ბლოგი

5 მიზეზი, თუ რატომ უნდა შეიყვარო ზამთარი

5 მიზეზი, თუ რატომ უნდა შეიყვარო ზამთარი
მალე დეკემბერია. ფერადი შემოდგომის შემდეგ ჭაღარა ზამთარი შემოგვეპარა... ერთი, ორი, სამი... სამ თვეში გაზაფხულია! - თავს ვიმშვიდებ და ცხელ ჩაის ვწრუპავ. კაცმა რომ თქვას, რას ვერჩით ზამთარს? რატომ ავითვალწუნეთ? რამდენი მინუსიც აქვს, პლუსიც იმდენივე აქვს.
ამაზე არ გიფიქრიათ? არცაა საჭირო, თქვენ მაგივრადაც მე ვიფიქრე. აი, ბოლო ყლუპსაც მოვსვამ და ზამთრის შეფასება-დაფასება-შეყვარების ჩემეულ რეცეპტს შემოგთავაზებთ...
ცხელი ჩაი, ბუხარში ცეცხლის მზე. კეთილი იყოს შენი მობრძანება, ზამთარო...
ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, დავასკვენი, რომ ზამთართან დაკავშირებით ორი რამ მაქვს
თქვენთვის სათქმელი: კარგი და ცუდი. რომლით დავიწყო?

I


  • მინუსი N1

"ზამთარიაა, სიცივეააა..." ეს უკვე საშინელი დისკომფორტია. სიცივე მოძრაობის ხალისს გიკარგავს. გინდა მთელი დღე სავარძელში იჯდე პლედმოხვეული და ტელევიზორის პულტის ღილაკებზე თითის დაჭერაში გაიყვანო დრო. უმზეო, ჩამუქებული დღე კი დეპრესიისკენ გიბიძგებს. გეჩვენება, რომ ცხოვრება ერთი დიდი მოწყენილობაა და სხვა არაფერი... უყურებ შენს თბილ ჩუსტებზე მოკალათებულ, მთვლემარა ფისოს და ფიქრობ: "რა განსხვავებაა, ახლა მე და ამას შორის?"

  • პლუსი N1

ზამთარი-სიმყუდროვის დედაა. ააგიზგიზე ბუხარი (უბუხროდაც შეიძლება ფონს გასვლა. ჩართავ "კარმას" აანთებ სანთლებს და ეგაა), მის წინ პატარა მაგიდა დადგი, ცხელი ჩაი, მეუღლის საყვარელი მურაბა, ფუნთუშები... ან სულ არ გინდა მაგიდა, ხალიჩაზე ფეხმორთხმით მჯდომმა ფუჟერი ღიმილით გაუწოდე შენს საყვარელ ადამიანს. დაგისხამს, იტყვის... მიუწკარუნებთ ერთმანეთს ბროლის სასმისებს და მერე...

თუ ჯერჯერობით მარტო ხარ და "ის" მისდა სამწუხაროდ ჯერ არ შეგხვედრია, სულაც არაა ტრაგედიაა. დატკბი თავისუფლებით, გაინებივრე თავი. სულ არაა სავალდებულო ჭიქა ვინმეს მიუჭახუნო. უფრო შინაარსიანი რამის მოფიქრებაც შეიძლება. მთელი წლის მანძილზე უამრავი რაღაც მოხდა შენს ცხოვრებაში. ასე არაა? შესანიშნავი შანსი გეძლევა მყუდროდ მოკალათდე და განვლილი წელი გაანალიზო. ჩართე საყვარელი მუსიკა, მოიდუღე ყავა, ან ჩაი, იქნებ ყლუპი კონიაკი გირჩევნია? იფიქრე, გაიხსენე, გაიღიმე...

II


  • მინუსი N2

დაჩიავებული დღე. ჰო, დღე იმდენად დაპატარავდა, რომ ვეღარაფერს ასწრებ ადამიანი. იღვიძებ, მიდიხარ სამსახურში და სანამ სამუშაო დღე დამთავრდება, უკვე ბინდდება. ღამე და სიცივე კი სეირნობის სურვილსაც გიკლავს, საყიდლებზე წასვლისასაც და კაფეში შევლისასაც. ისღა დაგრჩენია სახლში დაბრუნდე და ინტერნეტის უზამთრო სივრცეში შეტოპო, სადაც შენსავით მოწყენილი ადამიანები მეგობრობანას თამაშობენ და თავს "ლაიკების" დათვლით ირთობენ...

  • პლუსი N2

ის დრო, რომელიც სეირნობას აკლდება, საქმეს ემატება. შეგიძლია თაროები გამოალაგო, ძველი ნივთები გადაყარო, ახლებს ადგილი მიუჩინო, დაალაგო. სახლის დალაგება კი პირდაპირ კავშირშია ნერვების "დალაგებასთან." როგორც კი უჯრებს, თაროებს მოაწესრიგებ, თავს მხნედ და ხალისიანად იგრძნობ. შეგიძლია ქმრის პერანგს დიდი ხნის წინ აწყვეტილი ღილი მიაკერო და სანაცვლოდ "აწყვეტილი" კოცნა მოსთხოვო. მოკლედ, უამრავი ისეთი რაღაცის მოფიქრება შეიძლება, ერთდროულად სასარგებლოც რომაა და სასიამოვნოც.

III


  • მინუსი N3

გამომშრალი კანი. ზამთარში კანს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. ზაფხულ-შემოდგომით იოლია: აიღებ ხილს, ჩაკბიჩავ, ჩაიგემრიელებ. მეორეს აიღებ-დაარბილებ, მიჭყლიტ-მოჭყლიტავ და სახე-დეკოლტის მიდამოებსაც "დააპურებ." იოლია, სახალისო, იაფი და გემრიელი. ზამთარში კი... უყურებ შენს გამომშრალ ხელებს და არათუ ნიღბის მომზადების, ხელზე კრემის წასმის ხალისიც გეკარგება...

  • პლუსი N3

მე თუ მკითხავთ, ზაფხულში სულ არაა სასიამოვნო სახემოთხუპნული გაუნძრევლად იწვე, თან ყოველ წუთს შეიძლება მეგობრებმა დაგირეკონ და გასართობად წასვლა შემოგთავაზონ. ხომ არ ეტყვი, ახლა არ შემიძლია, კისრამდე ჟოლოში ვარ ჯეკ! ზამთარში მეტი საქმე მაინც არაფერი გვაქვს. თავსაც გავირთობთ სახის ნიღბის მომზადებით და კანსაც გავიახალგაზრდავებთ.

უამრავი ნიღაბია ისეთი, რომელიც ზამთარში კანს დაგვირბილებს, დაგვინოტივებს, გამოკვებავს, ელასტიურობას შესძენს და სახლის პირობებშიც იოლად მომზადდება. აი, მაგალითად: მოათავსეთ ჭურჭელში თითო ჩაის კოვზი დაჭრილი ნედლი პიტნა, გამხმარი ბაბუაწვერა და ჭინჭარი (ნებისმიერ აფთიაქში იყიდება), დაასხით 2 სადილის კოვზი წყალი და წამოადუღეთ. ოდნავ რომ შეგრილდება, შეაზილეთ 1 სადილის კოვზი თაფლი და 1 სადილის კოვზი ხაჭო. მიღებული მასა სქლად წაისვით სახეზე, წამოწექით და გაიჩერეთ 20 წუთი. შემდეგ ჩამოიბანეთ თბილ წყალში გახსნილი ლიმონის წვენით. ჩაიხედეთ სარკეში და ორეულს გაუღიმეთ.

IV


  • მინუსი N4

რა ჩავიცვა? ასეა, აცივებას ჩაცმასთან დაკავშირებული პრობლემებიც მოჰყვება ფეხდაფეხ. შარშანდელ ჩექმას ლანჩა აქვს ამძვრალი. ქუსლიც გამოსაცვლელია. თუ ჯიბე გასწვდება, ახლით ჩაანაცვლებ, თუ არადა ისევ გარიკას ჯიხურში მოგიწევს მისვლა, მისი ქაღალდში გახვეული თუთუნის ბოლის შესუნთქვა და ნახევრად შიშველი ქალების ფოტოებით აჭრელებული კედლების თვალიერება. ჰო, კიდევ: აბრაზე ოკრო-ბოკრო ასოებით მიწერილი ორი სიტყვის ამოკითხვა: "ტუფლების რემონტი." მოკლედ, ყიდვა ჯობია...

ყუთიდან ლაბადას იღებ. უკეთეს შემთხვევაში ნაფტალინის სუნით გაჟღენთილს, უარეს შემთხვევაში კი - ჩრჩილის დაგემოვნებულს. ლაბადა... ძველი მეგობარივითაა. რამდენიმე სეზონზე ერთგულად გემსახურა, ჭირსა და ლხინში არ გშორდებოდა, მაგრამ წელს უნდა გამოეთხოვო. მობეზრებას რომ თავი დავანებოთ, ძველმოდურია. მოკლედ, ესეც საყიდელია.

კაშნე... მადლობა ღმერთს, კაშნე, ქუდი და ხელთათმანი უპრობლემოები არიან. არც ქუსლი ებრიცებათ და დიდად არც მოდას დაგიდევენ... ასეა თუ ისე, გარდერობის განახლებას ვერსად წაუხვალ. მის უცივებულესობა ზამთარს სულ არ აინტერესებს გაქვს თუ არა ფინანსები...

  • პლუსი N4

კარგი რამაა ჩექმა. ახალი და მოდური - ორმაგად კარგი. თუ ფეხის ფორმა ხელს გიწყობს და მაღალყელიან ჩექმას მოკლე ქვედაბოლოს შეუხამებ, შეუდარებელი იქნები. ლაბადის გახდა კი უფრო მეტი სიამოვნებაა, ვიდრე მისი ჩაცმა. ჰო, რაა აქ გაუგებარი? წარმოიდგინე, დაბადების დღეზე მიხვედი. ცხადია, დაგვიანებით, რომ ყველა სტუმარმა თავი შენკენ მოაბრუნოს.

ღილებს კეკლუცად იხსნი, სტუმართაგან ყველაზე სიმპათიური ჯენტლმენი შენკენ მოდის და დახმარებას გთავაზობს. შენ თანხმობის ნიშნად უღიმი. მისი დახმარებით ლაბადა გცილდება და ეფექტი: მაღალყელიანი ფეხსაცმლიდან ამოზრდილი ფეხები... ნუ, დანარჩენი თავისთავად: გოგოების შურიანი და ბიჭების აღფრთოვანებული მზერა...
უჰ, კარგი რამაა, რაა ზამთარი...

V


  • მინუსი N5

წელიწადის დროები ცხოვრების ეტაპებს ჰგავს: გაზაფხული-დაბადება, ზაფხული-ახალგაზრდობა, შემოდგომა-შუახნის ასაკი და ზამთარი-სიბერე... ბებერი ზამთარი, ჭაღარა ზამთარი... სევდიანად ჟღერს... თითქოს ბოლოში ჩახვედი, თითქოს დასასრულია. ცივი და უიმედო დასასრული... აღარსად იგრძნობა ყვავილების სურნელი, აღარ ისმის ჩიტების ჭიკჭიკი, აღარ ჩანან ფრთაჭრელი პეპლები. ჰო, სიბერეს ჰგავს. უკან დარჩა გართობა, თავგადასავლები, მზე, ჟრიამული... ეჰ...

  • პლუსი N5

ცხოვრებისგან განსხვავებით, წელიწადის დროებს აშკარა უპირატესობა აქვთ: ყოველ ზამთარს გაზაფხული მოჰყვება. ანუ ადამიანს ცხოვრებაში უამრავჯერ გეძლევა შანსი სიბერიდან ახალგაზრდობაში გადაინაცვლო.

ხანდაზმულობასაც აქვს თავის ხიბლი: სიმშვიდეში ცხოვრობ, გასაკეთებელი უკვე გაკეთებულია, ახლა შეგიძლია ცხოვრებით დატკბე. შვილიშვილებს თმები დაუწნა, ბუხარს შეშა შეაშველო, იკითხო, ქსოვო, შენს მოხუცს გაუღიმო... გარანტირებული გაქვს, რომ სამსახურში შემცირებაში არ მოყვები და არც უფროსის შენიშვნების მოსმენა მოგიწევს.

კიდევ - სულ არ ხარ ვალდებული სიცივეში, წვიმასა და ქარში გამთენიისას ადგე, რათა საქმიან შეხვედრაზე არ დააგვიანო. მოკლედ, როგორც იქნა, დადგა დრო, როცა შეგიძლია შენს გემოზე, შენს ნება-სურვილზე იცხოვრო. განა ეს შესანიშნავი არაა?

ეპილოგი


  • კონცენტრირდით ზამთრის პლუსებზე, ცივი ადამიანების დადებით მხარეებზე, ჩაუღრმავდით სიტყვათა შეთანხმებას "ტკბილი სიბერე" და იგრძნობთ, რომ ცხოვრება ყველა ეტაპსა და ყველა სეზონზე მშვენიერია. ნურც იმას დაივიწყებთ, რომ წელიწადის არცერთ დროს არაა ამდენი დღესასწაული, რამდენიც ზამთარში. ჰოდა, იზეიმეთ, გაუღიმეთ, შეიყვარეთ ზამთარი!

ნათია როსტიაშვილი
ჟურნალი "და ქალი"
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 1 /
ნინა
როგორი კარგი და თბილი სტატიაა. თბილისში თოვლი და სახლში ფინანსები გარდერობის გასაახლებლად რომ გვიწყობდეს ხელს ძალიან კარგი იქნებოდა :/
20:01 / 02-12-2015
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93