მოლოდინმა ისე ამიყოლია და ამაღელვა, რომ პროტესტის გრძნობა გამიჩნდა... ვეცადე, მოვლენებს მოვწყვეტოდი და რაიმე სასიამოვნოზე გადამეტანა ყურადღება...
მთელი ღამე ბოსა-ნოვას მელოდიებს ვუსმენდი, სურნელოვანი სანთლები ავანთე და ფანჯრიდან ტალღების სინქრონს ვუყურებდი...
ეფექტურია ასეთ დროს რაიმე ისეთი, რაც შენს ყოველდღიურობაში არ ფიგურირებს. იმ ღამით დავიწყე ბუშნელის კითხვა. თურმე ყველაზე ზედაპირულ და "მზესუმზირა" ლიტერატურას ზოგჯერ ზუსტად იგივე გავლენა აქვს, როგორიც კლასიკურ შედევრს, თუ საჭირო დროს შემოიჭრება. იმავეს ვიტყოდი მუსიკაზეც...
რადიკალური გადახვევა განახლების პირველი ეტაპია... ორმაგი "ამერიკანო" გამოვწურე და შოკოლადის კონიაკით გავაზავე. მაინც ჩამეძინა... გულზე გადაშლილი ბუშნელი მედო, ვანილის (ჩამდნარი) სანთლის სურნელს იოდის და ოლეანდრების ჩაენაცვლა. ფრიალებს, ფრიალებს ფარდა... მთვარე ჯერ ისევ იხრჩობა ღრუბლებში, რა საერთო მაქვს ქართან? რას ვეძებ ყვითელ ფურცლებში?
სიფრიფანაა ოცნება, ცოტაც და სიო მოსწყვეტს და თუ ღამე არ მორჩება, ვიტყვი, რომ დილა მოკლეს!
დილაა... სიჩუმე... შუადღე... დუმილი....საღამოა... უკვე საღამოა... თურმე კარგია, რომ გადამწყვეტ მომენტებში ყოველთვის მარტო ვიყავი! ბექამ დამირეკა საზღვრიდან, სამკვირიანი წვრთნით გადის ქვეყნიდან. "რაო, დაგირეკა შენმა პრინცმა?.. არა? ასეც ვიცოდი...
უსაზღვროა შენი ფანტაზია... მიყვარხარ... მალე ჩამოვალ და..." კავშირი გაწყდა, როგორც იქნა... "ჯერ საღამო წინაა..." ჯერ საღამო წინაა-მეთქი, ტყუილად ვცდილობდი მისთვის გაგონებას... კავშირი გაწყდა... ღამეა... თომა არ არის... უკუნეთში ჩამიქროლა ფრთაგახრწნილმა ანგელოზმა და შუაღამე მამცნო... მერე იყო ხელის ცეცებით მიგნებული ჭიქა და წყლის ზედაპირზე მოცურავე დუმფარები...
შევცურე... ჩავყვინთე... ...ზღვაში ღრმად, თითქოს დავეშვი შეუცნობლის ფსკერზე, თავები ავხადე გონებაში ჩაფლულ სკივრებს და ვნახე ჟამთა სვლისგან შეჭმული განძი – ის არაფერი, ყველაფერი რომ მეგონა... დროის ლუკმა ძვირფასეულობა, ჟანგიანი საკეტით... დიდხანს ვცურავდი ღამეში, ქვირითობა იყო ეტყობა და წყალი ანათებდა... დაღლილი გამოვედი, ნაპირზე გავწექი...
მე დამოუკიდებელი არსება ვარ, საკუთარი ფიქრებით, მიზნებით, შეხედულებებით, გრძნობებით, მიდგომითა და ოცნებებით... არავის, არავის ძალუძს ხელ-ფეხი შემიკრას, მათ შორის, არც მას, ვისაც ყველაზე დიდი გავლენა აქვს... მას მით უმეტეს...
ვუყურებდი ცას, ვარსკვლავების ალერგიული გამონაყარით. ფეხის ტერფიდან, სწორედ იმ ფეხის ტერფიდან დაიწყო ჩემი შეუვალ კლდედ გარდაქმნა, მანამდე არასდროს ვყოფილვარ ასეთი მშვიდი, ასეთი რაციონალური, ძლიერი, მტკიცე და თამამი... იმ წამიდან დავიწყე სვლასრული კურსით ჩემი აწ უკვე აუხდელი ოცნებისაკენ, სიბილწისა და დაუნდობლობის დერეფნის გავლით...
მანამდე კი იყო ფაქტი, რომელმაც "გამაორმაგა", მესიჯი... უფრო ცნობისმოყვარე, ვიდრე მგრძნობიარე... უფრო იმიტომ, რომ ყველაფრისთვის დამერქმია თავისი სახელი...: "დღეს ცამეტია... დაგავიწყდა?" – მივწერე თომას.
– კი.
– მეგონა, მოხვიდოდი...
– არა.
მგონი, ადრე აღვნიშნე, რომ ზოგჯერ ისე ვართ დაბრმავებულნი, რომ ჩვენი გადადგმული არასწორი ნაბიჯები ღრმა და ტალახიან კვალს ტოვებს ჩვენს ბილიკზე. გგონია, სწორი სტრატეგიით მიდიხარ და რეალურად ირგვლივი მთლიანად ლპება და გემხობა თავზე... თომა ვერ აიცდენს ამას... გზას არ უთმობდნენ აზრები ერთმანეთს და ამ საცობში ჭყლეტდნენ ერთმანეთს...
– ცვილის ფიტული ხარ...
– ოკ.
აუტანელი გაურკვევლობის საზვერე... სანამ ვფიქრობდი, რა მიმეწერა და მიმეწერა თუ არა საერთოდ რამე, მისი მეორე შეტყობინება მოვიდა, რომელმაც განაპირობა ჩემი მომავალი: "რა ინსტინქტური ხარ...
იმისკენ იწევ ვისაც არ სჭირდები; იმასთან გინდა, ვისთვისაც ის მათხოვარი უფრო მნიშვნელოვანია, წეღან რომ ხურდა მივეცი, ვიდრე შენ... არშემდგარი ხელოვანი, სნობი, პროვინციალიზმის შიშით შეპყრობილი გოგო ხარ, საკუთარი პრიმიტივი გააღმერთე და გგონია, რამეს წარმოადგენ? განდიდების მანია გტანჯავს... ვერ ეგუები, რომ ყვლაზე უინტერესო წიგნი ხარ, რომლის წაკითხვაც აზრადაც არავის მოუვა.
მტვერი გედება და გეშინია... ტეოდორა, ბურჟუაზო, გაფრთხილებ, აღარ გაბედო ჩემი აფორიაქება შენი უაზრო არსებობით, თორემ მაგ შენს ღარიბ სულს და ობმოკიდებულ გონებას კარგს არაფერს დავმართებ! მშვიდობით! და ვერც კი წარმოგიდგენია, რამხელა შვებას მგვრის იმაზე ფიქრი, რომ თავიდან გიშორებ!"
– რა მაგრად მეცოდები, რომ ამდენი ხანია მიცნობ და ვერც კი გამიცანი. ე.ი. ოდნავი ალღოც არ გაგაჩნია. შენი მესიჯი ისე დაიწყო, იძულებული ვიყავი და ზედაპირულად გადავიკითხე, გავხალისდი... კაარგი, მოკლედ. კარგად იყავი. "მშვიდობით!" :D – ვიპოვე ძალა, რომ რაიმე მსგავსი მიმეწერა, თუმცა უკეთესიც შეიძლებოდა.
მაგალითად, გინება <3 კუჭი ამტკივდა, ორგანიზმის არაადეკვატური რეაქცია იყო. ალბათ, სხვა შემთხვევაში ვინერვიულებდი, ცრემლებს გადმოვღვრიდი, სენტიმენტები ამიტანდნენ, მაგრამ მე თომა მიყვარდა, ანუ ყველანაირი რეაქცია ზღვაში წვეთი იყო... სახლში ავედი და დავიძინე... სხვა გზა არ მქონდა რეალობიდან გასაქცევი... გვიან გავიღვიძე საოცარ განწყობაზე, პარადოქსია...
სანამ ბოლომდე გავაცნობიერებდი არსებულ სინამდვილეს, კარგად ვივახშმე და ისევ დავიძინე, მეორე დღეს კი თბილისში წავედი...
*
– თეო, რა გჭირს?
– ზოგჯერ უბრალოდ ცუდად ხარ და ამას ვერაფერსაც უზამ.... არის ნეგატიური მდგომარეობა, რომლის დროსაც ყველაზე სასარგებლო, რაც შეიძლება გააკეთო, ხელი არ ახლო თავს... დროებით დატოვო ყველაფერი ისე, როგორც არის... თორემ მოკვდები!
– ასეთი აპათიური არ მახსოვხარ...
– მშვენივრად ვგრძნობ თავს... საერთოდ არ მანაღვლებს მდგომარეობის ეტიმოლოგია. უბრალოდ, ვარსებობ კონკრეტულ დროსა და სივრცეში და ეს ჩემი მაქსიმუმია. თითქოს ვიღაცამ ტვინის ყველა ნეირონი ელექტროდებით დაწყვიტა და სრულიად უემოციო კატად გადავიქეცი. აპათიით ინფიცირებული კატა ვარ, რომელიც შენთან ერთად მოდის... თქვენთან ერთად, უფრო სწორად...
– სად? პრაღაში?
– ხო, კატო, პრაღაში... საქმე მაქვს... ალბათ, ყველა ადამიანს (ა)უდგება დრო, ფსიქიკური ერექცია, როცა არშემდგარი ცხოვრება მთელი თავის სინაცრისფრით უუპატიურებს გულს და მე ეს ეტაპი ახლა მაქვს...
– რაღაც მსგავსი მახსოვს, ადრეც თქვი ჩემი მისამართით... თომა?
– წავედი, მოვემზადები, დავლაგდები, ჩავლაგდები და ბილეთებზე ერთად გავიდეთ...
– ტეო... არის რაღაც, რაც უნდა იცოდე, სანამ წასვლას გადაწყვეტ...
– არ არსებობს არაფერი, რაც ტომაშთან შეხვედრაში შემიშლის ხელს! წამოდი, რამე კარგი სუნამო ამარჩევინე...
გაგრძელება იხილეთ ორშაბათს
თეკლა ლაზი