მკვდრის გაქცევა – ეძღვნება იმ ქალებს, ვინც სიყვარულის გამო დასაჯეს - Marao

მკვდრის გაქცევა – ეძღვნება იმ ქალებს, ვინც სიყვარულის გამო დასაჯეს

2014-10-09 11:00:52+04:00

მე ახლა ვწევარ თეთრ ზეწარში გახვეული. კეფა ტყვიით მაქვს გახვრეტილი და არ ვსუნთქავ.

ჭრელი ხალიჩა, რაზეც მე ვწევარ, ნესტიანია, მაგრამ ეს ნესტი არ მაწუხებს. ჩემი სიგრძე მეტრი და 70 სანტიმეტრია, წონა 52 კილოგრამი. არ იქნება ძნელი ჩემი მხარზე გადება და მიწაში ჩაფვლა. საფლავის გათხრაც არ იქნება ძნელი. დიდი-დიდი, ერთი საათი წაიღოს.

სანამ მზე ჩავა, გამიდებს მხარზე ჩემი ძმა, ერთსაც არ წამოიკვნესებს, ისე გამოიხურავს სახლის კარს და მიწაში ჩამდებს. კეფაც იმან გამიხვრიტა - უცხო კაცს თმაზე აფერებინებდიო.

ახლა შავ თმაზე წებოვანი სისხლის წვეთები, როგორც ყაყაჩო, ისე მახმება და ველოდები 5 წლით უფროს ძმას, რომ გამიდოს მხარზე და მიწაში ჩამდოს.

ველოდები ძმას, რომელსაც ადრე, ბავშვობაში, ტკბილეული უბით მოჰქონდა. ზოგს მე მომცემდა, ზოგს თვითონ დაიტოვებდა და იმ ჭრელ ხალიჩაზე, რომელზეც ახლა თეთრ ზეწარში გახვეული ვწევარ, ფეხმორთხმულები დიდხანს ვღეჭავდით ვანილის გემოს.

კაცი, რომელიც თმაზე მეფერებოდა - როგორც ღმერთი, ისე მიყვარდა. ან უფრო მეტად, ღმერთზე მეტად, აბა, ღმერთი როდის მომფერებია?

მის ნაკოცნ მკერდს ახლა თეთრი ზეწარი შემოტმასვნია და კერტები უკან ჩაუტრიალებია.

მის ნაკოცნ თვალებში ისეთი სიბნელეა, როგორც ბურკაში, რომელიც წუხელ, ძილის წინ ისე გავიძრე, აზრადაც არ მომსვლია, რომ დღეს მის მაგივრად თეთრ ზეწარში გამახვევდნენ.

დიდი მადლობა, ჩემო ძმაო, რომ შავი ბურკა შემიცვალე ამ თეთრი ზეწრით.

დიდი მადლობა, ჩემო ძმაო, რომ ამ საღამოს, მტვრიანი ქუჩის ბოლოს, ჩემს კაცს გაუხვრეტ ტყვიით საფეთქელს.

დიდი მადლობა, ჩემო ძმაო, რომ მოგვეხმარე გაქცევაში...

მერე რა, რომ თეთრ ზეწარში უსულოდ ვწევარ.

თეთრი ზეწარი შავ ბურკაზე მეტად მიხდება.

ნინო თარხნიშვილი – რადიო "თავისუფლების" ჟურნალისტი, მწერალი