ჩვენ ხშირად გვეჩვენება, რომ ალკოჰოლიკები არიან ის შხამიანი, დაღლილი ადამიანები, რომლებსაც აქვთ შუშის თვალები და არათანმიმდევრული მეტყველება. სინამდვილეში, ძალიან რთულია იმის გაგება, რამ მიიყვანა ადამიანი ამ ზომამდე და რა სირთულეები შეხვდა ცხოვრებაში. აქ წაიკითხავთ ნამდვილ ამბავს ქალისა, რომელსაც ალკოჰოლიკ ქმარათან უწევდა ცხოვრება:
”თქვენი მდგომარეობა გასაგებია”, - მითხრა ფსიქიატრმა, როდესაც მე მასთან მივედი თხოვნით, რომ დაენიშნა ჩემთვის ძლიერი მედიკამენტები, რადგან ჩემი ქმრის გარდაცვალებიდან ორი თვე გავიდა და ძალების მოკრების ნაცვლად მე უფრო და უფრო ვეფლობოდი ჭაობში. მთელი შენი სამყარო დაინგრა. თქვენ დაკარგეთ ყველაფერი,” - განაგრძო ექიმმა. მე მოულოდნელად ღრმად ჩავისუნთქე და უცებ საკუთარ თავს ვუთხარი: „ჩემი ცხოვრება შეირყა, თუმცა არ დასრულებულა!“
იგივეს ვერ ვიტყოდი მასზე სიცოცხლის ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. ჩემი ქმარი სვამდა, ახალგაზრდობაში სვამდა ისე, რომ არც კარგი გარეგნობა და არც სამსახური დაეკარგა, პირიქით, ბიზნესწვეულებებზე ეს თვისება მას უფრო მიმზიდველსაც კი ხდიდა ხოლმე. როცა მე, მშობლები ან მეგობრები ვურჩევდით, შეეწყვიტა ალკოჰოლის მოხმარება, მისთვის ეს გამაღიზიანებელი იყო: „რამეს ვაშავებ?“, „ვჩხუბობ?“, „ცოტას ვშოულობ?“ - ის გამუდმებით ამ კითხვებს სვამდა. ძნელი წარმოსადგენი იყო უფრო ცოცხალი, მხიარული ადამიანი. რასაკვირველია, მე, როგორც მისმა უახლოესმა პირმა, დავინახე მისი შინაგანი კონფლიქტები, ტიპიური მამაკაცური "ომი საკუთარ თავთან" და კომპლექსები, მაგრამ ის წარმოუდგენლად ძლიერი იყო და არავის აძლევდა ნებას, მის პრობლემებზე ესაუბრა.
დროთა განმავლობაში ჩემი ქმარი შეიცვალა. დაკარგა ინტერესი ყველასა და ყველაფრის მიმართ. თუკი აქამდე მთელი მონდომებით იყო ჩართული სამსახურის საქმეებში, მოგვიანებით მისთვის ეს აღარაფერს ნიშნავდა. მეც მთხოვდა, რომ ოთახში ცოტა ხანს მარტო დამეტოვებინა. ის ჩემი საყვარელი ადამიანი იყო და მეგონა, რომ ეს პრობლემები დროებითია, გაივლის და დაბრუნდება ჩემი ძლიერი, ლამაზი და ჭკვიანი ქმარი.
დავარწმუნე, რომ გაეარა მკურნალობა, წასულიყო ნარკოლოგთან, ფსიქოთერაპევტთან. მას არ სურდა. თავად მიიღო რაღაც აბები ჩემს დასამშვიდებლად, თუმცა მალევე შეწყვიტა და ოთახის კუთხეში კვლავ მხვდებოდა სასმლის ცარიელი ბოთლები. ერთხელ მას მოულოდნელი ეპილეფსიური შეტევა დაემართა. ექიმების თქმით, ეს ალკოჰოლის ბრალი იყო. მთავარმა ექიმმა, სასიამოვნო მოხუცმა ქალბატონმა, წამიყვანა კაბინეტში და მითხრა: „ჩემო გოგო, შენ უბრალოდ ვერ ხედავ, რომ ის უკვე ერთ-ერთი მათგანია, ის აღარასდროს იქნება ის, ვინც შენ შეგიყვარდა“. ცხადია, მე ჩემი ქმარი ასეთ რთულ დროს არ მიმიტოვებია, მან თავადაც სცადა მკურნალობა, თუმცა ყველა მცდელობა უშედეგოდ სრულდებოდა. მუშაობას ვეღარ ახერხებდა, დანაზოგი გამოელია და სასმლისთვის ფულს ახლა მეგობრებს სთხოვდა. ყველა მეუბნებოდა, რომ მისგან წავსულიყავი. და ასეც მოვიქეცი. ვუთხარი, რომ ან მკურნალობას დაიწყებდა, ან მივატოვებდი. წასვლა მომიწია.
გარკვეული პერიოდის შემდეგ, ის დაბრუნდა ჩვენი ნაქირავები ბინიდან ქალაქის ცენტრში, საკუთარ სახლში, გარეუბანში. ის ცდილობდა მშობლებთან ერთად ეცხოვრა, მაგრამ მათ დიდხანს ვერ გაუძლეს. მის გარეშე თავს ძალიან ცუდად ვგრძნობდი. თვეში ერთხელ ვნახულობდი და ვხედავდი, როგორ პატარავდებოდა და ილეოდა... ვერ ვხვდებოდი, რა უნდა გამეკეთებინა.
ამის პარალელურად, მე საკუთარ თავზე ზრუნვა დავიწყე, მივხედე ჩემს ჯანმრთელობას, გარეგნობას, დავიწყე წვეულებებზე სიარული და მეგობრებთან ერთად გართობა. უფრო მეტ დროს ვუთმობდი შვილებს, რომლებიც პირველი ქორწინებიდან მყავდა. ისინი ცალკე ცხოვრობენ. გავიცანი კაცი, რომელიც არ შემყვარებია, მაგრამ მასთან დროს სასიამოვნოდ ვატარებდი. არც ერთი წამით არ შემიწყვიტავს ჩემს ქმარზე ზრუნვა, მუდმივად ვთავაზობდი მას მკურნალობის დაწყებას, თუმცა ის უარს ამბობდა. ერთხელ კი მითხრა, რომ შემეწყვიტა მასთან დარეკვა და ჩემი ცხოვრებით მეცხოვრა. აზრადაც არ მომსვლია, რომ ეს ჩვენი ბოლო საუბარი იქნებოდა.
შეტყობინება დამხვდა: „ჩემი ცხოვრება დასრულდა. ორი ღერი სიგარეტი მაქვს, როგორც კი მოვწევ, თავს ჩამოვიხრჩობ.“ ეს შეტყობინება გამოგზავნიდან ერთი საათის შემდეგ ვნახე. ვერ ვიჯერებდი, რომ ამას გააკეთებდა, დავურეკე მის მეზობელს და ვთხოვე, მისულიყო. მითხრეს, რომ ის ცოცხალი აღარ იყო, კარი ღია ჰქონდა დატოვებული, ალბათ იმედი ჰქონდა, რომ ვინმე დაეხმარებოდა... მანამდე არაერთი ახლობელი გარდამეცვალა, დედაც აღარ მყავდა, მაგრამ სიტყვებით ვერ აღვწერ, რას ნიშნავდა ჩემთვის მისი სიკვდილი, მე ჯოჯოხეთში აღმოვჩნდი. სიბნელე, ტკივილი, იუმედობა - მხოლოდ ამას ვგრძნობდი. მხოლოდ იმას ვფიქრობდი, რაში ვიყავი დამნაშავე, რა უნდა გამეკეთებინა, როგორ შემეძლო შველა?
ბევრი ადამიანი დამიდგა გვერდით, მარტო არასდროს მტოვებდნენ, მაგრამ ნუგეში მხოლოდ ეკლესიაში ვიპოვე. ერთმა მშვენიერმა ქართველმა მღვდელმა მომწერა მოკლე წერილი, რომელიც თითქმის ზეპირად ვისწავლე: „ჩვენ შეგვიძლია ხელოვნური სუნთქვა მივანიჭოთ ადამიანს, მაგრამ მის მაგივრად ხომ ვერ ვისუნთქებთ?! ღმერთსაც ვუყვარვართ, მაგრამ ის ჩვენ ნაცვლად ვერ იცხოვრებს! ილოცე მისთვის...“
ჩემი მდგომარეობა სულ უფრო უარესდებოდა, ექიმთან მივედი და ყველაფერი მოვუყევი. მან, თანაგრძნობის ნაცვლად, ჩემი ქმრის ლანძღვა დაიწყო. მე ვიჯექი და ექიმის კაბინეტში ვტიროდი. ჩემი მდიდრული გრძელი თმა მოკლედ შევიჭერი, სულ ერთი და იგივე ტანსაცმელი მეცვა, ინერციით ვცხოვრობდი. ზამთარში წავედი სამუშაოდ იმ ორგანიზაციაში, რომელიც უსახლკაროებს ეხმარება. ეს საყვარელი ადამიანის ხსოვნისთვის გავაკეთე. უსახლკაროებს ბევრს ვესაუბრები, ვცდილობ, სიყვარული ვაგრძნობინო და ყველაფერი გავუკეთო, რაც შემიძლია. მათთან ურთიერთობამ საკუთარი თავი მაპოვნინა და ხელახლა შემაყვარა. ვთვლიდი, რომ ახლა ჩემი ქმრის ხელები და გული მე ვიყავი და ყველაფერს მისი სახელით ვაკეთებდი.
მივხვდი, რომ როცა ადამიანს სიცოცხლე არ სურს, ის ძალით ვერ ისუნთქებს. ჩვენ არ ვართ დამნაშავე, როცა ჩვენ არ შეგვიძლია ვიცხოვროთ თუნდაც ყველაზე ახლობელი ადამიანის ნაცვლად. მინდა, ამას ყველა ის ადამიანი მიხვდეს, ვინც ახლა საყვარელი ადამიანის დაკარგვით გამოწვეულ ტკივილს ებრძვის.