შუახნის ასაკის კრიზისის შესახებ თითქოს ყველას სმენია, მაგრამ, როგორც წესი, ამისთვის მზად არავინ არის. ადრე ითვლებოდა, რომ ეს "საპატივცემულო" მდგომარეობა მხოლოდ შუახნის შემომტანი-მამაკაცების ხვედრი იყო, რომელიც დაკავშირებული იყო მათ მიერ "მიღწეულის" შეფასებასთან. თუმცა, მას შემდეგ, რაც ქალებმა დაამტკიცეს, რომ პოლიტიკასა და ბიზნესში ღირსეული ადგილის დაკავება შეძლებიათ, ავტომატურად მოიპოვეს ამ "ტვირთის" ტარების უფლება.
უნდა აღინიშნოს, რომ ეს მდგომარეობა ხშირად გაჭიანურებული, მტანჯველი და მოულოდნელია (შეიძლება ადამიანს "თავს დაატყდეს" 30-45 წლის ასაკში). ის ქალური ბედნიერების "საშიში მტერია". ხომ გაგიგიათ, მტერი ახლოს გყავდესო. სჯობს შეისწავლოთ მისი "სტრატეგია" და ღირსეულად დაუხვდეთ!
რა ხდება ამ დროს
ყველა ქალისთვის, ასაკის მიუხედავად, ნაცნობია დეპრესიული მდგომარეობა, უიმედობის განცდა. ცხოვრება თითქოს აზრს კარგავს და მის მიმართ ინტერესი საგრძნობლად სუსტდება... ვთქვათ, რაღაც ისე ვერ არის - მაგალითად, ქმარი გაღიზიანებთ, შვილები ნერვებს გიშლიან, სამსახურში პრობლემებია, დაგღალათ ერთფეროვან ყოველდღიურობაზე ზრუნვამ... ერთი სიტყვით, ფიქრობთ, რომ ყველაფერი თქვენ წინააღმდეგაა მომართული. შედეგად ფარ-ხმალს ყრით და სწორედ აქედან იწყება სრული აპათია და ხსნად მხოლოდ საკუთარ ნაჭუჭში ჩაკეტვა მიგაჩნიათ. ყველაზე უსიამოვნო კი ის არის, რომ თავის ხელში აყვანა (ეს საქმე ქალებს კარგად გამოგვდის) ასეთ ვითარებაში საკმაოდ ძნელია. ამ შემთხვევაში სიტუაცია კონტროლს არ ექვემდებარება.
საიდან იღებს სათავეს ეს მდგომარეობა
ის სათავეს იღებს ბავშვური იმედებისა და მოლოდინისგან. ახალგაზრდობაში ცხოვრება გასხივოსნებულია "ფერადი" ოცნებებითა და განსახორციელებელი სამომავლო გეგმებით და ეს სძენს მას განსაკუთრებულ აზრს. რამდენიმე ათეული წლის შემდეგ კი უკვე ნათელი ხდება, აქვთ თუ არა ოცნებებს ახდენის შანსი. შუახნის ასაკის კრიზისი ნებისმიერ დროს შეიძლება აღმოცენდეს:
1. წარმოიდგინეთ, ყველაფერი ისე ვერ აეწყო, როგორც ახალგაზრდობაში გსურდათ და როდესაც 40 წელს მიუკაკუნებთ, ფიქრების ალყაში ექცევით, სინანული მოსვენებას არ გაძლევთ, მიგაჩნიათ, რომ ბევრი რამის გაკეთება შეგეძლოთ, მაგრამ შანსი ხელიდან გაუშვით. ცხოვრება კი არც ისე უსასრულოა, როგორც ოდესღაც გეგონათ.
2. თუ ყველაფერი "მოასწარით" და ისღა დაგრჩენიათ, კმაყოფილებას მიეცეთ, მაინც ჩნდება მტანჯველი ფიქრები, განცდა იმისა, რომ ყველაფერი დამთავრდა და ვეღარაფერს დაისახავთ მიზნად და ცხოვრებაც, შესაბამისად, აზრს კარგავს.
3. ყველაზე მტკივნეული ქალებისთვის მაინც სიბერის მოახლოებაზე ფიქრია და ეს იმდენად სტანჯავთ, რომ დროზე ადრე "იბერებენ" თავს და მის წინააღმდეგ ბრძოლის ნაცვლად თითქოს ბედს ეგუებიან.
როგორ მოიქცეთ?
მიიღეთ ასაკი, როგორც არსებული რეალობა. დასაწყისისთვის, უნდა გააცნობიეროთ, რომ რაღაც-რაღაცებს ნამდვილად ვეღარ შეცვლით. ამის გაგება კი იოლი არ არის. სწორედ ასეთი განცდებით "იკვებება" "ავადსახსენებელი" კრიზისი. ნუ ჩაიხვევთ გულში უარყოფით ემოციებს, პირიქით, გამოაძევეთ ისინი! ერთხელ და სამუდამოდ გამოიტირეთ თავი და ახალი ცხოვრება დაიწყეთ. ეს ერთგვარი კათარზისი იქნება. გახსოვდეთ, ღამეს ყოველთვის მოსდევს დღე! შუახნის კრიზისი კოშმარულ სიზმარს ჰგავს: ის ერთად უყრის თავს შიშს, ფორიაქს, კომპლექსებს, მაგრამ ეს პერიოდიც სიზმარივით გაქრება.
ნუ დაუპირისპირებთ თქვენს დღევანდელ ცხოვრებას ახალგაზრდობისდროინდელ ოცნებებს. იქნებ ის, რასაც ახლა აკეთებთ და როგორც ცხოვრობთ, თქვენი ჭეშმარიტი დანიშნულებაა?!
თუ ამ მოსაზრებას არ იზიარებთ, გვიანი არც ახლაა ახალი წამოწყებებისთვის. განაგრძეთ პიროვნული განვითარება და თავად დარწმუნდებით, რომ კიდევ ბევრ საინტერესოს აღმოაჩენთ საკუთარ თავში.
შეიძლება, ეს რჩევები დღეს არაფრად ჩათვალოთ, მაგრამ აუცილებლად დადგება ის დღე, როდესაც მიხვდებით, რომ ცხოვრება ყოველთვის მშვენიერია და მომავალში ის კვლავ მრავალ ლამაზ სიურპრიზს მოგიმზადებთ!
თათია ბეჟიტაშვილი
ჟურნალი "... და ქალი" (თებერვლის ნომერი)