელი ავეჯი და სტილი.
– ბაბუაშენის არა, ბაბუაჩემისაა... იყო უფრო სწორად. შარშანწინ გარდაიცვალა. იმის მერე მე ვცხოვრობ აქ. თითქმის არაფერი შემიცვლია, მხოლოდ ჩემი ნივთების მინიმუმი შევმატე...
– კარგია... ხელს არავინ გიშლის წერა–კითხვაში... არც AC\DC–ს გიპროტესტებენ, არც პოკერას... კიდევ რას აკეთებ ხოლმე? საიდუმლოა? ოკ.
– ზოგჯერ შოპენსაც ვუსმენ. – გამომძახა ბუხრიდან და დაკუნთული მსხვილი მაჯა შეიხოცა სპორტულ შარვალზე. ვუყურებდი და ვცდილობდი გამეგო, რატომ არ მქონდა მისდამი არანაირი დისტანცია.
– რა არის ეს? რა ქენი? ნახევარი კარტოფილი კანს გააყოლე? პირველად თლი?
– ხო. – გაოცებული შემომიტრიალდა.
– რა საშინელი გოგო ხარ. ადამიანი არ ხარ ცუდი, მარა რად გინდა? საშინელი გოგო ხარ. რა შველივით იყურები. ნახე, მაცივარში რამე თუა, ეს ვის ეყოფა...
– რა იყო, ზოოპარკი ამოხოცეთ? -გამოვაღე მაცივარი.
– ბასტურმის გარდა.
– რძის ნაწარმი, ბოსტნეული, რას მათვლევინებ? ყველაფერია...
– კარტოფილი არის?
– არა!
– მე კარტოფილი მინდა. და ხმას დაუწიე.
– წადი და მოწველე, თუ მოკრიფე. აი, დარდი... იყიდე მარკეტის ბოსტანში. რისი დამტკიცება გინდა?
– "გეღადავები", მიხვდე იქნებ? მახალისებს ასეთი სიტუაციები. არასდროს დაკვირვებიხარ? მამაჩემის სახლში მისვლის დრო რომ ახლოვდება, დედა ისე უყურებს საათს, თითქოს ბომბის აფეთქებას ელის... მიყვარს, როცა ქალი კარგი დიასახლისია, მაგრამ არ მომწონს, როცა ამის მიზეზი კაცია... იცი, რა ხდება, როცა ამომავალი წერტილი კაცია და მან ეს იცის? სხვა თუ არაფერი, ცუდ მემკვიდრეობას უტოვებს კაცობრიობას და მერე რამდენიც გინდა, იძახე - ქალი არ უნდა იყოს ძალადობის მსხვერპლიო.
პირობითად მარომ, რომ პავლე მოკლა, პეტრეს ბრალია. დიდი ბაბუის ბრალია, რომ შვილთაშვილის შვილიშვილი ქალზე ხელს სწევს. რატომ? იმიტომ, რომ დიდმა ბაბუამ იცოდა, სახლში ცხელი საჭმელი მისთვის მზადდებოდა და თუ უფრო ჩაუღრმავდები, ყველაფერი ისევ დიდი ბაბუის ცოლის ბრალია. ერთხელაც არ მოუვიდა თავში აზრად, რომ საჭმელი არ დაეხვედრებინა ქმრისთვის, როცა მისი მეზობელი ლამზირა ამ დროს სპა სალონში იწვა... თუ მაგ დროს არ იყო სპა სალონები? რომ ყოფილიყო, ლამზირას ქმარი აუცილებალდ წაიყვანდა მას იმ საღამოს ორაგულის საჭმელად.
– როგორც აღნიშნე, იმბეცილი არ ვარ, მაგრამ საერთოდ ვერ მივხვდი, რისი თქმა გინდა...
– არაფრის. კარგ ხასიათზე ვარ.
– თავიდანვე შეგატყვე...
პაუზა...
– შენ მე მომკალი! მადლობა სიცოცხლისთვის...
– რა მითხარი?
– არაფერი... გამომძახა ზურგიდან.
– გავიგე, უბრალოდ, ვერ მივხვდი.
– წარმოგიდგენია, მილიარდი სპერმატოზოიდიდან მხოლოდ ერთს შეუძლია გაანაყოფიეროს უჯრედი... შვას სიცოცხლე.... უკვდავება...
– ხო, ნუ, არაფერია ამაში წარმოუდგენელი... ეს ღვინის ბოთლი ახლა შევამჩნიე... – ავიღე და ბოთლიდან მოვიყუდე... გაოცებულმა შემოატრიალა თავი ისე, რომ ტანი ისევ ძველ პოზიციაზე დატოვა და ხელებით განაგრძობდა კარტოფილის ჭრას... –მე შენი ნაპირალი დავლიო?
– არა უშავს, ალკოჰოლი დეზინფექციაა... ჯერ ის დალიე, რაც ჭიქაში გისხია...
ხუთკუთხა ოთახში გავედი და ბუხარს მივუჯექი, არა იმიტომ, რომ ეს ის გარემოა, რომელიც თვალდახუჭულს ბევრჯერ მინატრია, უბრალოდ, არ მინდოდა, ხელი შემეშლა; ვხედავდი, არ მოსწონდა, როცა ზედმეტად "ეხებოდნენ". ფარდა ოდნავ გავწიე, რომ წვიმისთვის მეყურებინა. ოთახში კლასიკური მუსიკა შემოდიოდა და წითელ ღვინოს ვსვამდი. იგრძნობოდა რაღაც, რაც ამ სიმყუდროვეს ნაკლულს ხდიდა და ეს იყო ის ნეგატიური გაურკვევლობა, რომელიც თომასგან მოდიოდა.
ჩანთიდან დღიური ამოვიღე და რაღაც აბსტრაქტული ჩანახატი გავაკეთე. მერე ჯიბის წიგნს, გალაკტიონის "არტისტულ ყვავილებს" ვკითხულობდი და ჩამთვლიმა. შიგადაშიგ მაფხიზლებდა სამზარეულოდან გამოსული შიშხინისა და ჭურჭლის ხმა, მუსიკის ცვალებადობა, ცოტა ხანში კი მისი მეგობრები. .. პოკერი... სიცილი... კამათი...ხუმრობა... ძველი როკი... ალკოჰოლი... არ ვიცოდი, უნდა გავსულიყავი თუ არა, ჩემთვის არავის დაუძახია, არავინ დაინტერესებულა.
თომამაც ალბათ ინანა საკუთარი სპონტანური იდეა, მაგრამ არ აღიარებდა ან მორიგ დაკვირვებას აწარმოებდა; შეიძლება, უბრალოდ, ასეთი ტიპის დამოუკიდებლობა ისედაც იგულისხმებოდა მასთან ცხოვრებაში... არადა, შეეძლო საჭმელად მაინც დაეძახა... სავარძელში მის ლეპტოპს გადავწვდი და ჩავრთე. ავტომატურად "ანონიმური მაილის" ფეისბუქი გააქტიურდა. ენითაუწერელმა აზარტმა და ცნობისმოყვარეობამ მომიცვა.
გეგონება, ყველა კარის გასაღები ამეღოს ხელში. მინდოდა ყველაფერი მომესწრო, მათ შორის, მისი უცნაურსახელწოდებებიანი ფოლდერების დათვალიერება. არ ვიცოდი, საიდან დამეწყო, ზოგან დაქუცმაცებულ რაღაც ვიდეოებს ინახავდა, ზოგან გროტესკულ ფოტოებს ანალოგიური წარწერებით...
ყველაფერს ერთდროულად ვხსნიდი, ხან ერთს, ხან მეორეს, "სიბნელის დედოფალს", "ვულგარულ ემოს", "კრეატიულ კამათელს", "თეთრ ოლეანდრას" - ეწერა ამ ფაილებს და მე გამინათდა. ვერ ვიჯერებდი... ნუთუ რამე იდიოტურ ექსპერიმენტთან მაქვს საქმე? გამომიჩნდა აქ პატარა ფროიდი! ლოგიკურია, "თეთრი ოლეანდრა" გავხსენი: "თუ ჩაგისახლდა, ვერცერთი ეგზარცისტი ვერ გიშველის. გაფაციცებულია, რომ რამე არ გამორჩეს.
განწირულია იმედგაცრუებისთვის..." - დიდი ტექსტი იყო, ბევრი ფაილი, ჩემზე, სხვაზე... ვერ ვასწრებდი... ჩემი "ფლეშკა" მოვძებნე და ყველაფრის მასზე გადატანა დავიწყე, მათ შორის, მესიჯების და იმ ორი ვიდეორგოლის, რომელიც ჩემ შესახებ იყო. "ტეოდორას წვიმიანი პორტრეტი" და "...ღმერთი ისაა, ვისიც მე მწამს...". პროცენტები იმატებს, 10%... 30%... ფეხის ნაბიჯების ხმა მესმის 50%... ხმა ახლოვდება 70%... 90% დერეფნის კარი გაიღო... 100%... ოთახს მოადგა, ფლეშკა გამოვაერთე და "ლოგაუთით" გამოვედი, რომ შემექმნა წარმოდგენა, თითქოს ახლა ვრთავდი ნოუთბუქს. კაკუნი კარზე...
– რომელი ხარ? -ვიკითხე დროის გასაყვანად...
– შემოვიდე?
– მარტო ხარ? - რესტარტის რეჟიმი.
– არა, ორკესტრთან ერთად...
– შენი მეგობრების ხმა მესმის და იმიტომ გეკითხები.
– მე მეგობრები ა-რ მყავს! მოკლედ, თუ გშია, სასადილო ოთახში გამოდი...
ჰუჰ... ოფლმა დამასხა... ლაწირაკი! გაიძვერა! ვინ მისცა ამდენის უფლება? თავი ვინ ჰგონია? ესეც არ მყავდეს იუნგი! ან იქნებ ვცდები? ჯერ ხომ არ ვიცი, სადაა "ძაღლის თავი"... გარდა ამისა, პრეტენზიის საშუალებაც არ დამიტოვა... ყველაფერს ღიად აკეთებს... ცოტა ტვინი რომ გამენძრია, ამას ისედაც მანიშნებდა ყოველთვის... ადრეც უთქვამს, რომ არაერთ "ჩემნაირთან" აქვს "ურთიერთობა". გამოწვევა მიღებულია! "თეთრი ოლეანდრა"? კარგი, ჩუმჩუმელა რეპტილიავ! ნაწნავი გავიხსენი, ხვეული თმა კუდუსუნამდე დავიშვი და გვერდზე გადმოვიყარე.
ქამარი შევისწორე, წელი გამოვიკვეთე, უფერული საცხით ტუჩები გავიხალისე, ტუში წავიშველიე, უბრალოდ, დასაბნევად თაროდან ის წიგნი ავიღე, რომელიც ხელში მომხვდა და ოთახიდან გავედი... მათთვის არც შემიხედავს, ისე წავედი გარეთ! თავსხმა იყო... დასველება არ მაწყობდა, კიბეზე ჩამოვჯექი... უკვე ვფიქრობდი, კაციშვილს არ ვაღელვებ-მეთქი, რომ თომას დაბალი, მშვიდი ხმა მომესმა:
– რას კითხულობ?
– არ ვიცი, აქ ვიპოვე, შენია ალბათ...
– მაჩვენე. "კრაზანა". არ გაქვს წაკითხული? ჯემა შენი ტიპაჟია?
– რა მხრივ?
– ზოგადად... თან ძლიერია...
– მე ძლიერი არ ვარ და ამას ყოველდღე ვერ გაგიმეორებ. არც განათლებული, იმიტომ, რომ სწავლას ვერ ვიტანდი და ვერც ბიუროკრატ მასწავლებლებს. მე საერთოდ არ ვარ პრაქტიკული ცხოვრებისთვის გაჩენილი და ასეთი ანალიზი საკუთარ თავზე შენ გამოჩენამდე არ შემეძლო.
– ვიცი...ვიცი ეგენი, რამდენს ლაპარაკობ... შენი მთავარი სიძლიერე ყველაფრის გამჟღავნების გამბედაობაა...
– ოხ, ეს ნიღბები...
– მგულისხმობ?
– საკუთარი თავისთვის დაბრალებული როლები და ძალით დაკისრებული მოვალეობები... საზოგადოებაში თავის წარსადგენად, საკუთარი პირით ნათქვამი სხვისი სიტყვები. რას ვიღებთ სამაგიეროდ? ყურდაუგდები სულის გნიასი...
– თომას არ უნდა, რომ ცუდად იყო!
– ცუდად არ ვარ. ცუდი წინათგრძნობა მაქვს!
– ზარს რატომ არ პასუხობ? ვინ გირეკავს, თვალები მატკინა შენი მობილურის ციმციმმა...
– ბექაა... არ მინდა და არ ვპასუხობ. - ვზივარ კიბეზე და სული მეუცხოება... ცაც ვერ გავიგე, რა ფერია... ნაცრისფერი... აპკის... თავი მგონია ემბრიონი... წყალდაღვრილი... უჟანგბადო. "თომა შენ თუ მიდიხარ, ინსტრუქცია მაინც დამიტოვე, რა ვქნა!" - ვფიქრობდი და სიმძიმის აუტანელი გრძნობა ბეჭებში მხრიდა...
– არ გცივა?
– რა თამაშს თამაშობ?
– პოკერს ვთამაშობდი წეღან...
– ახლა?
– ახლა? - დაფიქრდა...
– ჩემთან... სხვასთან... მათთან... რამდენიმე მესიჯი ვნახე, რომლებიც მე მოგწერე და შენ მათ გაუგზავნე...
– ჰო, რა მოხდა? მაინტერესებდა, მათზეც ისეთივე ეფექტს ახდენდა თუ არა, როგორსაც ჩემზე... გტესტავ რა.
– ბაბუაშენი დატესტე!
– მკვდარია, ე... რა გინდა, მაგას უნდა უმადლოდე, დღეს რომ თმა ბუხართან გაიშრე...
– ლაწირაკო!
– აი, ეგ ხარ რა... სულ ეგ ხარ... ამპარტავანი... ზევიდან უყურებ ყველას, ვისაც შეგიძლია... სხვის საუბრებს უსმენ... სხვის ნივთებში იქექები, კიდევ რა შეგიძლია?
– სხვისი არა, რა! სხვისი არა! ჩემი!
– ხმას დაუწიე, ხომ არაფერი გეშლება?
– ხმას დავუწიო კი არა, ახლა მიფრთხილდი! - მოვტრიალდი და წიგნი გავუქანე. ბუნებრივია, დაიჭირა...
– შენ რა იყო, ბევრი დალიე "ღვთისნიერო ქრისტეანო"? ისე, ტატუ რომ გაქვს, ჯოჯოხეთის გიზგიზა ცეცხლში არ შეგწვავენ?
– რა გინდა? ჩემგან რა გინდა?
– შენგან არაფერი... რაც მინდოდა, უკვე მივიღე... და გავიღე კიდეც... უბრალოდ, უნდა იცოდეთ ხოლმე, როდის წახვიდეთ...
– ახლა რომ ავდგე და წავიდე? სამუდამოდ!
– უფალიც უკან მოგყვება!
– მართლა რომ წავიდე? წავალ!
– უბრალოდ, უფალიც უკან მოგყვება და ჩემთვის მოკვდებით ორივე!
– რა არის ამ ყველაფრის, მათთან ურთიერთობის მიზანი?
– არაფერი... თავიდან ვერთობოდი... ცოტა გართობა... ჰობი... აზარტი... ახლა კი ჩვევა... არც კი მახსოვს, ეს როდის დაიწყო... ალბათ, მოვიწამლე... მაგრამ ფაქტობრივად, მე მაინც მართალი გამოვდივარ ყოველთვის... ინიციატივასაც ისინი იჩენენ... მე უბრალოდ, ვაძლევდი იმას, რაც სჭირდებოდათ... ვეუბნებოდი იმას, რისი გაგონებაც არ სურდათ... ჩემი პროვოცირებით შენც დაიწყე რაღაცებზე ფიქრი... მე ამაში თქვენი ფსიქოტიპების ცოდნა მეხმარება... თუმცა შენთან ყველაფერი სხვაგვარად იყო...
ცოტა სხვაგვარად და ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს... რაში მჭირდებოდა და მე რა ხეირი? გართობა-მეთქი... აზარტი... ფსიქოლოგია... და კიდევ რაღაც...
– ტრავმა გაქვს მიღებული აშკარად!
– არანაირი ტრავმა!
– დიდი ტკივილი...
– აბსურდია... ველოდი ყველაფერს, რომ ასეთ ტრივიალურ მიზეზამდე დაიყვანდი. არა... თავიდან კი საინტერესოა ხოლმე, მიმზიდველიც, მერე მბეზრდება. ადრე ყოველთვის ასე იყო...
–- ახლა?
- ...
– ახლა?
– !
– თქვი! ვერ გიტან! რატომ მერყეობ ყოველთის უზომო სისასტიკესა და სითბოს შორის? ესეც ერთ-ერთი მეთოდია? თქვი-მეთქი!
– მეთოდი, ჰა-ჰა... მეგონა, ორ ერთნაირ სურათში სხვაობის დანახვა შეგეძლო... არ ვიცი, რატომ ვითხოვ შენგან ამდენს...
– თუ მოსაბეზრებელია, რატომ მითხარი, რომ აქ მოვსულიყავი?
– გჭირდებოდა...
– მესია! - გაეცინა. - რას გრძნობ?
– არაფერს... ყველაფერს და არაფერს... და დამწვრის სუნს... ისევ ებრაელებს წვავენ? არა, გაზი დამრჩა ჩართული...
– ბანძი იუმორი! შენსავით მძიმე!
– რა გინდა, ე, მე გამეცინა... გულში...
– შედი, შედი... უნდა დავრეკო. არ მინდა, ჩემს საუბარს მოუსმინო...
– თორემ ისე მაინტერესებს... ხომ მომიყვები? ვკვდები ინტერესით.
– შენ მანამდე პოპკორნი გააკეთე. - კიბეს აუყვა, ჩუმად შევტრიალდი და დავინახე, როგორ დახარა წამწამები, ქვედა ტუჩი მოიკვნიტა, თვალები დახუჭა, ცხვირით ჰაერი შეისუნთქა და ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა. ყვრიმალები უთამაშებდა. "დიდი ხანია ყველასთან გავწყვიტე კონტაქტი. მიმოწერის თარიღს თუ შეხედავდი, შეამჩნევდი... ცუდს არაფერს ვაკეთებ, ტეო. კი მესმის - სტრატეგიულია ურთიერთობა და ა.შ. მაგრამ.... შენ ვერ გაიგებ..."
– ჩემთვის არარაობა ხარ! არაფერს წარმოადგენ! იცი რა? მე უბრალოდ მომწონდა და მჭირდებოდა შენ წინაშე მსხვერპლის როლის თამაში... იქნებ რაღაც დოზით მეც განვიცადე ინტოკსიკაცია... ...მაგრამ მე უფრო ღრმა აღმოჩენას გთავაზობდი... შედი, გააგრძელე ღვინის დეგუსტაცია...
– წამებს მითვლიან შავი ღვინის წვეთები და ამ უდროობის ჟამს ვდგავარ შენ წინ ჩემი გახრწნილი და დამტვრეული ფრთებით...
– წადი რა. შედი სახლში, უნდა დავრეკო...- წავიდა.
*
"იცი, ნესტიან ღამეზე უარესი რა არის?" - გონებაში ვეჩურჩულებოდი თომას..."... სამყარო, რომელიც სიცოცხლისაგან იცლება და ახლა მხოლოდ აჩრდილები დაძრწიან, ქუჩებიდან ქუჩებში, სადაც სულიერება არ იგრძნობა და სხეული ყინულზე ცივია. ასეთი არსებები დაჰქრიან ჩემი თვალებიდან შენს თვალებში, შეიძლება ჩემი გონებიდან შენს გონებაშიც. დრო სახეზე აქვთ აკრული..." იმ ღამეს მივხვდი, რომ არასოდეს მყვარებია სინამდვილეში...
ძალიან ვცდილობდი, მაგრამ არ მყვარებია თურმე... ფემინისტური განწყობა სახიფათოა მამაკაცებისთვის და სასარგებლო ჩვენთვის... და ამისათვის ფემინისტობა არაა აუცილებელი, დიდი შეღავათია მამრებისათვის უამრავი ინიციატივის ჩვენს თავზე აღება და პასუხისმგებლობის საკუთარი თავისთვის დაკისრება, ასევე არ მემეტება ქალი, რომ მოაკლდეს იმას, რისი "მიღებაც" კაცისგან შეუძლია... ანგარებით თუ უანგაროდ... ამიტომ მე ფემინიზმის ჩემეულ ფორმულირებას ვამჯობინებ და ზოგჯერ ასეთი განწყობა სრულიად საკმარისია... მრავლისმეტყველად გავიღიმე და მათთან შევედი. თენდებოდა... მე გარდავისახე...
თეკლა ლაზი