აზიაში ტიმურიდების დინასტიის ისტორია ბევრისთვის დღემდე საამაყოა. მათ შექმნეს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი იმპერია და საკუთარი ადგილი ისტორიაში მყარად დაიმკვიდრეს. თითოეულ ტიმურიდს ჰყავდა რამდენიმე ცოლი და, რამდენადაც გასაკვირი უნდა იყოს, ქალები აქტიურად მონაწილეობდნენ იმპერიის მართვაში.
გამორჩეული ფიგურა იყო სარაი-მალიქ ხანიმი, რომელიც ყველანაირ სტერეოტიპს არღვევდა. მე-15 საუკუნის დასაწყისში, როცა თემურ ლენგის კარზე ესპანელი ელჩები მივიდინენ, სწორედ სარაი-მალიქმა უმასპინძლა მათ და მამაკაცებთან ერთად ისადილა კიდეც, რაც მაშინ ყოვლად წარმოუდგენელი იყო. მან საკუთარი მანერებითა და ღირსებით განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა სტუმრებზე.
მალიქმა 29 წლის ასაკში იქორწინა თემურ ლენგზე. მას საკუთარი შვილი არ ჰყოლია, თუმცა ქორწინების შემდეგ ლენგის საუკეთესო მრჩეველი და მისი შვილების მთავარი აღმზრდელი გახდა. ის ყველაფერს აკეთებდა, რომ მათთვის კარგი განათლება მიეცა. მალიქი განსაკუთრებული სიკეთითაც გამოირჩეოდა - როდესაც თემურ ლენგის შვილიშვილმა ცოლად მოიყვანა გოგო, რომელიც ქარწული არ იყო, სწორედ სარაი-მალიქი აღუდგა წინ მეუღლეს და შეაჩერა, რომ გოგო არ მოეკლა. სამწუხაროდ, თემურ ლენგის გარდაცვალების შემდეგ, მალიქი მოწამლეს და სიცოცხლეს ამ გზით გამოასალმეს.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ქალი თემურ ლენგის შვილის, შაჰრუხ ხანის მეუღლე, გაუარშადი იყო, რომელმაც გადამწყვეტი როლი ითამაშა ქმრის ტახტზე ასვლის პროცესში, ხოლო შემდეგ აქტიურად იყო ჩართული სამეფოს მართვაშიც. შაჰრუხ ხანი და გაუარშადი თითქმის თანატოლები იყვნენ და მათი დაქორწინება სწორედ სარაი-მალიქის ჩარევით მოხერხდა.
განსაკუთრებული როლი ითამაშა კიდევ ერთმა ქალმა - გულბადანმა, რომელიც თემურ ლენგის შთამომავალი იყო. ავღანეთში მეოცე საუკუნემდე ერთადერთი ისტორიკოსი ქალი სწორედ მისი შვილი იყო. გულბადანი ქაბულში დაიბადა, მისი დედა მისივე მამის ბიძაშვილი იყო. მშობლებმა მისთვის საუკეთესო პედაგოგები აიყვანეს და საუკეთესო განათლებაც მისცეს. მიუხედავად იმისა, რომ გულბადანმა მტკიცედ თქვა უარი ქორწინებაზე, მან მაინც შეძლო არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმა დინასტიისთვის, მაგალითად, სწორედ მან დაწერა ძმიშვილის, აკბარის თხოვნით წიგნი მამაზე, რომელიც გახდა ერთგვარი გარდამავალი ხაზი ტიმურიდების დინასტიიდან ბაბურიდების დინასტიაზე.