როცა ჩემი ექსსაქმრო წვიმაში აორთქლდა, ბორდიურზე ჩამომჯდარმა რიტმის ძებნა დავიწყე. ეს არაადეკვატურია (ინდურ ფილმებში მსახიობები ყველაზე დაძაბულ მომენტებში სიმღერას რომ იწყებენ...). ჩემი გონება გამოსავალს ყოველთვის პოეზიაში პოულობს.
ლექსი დამიწერია მიცვალებულის სასახლესთან მჯდარსაც და ამის ახლა აღარ მრცხვენია. ზოგი ტირის, ზოგი სვამს, მე ვწერ... ყველანი ემოციის თავისებურ გასავალს ვპოულობთ... ერთმა თურქმა ნოველისტმა თქვა: ვერ ვწერ, როცა ბედნიერი ვარ, იმიტომ, რომ სიხარული მიშლის ხელს და ვერ ვწერ, როცა უბედური ვარ, იმიტომ, რომ მწუხარება არ მაძლევს საშუალებასო - ერთი შეხედვით, თითქოს დავეთანხმე, მერე კი... მაშინ როდის? როდისღა?
როცა ჩვეულებრივად ხარ, ჩვეულებრივ შემოქმედებას ქმნი და ასე მკვიდრდება მდარე ხელოვნება... ყოველ ადამიანშია ხელოვანი, მას ჩვენში ავლენს ცხოვრებისეული ქარტეხილები და მზიანობა... ყველას არ სჭირდება ნელთბილი სვლა, მონოტონური დღეები და სწრაფვა ბრტყელი ყოფისკენ. არადა, გარემო იძლევა ამის ყველა პირობას... როგორ მოვიქცეთ? როგორ მოვახდინოთ ზემოქმედება ირგვლივზე? ამაში ნაპოლეონ ჰილზე და კარნეგზე მეტად სხვა რამ გვეხმარება...
გინდა ჩემთან ერთად კიდევ ერთი ფინჯანი ყავა დალიო? მაშინ ჩამოვსხდეთ... გაიხსენე შენი ცხოვრების ყველაზე ნაყოფიერი პერიოდები და მიზეზები, რომლებმაც ეს განაპირობეს.... ...შენი წინსვლა, გარდასახვა, "გამოღვიძება"... თუ აღმოაჩენ, რომ მსგავსი არაფერი განგიცდია, მაშინ ეს ნოველა შენთვის არაა (ჯერ), ყველაფერი წინ გაქვს... დიდ სიხარულსა და დიდ იმედგაცრუებას შორის ჩვენ ვიზრდებით, ვმდიდრდებით და ამის მიხედვით ეკარგება ფასი ჩვენი მანქანის მარკასა და ჩანთის ბრენდს... ეს ყველაფერი სასაცილო და უმნიშვნელო ხდება... ჩვენი უძრავი ქონება, ჩვენი გამოცდილებაა, ტკივილი, სიმართლე, სიხარული... იყო მართალი, ნიშნავს, არ გეშინოდეს ინფლაციის... თუ უკან მოხედვა სასიამოვნო ღიმილს გგვრის მაინც, დოლარის კურსი ვერაფერს დაგაკლებს . მნიშვნელობა არ აქვს, რა დაკარგე/იპოვე, რა შეგეშლა/შეეშალათ, თუ ახლა აქ ხარ და იცი, რომ ყველაზე სამარცხვინო, რაც შეიძლება საკუთარ თავს გაუბედო, არის წუ-წუ-ნი, დაჩივლება...
თომას რამდენიმე მეგობარი მაგიდის ირგვლივ იჯდა, მათ შორის, გიო (და მისი გიტარა). ჩემი დანახვა "წუთიერი დუმილით"აღნიშნეს, მერე რენტგენის სხივის ქვეშ გამატარეს და კრიტიკულად განეწყვნენ, რაც მომავალში ხასიათში გადაუვათ და ბევრ ნაგავს დატოვებენ.
მათთან საერთოს გამონახვა არ გამიჭირდა იმდენად, რომ საუბარში თომაც გაირიყა და ღამე ჩვენმა ცხარე კამათმა მოიცვა... რადიკალურად განსხვავდებოდა ჩემი შეხედულებები მათი შექმნილი, სუპერეგოთი განპირობებული წარმოდგენებისგან. ცოტა თუ იგრძნობოდა ინდივიდუალური ნააზრევი. ეს ის კატეგორიაა, მასას რომ უნდა გამოეყოს და საკუთარი "ალტერნატივით" ქმნის ასევე მასას, ოღონდ მეორეს... ბიტნიკური ელფერი დაჰკრავდათ, მაგრამ გამეორება იყო... ინდივიდის უნიკალურობის მინიმუმი... მათი საყრდენი ცოდნა იყო, განათლება... ჩემი? არ ვიცი, მაგრამ ვამჩნევდი, როგორ მაკვირდებოდა თომა, რამდენჯერმე სიამაყით გაიმართა, ცდილობდა, არ შემემჩნია. ცოტა გაოცება ეტყობოდათ ბიჭებსაც. არ ვიცი, იმიტომ, რომ გოგოსგან არ ელოდნენ ასეთ "მზადყოფნას" თუ თომასთან არ მელოდნენ მე.
თავიდან ჩემს პროვოცირებას ცდილობდა და მათ მხარესაც იჭერდა, მაგრამ რამდენჯერაც შემატყო, რომ უკან დახევა დავაპირე, იმდენჯერ მოხერხებულად და ელეგანტურად გამომიყვანა სიტუაციიდან. "ჯიუტი გოგო ხარ, "მამაკაცურად" აზროვნებ და კომპრომისი არ გაგაჩნია... მაგრამ მეტი ტოლერანტობა არ გაწყენდა" - მითხრა მათში ყველაზე ყეყეჩმა... გვიან დაიშალნენ. წასვლისას ერთ-ერთმა მკითხა:
- თომას საიდან იცნობ და საერთოდ, ვინაა შენი?
- ამას მე უნდა მეკითხებოდე თუ თომას?
- იქნებ მას უკვე ვკითხე და ახლა შენ გეკითხები?
- ამოწმებ?
- არა. იქნებ შენ სხვანაირად ფიქრობ? რა იყო, რთული კითხვა დავსვი?
- "იქნებ" შენთვის პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, მე რას ვფიქრობ?..
- არანაირი!
- ძალიან კარგი...
* * *
ალბათ, გათენდა... ვიღაცის დაჟინებული მზერა მაღვიძებს. ბურანში რამდენჯერმე ვიცვლი გვერდს, "ასეთ კომფორტულ საწოლში აქამდე არ მიძინია... არა რა, ძველებური ყველაფერი უფრო ხარისხიანია." - ჩემი ტვინი ძილშიც არ წყვეტს ჩემთან დიალოგს! თვალს ვახელ და ჩემ პირდაპირ, სკამზე მჯდარ თომას ვხედავ...
- შემაშინე!
- რამდენს მოძრაობ ძილში...
- რას აკეთებ აქ?
- ვერ ხედავ?
- ვხედავ, რომ დამსწრესავით მიზიხარ და მიყურებ.
- ყოოჩაღ.
- მყარაულობ?
- არა. პირველი ვერსია უფრო სწორი იყო. გიყურებ.
- რატომ?
- ფანჯრიდან ყურება მომბეზრდა...
- არ გძინავს არასდროს?
- ფარდები რატომ არ ჩამოაფარე? ძალიან გინდა, წინა სახლიდან გიყურონ?
- და შენ რომ მიყურებ?
- მე მაქვს უფლება! მე მაქვს უფლება, ბაღში სკამზე გავათიო ღამე, იმიტომ, რომ მძაგს შენი სუნთქვა, რომელიც ყველა ოთახში დამდევს და გარეთ გასულმა ძლივს მოვიშორე!
- ეს ზიზღი არ არის.
- არა, რა თქმა უნდა. როგორ უნდა მეზიზღებოდეს ადამიანი, რომელიც ფეშენებელურ ცხოვრებას მოიწყობს, სარფიანად შექმნის ოჯახს, შაბათ-კვირას ქალაქიდან გავა, ბავშვებს დაბადების დღეს ყოველთვის სადღესასწაულო ცენტრში გადაუხდის, დღესასწაულებზე ძვირფას საიუველირო ნაწარმში გაყოფს კისერს და ამ ყულფში თავგაყოფილი ლაღად და ბედნიერად დალევს სულს... არა, ვერ მეზიზღები. ხედავ, მე ვიცი შენი მომავალი, უკვე ვიცი ყველაფერი შენზე... მოკლედ, ნათელმხილველი ვარ, ყველაფერი გითხარი. აწი შეგიძლია მოკვდე...
- აბა, ექსტრასენსო, თუ იცი, ახლა რა მინდა?
- მოდუღებულია, დაგისხამ... - ოთახიდან გავიდა და სამზარეულოდან გამომძახა: - ეს ბექა... ...ძალიან ცდილობს, ფეხი აგიწყოს. გთხოვ რა, არ დაკარგო ეგ ბიჭი. იმას მოგიტანს, რაზეც ოცნებობთ ქალების უმრავლესობა.
- უმრავლესობა... მე რაც მჭირდება, მაგას არ ეყოფა ბექას ხელფასი, მაგრამ დავფიქრდები შენს თხოვნაზე... ახლა გავიგე შენი მონოლოგის მიზეზი... მესიჯები წაიკითხე... და მე მეუბნებოდი სხვის ნივთებში ქექვაზე რაღაცას...
- ფსიქოლოგიის სემინარზე გავდივარ და გასაღები ტილოს ქვეშ დატოვე. გასასვლელში ეს პატარა სარკმელი არ დახურო, ჰადესია მოსასვლელი.
- ვიინ?
- რა ტემბრი გაქვს, ტვინში მირტყამს, როცა ხმას უწევ. კატა...
- კატა გყავს?
- ღმერთო! რა გონებაშეზღუდულია. კი, ის ბეწვიანი რაღაც, მთელი დღე რომ თაროზე იდო, სულიერია და მოძრაობს.
- "ღმერთი რა შუაშია"? არც შემინიშნავს...
- ღმერთი შენთან ყოველთვის შუაშია, მაგრამ 1:1...
- რატომ ვერ შევამჩნიე?
- არადა, მთელი დღე ბიბლიოთეკაში იწვა. საქართველოს ისტორიის ხუთტომეულზე. პატრიოტია...
ზურგით იდგა და ფანჯრიდან იყურებოდა. ვაკვირდებოდი მის სპორტულ აღნაგობას, მისი ბეჭები, წელი, გრძელი მამაკაცური თითები, ტუჩები... შტრიხები, ხმა - ძალიან მეახლობლებოდა... ცხოვრებაში პირველად ვიგრძენი ვიღაცის მიმართ ფიზიკური მიზიდულობა და გამიხარდა, რომ თურმე არ ვყოფილვარ ფრიგიდული... ჩემი ლტოლვა ფსიქოლოგიურ და პლატონურ ასპექტებს პირველად გასცდა... ეს აღმოჩენა იყო... ფიზიკური სიახლოვე მაშინ არის წმინდა, როცა ის სულის წრფელი ამოძახილია და არა ჰორმონების. ორი ადამიანის სულისა და ხორცის ერთიანობა კი მაშინაა სრულყოფილი, როცა ის კურთხეულია და ამ აქსიომას ვერ შეცვლის ვერცერთი საუკუნე და ეპოქა. რამდენიმე ხნის მერე გადავაგდებ იმ სიმბოლურ ფოტოს, რომელსაც ახლა ფანჯარასთან ზურგით მდგარს ჩუმად გადავუღე...
- მთელი ღამე ზმუოდა მუსიკა, ვერ გამოვიძინე. ეს რა ფურცლებია, მეცადინეობდი?
- წავედი...
* * *
ლანჩზე კატოს შევხვდი:
- შენ რაც ბანკში დაიწყე მუშაობა, საერთოდ ვეღარ გხედავ.
- ზაფხულში პრაღაში მივდივართ... ...მე და სოფი...
- რატომ?
- მივდივარ! უნდა წავიდე! ცუდად ვარ აქ! ლეში ვარ! ვიცი, რომ ბედნიერი ვერ ვიქნები! ჩავიქოლები, გავითელები! აქ არ ვარსებობ! ძალიან გთხოვ, არ მესაუბრო ამაზე! მომენატრე! ძალიან მომენატრე...
- რამდენიმე დღის წინ სოფიმ დამირეკა, ლუდის დამტვრეული ბოთლით ხელებს იჩეხავს და სასწრაფოდ მოდიო... მანდ რომ ვყოფილიყავი, აუცილებლად მოგაშველებდი რამე უფრო ბასრ საგანს! "მალალეტკა"! მიეხმარე, რომ როგორმე სისხლისგან დაიცალოს და ასეთი მარაზმისთვის აღარ გამაღვიძო-მეთქი. გავუთიშე.
- ვიცი. მადლობა... რა ხდება შენკენ? რა ქაოსია?
- არაფერი. ეს ბექა პერსევერაციასავით ამეკიდა. არ შემიძლია ასე! წინა ურთიერთობა იმიტომ დამენგრა, რომ ვცდილობდი, სასურველი ფასადი მიმეღო სულ სხვა კარკასისგან. ჩვენ ძალიან ბევრ გარეგნულ კომპრომისზე მივდივართ ურთიერთობაში, შინაგანად მაინც ვითხოვთ იმას, რაც ვითომ დავთმეთ. მერე წვრილმანების ერთობლიობა ერთ ფუნდამენტურ მიზეზს წარმოშობს და ქვიშის სასახლეს აცამტვერებს. ჯობია, თავიდანვე გავაკეთოთ არჩევანი. ინერციით მაინც მივალთ გარდაუვალ შედეგამდე და ჯობია, თავიდანვე დავარქვათ ყველაფერს სახელი. გული ხომ სიღრმეში ყოველთვის გრძნობს... ბექასთან ურთიერთობა განწირულია. კომფორტი, სიწყნარე, კი ბატონო. მე ეს ყველაფერი არ მჭირდება. არიან ადამიანები, რომლებიც ამისკენ ისწრაფვიან და ბედნიერად, სტაბილურად ცხოვრობენ, მაგრამ მე არა! აუტანელია გაწერილი ცხოვრება. ჩემთვის სიცოცხლე ძიებაში, მხატვრულ უწესრიგობაში, წინაღობაში, მგზნებარებასა და სიყვარულშია... სერვანტში ვერ ჩავჯდები.
- ადრე რომ ასე გელაპარაკა, ალბათ, დაგცინებდი...
- ვღელავ...
- როგორც ზღვა ქარიშხლამდე?
- შინაგანი განგაში მაქვს. თომაზე ფიქრს ვერ ვბლოკავ.
- ეს ის "ანონიმური მაილი"? რას შვრება ეგ დარტყმული ტიპი?
- ეგ "დარტყმული ტიპი" ოცი წლის გაიძვერაა...
- ვაა... რამ დააბერა დროზე ადრე ბატონი ბენჟამენი?
- რა მშვიდად შეხვდი ამ ამბავს?!
- აბა, რას ელოდი? ხელი შემოვირტყა იმიტომ, რომ შენი რევოლუციონერი შენზე ხუთი წლით გვიან დაიბადა? გაიხსენე თეორია "სულის სულზე".
- მისი ყოფნა ყოვლისშემძლეს მხდის... მაგრამ... ...დროებითია ეს ურთიერთობა...
- საკუთარი ბედნიერება უნდა ვეძებოთ და როცა ვიპოვით, ჩავებღაუჭოთ... არასდროს გავუშვათ ხელი...
- რას მიმალავ?
- რას?
- კატო, რას მიმალავ? შეყვარებული ხარ! ადრე მეგონა, ლუკა იყო ამ მდგომარეობის მიზეზი, ახლა კი ვიცი, რომ რაღაც მნიშვნელოვანს მიმალავ. რატომ ხარ სულ სასოწარკვეთილი? სიყვარულით და უბედურებით სავსე... ვინ არის ის, ვისაც ასეთ სავსე და დაუტევლად ემოციურ, ინტიმურ პოეზიას უძღვნი? მითხარი, ვის გამო შეიყვარე ასე ფატალიზმი?
- არავინ, ტეო! შენ არაფერს გიმალავ!
- ფუ... რა უნიჭოდ იტყუები, თავს მაძულებ...
- არავინ, მართლა... ცხოვრებას ვიწყებ თავიდან და ცოტას ვღელავ. უბრალოდ, მინდა, მალე წავიდე.
- კატო!
- სოფი!!!
- ჯერ ერთი, სოფი კი არა, ტეო მქვია და მეორეც - ჩვენი მეგობრობა ბუტაფორიულია, თუ არ მენდობი.
- სოფი!
- სოფის ენდე, შენ უკეთ იცი...
- აუ, წავედი რა! დაგირეკავ!
* * *
გვიან მივედი თომასთან, მთელი დღე ფოტოსტუდიაში ვიყავი და სურათებს "ვევლებოდი". ჩემი პანორამა გამოდგა... ჰონორარი ავიღე, დეიდასთან მივედი, პოს საჭმელი წავუღე, საკონდიტროში გავიარე და თომასთან მივდივარ...
...მგონი, მელოდა, კარი ღია დამხვდა, ბუხარი ანთებული. სახლში არავინაა, უცნაური დაძაბულობა იგრძნობა. სადილის კეთებისას მიტოვებული სამზარეულო და გაზზე დადგმული ჩაიდანი მიანიშნებს, რომ სადმე აქვეა... მის ეზოში გამავალ ღია ფანჯარაში ვიხედები - თომა... სითბო მეღვრება და თავს დაცულად ვგრძნობ...
სარდაფიდან გამოდის, ხელში რაღაც უჭირავს, კისერზე თეთრი ბეწვი აქვს შემოხვეული... - ჰადესი, ფუმფულა და თავხედი, ქათქათა კატა, უდარდელად და კაშნესავითაა გადაფენილი... კიბეს ამოუყვა და შეჩერდა, მიხვდა, რომ მოვედი... სახლში ტკბილი სუნი სჭარბობს, სუნამოა ქალის... არაფერი მიეჭვია... ...არც მაშინ, როცა მის სამუშაო-სამეცადინო მაგიდაზე მიმოფანტულ ფსიქოლოგიურ და სამედიცინო წიგნებს, მის ნაწერებს, ფირებსა და ფოტოებს შორის ორ დაცლილ ყავის ფინჯანს ვუყურებდი:
- რას უყურებ? ჭიქამ ლაპარაკი არ იცის. - ხმა ზურგიდან.
- ვინ იყო?
- რა შენი საქმეა?
- არა, სხვა კონტექსტში გეკითხები...
- სხვა კონტექსტი რას ნიშნავს?
- ცუდ ხასიათზე ხარ...
- ეს რეები მოგიტანია, ვინ გთხოვა? -თან ამოლაგება დაიწყო...
- იჩხუბე?
- მეე? - გადაიხარხარა....
- აბა?
- ბიტლები...
- ოოო, პირველკურსელის იუმორია...
- ჯერ ეგეც არ ვარ
- ვინ იყო?
- დედაჩემი...
- უაზრო კონფლიქტებს არ გირჩევნია, ის გააკეთო, რაც გევალება? იარე რეპეტიტორებთან.
- დავდივარ! შენი მითითებები არ მჭირდება და ნუ ერევი! თავს რამდენის უფლებას აძლევ?
- ლამის ორ წელში დიპლომს უნდა იღებდე, შენ კიდევ ჯერ არც დაგიწყია!
- ძიძასავით ნუ მელაპარაკები, გაფრთხილებ! - ცდილობს ხმამაღლა თქვას, მაგრამ იმდენად დაბალი ტემბრი და მშვიდი ლაპარაკის მანერა აქვს, რომ არ გამოსდის... ჩემთან შედარებით, მით უმეტეს...
- არ აპირებ ხო სიარულს?
- დავდივარ!
- როდის? დღეს იყავი?
- ვიყავი! მოთმინება მეწურება.. - საერთოდ არ ჟღერდა გამაფრთხილებლად, იმდენად ინდეფერენტულად მიუახლოვდა საწერ მაგიდას და ნეგატივის ფირფიტები შუქს მიუშვირა - "მაინც არ გამომივიდა!"
- დღეს მინდა ყველაფერზე დავილაპარაკოთ.
- და ხვალიდან თვალით აღარ დამენახო!
- ბევრი რამე მაქვს შენთვის სათქმელი!
- ხო, ისე, შენი ე.წ. დაქალი, კატო... ენდობი მაგას?
- ე.წ. დაქალი ნაკლებად, რა...
- აუ, ნუ მეპრანჭები, რაა... წესიერად ილაპარაკე... სნობი!
- რა გინდა, ე?
- აბა, რანაირი ტონით ლაპარაკობ... წვრილფეხა კრეტინი, ეს! მოგწონს ეს სიმღერა?
- ძალიან კარგად იცი, რომ ჩემი საყვარელი ჯგუფია. ისე, მშვენიერი სტრატეგიული სვლა იყო...
- დღეს ეს სურათი გავყიდე... - დაახლოებით ერთმეტრიან კვადრატულ სურათს მაწვდის.
- რა მაგარია, შენ გადაიღე?
- აზერმა ქალმა იყიდა, ქართველებს არ აინტერესებთ ასეთი რამეები... - სპორტული "კაპიუშონკა" გაიხადა, მუხლებით დაეშვა იატაკზე ორმეტრიან, პრიალა, შავი ფერის ქაღალდზე და სამართებლით ფხეკა დაუწყო. მოკლემკლავიან მაისურში უფრო კარგად ჩანდა ტორსი, რომელიც ზუსტად შეეფერებოდა მის ხასიათს...
- რას აკეთებ?
- ლატარიის ბილეთია, უნდა გადავფხიკო. როგორ გგონია, მოვიგებ? - სახეზე დამაკვირდა და ღიმილი გაეყინა. პაუზა...
- ჩაიდანს გამოვრთავ...
- მძიმე დღე გქონდა? კი არადა - რამე შეგემთხვა?
- არა,არაფერი... ცოტა დავიღალე... სამაგიეროდ, ჩემი პანორამაც მოეწონათ. კრუასანი არ გინდა?
- არა. ცაოტა ხანს არ შემოხვიდე ამ ოთახში...
- სულ არ შემოვალ...
- მომენატრები...
- მაგ ცინიზმს ჯობია, მობილურს უპასუხო, რაც მოვედი, იმის მერე ანათებს...
- ტეო! რა კარგი გოგო ხარ! შენი დისლექსიის მიუხედავად... და რა ტყუილად ხარჯავ დროს...
- დროის დახარჯვა ამიხსენი, თუ შეიძლება! დროის გატარება ამიხსენი! დროის მოკვლა! თავისუფალი დრო ამიხსენი, რას ნიშნავს!
- ან ურთიერთობები "თავისუფალ" დროს, რომელიც დროის შეზღუდვისთანავე ქრება... ურთიერთობები, როგორც "ტუალეტში წასაკითხი წიგნი", დროის "მოსაკლავად"...
- არ მინდა, რომ წახვიდე...
- მე მინდა!
- არ მჯერა...
- ბუნებრივია... მაგრამ მინდა, რომ წახვიდე და აღარასოდეს გნახო... არასოდეს გავიგო შენი ხმა!
- ხო, ჯობია, თორემ ხელს გიშლი მეცადინეობაში. მეც რა მესაქმება პატარა ბავშვთან, რომელიც საკუთარი წარუმატებლობით გამოწვეულ სევდას სხვებს ახვევს...
- ეგრე ფიქრობ, არა?
- წარუმატებელი ხარ! პროგრესულად მოაზროვნე, ინტელექტუალი, გონებრივად მოქნილი, ინდივიდუალისტი, მაგრამ ყველაზე მთავარი არ გაქვს! სიყვარულის, თანაგრძნობის უნარი! ის,რასაც წიგნების კითხვით ვერ ისწავლი. ბებერი ახალგაზრდა ხარ! გარეგნულადაც კი არ ჰგავხარ შენს ტოლს! ის ყველაფერი, რაც იცი, რაც შეგიძლია, მელომანიაც და გურმანობაც, კომპენსაციის მცდელობაა ყველაზე მთავარის, იმის, რაც არასდროს გექნება! ყველაზე მთავარის! ვერა, ვერაფრით ჩაანაცვლებ... სამწუხაროდ, ღმერთმა, ჰო, ჩემმა ღმერთმა, როგორც შენ ამბობ, ყველაზე მთავარი დაგაკლო... - ფეხმორთხმული მისმენდა. ჩუმად წამოდგა, მკლავებში ხელი მომკიდა, ამწია და სახლის კარი ცხვირწინ მომიხურა. გაცეცხლებული ვიყავი, აფექტამდე ცოტა მაკლდა. აუცილებლად ვეცდებოდი კარის შელეწვას, რკინის რომ არ ყოფილიყო. კიბე ჩავიარე და ქუჩაზე დავეშვი. ვფიქრობდი, შემეძლო თუ არა რამე ისეთის გაკეთება, რაც დიდ ფსიქოლოგიურ ზიანს მიაყენებდა. არა, მსგავსი არაფერი შემეძლო...არ შემეძლო იმ წუთას. მაკლდა დრო... ცოტა ხანში ჩრდილი წამომეწია:
- უკაცრავად. ზედმეტი მომივიდა. მაგრამ შენ უფრო მეტი... - ხელში ჩემი ქურთუკი ეჭირა. შემოვტრიალდი, რაც ღონე მქონდა, მუშტი მოვიქნიე და... ...ცხვირში გავარტყი! ხელები სახეზე იტაცა და ტკივილისგან წელში მოიხარა. ქურთუკი ისევ ხელში ეჭირა. ცოტა დრო მქონდა და მინდოდა სწორად მესარგებლა, მაგრამ ემოციები მაჭარბებდნენ: ფსიქოლოგიური ვერა, მაგრამ ფიზიკური ზიანი... ...შეგერგოს... ვიდექი მის წინ. ნელ-ნელა იმართებოდა, ცხვირიდან სისხლი წასკდა, სახე არ შემცვლია, ქურთუკი გამოვტაცე. მისი სახლიდან ჩემი მობილურის ხმა გამოდიოდა. არ დაველოდე და ტელეფონის წამოსაღებად ავბრუნდი:
- გისმენთ!
- ...
- ალო!
- რომელი ხართ?
- თქვენ ვინ გინდათ?
- მე? და რომელი ხართ? - ასაკოვანი ქალის ხმა...
- თქვენ რომელი ხართ? - რაღაც უკმაყოფილოდ ჩაიბურდღუნა და გათიშა. სახლიდან რომ
გამოვედი, კიბეზე იჯდა, წელზემოთ შიშველი, მაისური ცხვირზე ჰქონდა მიფარებული:
- არ იქნება სწორი ახლა, რომ სახლიდან გაგიშვა... არა მხოლოდ იმიტომ, რომ ღამეა... - ახლა თუ წავიდოდი, ვერასოდეს გავიგებდი იმას, რისი ცოდნის გარეშეც ცხოვრება გამიჭირდებოდა. ამიტომ არ გავძალიანებულვარ... - დილას შეგიძლია სამუდამოდ აორთქლდე, მაგრამ ახლა წამოდი, ერთი სიმღერა უნდა მოგასმენინო...
ვისხედით ძალიან მაღალჭერიანი, რენესანსული სახლის ხუთკუთხა ოთახში, მე ბუხრის პირდაპირ სავარძელში, თომა ძირს, ბუხართან, კედელს მიყრდნობილი. მის მუცელზე კატას ეძინა. ოთახში ბნელოდა, შანდალში ერთი ცალი სანთელი ენთო... ჩემი მექანიკური ფოტოაპარატი მისი ციფრული პროფესიონალის გვერდზე იდო და ისმოდა: Archive - the way you love me archive
თეკლა ლაზი
ასევე იხილეთ: