გამოთვალეთ, რა სიმაღლის იქნება თქვენი შვილი
გამოთვალეთ, რა სიმაღლის იქნება თქვენი შვილი
რა სიმაღლის იქნება ჩვენი შვილი - მაღალ ბიძას დაემსგავსება თუ საშუალო ტანის მამას? იქნებ სულაც ტანმორჩილ დედას დაემსგავსოს? ეს კითხვები ყველა მშობელს აწუხებს, განსაკუთრებით - ვაჟისას.

რა ახდენს გავლენას ზრდის პროცესზე, რაზეა დამოკიდებული ადამიანის სიმაღლე? ამ საკითხებზე ენდოკრინოლოგი ნინო აბდუშელიშვილი გვესაუბრება:

- ადამიანის სიმაღლე, პირველ რიგში, გენეტიკაზეა დამოკიდებული - ზრდის პროცესს 120-ზე მეტი გენი აკონტროლებს. თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ ორგანიზმის სრულფასოვან განვითარებაზე გარეგანი ფაქტორებიც ახდენს გავლენას.

სახელდობრ - დედის ჯანმრთელობის მდგომარეობა ორსულობის დროს, სწორი კვება და ბავშვის ნივთიერებათა ცვლის ინდივიდუალური თავისებურებანი.

ზრდის პროცესისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჰორმონულ ბალანსს. გარდა ამისა, ძვლის ზრდას აკონტროლებს ე. წ. ზრდის ჰორმონი, რომელსაც თავის ტვინში მდებარე პატარა ჯირკვალი - ჰიპოფიზი წარმოქმნის.

ამ ჰორმონს კი თავის ტვინის სათანადო ცენტრები გამოიმუშავებს. მაგრამ ზრდის ჰორმონი სიმაღლის ერთადერთი რეგულატორი არ არის. ორგანიზმში გამოიყოფა ჰორმონი სომატოსტატინიც და ადამიანის სიმაღლე სწორედ ამ ორი ჰორმონის ბალანსზეა დამოკიდებული.

- თუ ბავშვი გენეტიკურად განწყობილია, საშუალოზე მაღალი გაიზარდოს, მაგრამ მისი ზრდის ტემპი შეჩერდა, რისი ბრალია ეს?

- ბავშვის ზრდის ტემპის შეფერხებას ხშირად მძიმე ქრონიკული დაავადებებიც იწვევს. იმ ენერგიის ნაწილს, რომელიც ზრდას უნდა მოხმარებოდა, ორგანიზმი ჯანმრთელობის აღსადგენად ხარჯავს; თანაც, ზრდის პროცესის ინტენსივობა გამოჯანმრთელებისთანავე არ აღდგება.

- შესაძლებელია, რომ ყურის ქრონიკულმა ანთებებმა, მძიმე ოპერაციამ ბავშვის ზრდის ტემპი შეაფერხოს, ანუ არ მოხდეს ზრდის გენეტიკური პოტენციალის სრული რეალიზება?

- შესაძლებელია, რადგან ის ენერგია, რომელიც მას ზრდის პროცესში სიმაღლის მომატებაში უნდა დახმარებოდა, უხეშად რომ ვთქვათ, გარკვეულწილად ჯანმრთელობის პრობლემების დაძლევაში დაიხარჯა.

გარდა ამისა, თანამედროვე ბავშვები კომპიუტერს არიან მიჯაჭვულნი და ეზოში თამაშის ნაცვლად უჰაერო სივრცეში საათობით უწევთ ყოფნა; არ იღებენ სათანადო რაოდენობის ვიტამინებსა და მინერალებს, რაც ასევე უარყოფითად აისახება ზრდის ტემპსა და ორგანიზმის ზოგად განვითარებაზე.

მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური ფაქტორიც. ყოველივე ეს უნდა გავითვალისწინოთ და ბავშვს ჯანსაღი გარემო უნდა შევუქმნათ.

- რას გულისხმობს ჯანსაღი გარემო?

- მშვიდ ატმოსფეროს, მშობლების სიყვარულსა და ყურადღებას, მოწესრიგებულ დღის რეჟიმს, დროის სწორად განაწილებას სწავლის, დასვენებისა თუ თამაშისთვის.

- რას ურჩევდით მშობლებს?

- ყურადღებით ადევნონ თვალი არა მარტო ბავშვის ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობას, არამედ სიმაღლეში ზრდის პროცესსაც. თუ შვილს ზრდაში ჩამორჩენა შეატყვეს, აუცილებლად მიმართონ სპეციალისტს და მისი დანიშნულება ზედმიწევნით შეასრულონ.

ეს ბავშვის გენეტიკური პოტენციალის ბოლომდე ათვისებაში დაგვეხმარება. სწორი კვება ჩვენი ნება-სურვილით შედგენილს კი არა, სპეციალისტთან შეთანხმებულ რაციონს ნიშნავს.

ბევრს სწორი კვება ნოყიერად, მაძღრისად კვება ჰგონია. არადა, ეს ცნება, პირველ რიგში, ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების, ვიტამინებისა და მინერალების სწორ ურთიერთშეფარდებას გულისხმობს. გარდა ამისა, ძალიან კარგია მზის აბაზანები, ფიზიკური ვარჯიში.

- რას იტყოდით სტაფილოზე, რომელსაც ბევრი სწორედ სიმაღლეში ზრდის ხელშესაწყობად აჭმევს შვილს?

- მოზარდის ორგანიზმისთვის სტაფილო აუცილებელია. მასში ბევრია კაროტინი, რომელიც ადამიანის ორგანიზმში ზრდის მთავარ ფაქტორად - A ვიტამინად გარდაიქმნება. კაროტინი არის ასევე სალათის ფურცლებში, მჟაუნასა და ასკილის ნაყოფში. A ვიტამინს, აგრეთვე, შეიცავს ნაღების კარაქი, კვერცხის გული და ღვიძლი.

ზრდას ხელს უწყობს D ვიტამინიც, რომელსაც ორგანიზმი მზის სხივების დახმარებით გამოიმუშავებს. ეს ვიტამინი ხელს უწყობს კალციუმის - ძვლების მთავარი საშენი მასალის - ათვისებას.

მისი უკმარისობა შესაძლოა რაქიტის მიზეზადაც კი იქცეს. გარდა ამისა, ბავშვის რაციონში აუცილებლად უნდა ჩავრთოთ რძის ნაწარმი, განსაკუთრებით - ხაჭო და ყველი. ეს პროდუქტები ორგანიზმს კალციუმით მოამარაგებს.

- ხშირად მოზარდები სიმაღლეში ზრდის ხელშესაწყობად კალათბურთზე შეჰყავთ...

- ფიზიკური დატვირთვა აუცილებელია. სპორტის ისეთი სახეობები, როგორებიცაა კალათბურთი, ფრენბურთი, ცურვა, ხელს უწყობს ზრდის ჰორმონის გამომუშავებას; მაგრამ ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ ჭარბი დატვირთვა, პირიქით, აფერხებს ზრდას.

ამასთანავე, უნდა გვახსოვდეს, რომ ზრდის პროცესზე სასიკეთო გავლენას ახდენს ჯანსაღი ძილი. თანამედროვე გამოკვლევები ადასტურებს, რომ ზრდის ჰორმონების 70 პროცენტს ორგანიზმი ძილის დროს გამოიმუშავებს. ზრდის შეფერხების ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა მოუწესრიგებელი ძილის რეჟიმიც იყოს.

- როდის სრულდება სიმაღლეში ზრდა?

- ჯანმრთელი ბავშვის ზრდა განსაზღვრულ წესებს ექვემდებარება. სიცოცხლის პირველი წელი ყველაზე სწრაფი ზრდის პერიოდია. ამ პერიოდში ბავშვმა 20-25 სმ უნდა მოიმატოს. სიცოცხლის მეორე წელს ბავშვები სიმაღლეში დაახლოებით 8-12 სმ-ით იმატებენ, მესამე წელს - 8-9 სმ-ით.

3 წლიდან მატება 4 სმ-ს ან ცოტა მეტს შეადგენს. ზრდის პირველი პიკი 4-5 წლის პერიოდში დგება, მეორე - 12-14 წლისა. ამ პერიოდში მოზარდი შესაძლოა 8-12 სმ-ით გაიზარდოს, მერე კი ზრდას ჩვეულებრივი ტემპით განაგრძობს.

ზრდის პროცესი 20 წლისთვის სრულდება. თუმცა ეს მაინც ზოგადი მონაცემებია - ყველა ადამიანს ზრდის ინდივიდუალური ტემპი აქვს. ექიმი გვირჩევს, მოზარდები ყველაზე სწრაფად გაზაფხულზე იზრდებიან, წონაში კი ყველაზე ინტენსიურად შემოდგომაზე იმატებენო.

გოგონების ზრდის ტემპი 10 წლიდან იმატებს და 17-19 წლამდე გრძელდება, ხოლო ვაჟებში ანალოგიური პროცესი 14 წლიდან იწყება და 19-20 წლამდე გრძელდება.

გამოთვალეთ, რა სიმაღლის იქნება თქვენი შვილი

თუ გაინტერესებთ, რა სიმაღლის იქნება თქვენი შვილი, შეგიძლიათ ამგვარად გამოთვალოთ: ორივე მშობლის სიმაღლის მაჩვენებლის ჯამი უნდა გაყოთ ორზე და მიიღებთ იმ მიახლოებით მაჩვენებელს, რა სიმაღლისაც იქნება თქვენი შვილი.

მაგალითად, თუ მამის სიმაღლეა 178 სმ, დედის კი - 164, ასეთი მარტივი განტოლება უნდა შეადგინოთ: (178 + 164) : 2 = 171, ანუ თქვენი შვილის სიმაღლე დაახლოებით 171 სმ იქნება. მაგრამ მარტო ამ გამოთვლას ნუ ენდობით; ბიჭები უმეტესად მამის ხაზს მიჰყვებიან, ანუ მათი სიმაღლე დაახლოებით პაპის, მამის ან ბიძის სიმაღლის მსგავსი იქნება; გოგონების სიმაღლის განმსაზღვრელი კი დედის ხაზია.

ცნობილი მამაკაცები, რომელთა სიმაღლე საშუალოზე დაბალია: საფრანგეთის პირველი იმპერატორი და სახელგანთქმული მხედართმთავარი ნაპოლეონ ბონაპარტე, საფრანგეთის ამჟამინდელი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი, რუსეთის პრეზიდენტი და ექსპრეზიდენტი.

ამერიკელი მსახიობები - ალ პაჩინო, დასტინ ჰოფმანი, ტომ კრუზი; ბრაზილიელი ფეხბურთელი რობერტო კარლოსი (167 სმ); არგენტინელი ფეხბურთელები ლიონელ მესი (170 სმ) და დიეგო მარადონა (165 სმ).

ლიკა კერატიშვილი
გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)

კომენტარები (13)
ეკა
აქ ერთი რამ გამორჩათ,გაყოფის შედეგად მიღებულ ციფრს, ბიჭზე ვუმატებთ 6 სმ-ს და და გოგოზე ვაკლებთ 6 სმ-ს
ვინცხა ოხერი
რა სისულელეა ჩემი და ორივე მშობელზე ერთად მთელი თავიტ მაღალია
მამუკა
მე ვარ 14ცლის და სიმახლესი ვარ 182
ანა
ჩემი შვილი 1.83 იქნება...ვინ ითხოვს?
ლია
გოგო ვარ და სიმაღლიან გარეგნობიანათ მამის მხარეზე ვარ ... რა სისულელეა
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
არქივის კალენდარი
«« აპრილი 2014 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 1234