...ამ უკაცრიელ ქუჩაზე ახალი თოვლი დევს. ვწევარ და ვუყურებ ცას, რომელიც იმდენად ახლოა, რომ ხელით ვეხები და ვხედავ, როგორ ერწყმის მიწას...
ეს ის სხვა სიბრტყეა, მხოლოდ ღამის ბურანში რომ გრძნობ და იძირები ლურჯი ილუზიის წყვდიადში... მერე მისტიკური მუსიკის ხმა და ყველაფერი რეალობაზე მეტი...
– ადექი, გზა გავაგრძელოთ...
მე ვტრიალებ... ხედავ, როგორ ვტრიალებ? ხელებგაშლილი, დედამიწასთან ერთად. ვეცემი თოვლში, პირით კი ცისკენ, სახეზე მათოვს...
...თმებში მექარგება. შენ დგახარ. ღამეში დგახარ! გათოვს. ვერ გხედავ, გგრძნობ... ვიცი, რომ აქ ხარ და რამდენიც არ უნდა ითოვოს ამაღამ, რამდენჯერაც არ უნდა დავეცე, შენ აქ იქნები მაინც... შენ, ჩემი კატაკლიზმის მარწუხი...
– არ გცივა? – ხელს მიწვდის...
– ცოტა... – მანქანაში ვბრუნდები და თერმოსიდან ვიყუდებ ცხელ ყავას...
– ხომ შეგიძლია, ჭიქაში დაისხა, არა?! – ხელებს იფშვნეტს და მანქანას ძრავს...
– "ვაწყობ ლამბაქებზე ლექსის სტრიქონებს და ვცდილობ, ვახშამი და რითმა დავალაგო, შენზე მონატრება ამტვრევს ჯებირებს და გრძნობა აღარ ვიცი, როგორ დავამაგრო. ვისხამ ფიალაში ღამეს ნალექიანს, სივრცე ახლა რომ გვყოფს, ვრცელი მანძილია; როცა აფეთქდება ჩვენში ცხელი ლავა, მერე გათენებაც თითქოს მანდილია... ახლა მონატრების ბოლო სტადია მაქვს, მეტასტაზებმა კი სულ მთლად დამიმონეს... ცოტა პათეტიკა, ცოტა პრიმიტივი...
– ცოტა ნელა...
– …ცოტა სიყვარული, პარდონ – მომიტევე..." – პრაღაში დავწერე...
– იცი, როგორ დავიღალე?!.. აუ... იცი, რამდენჯერ დავიღალე? ზოგჯერ ვიდექი იმ ფანჯარასთან და ჰაერს ვატანდი ამ ფრაზას: "იცი, როგორ დავიღალე, ტეო?!..", იმხელა გული და სული იდო ამ სიტყვებში, რომ სამართლიანი იქნებოდა, თუ შენამდე ჩემი ამოოხვრის ხმა მოაღწევდა... მაგრამ რომელი სამართალი მეიმედებოდა ამ უსამართლო ეპოქაში...
სადაც არც შენგან ჩანდა პასუხი. რომ შემძლებოდა, გვერდზე მოგისვამდი და მარტო დუმილის უფლებას მოგცემდი. მე ფიქრს გავაგრძელებდი და დამამშვიდებდა ის, რომ აქვე ხარ... შენი შავი და დამტვრეული ფრთებით. მანამდე არ მქონდა სურვილი, მერე კი – საშუალება, რომ მეთქვა, სინამდვილეში როგორს გხედავ... როგორია ჩემი დახატული შენი პორტრეტი. შეგიძლია რამე მითხრა?
– ბენზინი გვიმთავრდება...
– სამაგიეროს მიხდი, ხომ?
– არა, მართლა.
– საკმარისად ასხია...
*
მივდიოდით უმისამართოდ ვიწრო ბილიკზე, მაგრამ ერთად...
– ზოგჯერ შენც ცდები თურმე...
– არადა, ზუსტად მახსოვს, რამდენი ჩავასხი... კიდევ კარგი, სახლთან ახლოს ვართ...
– ამ სიმაღლეზე რატომ ცხოვრობდნენ შენი წინაპრები?
– გზაში დაღლილს რომ სახლი უფრო ტკბილი მოჩვენებოდათ...
– იცი, რომ მთელი შენი თამაში ჩემ ირგვლივ დატრიალდა?
– დატრიალდა არა, დავატრიალე...
– ზუსტად მაშინ ტყუვდებოდი, როცა გეგონა, რომ სხვებს ატყუებდი...
– არავის არ ვატყუებდი, ყველა მათგანს დახმარება გავუწიე... ხო, ხო... იცინე, რამდენიც გინდა...
– სასწრაფო, გადაუდებელი ფსიქოლოგიური დახმარება თომასგან... ალბათ, ძალიან გადარდებდა მათი ბედი... არ გიცნობდე მაინც... ერთადერთი, საკუთარი თავისი დახმარების სირვილი გამოძრავებდა.
– სისულელეს ამბობ... მოვედით...
სახლის კიბის ქვეშ შეიხედა. იქიდან ვიწროყელიანი, ძველი დოქი გამოაძვრინა და ამოაპირქვავა. თოვლზე პატარა გასაღები დავარდა, რომელსაც ზედ მინიატურული "სიზმრისმჭერი" ეკიდა. ძნელი მისახვედრი არაა, ვისი ხელნაკეთია. გასაღებს დავწვდი და კიბეზე ავედი. კარებზე თიხის ფირფიტა ეკიდა წარწერით: "შენ გამოეყავი ატრაქციონისიმროტაციას, რომელსაცრუტინაჰქვია".
– ...თან მას მერე, რაც ძველი, მყარი ატრაქციონები პლასტმასმა ჩაანაცვლა, ხალხის ხარისხი პოლიეთილენის თანაფარდია...– ვთქვი მის გასაგონად და კარი შევაღე.
– ყოჩაღ! – მომაძახა.
ერთსართულიან, პატარა სახლს თომას ხელი ეტყობოდა: ქვევიდან ჭერამდე ახალი ფანჯრები და განახლებული ბუხრის თავზე ყველა იმ ადგილის დათარიღებული ფოტო, სადაც ლაშქრობებში დადიოდა... კუთხეში დაკიდებულ საკუთარი ავტოპორტრეტზე კი კალმით მიეწერა: "საყოველთაო მასკარადზე არავინ ხედავს იმ ნამდვილ სახეს, რომელსაც კერამიკის თეთრი ნიღაბი ფარავს..."მთავარი დიდი ოთახის გარდა, სახლს მხოლოდ ვიწრო სამზარეულო და საპირფარეშო ჰქონდა.
თომამ შემოსასვლელი კარის გვერდით იატაკზე დადებულ ძველ ჩემოდანს ფანარი მიანათა, ფეხით გასწია და ძირს დამაგრებული ურდული გაქაჩა. კარი გახსნა. ქვევით ჩამავალ კიბეს ჩაუყვა და შუქი ჩართო:
– პურის ყიდვა შენ გევალებოდა, დაგავიწყდა? – ამომძახა ქვევიდან.
– არა. ჩანთაში მაქვს...
– მაშინ ზამთრის მარაგის ლიკვიდაციას გახსნილად ვაცხადებ. სანამ დამშვიდდები, გეყოფა... ჩამოიხედო (იქნებ) – ამომანათა ფანარი სახეში. – ვერაფერს ვერ ვხედავ...
– ვიცი. ეს სულ მე "მოვიმკე" და შევაგროვე...
– შენ ნამდვილი მიწათმოქმედი ხარ. – უკან გავბრუნდი და ჩანთების ამოლაგება დავიწყე. ყველაფერი უსიტყვო შეთანხმებას ჰგავდა... მის ზურგჩანთაში ეწყო ჯაყვა, პატარა ბინოკლი, ფირი, ბლოკნოტი, კალამი, თერმოსი, ლექსების წიგნი, სამედიცინო ლიტერატურა, შავი ჩაი, ერთი ფლაკონი სპირტი და მპ3 ფლეერი – ლოგიკურია...
– ამ ნივთების უმეტესობა მუდმივად ზურგჩანთაში ცხოვრობს და არ მწყენია, რომ დაუკითხავად ამოალაგე ყველაფერი...
– სანთებელას ვეძებდი...
– ჯიბეც მაქვს მე... ნახე, ჩემი დაკრეფილ-დაწურულ-დაყენებულია...
– ზედმეტად ეგოცენტრული ხარ...
– შენ რომ თქვი ერთხელ, რატომ გაქვს ორი ყური და ერთი პირი, ალოგიკურიაო –აი, ამისთვის... ერთ ყურში რომ შევუშვა და მეორედან გამოვუშვა ხოლმე უაზრო ნათქვამი...
– და ერთი პირი?..
– ჯერ ერთი პირის გაჩუმება გვიჭირს და მეტი რო გვქონდეს, გინდა? პრინციპში, ორპირებიც ხომ არიან...
– ეჭვი მაქვს, რომ ჩემი ნათქვამი ბევრი რამ "მეორე" ყურიდან არ გამოსულა და მანდ გაიჭედა ან სხვა მიმართულება მიიღო და აი, აქ ბუდობს... – საჩვენებელი თითი მივადე საფეთქელთან. სწრაფად მოიცილა ჩემი ხელი...
– ყველა მხრიდან მივუდექი ჩემს თავს და პასუხი მაინც ერთია – ზუსტად ვიცი, რომ მჭირდები. შეშის დასაჩეხად ან წყლის მოსაწოდებლად კი არა... ისე... ისე მჭირდები... ზოგადად, ცხოვრებისეულად... ყოველდღე... ყოველ წამს...
– როგორც ჟანგბადი ფილტვებს? – გამებადრა სახე...
– ოოო... იაფფასიანი პათეტიკის გარეშე, რა...
– ...თუ როგორც წვიმა გვალვას?
– მეორე ვერსია უფრო ნორმალურია, მაგრამ მაინც არ ვარგა... არ მიყვარს მსგავსი ეპითეტები... – მაგიდიდან მისი ბლოკნოტი აიღო, რომელიღაცა ფურცელი გადაშალა და გამომიწოდა: "ჩემი თამაშის სისუფთავე შენთვის სავალალო შედეგს მოგიტანს..."
– ჩემი მესიჯი...
– "სავალალო შედეგი", – გაეცინა და ბლოკნოტი დადო. ფანჯარასთან მივედი და მთის წვერში მდგარ განათებულ ტაძარს გავხედე.
– ვა, რა განათებულია... ნეტა არის იქ ვინმე?
– არა, თქვენი ლოცვის მადლით ანათებს... იქნებიან... ბარძიმის ღვინოს აგემოვნებენ ალბათ...
– შენი ათეისტური გამოხდომები!
– არა, გამოცდილება... ათეისტებს რას ერჩი?
– ათეისტები რას გვერჩიან?
– ბუდისტების აზრით რომ მთავარი პრიორიტეტი ადამიანია და არა ბუდა და ღვთის გარეშე მაღლდებიან, მაგაზე არასდროს გიფიქრია?
– მოდი, შევთანხმდეთ, ღმერთი ყველა შემთხვევაში არსებობს, რა სახელიც არ უნდა დავარქვათ, მაინც... ე.ი. არა ტყუილად... ეს იცით თქვენც, მაგრამ თვლით, რომ მისი ჩარევის გარეშე შეგიძლიათ ყველაფერი. ეს უკვე შენს თავთან წინააღმდეგობაში გაგდებს. იცი, რომ საჭიროა და თვლი, რომ არ გჭირდება. ე.ი. არასწორ აღმართს აწვები, მიდიხარ წარმატებით, მაგრამ შეცდომით...
ჰოდა, ისიც ფაქტია, ამქვეყნად ზენიტს ხშირად აღწევს შეცდომა და მერე ერთიანად ნადგურდება. აი, "წარმატების" მთავარი მიზანი... შეგიძლია არ იფიქრო, რატომაა ბევრი უღვთო "მწვერვალზე". არავინ იცის და ძალიან საეჭვოა, მივა თუ არა იმ მთავარ მიზნამდე ადამიანი, რომელიც ღვთის საჭიროებას ვერ ხედავს. სისულელეა ამაზე მსჯელობა. საკუთარი თავის ზედმეტი მინდობა აუცილებლად წაგამტვრევინებს ცხვირს.
– კარგი ხო, ძველი ჩვეულება, შენი პროვოცირება მინდოდა... მოვიგონე მიზეზი... ისე, სუსტი არგუმენტები გაქვს. მითხარი, თავი განსაკუთრებული გგონია?
– დიდი ხანია, 13 წლის აღარ ვარ და საკუთარი უნიკალურობის გარდა, ისიც ვიცი, რომ პრინციპში, ერთმანეთისგან არაფრით განვსხვავდებით...
– ადრე მეგონა, რომ ასე არ ფიქრობდი, მერე კი დავრწმუნდი, უბრალოდ, ტონი გაქვს ასეთი დამრიგებლური და მოფილოსოფოსო...
– რა გაცინებს... კარგია, რომ მიხვდი...
– მაგრამ ირგვლივ ყველაფერი მაინც იგივეა... ადამიანები ისევ ღალატის ერთგულები ვრჩებით,
სიყვარული გვეზედმეტება, გვბეზრდება ერთმანეთი, ამ ვნებათაღელვაში სძულთ და უყვართ... შენ გგონია, რამით გამოირჩევი? იგივე ხარ...
– მოღალატე, არა? შიში გალაპარაკებს... კარგად ჟღერს, მაგრამ ცდები... საკუთარ ფასეულობებს თუ მიაგენი, არ მოგბეზრდება... და მე რაც შემეხება, კმაყოფილი ვარ იმით, რაც მაქვს...
– მართალი ხარ. ციებ-ცხელებაა სამყაროში და ოლეანდრის სურნელში გახვეული მეოცნებე ისევ დედამიწის აივანზე დგას და კმაყოფილია იმით, რაც აქვს... რა გეშველება... – თავი გააქნია და კარადიდან ორი დიდი პლედი გამოიტანა...
– როგორც გატყობ, ხშირად სტუმრობ ამ სახლს...
– ბაბუაჩემს ვაკითხავ რა... მისი სული ცხოვრობს აქ და ჭადრაკს მეთამაშება...
– ხო, აბა რა...
– არ გჯერა სულების? სარწმუნოებას უარყოფ?
– გეყოფა!
– ჩუმად, არ გააღვიძო!
– ჩვენ შორის დიდი სხვაობა იმაშია, რომ ჩემი საქციელი ყოველთვის გრძნობების იდენტურია, შენ კი ეს სიცოცხლის ფასი გგონია...
– მაპატიე, რომ შენსავით ყველა უპატრონო ძაღლზე ცრემლები არ მდის... სად გეტევა მაინც ამდენი "ჭკუა".
– სადაც შენ საკუთარი ცინიზმი!
– არადა, შენთვის სადღაც ლაჰათ-ლუჰუმი მქონდა... მოგიწევს შორიდან ყურება, როგორ ვჭამ...
– საკმარისი სასუსნავი წამოვიღე იმისთვის, რომ შენ არ გიყურო...
– ჰო, აბა რა, შენ უფროსი ხარ, მეტი გამოცდილება გაქვს... კარგი ჰო, გაჭმევ... ჯანდაბა! არ გამომდის! იმდენი ხანია არ მინახიხარ, რომ გრძნობები მძლევს ყოველ ნაბიჯზე! კუზი გამომდის... მართლა... ემოციები ხან სად შევინახე, ხან სად... მაინც კუზად ამომეზარდა...
*
კაცობრიობა მიიწევს წინ, ხომ ხედავ, როგორ იზრდება ყოველდღიურად პროგრესის მაჩვენებელი. ხედავ, რა სწრაფად აღწევენ წერილები ადრესატებთან? რა სწრაფად წინაურდებიან "განსწავლულნი"... როგორ ვითარდება სამყარო... ადამიანი ყოვლისშემძლეა, ღმერთს აჯობა და ინტერნეტი გამოიგონა, აბსტრაქციის გადამზიდი...
შენ გაქვს ყველა საშუალება, მაგრამ აღარ გაქვს იდეა... გაქვს რამე იდეა? ხალხი წინ მიიწევს, მუჯლუგუნით და სწრაფი სვლით. ცხრილები, განრიგები, გეგმები, დისციპლინა! მე კი ვზივარ სავარძელში, ვუსმენ ცეცხლის ტკაცუნს და ჟოლოს ჩაის მომზადების გარდა, სხვა მიზანი არ გამაჩნია... ვუყურებ აქეთ-იქით ენერგიულად მოსიარულე, აჟიტირებულ და ხალისიან თომას და ვიცი, რომ სულ ეს არის... სულ ის არის, რაც მაკლდა. ...და მე მშვიდად ვარ...
– სპაგეტი გიყვარს? ამ ეტაპზე სხვა ალტერნატივა მაინც არ გვაქვს.
– მიყვარს... – თეფში მომაწოდა, ცალი ხელით ლეპტოპში ქექვა დაიწყო და... ...ისევ Archive –Bullets…
– ადრე თუ გვიან შენ წახვალ მაინც...
– ...
– მაშინ მეგონა, რომ სჯობდა, ადრე გამეშვი, მაგრამ აღმოჩნდა, "გვიან" მირჩევნია და ახლა დღევანდელი დღით ვცხოვრობ...
არაფრის თქმა არ მინდოდა, იმდენად დარწმუნებული ვიყავი, ცდებოდა და საკუთარი შიშების მსხვერპლი იყო... არ ვიცი, რა წინააღმდეგობა უნდა ყოფილიყო, როგორი კედელი უნდა აღმართულიყო ჩვენ შორის,რომ მასზე უარი მეთქვა (როგორც ჩანს, ჩემზე წინდახედული აღმოჩნდა...)...
მთელი ღამე ფილმებს ვუყურებდით და ვსაუბრობდით ყველაფერზე, რასაც მთელი ეს დრო ვინახავდით... არცერთი წუთით ჩემი ხელისთვის ხელი არ გაუშვია, მაშინაც კი, როცა ამის საჭიროება იყო; რამდენჯერაც ჩამეძინა, იმდენჯერ გამაღვიძა მისმა მზერამ. ერთხელ კი საშინელმა კოშმარმა, რომელშიც ვიღაც მუტანტი კაცი მაჯაში მწვდა და თომას ხელი გამომგლიჯა.
ისე წამოვხტი, რომ შიშისგან ნოუთბუქი დაუვარდა. სავსე მთვარის შუქი შემოდიოდა, ძალიან ნათელი ღამე იყო. ვცადე, მთვარე "ზენიტით" გადამეღო. თომა მარწმუნებდა, ფოტო არ ივარგებსო, მაგრამ.... მიუხედავად შორი რაკურსისა, ძალიან კარგი კადრი გამოვიდა...
*
ფანჯრიდან შემოსულმა სასიამოვნო სუსხმა გამაღვიძა. მხოლოდ ახლა აღვიქვი ხედი ფანჯრიდან და ის სილამაზე, რომელშიც ჩაფლულიყო სოფელი... ეტა ჯეიმსის "feeling uneasy" ჟღერდა, რა დროულია... ...დილა მშვიდობისა...
– აქაურ ხედებს ძალიან ძვირად გაყიდი, იცი? მით უმეტეს, ახლა... თომა, სად ხარ? – გარედან მომესმა მისი ხმა, ტელეფონზე ლაპარაკობდა... ავდექი... ჩაიდანი დუღდა... მომენტით ვისარგებლე, მაგიდაზე დაგდებული ბლოკნოტი ავიღე. ბოლო ჩანაწერი წუხელ გაეკეთებინა: "ახლა მე მღვიძავს მარტო, მოლი მიძვრება სულში, ძველი წიგნივით დამთმობ და დავმთავრდები ყლუპში. ჩვეულებრივი მზერით აზრებს ვაშეშებ ქარში, ვიღაც იცინის ზევით, ბზარი ეტყობა ხმაში.
გადაგაფარებ ღიმილს, სხივებს ჩაგიწნი თმაში, ცრემლებს ვუკრძალავ გასვლას მოწესრიგებულ ხალხში. ახლა მე ვფხიზლობ მარტო, ნაღველი ვერ დავიტიე, შენ კედლის მხარეს გძინავს და გრძნობაც შენკენ ვაკმიე..."
- ლექსებს თუ კიდევ წერდი, არ მეგონა...
– მე შაქარი არ ჩამიყარო... შენი ტელეფონი რეკავს.
– გისმენთ? ალო? ვინ გნებავთ? ალო? – უცხო ნომერს აინტერესებდა, ვინ ვიყავი... შეეშალათ ალბათ, – უკაცრავად, მაგრამ ვის ეჩხუბებოდი ტელეფონით?..
– დედაჩემს...
– რა დააშავე?
– ძაან სასაცილოა... გინდა, გარეთ გავიდეთ?
*
მივუყვებოდით ვიწრო დაღმართს ახლოს მდებარე, წიწვებში ჩაძირული ტბისაკენ და გზადაგზა ფოტოაპარატით ვაფიქსირებდი ულამაზეს კადრებს. ვსაუბრობდით იმაზე, როდის და როგორ უნდა დაემთავრებინა მისი ბავშვური და ერთი შეხედვით უწყინარი თამაში ადამიანებთან, რომლებიც როგორც მერე აღმოჩნდა, საკმაოდ დამოკიდებულები იყვნენ თომაზე ისევე, როგორც თომა მის ჩვეულებებზე... პირველად არ ვჩქარობდი, პირველად მქონდა განცდა, რომ დრო საკმარისია... მაგრამ მთავარი ჯერ ისევ წინ იყო...
ალბათ, გაცნობის დღიდან, მასთან თავისუფალი და მოურიდებელი ვიყავი. უშუალობა ჩემი მახასიათებელია, მაგრამ ისეთი გრძნობა მქონდა, რომ დიდი ხანია ერთად ვართ... ამოუხსნელი სიახლოვე მაკავშირებდა მასთან... ბუნებრივია, ასეც უნდა ყოფილიყო...
ტბიდან ჩვენი მიტოვებული მანქანისკენ წავედით, უახლოეს ბენზინგასამართ სადგურზე ნაყიდი საწვავი ჩავასხით. უკანა გზაზე თომამ ნაცნობს შეუარა და მანქანაში ჩემი ორმოცწუთიანი ლოდინის შემდეგ ნერვებმა მიმტყუნა. უწყვეტი გაბმული სიგნალის შემდეგ გამოვიდა. ხელში პატარა ყუთით მოდის, საშინლად გაბრაზებული სახე აქვს. მე უფრო!
– ზრდილობის შესახებ გსმენია შენ რამე?
– ორმოცი წუთი ადამიანს შენ ალოდინებ. ძალიან ცუდი წარმოდგენა გქონია ზრდილობაზე!
– უკულტურო ხარ!
– თავხედი და უკულტუროს ხმა მესმის! – წამის მეათედში ცალი ხელით მანქანიდან თოვლს იღებს და სახეში მაყრის. მოცილებას ვერ ვასწრებ, რომ იგივე რამდენჯერმე მეორდება და სანამ თვალებიდან თოვლი მოვიცილე, კალთაში ყუთი ჩამიდო, არა – ჩამიგდო და მანქანას გვერდიდან მოუარა.
– მე უკვე ისე გამოვიყურებოდი, როგორც ფეისბუქის ყველაზე განრისხებული სმაილი. კარი გავაღე და გავეკიდე. მოკლედ, უნიჭო ჭიდაობის მორიგი სერია. არა, ხომ არის, რომ ერთმანეთის მიმართ სიმპათიით განწყობილი თუ შეყვარებული ადამიანები იმიტირებენ ამას და სითბო და იუმორი ახლავს. არა! მერწმუნეთ, ჩვენს შემთხვევაში ასე არცერთხელ არ ყოფილა! ყოველი "რინგი" მცირედი დაზიანებებით მთავრდებოდა.
ამჯერად ეს იყო სილურჯე თომას მუხლის ქვეშ და სამწუხაროდ, ამჯერად ეს იყო ყველაზე მსუბუქი მიზეზი, რის გამოც გვიჩხუბია. მოკლედ, იძულებული იყო, მანქანაში ძალით შევეშვი და გარედან ჩავეკეტე, თვითონ კი გუნდაობდა. არ გაჭრა მუქარამ, თუ როგორ გავაფუჭებდი მამამისის ძველმოდურ მანქანას. ბოლოს სარკესთან მომიახლოვდა, როგორც შუშში ჩასმულ საცდელ თაგვს უახლოვდებიან ხოლმე და თითით მანიშნა ჩემ ზურგსუკან დაგდებულ ყუთზე.
– ყუთს ვწვდი ერთადერთი მიზეზით, რომ გამეფუჭებინა. თავი სწრაფად ავხადე და გავშრი. თივაში პატარა, თეთრი კურდღელი იჯდა და ყურებს აპარტყუნებდა...
– ორი კვირისაც არაა, გეხვეწები, არაფერი დამართო – ყრუდ შემოდიოდა თომას ხმა ჩაკეტილი მანქანიდან. – ვიქტორია დავარქვი, გოგოა. (სახელიც ამას ჰქვია). ხელით ვანიშნე, მანქანა გააღე-მეთქი. ჩემს თვალებში ამოიკითხა, რომ საფრთხე აღარ ემუქრებოდა და კარები გახსნა. ხმას ვერ ვიღებდი, ისეთი მოულოდნელი იყო. – შენ გაჩუქე... გახსოვს, შარშანწინ ახალ წელს თეთრი კურდღელი გინდოდა. მაშინ ვერ მივცემდი თავს ამის უფლებას...
გაგრძელება იხილეთ ორშაბათს
თეკლა ლაზი