ანტიკური ქვეყნების მკვიდრნი სამყაროს განსხვავებულად აღიქვამდნენ, და არა მხოლოდ დედამიწის ფორმას...
უძველეს დროში ადამიანები სხვანაირად უყურებდნენ საკუთარ თავს, სიცოცხლეს, სიკვდილს. მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი ეკავა ღმერთებს. სხვაგვარი დამოკიდებულება იყო სექსის მიმართაც.
ძველ ეგვიპტეში სექსი ჰქონდა ყველას - უკვდავ ღმერთებს და მოკვდავ ადამიანებს. ეგვიპტელებს სწამდათ, რომ სქესობრივი ცხოვრება სიკვდილის შემდეგაც გრძელდებოდა. გარდაცვლილ მამაკაცებს სარკოფაგებსა და საფლავებში თიხისგან დამზადებულ ფალოსებს ატანდნენ. ეს ტრადიცია ღმერთებზე თქმულებას უკავშირდება. ლეგენდის თანახმად, მოკლული ღმერთის, ოსირისის (ერთ-ერთი უმთავრესი ღვთაება, მიცვალებულთა მფარველი და მსაჯული) მეუღლემ - ისიდამ, ხანგრძლივი ძიების შემდეგ, ქმრის დანაწევრებული სხეულის ყველა ნაწილი იპოვა, ასოს გარდა. ისიდამ ის თიხისგან გამოძერწა და გარდაცვლილ მეუღლეს სიცოცხლე ასოდან შთაბერა. არსებობს მოსაზრება, რომ ორალური სექსის კულტურა სწორედ აქედან მოდის.
სექსუალური კავშირები ნათესავებს შორისაც არ იკრძალებოდა. ფარაონების დინასტიებში მამებისა და მათი ქალიშვილების, და-ძმების, ბიძაშვილების ქორწინებები სავსებით მიღებული იყო. ფარაონთა დინასტიებში ამ გზით სისხლის სისუფთავის შენარჩუნებას ცდილობდნენ.
მესოპოტამიის ძველმა მკვიდრებმა საკუთარ უმთავრეს გამოგონებას - დამწერლობას სათანადო გამოყენება მალევე მოუძებნეს. ქაღალდზე გაწერილი კანონები და კოდექსები სქესობრივ ურთიერთობასაც მოიცავდა. ნოყიერ შუამდინარეთში დაქორწინებული ქალი ქმრის საკუთრება ხდებოდა. ამიტომაც ღალატი სხვისი პირადი ქონების ხელყოფად აღიქმებოდა. გათხოვებამდე ქალს სქესობრივ ცხოვრებას არავინ უკრძალავდა. არ იკრძალებოდა პროსტიტუციაც.
სპარსული მმართველობის პერიოდში (დაწყებული ქრისტეს შობამდე VI საუკუნიდან), უცხო კულტურის გავლენამ სექსის მიმართ ადგილობრივთა დამოკიდებულება შეცვალა. სექსი მხოლოდ სიამოვნების მისაღებად აღარ დაიშვებოდა. წაიკითხეთ სრულად