გული ხურცილავა, 74 წლის, ქობულეთი
"მეშვიდე კლასში ვიყავი, რომ შემიყვარდა. ერთმანეთს არც კი ვიცნობდით, სიმღერებით გადავცემდით გრძნობებს.
როცა მის სოფელში ჩავიდოდი, მის მელოდიებს გავიგონებდი და მეც სიმღერებით ვპასუხობდი. ერთხელ, ჯარობაზე, სათამაშო მოედანზე შევხვდით და ცოლობა მთხოვა. შევეხვეწე, სკოლას დავამთავრებ, მუსიკალურ სასწავლებელში ჩავაბარებ და გამოგყვები-მეთქი. დამეთანხმა. სკოლის დამთავრების შემდეგ ჩამომაკითხა, მაგრამ ვერ გავბედე, ცოტა შემეშინდა. ერთი კვირა მელოდა ქობულეთში. მერე წავიდა. დავბრუნდებიო, შემპირდა.
იმავე საღამოს სახლში უცხო ადამიანები მოვიდნენ. მამას დაელაპარაკნენ. ჩაიცვიო, მამამ, სტუმრად მივდივართო. გზაში გავიგე, რომ ერთ-ერთ სოფელში, ახალგაზრდა კაცს ისეთი ქალი შეყვარებია, რომლის ცოლად მოყვანასაც ვერ შეძლებდა. ამ კაცის ოჯახი დიდი ხანია ეძებდა პატარა გოგოს, რომელსაც შერთავდნენ და იმ ქალთან დააცილებდნენ. არჩევანი ჩემზე შეუჩერებიათ და ეს საქმე სასწრაფოდ უნდა მოგვარებულიყო. გზაში რომ მივდიოდი, რამდენჯერმე დავაპირე გაქცევა, მაგრამ უკან მომაბრუნეს. მე ხომ მისი არც სახელი და არც გვარი ვიცოდი?! ჩემს მშობლებს დაემუქრნენ, თუ არ მიმათხოვებდნენ, სახელს გამიფუჭებდნენ. მამა დათანხმდა. მე ვინ მეკითხებოდა რამეს, მხიარული, ბავშვური ვიყავი და ამბობდნენ, გადაიტანსო. არცერთი დღე ბედნიერი არ ვყოფილვარ. ჩემი ქმრის ოჯახმა სახელიც კი შემიცვალა... სრულად წაიკითხეთ mshoblebi.ge-ზე