ადამიანი თავისი აწ უკვე დაუძლურებული სამშვინველითაც კი გრძნობს მისი სულის სულს.
ზოგჯერ გარემო პირობები ისე განავითარებენ მოვლენებს, რომ კონკრეტული პიროვნება ძნელად თუ მოიაზრება "სულის სულად", მაგრამ უხილავი ძაფების იმპულსები იგრძნობა და გონმა რომც არ აღიაროს, ის მაინც არის შენი ნაწილი.
მიუხედავად ნებისმიერი სტატუსისა, ასაკისა, ერისა თუ ფერისა. პრაგმატული თვალთახედვით ეს ძნელი წარმოსადგენია. მით უმეტეს, თუ ერთმანეთს სოციალური ფენა ან საზოგადოება გაშორებთ. სოციუმისთვის ხომ მიუღებელია, რაც მათ დადგენილ ჩარჩოებს სცილდება და "უცვეთ" დოგმებს უპირისპირდება.
არავის აზრადაც არ მოუვა, რომ ვიღაც შეიძლება შეცდა, როცა ეს წესი დანერგა და ბოლოს და ბოლოს, შენც გაქვს უფლება, შენი წესებით იხელმძღვანელო (თუმცა არ აიძულო სხვაც). ყველამ ვიცით ტრიალი ფრაზებისა: "ასეა მიღებული", "ასე დაადგინეს", "ასეთი წესია", მაგრამ იშვიათად ვსვამთ კითხვას - რატომ?.. მაშინ, როცა კაცობრიობა იმდენად გათავხედდა, რომ მეცნიერება მიიყვანა იქ, სადაც ქრისტეს არსებობა არ სწამთ, მაშინ, როცა ჭეშმარიტებაში ეჭვი შეიტანეს, მათ სჯერათ, ბრმად სჯერათ იმისა, "რაც ითქვა".
თითქოს, ღვთის ნაცვლად, "ოდითგან მომავალ" წესებს აღიარებენ...
...მეც არ გადამიხვევია იმ ჩვეულებისგან, რომელმაც იმ დილასაც მაიძულა, ყველას გაღვიძებამდე ავმდგარიყავი და ფინჯან ყავასთან მომეყვანა აზრები მწყობრში. დილას ყველაფერი ახლიდან იწყება, ის ყოვლისმომცველია და ყოვლისშემძლეს მხდის. განსაკუთრებით, როცა გარეთ თოვლია და სიფრიფანა ხალათის ამარა ვკალათდები თბილი ოთახის რაფაზე.
ვუსმენ შოპენის იმ მელოდიას, რომელიც ყოველთვის რეალობას მწყვეტს... ...და მომენტალურად მაბრუნებს ლილის ისტერიკული კაკუნი კარზე:
- რას შვრები? - აქოშინებული და ლოყებაწითლებული მაწვდის მაფინების ყუთს.
- დილა მშვიდობისა.
- ნახე?
- ვინ?
- ვინ კი არა, რა...
- კარგი, "რა"?
- არ გინახავს, გოგო?
- ლილი, რა?
- კარგი, არაფერი. -ეს ხერხი ბავშვობიდან, როგორც ახალი ამბავი იცი?", "არა?!", "არც მე..." და ა.შ.
- ოკ.
- რას ფიქრობ შენ საერთოდ? და რას აპირებ?
- ძაღლის გასეირნებას.
- და ბეჭდის დაბრუნებას არა?
- ოოო, მომწონს ეგ ბიჭი, შეეგუე რა...
- მოწონება კი არა, სიყვარულია მაგისთვის საჭირო.
- სიყვარული არ არსებობს, ყველაფერი შეჩვევაა. პატივისცემა და ერთგულებაა სიყვარული.
- დედაჩემი შეგისახლდა თუ რა გჭირს?
- დედაშენი გამოცდილია და უკეთ იცის...
- უკეთ მაგ თაობამ მარტო გარიგებით, ძალით გათხოვება და ოჯახის უსიყვარულოდ შენარჩუნება იცის. არც ეგაა ცუდი...
- მხოლოდ რაციოთი შექმნილი ოჯახები უფრო მყარია... მით უმეტეს, ბექა მომწონს და მიზიდავს.
- "ოჯახის შექმნა", რა ბებიაჩემივით ლაპარაკობ?
- დაანებე თავი შენს ნათესავებს.
- როდის მერე გეოჯახება, ჯადო გაქვს?
- კარგი რა, რა სერიოზულად უყურებ. მაგის სამსახურის გადამკიდე კვირაში ორი საათი და ძილის წინ თუ ვნახავ, არაა პრობლემა... სულ არ მიშლის ხელს... თან ჯერ ჩეხეთში ვბრუნდები და ასე რომ...
- უკან დასახევი გზა დაიტოვე, არა? ნეტა რატომ?.. რეალობას ასე ვერ გაექცევი. როგორიც უნდა იყოს სიმართლე, ის არის მაინც და ეცადე, მთავარი, საკუთარი თავისადმი პატივისცემა არ დაკარგო. ეს მინდოდა მეთქვა, როგორც შენი ბავშვობის მეგობარს...
- რომელ საათზე მივდივართ ბაკურიანში?
- მძღოლი როცა გაიღვიძებს. სამ საათამდე ვიდეოთამაშებს ეჯდა და რომ ჰკითხო, ბავშვი არ აძინებს.
- ილია მირეკავს. ალო?
- "ბონ ჯორნო", დონ სალვადორ...
- არ მაქვს ხურდა, ბიჭი...
- როდის დავლაშქროთ კილიმანჯარო?
- ილია, კილიმანჯაროს 80% გაადნეს იმიტომ, რომ შენ ხორცი ჭამო. ასე რომ, ცუდად ნუ ხუმრობ...
- ტეო, უთხარი ილიას, საღამოს-თქო, ახლა მომწერა ალექსამ. მანქანა ჰყავს შესამოწმებელი და საღამოს ათის მერე გავალთ. ეეე... წავალ მე მაშინ, ერთი ქუდი ვნახე და იმას ვიყიდი მანამდე...
- გამოგყვები.
- სახლში ავალ, ჩავიცვამ.
- ეზოში დაგელოდები მე.
პირველი ხუთი წუთი მსიამოვნებდა ცარიელი და მშვიდი, დათოვლილი ქუჩის ყურება, მეორე ხუთი წუთი პირით ვიჭერდი ნამქერის ნარჩენებს და თავაწეული ვტრიალებდი თავბრუსხვევამდე. შემდეგი ხუთი წუთი უკვე ბოლთას ვცემდი ნერვიულად და ბოლოს: "ლილიი!!! ლილიიიიიიი!!! დროზეეეეეეე!!!" -გამაოცა საკუთარი ტემბრის "გროულმა". სადარბაზოს კიბეზე ჩამოვჯექი და ერთ წერტილში ყურება დავიწყე.
წერტილი გაიზარდა, გაფართოვდა და მანქანის ფორმა მიიღო, უფრო კონკრეტულად კი, თომას მანქანის, რომლის წინა შუშასაც ამშვენებდა წარწერა თოვლზე: "უნდა ვილაპარაკოთ...". რეფლექსურად წამოვხტი, მანქანასთან მივედი, მერე უკან გამოვერიდე, ოფისის ფანჯარას ავხედე. ფარდა შეირხა...
- ამაზე გეუბნებოდი, ნახე-მეთქი?.. - ლილის ხმა ზურგიდან...
- წესიერად ვერ თქვი? ან კარგი, რა აზრი აქვს... წავიდეთ... - სწრაფად და დამფრთხალი მოვშორდი იქაურობას...
*
ქუდი სავაჭრო ცენტრში მისვლისთანავე ვიყიდეთ. მომდევნო საათ-ნახევარი გზააბნეული დავდიოდით მაღაზიიდან მაღაზიაში, ჩვენი ღრმა რწმენით, საშუალოარითმეტიკული თანხა გამოგვყავდა საშოპინგოდ. უცხო თვალი იფიქრებდა, რომ გასასვლელს ვეძებდით. ამ დროში ათვისებულ იქნა სამ-სამი ფინჯანი ყავა. ერთ-ერთი ტაიმ-აუტისას ჩემმა ტელეფონმა დარეკა და წარმოიდგინეთ, მესიამოვნა, როცა ციფერბლატს დაეწერა ბექას სახელი.
- გისმენ.
- რა ხალისიანი ხმა გაქვს... რას შვრები?
- არაფერს, ლილის წავყევი ქუდის საყიდლად.
- მარტო ვერ წამოიღებდა? ჰააჰ...
- რა?
- არაფერი, ვიხუმრე...
- ბოდიში, ვერ მიგიხვდი...
- დღეს არაფერი დაგეგმო. ჩემი მშობლები უნდა გაგაცნო, სანამ გაფრინდებიან. ...თბილ ქვეყნებში... ჰა-ჰა...
- არ მცალია, მივდივარ დღეს...
- რომელ საათზე?..
- გვიან, მაგრამ მაინც...
- კარგი რა... ძაან მთხოვა დედაჩემმა, წასვლამდე მოახერხეო... რესტორნის მისამართს მოგწერ და ერთი საათით შემოირბინე დღის მეორე ნახევრისთვის...
- შეგეძლო, გაგეფრთხილებინე! არა!
- ვიცი, ჰო, მაგრამ ასე გამოვიდა... უბრალოდ, გაგაცნობ და ეგაა. ვეტყვი, რომ გეჩქარება. არაფერი არ მითხრა, მორჩა. ერთი საათი არაა პრობლემა. "მზად არ ვარ" და "ცუდ ფორმაში ვარ" შენს სტილში არ ზის და სხვა მიზეზი არ გაქვს...
- და მართლა ცუდ ფორმაში ვარ...
- არა უშავს! დაგირეკავ ცოტა ხანში... - გათიშა.
- ეს ავადაა?
- რას ლაპარაკობ, მართლა?
- გესმოდა?
- კი, ძვირფასო, გვერდზე გიზივარ. - არ დააყოვნა ბექას მესიჯმა: "რა გაცვია? ისე...", - გეხვეწები, მისწერე რამე მაგარი "ზმანი", ამ ფორმით მიდი და ვიდეოთი გადაიღე მაგათი სახეები...
- რომ ჰკითხო, არ აინტერესებს, როგორ გამოვიყურები. განგებამ გამომიგზავნა არწასვლის მიზეზი. ე.ი. ვწერ: "წყალგაუმტარი ბრონზისფერი "აგები", კუბოკრული "უშანკა", თეთრი სპორტული "კაპიუშონკა" წარწერით "fuck the system" და უსირცხვილოდ მოტკეცილი ნაცრისფერი ლასინები, ამას დამატებული ერთკვირიანი "მეჰნდი" მარჯვენა ხელზე და ფირუზისფერი მანიკიური.
მგონი, ძალიან არასახარბიელოა პირველი შთაბეჭდილების შესაქმნელად, სახლში გასვლასაც ვერ ვასწრებ...
- გავერთობით დღეს... - ცქმუტავდა ლილი...
- მომწერა: "არა უშავს! ავუხსნი. ისე, მაინც სავაჭრო ცენტრში ხარ და რამე რომ იყიდო?"
- ფული არ მაქვსო, უპასუხე და მოგეშვება.
- ხო, რა... - თომაზე ვფიქრობდი, რა თამაშს იწყებდა ისევ?.. კმაყოფილი ვიყავი ჩემი იგნორით. ამასობაში ბექამ გამომკითხა, სად ვიყავი და თავზე წამოგვადგა.
- რატომაც არა? რაღაცაში ხომ უნდა დახარჯოს ფული? კარგი კაბა ავარჩიოთ? - კაფეში მის შემოსვლამდე მოასწრო ლილიმ ჩემი დამოძღვრა. გვიახლოვდება. ვგრძნობ, როგორ ორდება, ათდება, მრავლდება და მიკრონაწილაკებად იშლება ჩემი პიროვნება. ვუყურებ ამ თავიდან ფეხებამდე რეალისტ, ამქვეყნიურ, კარგად დავარცხნილ ტიპს, რომელიც ცდილობს, იყოს სამაგალითო და შუბლის სქელ ტყავზე აწერია ნაძირლობის პოტენციალი...
თვალწინ სხვისი სახე მიელავს, ვის გარემოცვაშიც ვგრძნობ, რომ მე ვარ, მხოლოდ მასთან ვარ მშვიდად, ისაა სანდო ხელი, თომა - ფაზლის მეორე ნაწილი. როგორც არ უნდა ვამახინჯო ფაქტი, ვერაფერს შევცვლი. განვითარებასა და სიჯანსაღეზე თუ რამე პრეტენზია გამაჩნია, პირველი, რაც უნდა გავაკეთო, ვაღიარო და შევეგუო ამას...
ძალიან უსუსური, უნიათო, თვითმარქვია, მხდალი და უნიჭო მეჩვენა გვერდიდან საკუთარი პერსონა. თავს უფლება მივეცი, მემოქმედა მხოლოდ ჩემი სისწორით...
- გოგოებო, სალამი...
- როგორ ხარ, ბექაა?
- კარგად, ლილი, თავადაც მშვენივრად გამოიყურები...
- დღე მშვიდობისა, ჩამოჯექი. უი, მე გავალ საპირფარეშოში და ორ წუთში დავბრუნდები.
- კარგი და რა აგიღო, ტეო?
- არაფერი... - მაგიდას გავეცალე, რამდენიმე ნაბიჯი უკუსვლით გადავდგი ისე, რომ მაგიდისთვის თვალი არ მომიცილებია, გავჩერდი და მათი მისამართით, მაგრამ ყველას გასაგონად დავიწყე: დე კარტი ამბობს, ეჭვი უნდა შეიტანო ყველაფერში: საკუთარ ფასეულობებში, იმაში, რითაც ხელმძღვანელობ და გწამს, თუ გინდა მართლა გაიგო, რა არის შენი... ...ჭეშმარიტება.
თვითშეცნობაში ხომ გარემოსაგან ათვისებული ჩვეულებები გვიშლის ხელს... - ხალხს რამე აქცია ხომ არ ჰგონია-მეთქი, ვფიქრობდი. საპირფარეშოსკენ გავემართე და ჩემს თავთან ვაგრძელებდი მონოლოგს. ასე ნაბიჯ-ნაბიჯ დავიწყე თვრამეტი წლის ასაკში იმის გარკვევა, რა მსურს სინამდვილეში, მაგრამ ამის პარალელურად თუ არ დასვამ კითხვას - "რატომ?" შეცდომა გარანტირებულია.
ანარქიამდე მიხვალ და თვითონვე გახდები ვიღაცის სურვილის მსხვერპლი. ზოგს თავისუფლების გაგება (ცხო)ველურობამდე დაჰყავს, ადამიანის ღვთაებრიობას აპრიმიტიულებს. თავისუფლება სურვილების ტყვეობასთან იგივდება, ვერ აცნობიერებს, თავშეუკავებლობის დილეგში ემწყვდევა. თავს უნდა ფლობდე, თუ გინდა იყო თავის უფალი და ეს თავშეკავების გარეშე გამორიცხულია.
მოკლედ, ამ იდეაზე მე კი არა, ჭკვიანმა ადამიანებმა ჩემამდე იფიქრეს. ჯობია, მოქმედებაზე გადავალ. ხელსახოცზე მივაწერე, რომ ვალი მაქვს დასაბრუნებელი, მიმიფურთხებია აქაური წესებისთვის, მე ოცნების ასახდენად წავედი.
გაკეცილი ხელსახოცი ოფიციანტმა გადასცა მათ. მე ამ დროს უკვე გზააბნეული დავდივარ საახალწლოდ ჯერ კიდევ მორთულ ქუჩებში. გათოშილი თითებით ძლივს აკრეფილი ტექსტი გავგზავნე: "მთელი ჩემი არსებობის მანძილზე ირგვლივისადმი კეთილგანწყობა, სიყვარული და სასწაულის რწმენა, ეს ძალაა. სამყაროს უფლება, მიპასუხოს სხვაგვარად. თუკი არსებობს რაიმე წმინდა ამ ქვეყანაზე, რამე ღვთიური, შენ ახლა მოხვალ ჩემთან, თეთრი ოლეანდრების ბაღში.
მე დაგელოდები, სანამ სხეული შეძლებს, მაგრამ არ გამაკვირვებს იმედგაცრუება... თუ დედამიწა არ არის ილუზია და ჩვენ ქიმერა, მაშინ შენ მოხვალ..." ორმოცი წუთი ვიდექი ზურგით გზისაკენ, ოცდასამი წლის ოლეანდრის ქვეშ და ერთადერთი, რისი ხილვაც შემობრუნებულს მსურდა, იყო თომა... სხვა რწმენა არ მქონდა, მეტი ალტერნატივა ვერ თავსდებოდა ჩემში.
იმედი გადამეწურა, როცა თოვლის ჭრაჭუნი გავიგე. შევბრუნდები და მეეზოვე დამხვდება... არა, ძაღლს ასეირნებენ ან სხვას ელოდებიან... ხომ გქონიათ სასწაულის განცდა? მე ბევრჯერ და ეს მათ შორის ყველაზე ძლიერი იყო. მივტრიალდი... სრულიად აუღელვებელი, მონასტრული გამომეტყველებით მიყურებს, მინაბული თვალებით და თბილად ეღიმება.
- რამე მოხდა?
- კი.
- რა ცუდი დრო აარჩიე. ჯერ ერთი, უძინარი ვარ, მეორეც -სტუმრებს ველოდები სახლში. აჰა, გამომართვი. რაც ვიპოვე, ყველა წამოგიღე, - ჩემს ხელს იღებს და მუჭში პატარა, ფერად შოკოლადებს მიყრის.
- უნდა წავიდე აქედან...
- ნეტა სად გარბიხარ?..
- სადმე! ...და მარტო არა.
- ვა, ჩემთან ერთად?
- ხო!
- კრეტინი ხარ. რამდენი ხნით?
- არ ვიცი. ორი დღით, ერთი კვირით ან სამუდამოდ!
- რამე ვარიანტი გაქვს?
- არა. შენ?
- კი. რა თქმა უნდა... - ოლეანდრის ტოტებზე თოვლი შეაგროვა და გუნდა მესროლა. - მაგრამ მეზარება...
- არა უშავს... ჩემთან ლაპარაკი გინდოდა დილას, თუ სწორად მივხვდი...
- მოვასწრებ...
- ზოგჯერ იმდენი რამის გაზიარება და თქმა მინდა შენთვის და რომ გნახულობ, შეკოწიწება მიჭირს, იმიტომ, რომ სულ მაქვს განცდა, რომ ცოტა დროა... სულ ჩქარობ სადღაც...
- დღეს მარტო შენთან მეჩქარებოდა...
- წავიდეთ მაშინ... რა ტრანსპორტი გვინდა?
- შენი ფანჯრის წინ რომ მანქანა აყენია, ის უნდა მოვიპაროთ... ოფისში ასვლა მომიწევს...
- მე სახლში... თან რამეს ავიღებ...
- ფოტოაპარატი მაქვს, ლექსების კრებული და რაიმე მოთხრობები წამოიღე, გზაში რომ არ ჩამეძინოს.
- კიდევ?
- ყავა თერმოსით.
- კარგი. - წინ გავუსწარი და ბაღიდან გვერდითა ეზოში, ანუ ჩემს კორპუსთან გავედი. თვითონ უკან მოდიოდა და რაღაც უმელოდიო სიმღერას ღიღინებდა. მერე კი ნახევრად თავისთვის ჩაილაპარაკა:
- ცუდი იდეა ხარ! ძალიან ცუდი, მაგრამ მე მიყვარს ცუდი იდეები!
გაგრძელება იხილეთ პარასკევს
თეკლა ლაზი