ელენე ფოცხიშვილს ფართო საზოგადოება უმეტესად, ფსევდონიმით (დაფნა) იცნობს: რადიოწამყვანისთვის ეთერში მეტსახელით მუშაობა ჩვეულებრივი რამ არის. დაფნა წლების მანძილზე არაერთი გადაცემის ავტორი და წამყვანი იყო. დღესდღეობით რადიო "იმედში" სექსოლოგთან ერთად, "აკრძალული ხილი" მიჰყავს, რომელიც ადამიანების სქესობრივ განათლებას ემსახურება და ხუმრობით ამბობს, რომ ის "დაფნა განმანათლებელია".
- დეკემბერში, რადიოში მუშაობის 20 წელი მისრულდება. პირველად რადიო "აუდიენციაში" მოვსინჯე ძალები და პარალელურად, სახელმწიფო დაწესებულებაში ვმუშაობდი, სადაც სამსახურის შეთავსება მეკრძალებოდა. ამიტომ გადავწყვიტე, ეთერში ფსევდონიმით მემუშავა. იმ პერიოდში იქ არაჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ თავმოყრილნი: მამუკა ბერიკა, ლიზა ვადაჭკორია, ბიბი კვაჭაძე, გელა იმნაძე... ერთხელ მათ დახმარება ვთხოვე, - იქნებ მიშველოთ და ფსევდონიმი შემირჩიოთ-მეთქი. ბევრი ფიქრისა და შემოთავაზებული ვარიანტის შემდეგ მამუკა ბერიკამ მითხრა, - ნამდვილი დაფნა ხარო. მაგრამ ეს არ გულისხმობდა ბუჩქს ან დაფნის გვირგვინს, სახელი მოდიოდა კინოფილმიდან - "ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან". ბერიკასთვის ჯეკ ლემონის პერსონაჟის მსგავსი ადამიანი ვიყავი, თან მხიარული და თან - სევდიანი, ეპატაჟური... მოკლედ, ეს სახელი შემომრჩა... "აუდიენცია" იყო შემეცნებითი-საინფორმაციო რადიო, სადაც პროგრამას თავად ვამზადებდით.
მოგვიანებით, რადიომსმენელმა, როგორც ღამის გადაცემების წამყვანი, ისე გამიცნო. ბევრი მსმენელი გვყავდა. ამ თოქ-შოუს "გაკეთება" ჩემი იდეა იყო, რომელიც რადიოსადგურის დირექტორსა და მფლობელს, კოკა და ნონა ყანდიაშვილებს მოეწონათ. მოკლედ, ღამის ეთერში კვირაში ერთხელ, საღამოს 11 საათიდან დილის 8 საათამდე გაუჩერებლად ვლაპარაკობდი. მერე ხელმძღვანელობა შეიცვალა და ერთი ღამის ნაცვლად, კვირაში 3 ღამე მომცეს... ბევრი შოუ წამიყვანია, მაგრამ რითაც ადამიანებმა დამიმახსოვრეს, ეს იყო გადაცემა - "ქალი და მამაკაცი". მამაკაცებს ქალებზე და ქალებს - მამკაცებზე ველაპარაკებოდი, ვარკვევდით ურთიერთობებს. მსმენელი გულახდილად გვესაუბრებოდა.
- პროფესიით ვინ ხარ?
- აღმოსავლეთმცოდნე - არაბისტი ვარ და "აუდიენციაში" მუშაობის პარალელურად, თავდაცვის სამინისტროში თარჯიმანი ვიყავი. რადიოში მუშაობის დაწყებიდან 2 წელიწადში ამ სამსახურს თავი დავანებე და ბევრი პროცედურის გავლა დამჭირდა, რომ სამსახური დამეტოვებინა. არ იყო მარტივი იქიდან წამოსვლა...
- პროფესიად აღმოსავლეთმცოდნეობა რატომ აირჩიე?
- მამა იყო აღმოსავლეთმცოდნე, ოღონდ - თურქოლოგი, ენათმეცნიერი, ქართული გრამატიკის მიმართულებით მოღვაწეობდა. ბევრი ნაშრომი აქვს (ის შარშან გარდაიცვალა), მაგრამ პროფესიის არჩევისას მის საქმიანობას გავლენა ნამდვილად არ მოუხდენია. არაბისტობა ერთი მარტივი მიზეზის გამო მომინდა: ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე ვიყავი, როცა თბილისში ერთი არაბი ყმაწვილი გავიცანი. ძალიან მომეწონა და ვფიქრობ, მასაც მოვეწონე. ერთ-ერთ კაფეში შემოვიდნენ ბიჭები, სადაც გოგონები ვისხედით. ზაფხულის არდადეგები გვქონდა. გაგანია საბჭოთა კავშირი იყო, 1986 წელი და აქ უცხოელები იშვიათობა გახლდათ. დამტვრეული რუსულით დაგველაპარაკნენ, - თუ შეიძლება, თქვენთან ერთად სურათებს გადავიღებთო. ეს შეამჩნია "კაგებემ" და ერთ-ერთ ოთახში შეგვიყვანეს, დაგვკითხეს, - რა საერთო გქონდათ უცხო, კაპიტალისტური ქვეყნიდან ჩამოსულ ახალგაზრდებთანო?.. მეორე დღეს იქ ისევ შევხვდით და შემოგვთავაზეს, - მისამართები გავცვალოთ, ფოტოებს დაგიბეჭდავთ და გადმოგიგზავნითო. ახალგაზრდები ლიბიელები აღმოჩნდნენ. მაშინ მუამარ კადაფი ცოცხალი იყო და მის ქვეყანას კარგი კავშირები ჰქონდა საბჭოთა კავშირთან, ის ყმაწვილებიც სასწავლებლად სამხედრო აკადემიაში ჰყავდათ გამოგზავნილი. მოკლედ, მისამართი რომ მოგვცეს, პეტერბურგი (იქ სწავლობდნენ) იყო მითითებული. მისი გამოგზავნილი წერილი ახლაც შენახული მაქვს. მე და იმ ბიჭს ერთი პერიოდი მიმოწერა გვქონდა. ერთხელ ასეთი სიტყვები მომწერა: ლიბიაში ვბრუნდები და იქიდან ვეღარ მოგწერო. ქაღალდის მეორე მხარეს არაბულად რაღაც ეწერა. ცხადია, ვერ ამოვიკითხე. ინტერესით ვკვდებოდი. მეგონა, რომ სასიყვარულო შინაარსის ტექსტი უნდა ყოფილიყო. მოკლედ, მისი ამოკითხვა მიზნად დავისახე და უნივერსიტეტში აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე სწორედ ამიტომ ჩავაბარე. ასე დაიწყო ჩემი გატაცება აღმოსავლეთით, რომელიც საბოლოოდ, ბევრი წლის შემდეგ, ჩემი არაბ მამაკაცზე დაქორწინებით დაგვირგვინდა.. განაგრძეთ კითხვა