ბავშვის ჯანმრთელობაზე ზრუნვა მშობლისთვის უმნიშვნელოვანესია. სწორედ ბავშვისადმი სწორ მოპყრობასა და სათანადო ყურადღებაზეა დამოკიდებული ის, თუ რამდენად ძლიერი ორგანიზმი ექნება მას მომავალში.
სპეციალისტების რჩევით, ბავშვის სწორ განვითარებასა და ჯანმრთელობაზე ზრუნვა მისი დაბადებიდანვე უნდა დავიწყოთ, ვინაიდან ბავშვის ორგანიზმის "გამოძერწვისთვის" საუკეთესო ასაკი ერთ წლამდე პერიოდია. განსაკუთრებული ყურადღება ამ პერიოდში ბავშვის ფიზიკურ აქტივობაზე, ვარჯიშზე, მასაჟზე უნდა გამახვილდეს, თუმცა ამ უკანასკნელთან დაკავშირებით ძალიან ხშირად ისმის მშობლებისგან კითხვა, თუ რამდენად საჭიროებს წლამდე ასაკის ბავშვი მასაჟს.
სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, მეთოდისტს, ქალბატონ ირინა გოგლიძეს გავსაუბრებოდით და მისგან გაგვერკვია, მართლაც საჭიროებს თუ არა პატარა მასაჟს და რა ადგილი უკავია ზოგადად ფიზიკურ აქტივობას ბავშვის ზრდა-განვითარებაში.
ირინა გოგლიძე: ბავშვის ფიზიკური აქტივობა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პირობაა მისი სწორი ზრდა-განვითარებისთვის. ამიტომ ელემენტარული სავარჯიშო მოძრაობები და მასაჟის გაკეთება ყველა ბავშვისთვის სასარგებლოა, მიუხედავად იმისა, ჯანმრთელი დაიბადა იგი თუ არა.
მასაჟი კეთდება როგორც პროფილაქტიკის, ასევე სამკურნალო მიზნით. იგი ხელს უწყობს სისხლისა და ლიმფის მიმოქცევას, დასუსტებული კუნთების სტიმულაციას, კუნთოვანი ქსოვილების მეტაბოლიზმს. მას ასევე აქვს საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ფუნქციის აღდგენის უნარი და ამ ყველაფერთან ერთად, იგი ერთ-ერთ საუკეთესო დამამშვიდებელ საშუალებადაც მიიჩნევა.
- რა პერიოდიდან არის რეკომენდებული ბავშვისთვის მასაჟის გაკეთება?
- პროფილაქტიკური თვალსაზრისით, მასაჟის გაკეთებას 3-4 თვის ასაკიდან ვიწყებთ. ხოლო, თუ საქმე გვაქვს რაიმე ტიპის პათოლოგიასთან, სამკურნალო მასაჟის გაკეთება დაბადებიდან 7-9 დღის შემდეგ არის ნებადართული.
- რა შემთხვევაშია აუცილებელი ბავშვისთვის სამკურნალო მასაჟის გაკეთება?
- მასაჟის გაკეთება აუცილებელია იმ შემთხვევაში, როდესაც:
მკვეთრად გამოხატულია კუნთების სისუსტე, ტერფმრუდობა, ბავშვი თანატოლებთან შედარებით გვიან იწყებს სიარულს, მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზიის დროს (მენჯ-ბარძაყის სახსრის განუვითარებლობა) - ძალზედ მნიშვნელოვანია მისი დროულად გამოვლენა, რაშიც უმთავრესი როლი მშობლებს აკისრიათ. მათ ძალიან იოლად შეუძლიათ ეჭვი მიიტანონ, თუ არის:
• დუნდულის ნაოჭების ასიმეტრია;
• ფეხების განზე გადაშლის შეზღუდვა;
• ქვედა კიდურების არათანაბარი სიგრძე;
• სახსრის ტკაცუნი ბარძაყის თავის ფოსოში გასწორებისას;
ნებისმიერი ამ ნიშნის არსებობის შემთხვევაში დროულად აჩვენეთ ბავშვი ორთოპედს.
- თუ არსებობს რაიმე სახის ჩვენებები, რომლის დროსაც იკრძალება მასაჟის გაკეთება?
- რა თქმა, უნდა, არსებობს. ესენია:
• მაღალი ტემპერატურა;
• კანის მწვავე დაავადებები;
• დიათეზი;
• თანდაყოლილი გულის მანკი, რომელსაც თან ახლავს ციანოზი.
- ქალბატონო ირინა, რამდენად შესაძლებელია, თავად დედამ გაუკეთოს ბავშვს თუნდაც ელემენტარული ფიზკულტურული სავარჯიშოები და რა უნდა გაითვალისწინოს მან ამ შემთხვევაში?
- რა თქმა უნდა, მშობელს შეუძლია გარკვეული მოძრაობებით ავარჯიშოს პატარა. ეს სასურველიცაა, თუმცა, ცხადია, იგი ვერ შეძლებს და არც არის მიზანშეწონილი, რომ თავად გაუკეთოს ბავშვს პროფილაქტიკური და მით უმეტეს, სამკურნალო მასაჟი. აუცილებელია, რომ ის ყოველთვის პროფესიონალმა გააკეთოს. რაც შეეხება დედას, მას შეუძლია შემდეგი ტიპის ვარჯიშები ჩაუტაროს პატარას:
• ხელსმა;
• ფეხების მოღუნვა და გაშლა რიგრიგობით;
• ხელის დახმარებით წამოჯდომა;
• ტერფების ჩამოცურებითი მოძრაობა;
• ხელების გაშლა და მოხრა, გადაჯვარედინება და გადაშლა;
• გადაბრუნება ზურგიდან მუცელზე და პირიქით;
• ბარძაყების განზიდვა;
სანამ დედა ბავშვს ვარჯიშს დააწყებინებს, უნდა გაითვალისწინოს, რომ ეს უნდა გაკეთდეს აუცილებლად ჭამიდან დაახლოებით 40-45 წუთის გასვლის შემდეგ, თბილ ოთახში (არანაკლებ 21-22 გრადუსზე) და თბილი ხელებით, რათა ბავშვს არ შეექმნას დისკომფორტი. ვარჯიშის დაწყებამდე, ასევე, აუცილებლად მოიხსენით ბეჭდები, დაიჭერით ფრჩხილები ძირში და საფუძვლიანად დაიბანეთ ხელები საპნით. იმისათვის, რომ პატარა შეეჩვიოს ვარჯიშს, საწყის ეტაპზე საკმარისია, მხოლოდ ხუთი წუთის განმავლობაში ავარჯიშოთ, შემდეგ უკვე თანდათან 15-20 წუთამდე გაზარდოთ ხანგრძლივობა.
ნინო ჯანიძე
ჟურნალი "... და ქალი" (აპრილის ნომერი)