ერთი გული ხუთი ახალშობილისთვის: ტყუპების სევდიანი ისტორია
მშობლებისთვის მათი დაბადება მოულოდნელი იყო. ფერმერი ცოლ-ქმარი სიღარიბის ზღვარზე იყო, როდესაც ოჯახში ხუთი ბავშვი გაჩნდა. მათი მოვლა, სავარაუდოდ, კრახით დასრულდებოდა, თუ არ მიხვდებოდნენ, რომ ხუთ გოგონაზე ფულის გამომუშავებაც შეიძლებოდა.
მე-20 საუკუნის შუა ხანებში მედიცინის განვითარებასთან ერთად, უფრო და უფრო ხშირად იბადებოდნენ ტყუპები. მართალია, დღესაც იშვიათობაა რამდენიმე ბავშვის ერთად დაბადება, მაგრამ აჟიოტაჟს მაინც არ იწვევს საზოგადოებისგან.
მაგრამ, როდესაც 1934 წელს ერთი ჩვეულებრივი ფერმერის ოჯახში ხუთი შვიდთვიანი ტყუპი დაიბადა, ეს მართლაც ძნელი დასაჯერებელი იყო. ისინი ონტარიოს პროვინციის ჩრდილოეთით, პატარა სოფელში ცხოვრობდნენ.
ფერმერის ცოლი ხვდებოდა, რომ ტყუპებზე იყო ორსულად, მაგრამ ვერც კი გაიფიქრებდა, ხუთ ბავშვს თუ გააჩენდა. ბავშვები სახლში დაიბადნენ, როგორც ახალშობილების უმრავლესობა იმ დროს. ფერმერებს სახლში არც წყალი და არც ელექტროობა ჰქონდათ. ელზაირ დიონს, ფერმერის ცოლს, მშობიარობის დროს ორი ბებიაქალი და ერთი ექიმი ეხმარებოდა, რომელიც დარწმუნებული იყო, რომ ერთ-ერთი ბავშვი ვერ გადარჩებოდა. ის საოცრად გაკვირვებული დარჩა, როდესაც ყველა მათგანი ცოცხალი დაიბადა. მათ სესილია, ანეტი, მარი, ემილი და ივონი დაარქვეს. ახალშობილების საერთო წონა მხოლოდ 3 კილო იყო. ელზაირს არ ჰქონდა საკმარისი რძე. ამიტომ ყოველ ორ საათში ბავშვებს წყლის, სიმინდის სიროფის, ძროხის რძისა და რამდენიმე რომის წვეთის ნაზავს ასმევდნენ.
ბავშვების ჯადოსნურ დაბადებაზე ამბები მალევე გავრცელდა მთელ ჩრდილოთ ამერიკაში - კანადის ყველა კუთხიდან სთავაზობდნენ ოჯახს დახმარებას, უგზავნიდნენ ტანსაცმელს და რჩევებსაც კი აძლევდნენ. მაგალითად, ერთ-ერთ წერილში ავტორი ირწმუნებოდა, რომ ახალშობილებისთვის მიეცათ ხორბლის ვისკის პატარა დოზა დიარეის თავიდან ასაცილებლად.
ახალშობილების დედა დასუსტებული იყო - ზედმეტად ბევრი ბავშვის მოვლა უწევდა. მან გადაწყვიტა, გამოფენაზე გაეყვანა თავისი ახალშობილები, რომ ეჩვენებინა ხალხისთვის სასწაული. მართალია, გიჟურად ჟღერს, მაგრამ იმ დროში ეგრეთ წოდებული ინკუბატორის ბავშვების გამოფენაზე გაყვანა იშვიათობა არ იყო. ისინი მხოლოდ რამდენიმე თვის იყვნენ.
მალე საქმეში ხელისუფლება ჩაერია - მათი აზრით, ფერმერის ოჯახს არ შეეძლო ახალშობილების აღზრდა. ამიტომ ბავშვების მეურვე - ექიმი დაფე გახდა.
ექიმს საკუთარი ინტერესები ამოძრავებდა. მას გახსნილი ჰქონდა დაწესებულება „დაფეს საავადმყოფო და საბავშვო ბაღი“, რომელიც სწორედ ასეთი ბავშვებისთვის იყო აშენებული. ეს ადგილი ბავშვებისთვის მეორე სახლი გახდა.
გოგონებმა ამ შენობაში 10 წელი დაჰყვეს, სანამ თავიანთ მშობლებს დაუბრუნდებოდნენ.
შენობა შემოსაზღვრული იყო მოედნით, სადაც ნებისმიერ სტუმარს შეეძლო ბავშვებისთვის თვალყურის დევნება. შენობაში ათი ოთახი იყო. გოგონებს სამი მედდა უვლიდა და სამი პოლიციელი იცავდა.
ბავშვები ყოველ დილით ერთად იცვამდნენ დიდ სააბაზანო ოთახში, სვამდნენ ფორთოხლის წვენს და თევზის ქონს, შემდეგ გოგონებს უვარცხნიდნენ თმებს, ლოცულობდნენ და საუზმობდნენ, რომლისთვისაც ზუსტად ნახევარი საათი იყო გამოყოფილი დრო. საღამოს, ზუსტად 6 საათზე ვახშმობდნენ, 10 წლის განმავლობაში.
თითოეულ ბავშვს ჰქონდა საკუთარი აღმნიშვნელი ფერი და მათი ნივთებიც ამ ფერით განსხვავდებოდა.
დღეში გოგონებს 6000 მნახველი ჰყავდათ. შენობის მოპირდაპირე მხარეს გაიხსნა სუვენირების მაღაზია, სადაც იყიდებოდა ბავშვები ფოტოები, კოვზები, ჭიქები, კანფეტები ბავშვების სურათების პრინტით. ასევე იყიდებოდა „სასწაულმოქმედი ქვები“ ფერმერების ოჯახიდან. გამყიდველები ხალხს არწმუნებდნენ, რომ ის მაგიურ ძალას შეიცავდა.
გოგონების სახეებს შეხვდებოდით ყველგან: რეკლამებში, პლაკატებზე. შეიქმნა მათი იდენტური თოჯინები.
მაგრამ გოგონები ამ ყველაფერს მოწყვეტილები იყვნენ. ისინი მონოტონურად ცხოვრობდნენ და იცავდნენ დადგენილ რეჟიმს. დიონები ერთგვარი პატიმრები და კვლევის ობიექტები იყვნენ, მიუხედავად იმისა, რომ მომვლელები ძალიან კარგად ექცეოდნენ.
როდესაც ბავშვებს 9 წელი შეუსრულდათ, საკუთარ მშობლებს დაუბრუნდნენ. ამ დროისთვის გოგონების მამას აშენებული ჰქონდა დიდი სახლი 20 ოთახით, სადაც ცხელი წყალი და ელექტროენერგია იყო.
გოგონები ჯერ 18 წლისაც არ იყვნენ, რომ წამოვიდნენ ოჯახიდან და გაწყვიტეს ურთიერთობა დედ-მამასთან. მათი თქმით, მშობლები ზედმეტად მკაცრად ექცეოდნენ, მედდებთან შედარებით. მათი ცხოვრება განსხვავებულად გაგრძელდა. ემილი მონაზვნად აღიკვეცა და 20 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის ეპილეფსიით იყო დაავადებული. საკანში მარტო მყოფს შეტევა დაეწყო და გაიგუდა, რადგან არ ჰქონდა საკმარისი ძალა, ბალიშიდან თავი რომ აეწია.
მარი 36 წლის ასაკში გაუგებარ ვითარებაში გარდაიცვალა. მართალია, ისიც გეგმავდა მონაზვნად აღკვეცას, თუმცა სუსტი ჯანმრთელობისა და მოწყენილობის გამო გოგონა ელიტის წრეში გაერია. ის გათხოვდა და ორი შვილი გააჩინა, რომლებიც თავშესაფარში მოათავსეს წყვილის დაშორების შემდეგ. მარის დეპრესია დაეწყო. მისი დები ანერვიულდნენ, რადგან მარისგან რამდენიმე დღე არაფერი სმენოდათ. ექიმი შევიდა გოგონას ბინაში და ის რამდენიმე დღის გარდაცვლილი იპოვა. მისმა ყოფილმა მეუღლემ განაცხადა, რომ გარდაცვალების მიზეზი ტვინში სისხლჩაქცევა იყო.
ანეტი და სესილიაც ცდილობდნენ ოჯახის შექმნას, თუმცა უშედეგოდ. მათ ძალიან უყვარდათ ერთმანეთი და მოგვიანებით ერთად გადავიდნენ საცხოვრებლად. სესილიასაც გაუჩნდა ტყუპი, თუმცა ერთ-ერთი მათგანი მალევე გარდაიცვალა.
ივონსაც არ შეუქმნია ოჯახი, ის მარტო ცხოვრობდა.
დებმა სასამართლოში იჩივლეს და ხელისუფლებისგან კომპენსაციად 4 მილიონი დოლარი მიიღეს. „უკვე ზედმეტად გვიანია ჩვენი დაღუპული ცხოვრებისთვის“, - ასეთი კომენტარი გააკეთეს დიონებმა.
ამ ფულმა მათ ბედნიერება ვერ მოუტანა. სესილიას შვილმა ფულის დიდი ნაწილი ინვესტიციებში ჩადო, თუმცა არ გაუმართლა. კვლავ აიღო დედამისის ფული, მალევე საერთოდ გაქრა და დედამისი სიღარიბის ზღვარზე დატოვა. ახლა სესილია პანსიონატში ცხოვრობს.
დღეს ტყუპებიდან ცოცხალი ორი და - ანეტი და სესილიაა.
თათა ბერაძე