ყველა ადამიანს ჰყავს ნაცნობი, კოლეგა და მეგობარი. ყველა ადამიანი განსხვავებულია. ზოგი ინტროვერტია, ზოგი ექსტრავერტი, ფლეგმატიკი, ქოლერიკი და ა.შ.
ამიტომ ზოგი ამცირებს მეგობრობას დედასთან ან შვილთან, ქმართან ან ცოლთან ხოლო ზოგიც განურჩევლად, უამრავ ადამიანს უშვებს თავის სამყარში და მიაჩნია, რომ ისინი მისი ნამდვილი მეგობრები არიან.
გახსოვდეთ, ადამიანები, რომლებიც დაბადების დღეზე, წვეულებაზე გესტუმრებან, თქვენი ნამდვილი მეგობრები არ არიან. ფსიქოლოგებმა გამოავლინეს "მეგობრების" 7 ტიპი, რომლებისგანაც უნდა გათავისუფლდეთ.
მუდამ მიუწვდომელი
ამ კატეგორიის მეგობარს აქვს ყველა საშუალება (სახლის ტელეფონი, მობილური, სოციალური ქსელი), რომ გეკონტაქოთ, მაგრამ გაიგნორებთ. იმ მომენტამდე სანამ თავად მას არ დასჭირდებით.
სიმართალის მოყვარული
თავად შეუძლია, დებილი გიწოდოთ, თუ წამოგცდათ, რომ სამსახურში თქვენს შრომას არასათანადოდ აფასებენ, ხოლო თუ თქვენ გაბედავთ და დებილს დაუძახებთ, გაგიბრაზდებათ და უხეშსაც გიწოდებთ. მგონი, უსამართლობაა!
ჭორიკანა
სინამდვილეში, გარშემო ყველა ჭორაობს. მაგრამ თქვენი დაქალი ყველგან და ყველაფერზე ჭორაობს. მისთვის არა აქვს მნიშვნელობა სიმართლეს ამბობს თუ ტყუილს. მასთან ურთიერთობას ყველა გაურბის, რადგან არავინ იცის, ვისზე რას ილაპარაკებს. სხვათა შორის არც თქვენ ხართ დაზღვეული, თუ თქვენთან სხვაზე ჭორაობს, გამორიცხული არაა, სხვებთან თქვენზე ჭორაობდეს.
პასიურ-აგრესიული პიროვნება
ღიად არასდროს დაგიპირისპირდებათ, მაგრამ იცის, როგორ გატკინოთ გული და მუდამ სარგებლობს მომენტით. მაგალითად, თუ ხმაურიანი წვეულებები არ გიყვართ, იგი დაგიპატიჟებთ ყველა მეგობარს და როცა აივანზე განმარტოვდებით, ხმაურს რომ გაეცალოთ, თავად წვეულების დედოფლად იქცევა. საბოლოოდ კი ისევ თქვენ დაგადანაშაულებთ: "მე ხომ შენი გახიარულება მინდოდა..." ნამდვილმა მეგობარმა იცის, რა გიყვართ და არასდროს ისე არ მოიქცევა, გული რომ გატკინოთ.
მუდამ ცვალებადი გეგმები
თუ დაქალთან ერთად კაფეში, კინოში ან საყიდლებზე დაგეგმეთ წასვლას და შეხვედრამდე 2 საათით ადრე ეცვლება გეგმები და ასეა მუდამ... ნუთუ გჭირდებათ მეგობრები, რომლებიც ანგარიშს არ გიწევენ და თქვენი დრო მათთვის არაფერს წარმოადგენს. გინდათ მეგობრობა ისეთ ადამიანთან, რომელიც ბოლო მომენტში გიღალატებთ?..
დამამცირებელი
არსებობენ ადამიანები, რომლებიც გარშემო მყოფების დაჩაგვრით, საკუთარი თავის უკეთ წარმოჩენას ცდილობენ. თუ გყავთ მეგობარი, რომელიც ყველას თანდასწრებით გამცირებთ, გაეცალეთ მას. მაგალითად, მან შეიძლება უბრალო ფრაზე ყველას გასაგონად გითხრათ: "რა კიდევ გასუქდი?" "მაკიაჟის კეთება მაინც ვერ ისწავლე"... ნამდვილი მეგობარი არასდროს დაჩაგრავს მეგობარს, განსაკუთრებით, სხვათა თანდასწრებით.
დრამის დედოფალი
მისი ცხოვრება ერთი დაუსრულებელი სერიალია, სადაც ყველაფერი ცუდადაა, იგი მუდამ დაჩაგრულია, მიტოვებული, გაგდებული. ის მუდამ თქვენთან მორბის დახმარებისთვის, რჩევისთვის, მაგრამ არასდროს იქცევა ისე, როგორც ურჩევთ. სიმართლეს გაგიმხელთ, ის არც არასდროს მოგისმენთ. მის მიერ დადგმულ სერიალში იგი მთავარ როლშია, სადაც მხოლოდ ისაა შესაბრალებელი და მოსაფერებელი. თქვენი პრობლემები კი რაა მას გლობალურ კატასტროფასთან შედარებით?!
დაბოლოს, გთავაზობთ სამ რჩევას:
1. დაელაპარაკეთ მეგობარს, ჩამოუყალიბეთ პრობლემები. აუხსენით, რა გაღიზიანებთ მასში, მოუყვანეთ ფაქტები. თავად კი დაფიქრდით, გჭირდებათ ასეთი მეგობარი?..
2. თუ მორიდებული და პასიური ხართ, შეამცირეთ ურთიერთობა მინიმუმამდე. იყავით მოსიყვარულე, ღიმილიანი, უპასუხეთ მის ზარებს, მაგრამ მაქსიმალურად შეამცირეთ მასთან კონტაქტი.
3. აუცილებლად გაიჩინეთ ახალი მეგობრები. თქვენ გარშემო იმდენი ადამიანია, რომ აუცილებლად გამოჩნდება ისეთი, რომელიც თქვენი ნამდვილი მეგობარი, თქვენი "მეორე მე" გახდება.