ამ ცოტა ხნის წინ დაქალი ატირებული მომადგა, მეუღლეს ტელეფონში სხვა ქალისთვის მიწერილი სასიყვარულო SMS-ები ვუპოვე და არ ვიცი, რა ვქნაო... როგორც ამიხსნა, გაცეცხლებულმა თავი ვერ მოთოკა და ქმართან საშინლად იჩხუბა, ის კი თავს იმით იმართლებდა, ეს ქალი ჩემთვის არაფერს ნიშნავს, მხოლოდ მსუბუქი ფლირტი გვქონდაო...
თეას გაბრაზებულ გულზე მიღებული ჰქონდა გადაწყვეტილება, რომ ქორწინება უნდა დაესრულებინა, თუმცა ამის პარალელურად იმაზეც ტიროდა, რომ ქმარი ყველაფრის მიუხედავად უყვარდა და მის გარეშე არ იცოდა, როგორ იცხოვრებდა...
ასეთ ვითარებაში ძალიან რთულია რჩევის მიცემა, მით უფრო, რომ ამ ბოლო დროს იმდენ წყვილზე მესმის არცთუ სასიამოვნო ისტორიები, რომ სულ უფრო და უფრო მიმყარდება აზრი იმის შესახებ, რომ უღალატო ოჯახები და ნამდილად ბედნიერი წყვილები გადაშენების პირას არიან. ნამდვილად ბედნიერი და არა ისეთი, ერთმანეთს სიყვარულს სხვების დასანახად, სოციალურ ქსელებში რომ უხსნიან და სახლში კონტაქტიც კი არ აქვთ ან თუ აქვთ, ვაი, მაგ კონტაქტს. თუმცა, ღალატის გაგების დროს თუ გადაწყვეტთ, რომ ეს ურთიერთობა რამედ გიღირთ და შეგიძლიათ აპატიოთ, პირველ ეტაპზე რჩევები გამოცდილი ფსიქოლოგებისგან ნამდვილად დაგჭირდებათ. სწორედ ეს ვუთხარი ჩემს მეგობარსაც...
ამ თემაზე გამოცდილი სპეციალისტების მიერ დაწერილ საკმაოდ ბევრ მასალას გავეცანი და რამდენიმე მომენტი მინდა გაგიზიაროთ...
მე პირადად მგონია, რომ კაცს ღალატი არასოდეს უნდა აპატიოთ, მაგრამ იმას, ვინც ჩემნაირად არ ფიქრობს, იქნებ ეს რჩევები მართლა დაეხმაროს. მოკლედ, პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, ქმარს ამ თემაზე დაველაპარაკოთ. არ შეიძლება ყველაფრის იგნორირება და ტკივილის გულში ჩაკვლა, თან, თუ დამამტკიცებელი საბუთების მოპოვებას მოინდომებთ, ამას არაფერი უდგას წინ. ასე რომ, ამ უაზრო და არაფრის მომცემ დუმილს ჯობია, პირდაპირ უთხრათ, რომ ყველაფერი იცით და მზადყოფნა გამოთქვათ პრობლემის მოსაგვარებლად.
რისი გაკეთება არ შეიძლება, თუ ის გატყუებთ?
მამაკაცის ღალატში დამნაშავე შეიძლება ცოლიც იყოს ან ეს ყველაფერი მხოლოდ ქმრის კისერზე გადავიდეს, მაგრამ ფაქტი ერთია, ვინც არ უნდა იყოს ამის მიზეზი, შერიგების და ცხოვრების თავიდან დაწყების შემდეგ, ყოველი კამათისას ამას თუ გაახსენებთ, არც თქვენ იგრძნობთ თავს კარგად და არც ის. რა აზრი აქვს მაშინ პატიებას? თუ აპატიე, დაივიწყე, რაც მოხდა, თუ არა და, მაშინ საერთოდ გაწყვიტე ურთიერთობა. გამუდმებით საყვედურებში ცხოვრება ბედნიერების მომტანი ნამდვილად არაა. გაგრძელება