ბლოგი

„ბებო, შენ არ ხარ მარტო!“: ყველაზე ემოციური საჩუქარი მოხუცებს

„ბებო, შენ არ ხარ მარტო!“: ყველაზე ემოციური საჩუქარი მოხუცებს
ყოველთვის, როცა გარეთ ცივა და ქარია. ან თოვს და ყინვა ლამაზად მოხატავს ფანჯრების მინებს, მე ფიქრს ჩემს საყვარელ ბებოზე ვიწყებ.
სოფელში უკვე მოთოვა. მდუმარე სახლის კედლებს ღუმლის გუგუნი ავსებს. ბებო იქ მარტო ცხოვრობს. თავს ტელევიზორის ყურებით ირთობს. როცა საქმეებს მოილევს, ხან თვითონ სტუმრობს მეზობელს, ან მასთან გადმოდიან სტუმრად, ყავაზე. თუმცა, რომ ჰკითხოთ, გასართობად სულ არ სცალია. სახლში ხომ იმდენი საქმეა...

უცნაურია ბებო. რამდენი ვეხვეწეთ, მაგრამ არ მოგვყვება ქალაქში საცხოვრებლად. რომ ჩამოგვყავს, ჩვენთან ყოფნა უხარია, მაგრამ
ბოლოს, გული მაინც თავისი სახლ-კარისკენ მიუწევს. უკვირს, როგორ ვძლებთ ქალაქში, ოთხ კედლებში გამოკეტილ სახლებში... ეზოსა და მიწის გარეშე.

ბებოს მიწაზე ფუსფუსიც უყვარს. ეზოში ყვავილებს უვლის. ძალიან სევდის მომგვრელია იმაზე ფიქრი, რომ ოდესღაც შენც მოხუცდები. დღეების უმეტეს ნაწილს სიჩუმეში გაატარებ. ამ აჩქარებულ დროში, სადაც ყველას სადღაც გვეჩქარება, მოხუცებისთვის დრო არავის გვრჩება. ვეღარ ვუთმობთ ბებიებს და ბაბუებს სათანადო ყურადღებას და ეს ძალიან სამწუხაროა. ტელეფონით მოკითხვის დროსაც, ხშირად ვცდილობთ, სათქმელი მალე დავამთავროთ და დავუბრუნდეთ ყოველდღიურ რუტინას. ბევრი საქმე მოვასწროთ მოკლე დროში, რომელიც არასდროსაა საკმარისი.

ვიცი, რომ ბებოსთვის დრო სხვანაირად გადის... დღეები ნელა მიიზლაზნება. ბებო ალბათ კედლის კალენდარზე ითვლის დღესასწაულებამდე დარჩენილ დღეებს, რომ შვილები და შვილიშვილები ისევ ნახოს...
ბებიასთან პატარაობიდანვე განსაკუთრებული, მჭიდრო ემოციური კავშირი მქონდა. მე მისი ნაბოლარა შვილიშვილი ვიყავი, რომელიც არდადეგებზე სტუმრობდა და აბედნიერებდა. ბებოს, ჩემგან განსხვავებით, ყოველთვის ჰქონდა ჩემთვის დრო. მახსოვს, დიდ სქელყდიან ძველებურ ალბომს გადმოიღებდა და შავ-თეთრ ფოტოებს მათვალიერებინებდა. არ ბეზრდებოდა და ყოველი ფოტოს ისტორიას მიამბობდა. ბებო ხშირად დადიოდა მივლინებებში. ბევრ კურორტზე იყო ნამყოფი და ფოტოების გადაღება განსაკუთრებით უყვარდა.

ალბათ, ახლაც, როცა მარტოობის შეგრძნება განსაკუთრებით შეაწუხებს და როცა სახლში გამეფებული სიჩუმე სევდიან ხასიათზე აყენებს, ძველებური განჯინის უჯრიდან ფოტოწიგნს ამოიღებს... ფოტოწიგნი შარშან, ახალ წელს ვაჩუქე. მისი ოთხივე შვილიშვილის და ერთი შვილთაშვილის ფოტოები შევაგროვე და წიგნად დავუბეჭდე. არაფერი ისე არ გახარებია, როგორც ეს საჩუქარი... გონებიდან არ ამომდის ის მომენტი, როდესაც ალბომს შლიდა და ყოველი მომდევნო ფურცლის შემხედვარე, თვალები პატარა ბავშვივით უბრწყინავდა. მაშინ მივხვდი, რომ საუკეთესო საჩუქარი გავუკეთე მას!


ჰო, მოხუცები ბავშვებს ჰგვანან... მათ ბავშვებივით სწყინთ უმნიშვნელო რაღაცები და ბავშვებივით უხარიათ.
ერთი თვეც და შობა-ახალი წელი მოვა! წელიწადის ყველაზე ჯადოსნური დღეები, როცა ყველაზე ახლობელი ადამიანები ერთად იკრიბებიან. მალე ბებოც ჩვენთან იქნება! ცივ ზამთარს ისევ ერთად გავატარებთ, ისევ ვიმოგზაურებთ წარსულის მოგონებების ფურცლებზე და ისევ მოვუყვებით ერთმანეთს ბევრჯერ მოსმენილ ამბებს.

ხშირად დაურეკეთ მოხუცებს და აგრძნობინეთ, რომ მუდამ გახსოვთ და გენატრებათ. მალე ახალი წელია! აჩუქეთ ემოციები ბებიას და ბაბუას! მათი გახარება ხომ ძალიან ადვილია...
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93