ქართველი ემიგრანტი ც. ს. სოციალურ ქსელში საკუთარ პრობლემაზე წერს, რომელიც საზოგადოებაში განხილვის საგნად იქცა. წერილს უცვლელად გთავაზობთ:
“პირველი სერიოზული საუბარი ჩემსა და ჩემს შვილს შორის. “ამდენი წელი რატომ მიმატოვე?”
ვაუ, გავშრი ამ კითხვაზე, თვალებში რაღაც თეთრი გადამებლანდა, თავბრუ დამეხვა, ძლივს ამოვისუნთქე.
დავიწყებ იქიდან, რომ არასდროს არ მიმიტოვებიხარ. ცხოვრებამ მოიტანა, რომ მე ცხრა მთას იქით გადმომაგდო და შენ საქართველოში იყავი. მე რომ საზღვარგარეთ არ წამოსულიყავი, ან შიმშილით დავიხოცებოდით, ან ყინვა გაგვყინავდა. სამწუხაროდ, მთელი ცხოვრება პატრიარქი ვერ შეგვინახავდა და ისეთი იღბლიანი არ აღმოვჩნდი, როგორც მამაშენის მეორე ცოლი, რომელსაც ბინა დაუტოვა. მე მამაშენმა არც ბინა მომცა და არც არაფერი. 20 წლის დაბნეულმა და შეშინებულმა ბავშვმა ჩემით რაც მოვახერხე, იმაზეც მადლობა უფალს. გადავარჩინე ოჯახი და რომ არა ჩემი მუხლჩაუხრელი შრომა, არაფერი არ გვექნებოდა.
ახლა ვფიქრობ, რომ არ წამოვსულიყავი, საქართველოში რა იქნებოდა?! გაიზრდებოდა სოფელ ვაჩნაძიანში უბედურად. მე სად ვიმუშავებდი? განა რამდენს ვიშოვიდი, რომ მისთვის კარგი განათლება მიმეცა? სახლი არ გვექნებოდა და კარი?! მოაკითხავდა კი მამამისი, როცა ჩემთან ერთად მარტო იცხოვრებდა? როგორ შევინახავდი ოჯახს?
ეს როგორი დამაბნეველი კითხვა დამისვა. პასუხს ვერ ვპოულობ, არ ვიცი, რა ვთქვა. როგორ და რანაირად ავუხსნა. თან მინდა, ისე ვთქვა ყველაფერი, რომ რაიმე ცუდი არ წამომცდეს მამაზე, რომელიც ასე ძალიან უყვარს?!
დამეხმარეთ, მირჩიეთ, როგორ მოვიქცე. როგორ გავცე ამ კითხვას პასუხი? ვაითუ ვერ გამიგოს?!
ასეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს რაღაცნაირი ზღვარი ჩნდებს ჩვენ შორის.
ემიგრანტო დედებო, თქვენც ხომ იგივე პრობლემები გაქვთ, გქონდათ, როგორ გაართვით თავი? რა უთხარით თქვენს შვილებს? რატომ დატოვეთ ისინი? რატომ წამოხვედით საშოვარზე? რატომ?
ნუთუ ყველაზე დიდი შეცდომა მაშინ დავუშვით, როცა დავტოვეთ? ჩვენი შვილები ჩვენზე გაბრაზებულები არიან. ალბათ არასდროს გაუვლით ეს სიბრაზე, სანამ თავადაც მშობლები არ გახდებიან და გაიგებენ, რას ნიშნავს მშობლობა. როცა საკუთარი შვილის გულისთვის ყველაფერზე წამსვლელი ხარ. როცა მისი კეთილდღეობისთვის ერთი წლის ბავშვს ძუძუდან მოიგლეჯ და მიდიხარ. სად და ვისთან მიდიხარ, თავადაც არ იცი. მიდიხარ ქვეყანაში, სადაც ენაც არ იცი, მუშაობ 24 საათი, კარჩაკეტილი, სხვის მოსამსახურედ, ისე, რომ სუფთა ჰაერის ჩასუნთქვაც კი გენატრება. თავს იკლავ, ბოლო კაპიკს აგროვებ, რომ შვილებს მომავალი შეუქმნა.
დაბოლოს, როცა ყველაფერი ლამაზად უნდა დაგვირგვინდეს, გესმის კითხვა, რატომ მიმატოვე?
მე რატომ მიმატოვეს, მე? რატომ მიმატოვა დედამ, რომელსაც გაჩენის დღიდან ვძულვარ? მამამ, რომელსაც ჩემი ნახვა არ უნდა?! ქმარმა, რომელზედაც ვგიჟდებოდი და მზე და მთვარე ამომდიოდა?
მე ხომ შვილი არ მიმიტოვებია? ცოტა ხნით დავტოვე, სანამ უკეთეს მომავალს შევუქმნიდი. ახლა ხომ ისევ ერთად ვართ. ახლა ხომ ყველაფერი რიგზეა?
მირჩიეთ, რა ვუთხრა? როგორ დავაძლევინო ეს წყენა?
ემიგრანტო დედებო, დაწერეთ თქვენი გამოცდილება, თქვენი პირველი საუბარი შვილებთან.
როგორ დავძლიოთ ეს ყველაფერი ისე, რომ არც ჩვენ დავზარალდეთ და არც ჩვენი შვილები?
გთხოვთ, დამეხმარეთ.
მადლობა წინასწარ.
პატივისცემით, ცისნამი”.
იქვე სოციალური ქსელის ერთ-ერთმა მომხმარებელმა დაწერა, რომ მასაც იგივე პრობლემა აქვს.
"ჩემს 5 წლის შვილს ვეუბნები, რომ უზომოდ მენატრები, ისე მაინტერესებს, როგორი ძილი იცი, როგორი სუნი გაქვს-თქო. ვგიჟდები უშენოდ-თქო. მისი პასუხი ასეთი იყო: თუ გენატრები, რატომ მიმატოვეო. გრძნობა იგივე და სიკვდილის ჰაერი რამდენიმე წამით. ვერასოდეს გამიგებს და მე ამას შევეჩვიე", - წერს ერთ-ერთი ემიგრანტი.