- ოდესმე მე წავალ...
- მიმატოვებ...
- არა, წავალ...
- სად?
- შენთან... ბაღში... თეთრი ოლეანდრების ბაღში...
*
"არის გზა, არის ნელი თამაში და შენ მიდიხარ მარტო, სულ მარტო! მე თოვლი მიყვარს, როგორც..." საღამო... თოვამ იმატა... ილიასთან ტრადიციული საახალწლო დომხალია, ნაცნობები, უცნობები, მოკლედ, ყველა... აივანზე ჩემპიონატი ჭადრაკში, ქვების ნაცვლად სავსე სირჩები აწყვია, მოკლულ ჭიქას წაგებული სვამს - თაფლიან არაყს... სასმლის დამზადება რატომღაც ლილის ანდეს, ე.ი. 60% წყალია, 20% თაფლი, 10% არაყი... დათო ლიდერობს მას მერე, რაც გაიგო, რომ ერთ-ერთი ჯილდო ბე-ემ-ვე-ს მარკის ბრელოკია - მოტივაცია აქვს...
- მოკლედ, ვინც დღის ბოლომდე არ გამოფხიზლდება, ავტომატურად ეთიშება ხვალინდელ მგზავრობას ბაკურიანში. გადაწყვეტილია და არ განიხილება! - ალექსა აპროტესტებს დესტრუქციულობას.
- ე, რა წესია? ძმაკაცს უნდა შევეჯიბრო? - დათო აღშფოთდა, "ძმაკაცი" ჩემი ძმაა - ნიკა... ორი დღეა, რაც დალევის ნებართვა დართო ექიმმა და ცდილობს, აანაზღაუროს პაუზა, რომელიც შრატის აცრის გამო ჰქონდა.
- ძმაკაცი კი არა... იცი, რომ მოგიგებ. მოდი აქ...
საპირფარეშოს სარკეში ვიყურები და მიკვირს, რომ მეყო ნებისყოფა, აქამდე არ მიმეწერა მისთვის... როგორი ნაწყენი ვყოფილვარ... მთელი ცხოვრება ვინანებ ახლა, რომ არ შევეხმიანო... აზრები არ მემორჩილება, ტექსტს ვკრეფ და ვაგზავნი: "მრავალ ახალ წელს..."
- თაკოს ვუთხარი, რომ ასე გაგრძელებას აღარ ვაპირებ, რომ ქუჩაში, ფიფქებში გავარჩიე ნაცნობი სახე, თმებით მომიტანე თოვლი და მთხოვე, აღარ მეთამაშა... მითხრეს, რომ შენ კი არა, საკუთარ თავს უნდა დავუჯერო, ვინ გაიგებს, რომ ეს ერთი და იგივეა..., - თითქოს თოჯინა ვიყავი, რომელსაც სული შთაბერეს. მთელი რვა თვე სუნთქვა მქონია შეკავებული, გულმა მუშაობა დაიწყო...
- მართალია. უნდა შეწყვიტო. თავს ვნებ! - გამომდიოდა მაქსიმალურად თავშეკავებული და პრაგმატული (თუმცა ხელოვნური) ტონი. ყველა მარწუხით ვიჭერდი გრძნობებს და ამის სასწავლებლად მთელი ეს დრო დამჭირდა...
- შენი ნახვა მინდა... გცალია? – ნებისმიერ შემთხვევაში ვუპასუხებდი - "არა!"-ს, რომ ყოფილიყო ბიჭი, რომელიც მომწონს/მიყვარს; თაყვანისმცემელი; მეგობარი ან ნებისმიერი სხვა. ის იყო სიახლოვე, ჩემი სულის სული... არ შემეძლო სტანდარტულად მეპასუხა...
- ყოველთვის...
- ახლა?
- შესაბამისად...
- იქ, სადაც პირველად შევხვდით..., - დროს არ ვეკითხები, არც მას მოუწერია რამე. ვიცმევ და შეუმჩნევლად ვორთქლდები. ყურს ეწევა მეგობრების მხიარული ხმაური, ჩემში მატულობს დღესასწაულის განცდა... მეტროთი დიდი დრო დამჭირდება, ჩემს ცუდ ორიენტაციას ვენდობი, ტაქსით მივდივარ ცარიელ ქუჩებში... არაფერზე ვფიქრობ, არც სათქმელზე. თვალწინ მისი სახე და თავში ერთადერთი ფრაზა მიციმციმებს: "პატივისცემა სიყვარულზე მაღლა დადგა!", ქრონიკულად მიმეორებს ამას ალტერ-ეგო. ყველა ჩიხი ერთმანეთს ჰგავს ცენტრალური გზიდან. ვერ ვიგებ, სად ჩამოვიდე... მანქანას ვაჩერებ და ინტუიციურად ვაგრძელებ გზას ფეხით...
თოვა მატულობს, თომას ვუახლოვდები, ქარი... ...კაშნეს მაცლის, სახე მეყინება. შესახვევს გავცდი (როგორც აღმოჩნდა), თითო-ოროლა ადამიანია გარეთ, ქუჩები ანათებს, უკვე გვიანია... უცებ... ...სვლას ვანელებ! თურმე ჩემი სვლის საპირისპიროდ მოდიოდა, ისიც ჩემსავით სწრაფი ნაბიჯებით. უდიდეს სიხარულს ვგრძნობ, სხეული ჟანგბადით მევსება, სულში მერცხლები ამიჭყივლდნენ, თვალებში გალაქტიკის ყველა ვარსკვლავი აენთო... ჩემგან რამდენიმე მეტრში გაჩერდა... მაინც გაეღიმა, ტუჩის კუთხეში.
ეტყობოდა, ძალიან გავუხარდი, ემოციას ძლივს იკავებს. თავს შემოვძახე, არც კი გადაკოცნი-მეთქი, მაგრამ... კონტროლს ვკარგავ. ერთმანეთს მოვეხვიეთ... ეს წამი დიდხანს გრძელდებოდა და იტევდა ყველაფერს: წყენას, სიხარულს, სევდას, ტკივილს, მონატრებას, სიწრფელეს...
- მოხვედი...
- როგორ ხარ?
-აქ ხარ და ზრდილობიანი სითავხედით ცდილობ ჩემს "სკამზე" ჩამოჯდომას, როგორც მაშინ... როგორც ყოველთვის... ვგრძნობ, გულში როგორ მეღვრება მჟავა... როგორ შეცვლილხარ ამ მოკლე დროში - შეიცვალა ტონი...
- შენ უფრო! სულ სხვანაირად გამოიყურებ...
- გავიზარდე, ტეო, გავიზარდე... (გაეღიმა) თავზე რა გჭირს?
- ავანგარდია...
- აპარსული კეფა? არ გიხდება.
- რაღაც... დაკარგულად გამოიყურები...
- რანაირაად?
- რა გაცინებს? მართლა.
- ვაა, როგორ არ დაგეზარა მოსვლა...
- რა ჩაკეტილი ხარ. რატომ არ მიშვებ შენთან?
- კარგად გამოიყურები... თმა გაგზრდია.
- რატომ არ მიშვებ-მეთქი?
- მე მიყვარს ჩემი, ჰაერში გაჭედილი მარტოობის ბრწყინვალება...
- ჩემდამი პატივისცემა გაქვს? - გაუცნობიერებლად ამოხეთქა ამ ფრაზამ. ეტყობა ეს მაღელვებდა ყველაზე მეტად!
- კი, რა თქმა უნდა... რა თქმა უნდა! - ისე ბუნებრივად იყო ნათქვამი, ისე გულწრფელად, სახტად დავრჩი. ეს მიღრღნიდა გულს! ჩემზე რომ საშინელი წამოდგენა ჰქონდა, ასე დამამცირებელი ტექსტები მომწერა ბოლოს... ეს არ მასვენებდა მხოლოდ?
- აბა, ის მესიჯი რა იყო, მაშინ რაც მომწერე? საშინლად შეურაცხმყოფელი!
- ა, ეგ, ჰო... სხვანაირად შენ არ წახვიდოდი.
- მარტო ამიტომ?
- ჰო, აბა? იყო ერთი ქვეცნობიერი გათვლაც.
- რომელი?
- არანაირი მნიშვნელობა მაგას აღარ აქვს, არ მკითხო.
- მიხარია, რომ დაბრუნდი...
- არა... არა.... არ დავბრუნდი. დღეს გნახე უბრალოდ... მეტი არაფერი. აქამდე როგორც იყო, ისე გაგრძელდება აწიც ყველაფერი. ჩათვალე, არც მინახიხარ.
- რატომ?
- ასე მინდა. ყურმილს უპასუხე, რომ გირეკავენ.
- არ მინდა.
- შენი ბექაა? არ მითხრა, არ მაინტერესებს.
- აბა, რატომ მეკითხები?
- სიტყვის მასალაა. წასვლამდე რამეზე ხომ უნდა ვისაუბროთ.
- გეჩქარება?
- კი, უკვე უნდა წავიდე.
- იცი, რამდენი რამ...
- არა! - შემაწყვეტინა, - გაჩუმდი. არ მაინტერესებს. ტეო, მართლა! მიხარია, რომ კარგად ხარ. წამო, ტრანსპორტამდე მიგაცილებ.
- აქ, ამ ქარში იმისთვის გამომიყვანე, რომ ათი წუთი "სიტყვის მასალად" და "წასვლამდე" გესაუბრა?
- ჰო.
- ჰო?!
- ქარის გარდა, თოვლიცაა, მაგრამ ხომ ხედავ, ყველა იმას ხედავს, რაც უნდა...
- მოკეტე! შენი "ექსპონატები" გააბრუე მაგ სისულელეებით!
- ჩემი ერთ-ერთი "ექსპონატი" არ მოვიდა დღეს და ზუსტად ამიტომ გნახე შენ... "ფანჯარა" მქონდა რა..., - გაეცინა. სიფიცხემ მძლია, ხელი მოვუქნიე! ...დამიბლოკა, მაჯაში მწვდა და კბილებში გამოსცრა:
- მეორედ სცადე და ხელებს მოგამტვრევ! - როგორც კი ხელი გამიშვა, "მეორედ ვცადე". ისევ დამიჭირა და გაეცინა. თავისკენ მიმიზიდა - აუტანელი გოგო ხარ. კარგი, სერიოზულად ახლა. ნუ ბავშვობ და წავედით.
- რა ხდება შენთან? სწავლობ? მუშაობ? ლაშქრობ?
- ცოტა ყველაფერი...
- მოგწონს?
- კი, კარგია... გუშინ, მაგალითად, პაციენტზე მიერთებული აპარატის ხმამ გამაღვიძა, გული გაჩერებია თურმე...
- და ეგ მოგწონს?
- არა! რას ამბობ? უბრალოდ, მაღვიძარას დაყენება დამავიწყდა.
- მაგრად ხუმრობ...
- არადა, არ ვხუმრობ. ძალიან მოხუცი იყო უბრალოდ, თორემ ძილს კი არ გავაგრძელებდი. ეგეთი გულქვა არ ვარ.
- არ მოგენატრე?
- მმმმ.... არა...
- მე მომენატრე. ერთხელ გახსენე კიდეც ბექასთან, სად დაიკარგა-მეთქი ვარსკვლავთბიჭუნა,- ჯერ ბექას სახელზე ღიზიანდება, მერე იმაზე, რომ მასთან ვახსენე; ვარსკვლავთბიჭუნა (ბიჭუნა) ვუწოდე; ასეთ კონტექსტში მოვიხსენიე თან თბილად, მაგრამ თითქოს ნეიტრალურად, არა ისე, როგორც ისურვებდა...
- ბექასთან ჩემზე საუბარს ჯობია, სექსით დაკავდეთ! - აი, მისი მედლის ერთ-ერთი ბილწი, დაუნდობელი მხარე. ამჯერად ვერ აიცილა სილა, ვერც ერთი და ვერც - მეორე. ტკივილისგან თვალები გაუნათდა. მხრებში მეცა და კბილებით ყურის ბიბილოზე მწვდა, მთელი სიმწარე გადაიტანა კბენაში. ძალიან მეტკინა! მერე ხელები დამიჭირა, ვერ ვინძრეოდი.
- ყოჩაღ! გამიშვი!
- გაჩერდი! დამშვიდდი, ტეო! არ მინდოდა, მაპატიე!
- ფუ!
- მოიცა, ერთი წუთით... გაჩერდი. რითი მიდიხარ?
- ტაქსით. რას მომყვები? - რამდენიმე ნაბიჯს გავდივარ და ვჩერდები, ასე ვერ წავალ, - არა, რა ჯანდაბისთვის მნახე? რისთვის გინდოდა? - თბილად ეღიმება, თვალებში მიყურებს, რაღაცის ამოკითხვას ცდილობს, მზერას ხრის და ხმადაბლა მპასუხობს:
- არაფრისთვის... არაფრისთვის..., - ზურგით ტრიალდება, ჯიბეებში ხელებჩაწყობილი და მხრებში მოხრილი მიუყვება ტროტუარს. მანაოჭებს მისი ყურება... ისევ ნელ-ნელა მშორდება და უჩინარდება ჰორიზონტიდან... ზურგი.
- მოიცა! - თითქოს ამას ელოდა, ეგრევე შედგა და მოტრიალდა, - არ დამეკარგო, რა... - ტაქსი გავაჩერე. დგას და მიყურებს, სანამ ჩავჯდები. მანქანა დაიძრა. ცარიელია ქალაქი. მოჩანს, როგორ მიუყვება ქუჩას ზამთრის ყინვაში, ქარსა და თოვლში. მახსენდება, რამდენიმე წუთის წინ როგორ მომაშორა თმებიდან ფიფქები და თითებში ჩაიდნო - "ხვეულ თმას უხდება...". თავს გამარჯვებულად ვგრძნობ! მთავარი, რაც თურმე ამისთვის მაკლდა, იყო მისი პატივისცემა ჩემდამი.
თუნდაც ვეზიზღებოდე, მთავარი თავმოყვარეობა აღმოჩნდა. ცოდნა იმისა, რომ განწყობილია პატივისცემით ჩემი პერსონისადმი, რომელიც რაღაც არც ისე უმნიშვნელოს წარმოადგენს მისთვის. ხმაში, ტონში, მანერასა და საუბარში ეს კარგად მჟღავნდება. საოცარია, ამის გაგება მეყო... ალბათ, აწი სულერთია, რა ბედი ეწევა. როგორც ჩანს, ქვეცნობიერი დამიოკდა, წონასწორობა აღვიდგინე. თუნდაც ყველაფერი აქ დამთავრდეს, მთავარი ვიცი... რატომ აღმოჩნდა ჩემთვის ასე მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი მისი პატივისცემა? ვიპოვე მიზეზი, რის გამოც არ მეშვებოდა თომაზე ფიქრი? ეს იყო ამოცანის ამოხსნა? თვითშეფასების პრობლემა.
დაკარგული თავმოყვარეობა, აი, რა მაფორიაქებდა... ახლა კი... ბედნიერი ვარ! არა იმდენად თომას ნახვით, რამდენადაც ყველაფრით, რაც ამ საღამოსგან მივიღე. ილიასთან მელოდებიან, საათს დავხედე... ჩამეცინა - 00:28, "ვა, დამებედე კიდეც?..". ეს არ იყო ჩვენი ბოლო შეხვედრა, ვერ ვაცნობიერებდი, რომ ეს იყო დასაწყისი... ...წრფელი, ნამდვილი, გათვლებისა და სტრატეგიების გარეშე. "მე ხომ დაგპირდი. ერთხელ დაგპირდი, რომ გულახდილობით დაგამარცხებდი". - ვეჩურჩულები თომას. მინა იორთქლება, მე გავიმარჯვე!
*
- მთელი დღეები გახარებული, აჟიტირებული და კმაყოფილი მელაპარაკები... მანდ ჯერ დილის რვა საათია და უკვე ასე მხნედ ხარ...
- ხო, გოგო, დილას პო გავასეირნე იპოდრომზე და ცოტა ვირბინე, რეჟიმს ვუბრუნდები, უზმოზე შავ ყავასაც აღარ ვსვამ. დაიცა, მოვიტანო... აი, "მწვანე ყავა", ჩემი ელექსირი... სასწაულია! მოკლედ, ჩემში თომას ფენომენი ამოვხსენი. შემიძლია დამშვიდებული დავბრუნდე პრაღაში. აქაც რომ დავრჩე, ისე ვიცხოვრებთ ერთ ქალაქში, არც გამეფიქრება მასზე. აწი შემიძლია ბექას ზარებსაც ვუპასუხო... პრინციპში, რატომაც არა? მშვენიერი ბიჭია. ყველაფერი აქვს, რაც საჭიროა.
- რამე დალიე? მწვანე ყავის გარდა...
- კი, კატო! თვითგამორკვევის მორიგი სასმისი... ის, რაც თომაში ამდენი ხანი მიზიდავდა, დაუმთავრებელი ურთიერთობა, გაუცემელი პასუხები იყო და რაც მთავარია, ყველაზე მთავარი, აზრი, რომ ჩემზე მცდარი და დამამცირებელი წარმოდგენა აქვს. ვოცნებობდი დღეზე, როცა შევაგნებინებდი, რომ ასეთ სიტყვებს არ ვიმსახურებდი... გონებაში რამდენჯერ გამივლია რეპეტიცია. ყველაფერთან ერთად აღმოჩნდა, ჩემდამი გულგრილი არაა. ვხედავ ამას. არ ვამბობ, მაინცდამაინც როგორც გოგოს მიმართ-მეთქი... არა, ისე... როგორც ადამიანისადმი.
- მე პრობლემები მაქვს!
- ბოდიში, არც კი მოგიკითხე.
- ...სოფისთან. ამდენი ხანია აქ ვართ და ცალ-ცალკე ბინაში. ერთხელ არ გამჩენია სურვილი, ერთ სახლში გვეცხოვრა და ამას ახლა ვაფიქსირებ. სოფი აპროტესტებს და ორი დღეა არ მელაპარაკება. მომენატრა.
- კულინარიის კურსებზე დადიხარ ისევ?
- კი.
- ხოდა, იარე, არ გააცდინო...
- ცოტა მიჭირს, მაგრამ ერთი ძალიან კარგი თანაკურსელი მეხმარება.
- ეგრე გააგრძელე. ჩადგება მდინარე კალაპოტში. გავიქცევი ახლა, სოციუმში ფართია დღეს და ჩვენ ვეხმარებით. მოგიკითხავ ყველას და გადავცემ, რაც მითხარი.
მანამდე ბექას დავურეკე:
- როგორ ხარ? არ მინდოდა ყურმილის აღება. ფსიქოლოგიურ აკლიმატიზაციას გავდიოდი. რას შვრები? მომენატრე.
- ამას შენ ამბობ? არ მჯერა! მადლობა ღმერთს! რა კარგი წელი დაიწყო... სად გნახო?
- "სოციუმში" ვიქნები დილიდან.
*
- ე.ი. ტეო, შენ მაინც მითხარი, ესენი მემასხრებიან, იმ გოგოს დეიდამ მითხრა, დიდი ხელფასი რომ გქონდეს, ჩვენს გოგოს მოგათხოვებდითო. ეს ნორმალურია? აჰა... შენც დამცინი. ნუ, რა არის ახლა ეს?
- მარტივი არითმეტიკაა... რა გინდა? ისე, როგორ ახერხებ ყოველთვის ეგეთების პოვნას, ა?
- ყოველ შემთხვევაში, პირდაპირ მაინც მეუბნება იმას, რასაც სხვები ფიქრობენ და მალავენ.
- რა დიდსულოვნებაა... ილია, ქედს ვიხრი სპეკულანტების წინაშე...
- ყველა ცინიკები ხართ თქვენ!
- კარგი, რა, რატომ გაღელვებს ვიღაც "პლებეიკა", ბავშვი დამიჭირე ჯობია, მომწყდა ხელი. გაიხარე... მოკლედ, კიდევ რომ გადავდოთ ბაკურიანში წასვლა, ხმას არ გაგცემთ დიდი ხანი!
- ალექსას აქციას ვუერთდები. შენი სალონის გახსნას დავამთხვიოთ. როდისაა?
- აი, ჟესე გამომიგზავნის კიდევ რაღაც თანხას და...
- ყოჩაღ... ვამაყობ შენით...
- რა თქმა უნდა... ტყუილად კი არ ვსწავლობდი მენეჯმენტს და ბუღალტერიას სამი თვე...
- აბა რაა... მთელი სამი თვის სწავლა წყალშია ჩასაყრელი?!
- არ არის სასაცილო, ტეო! მე არ ვარ შრომისთვის გაჩენილი...
- ბექას აქ რა უნდა? - ყავა გადასცდა ლილის და ფინჯანი დაახეთქა.
- ლილი, ჩუმად ცოტა, უხერხულია. მე დავპატიჟე.
- რა არის უხერხული, პიჟონი როა? კი, მაგაში გეთანხმები.
- როდის დარწმუნდებით, რომ ეს გოგო ფსიქიატრთანაა მისაყვანი? ჩუმად-მეთქი ცოტა!
- ვაა, ბექა, ზუსტად ამ წამს გახსენებდით. მე ვამბობდი, პიჟონია-მეთქი და ტეო მეჩხუბებოდა, ჩუმად, არ გაიგოსო. როგორ გიფრთხილდება. ისე, კი არ უარყო...
- ლილი!
- არა უშავს, ტეო, არ მწყინს. ბედნიერი ვარ, რომ გხედავ! ტანმორჩილი გოგოები კი ხშირად გამოხატავენ ასე საკუთარი არასრულფასოვნების კომპლექსს. არაფერია... მოდი ჩემთან, - ჩამეხუტა და დელიკატურად გამიყვანა გვერდზე. ლილი არ ცხრებოდა:
- ე! ტანმორჩილიო! ამ მანეკენის პატენტს შეხედეთ, რა! ეს არაა, ციდან ვარსკვლავებს რომ წყვეტს?! ფრთხილად ჩაეხუტე, თმის მუსით არ დამისვარო დაქალი. - მიაძახა და თავისთვის ჩაიბუტბუტა - "იდიოტი!", მერე კი ისევ აენთო, - რა გულისამაჩუყებელი სცენაა. ავტირდები ახლა. "გააიუთუბეთ" ვინმემ, რა...
- ლილი, შენ ბოლო დროს რომ ორი ჭიქის მერე აპათოლოგებ, იცი?
- აუ, შენ წადი რა, ყოჩივარდები უხატე შენი სატრფოს დეიდებს, იქნებ როგორმე ნაკლებ (ხელ)ფასად მოგყიდონ ეგ გოგო.
- კარგით ახლა, რატო შემოგაქვთ ნეგატივი?!
- არა, უბრალოდ, მირჩევნია ყველაფერს დავარქვათ თავისი სახელი. ფარისევლობას ვერ ვიტან.
- მე ვარ ფარისეველი? შიზოიდო!
- ილია, როდისმე ისწავლი ნათქვამის სწორად გაგებას? არა, შენ არა. რა წესია ახლა ეს, რატომ მოვიდა ეგ ტიპი?
- რა დაგიშავა, გოგო, რა არ მოგწონს?
- კარგი რა, ალექს, შენ მაინც სად გაქვს თვალები? ვითომ იდეალური, ჩვეულებრივი პიჟონია.
- მორჩი! დაუკრეფავში ნუ გადახვალ, საქმეს მივხედოთ...
ბექას საუბარს თავს ვუქნებდი, მაგრამ ლილის ვუსმენდი. ძალიან დაბნეული ვიყავი. თითქოს ძალიან მიზიდავდა ეს ბიჭი, თან ლილის ნათქვამი მაფორიაქებდა. მსიამოვნებდა ბექას ყურება, მისი სიახლოვე. იქნებ იმიტომ, რომ დიდი ხანი არ მენახა. მართალია, ეს ის ნამდვილად არ იყო, რასაც თომასადმი ვგრძნობდი, მაგრამ მას უკვე სხვაგვარად აღვიქვამდი - ადამიანი, რომელიც დამეხმარა ჩიხიდან გამოღწევაში და არა მხოლოდ... მისია შესრულებულია. მშვიდობით, ბიჭუნა! სიყვარული აქ არაფერ შუაშია. ალბათ, მართალი იყო, ავიკვიატე, ახლა ჟინი მოვიკალი... თუ თომას არ ჰქვია სიყვარული, მაშინ... მაშინ... მაშინ უბრალოდ ვიცხოვრებ... ...ისე, როგორც ყველა დანარჩენი... ძალიან კარგი.
- ტეო, მინდა ერთად ვიყოთ... - თუ თომა არ არის სიყვარული, მაშინ დროა, დავტოვო ილუზიები და ვიცხოვრო ასე...
- კარგი!
- მიყვარხარ! ჩემთვის არაფერს ნიშნავს დრო, რომელიც უშენოდ გავატარე! გიყვარვარ?
- ალბათ... არ ვიცი... უკვე არ ვიცი, რას გულისხმობს ეს სიტყვა... რას გულისხმობს ის ყველაფერი, რითაც ვხელმძღვანელობთ...
- არა უშავს... დაიბენი... მე მახსოვს შენი წერილები და სხვა... ეს საკმარისია პასუხისთვის... სიყვარულისთვის..., - ჯანდაბა! გადამაყოლა მაგ წერილებს რაა! ან რატომ ჰგონია, რომ ეს შთაგონებული ტონი მომწონს...
- ბუნებრივად მოიქეცი, კარგი? არ მინდა, თავს მაწონებდე. იყავი, როგორიც ხარ...
- ტეო! - სერიოზული ტონი დაიჭირა, თვალებში მტკიცედ შემომხედა და განაგრძო - ჩემთვის მნიშვნელოვანია ეს დღე, რომელსაც მოთმინებით ველოდი... მიხარია, ყველაფერი მაპატიე და დამიბრუნდი. მოკლედ, აი... გამომართვი...
- ვა, საჩუქარი... მადლობა... - ბექამ პატარა შავი ყუთი გამომიწოდა, რის დანახვაზეც ყურებდაგრძელებული ლილი, რომელიც თვალს არ გვაცილებდა, მაგიდიდან წამოხტა და მოვარდა:
- არც იფიქრო, ტეო! და არც გაბედო, ბიჭო! ეხლა აქ წირპლების ყრა და სენტიმენტალური სპექტაკლები არ დამანახოთ, გაიგეთ?
- დააბით ეს გოგო ცოტა ხნით!
- არ გაბედო ხელის თხოვნა, თორემ შენგან უგემურ სტეიკს გავაკეთებ და ძაღლებს მივუგდებ, მაგრამ ძაღლებს კარგი გემოვნება აქვთ, არ შეგჭამენ.
- ლილი, გადი! ხომ გაგაფრთხილეთ, ყავაში არ ჩაამატებინოთ-მეთქი ალკოჰოლი!!! - მე უკვე ვიცოდი მოვლენების განვითარება და გადაწყვეტილიც მქონდა, დინებას გავყოლოდი. ყუთი გავხსენი, - ვა... ლამაზი ბეჭედია. ოქრო არ მიყვარს, მაგრამ დიდი მადლობა საჩუქრისთვის.
- საჩუქარი არ არის, ტეო, საქორწინო ბეჭედია... - ხმადაბლა მითხრა ბექამ.
- ვიცი, ჰო... რაც ჰქვია რა...
- "კალიცოა", "კა-ლი-ცო"... ვერ იცანი, გოგო? - შორიდან მეცინიკებოდა მაგიდასთან ძალით დაბრუნებული ლილი.
- ცოლად გამომყვები?
- მმმმ... ისეთი თემაა, რა... ცოტა დაფიქრება მჭირდება... თან ნაჩქარევია და, რა ვიცი... - ალექსასკენ გავტრიალდი და თვალებით სასმლის ბოთლისკენ ვანიშნე. ალექსამ დამაიგნორა.
- არა, არაა დასაფიქრებელი. შენ გიყვარვარ, მე უფრო მეტად.. არ მინდა, კიდევ გამექცე...
- მე არ ვარ დარწმუნებული, რომ...
- მე ვარ!
- კაარგი... რა ვიცი...
- say yes! მიდი!
- okey.
- "ოქეი" არა, yes.
- კარგი, ბექა - კი.
რატომ? იმიტომ, რომ სპონტანურია? იმიტომ, რომ დინებას გაყოლილი "მკვდარი თევზი" ვარ თუ უბრალოდ, რადიკალული ცვლილებები ყოველთვის მიტაცებს... ან იქნებ იმიტომ, რომ ყოველთვის შევძლებ უკან დახევას? იმიტომ, რომ გული მეტკინა... იმიტომ, რომ თომა მიყვარს... და ყოველ ღამე ვატან გზავნილებს უხილავ მავთულებს, რომლებიც გაბმულია ჩვენ შორის... "ხვალ თუ არ იქნება ქარი და ზუზუნი, მოძებნი ჩემს თვალებს ხალხში და გუგუნში? დღეს თოვლი შენ ნაცვლად ჩაძვრება კისერში, ხან ვიწრო ქუჩებში, ხეებზე, ბოძებზე, მტვერში და ანშლაგში, ქუხილში, წუხილში, სიხარულისთვის, იცოდე, მომძებნე!" - მივაწერე ბლოკნოტის ფურცელზე იმ საღამოს, მხიარული "ფართიდან" დაბრუნებულმა. მერე ამოვხიე და თვითმფრინავივით გავუშვი ფანჯრიდან თოვლში... იმ წელს დიდი თოვლი მოვიდა, განსაკუთრებით, იმ დილას...
გაგრძელება ოთხშაბათს
თეკლა ლაზი